"ნიკა მელია და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა - ანზორ მელია გუშინ "მთავარ არხზე" ნიკა გვარამიას გადაცემაში სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული, მას სატელეფონო ჩართვების მეშვეობით, საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები უკავშირდებოდნენ და თავიანთი დამოკიდებულებით, კეთილგანწყობითა და მხარდაჭერით ამხნევებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო მომღერალი სოფო ნიჟარაძეც, რომელმაც ანზორ მელიას პირდაპირ ეთერში დაურეკა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, მისი მეგობარი ნიკა მელია, ისტორიის ნათელ მხარეზე დგას და ის გმირია...

"პირველ რიგში, ნიკა ჩემი მეგობარია და მე მის გვერდით ვარ, თუმცა, მხოლოდ მასთან მეგობრობა არ არის ამის მიზეზი, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, მის მხარეს ვარ, რადგან ის ბრალდება, რაც მას წაუყენეს, უსამართლოა, წარმოუდგენელია. 20 ივნისს უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მეც იქ ვიდექი და ეს პროტესტი ერთსულოვანი იყო, პარტიული კუთვნილების განურჩევლად, რადგან ის, რაც მოხდა, ყველასთვის მიუღებელია, ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს.

და ისმის კითხვა, - ნიკა პროტესტის გამო ისჯება? ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი?

მგონია, ნიკა და ყველა, ვინც ნიკას გვერდით დგას, ისტორიის ნათელ მხარესაა.

ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ისტორიაში შევიდეს, როგორც გმირი, პატრიოტი, ნიკა სწორედ ასეთია.

მინდა, მოვეფერო, გავამხნევო ბატონი ანზორი და ვუთხრა, რომ ნიკას მხარეს სიმართლეა, ამიტომ, ყველაფერი კარგად იქნება" - აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით აიყვანეს.

ანზორ მელიას თქმით, როგორც მან ეს "მთავარის" ეთერში განაცხადა, ის მოვლენებს ტელევიზიით უყურებდა და მისთვის მთავარი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეკრებილ ხალხს არაფერი დაშავებოდა და მოხარულია, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდა.

იხილეთ ვიდეო: