შიში ოხერია - კვირის პალიტრა

შიში ოხერია

ერთ დღესაც რადიოში ვარ 103.9-ზე და მიმყავს ჩემი გადაცემა - „"ცენტრი". რეკავს ხნიერი კაცი. გამყავს ეთერში. ხმაზე ვცნობ - მუდმივი მსმენელია. ყველა რადიოს ჰყავს რამდენიმე ერთგული და მუდმივი მსმენელი, ხალხი, რომელიც ხშირად რეკავს პირდაპირ ეთერში.

ეს ბატონიც ასეთია. გაბრაზებულია ამ მთავრობაზე, ლანძღავს მიშას. ამბობს, ამათ არაფერი ეშველებათ, უნდა ავჯანყდეთო, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და ესენი დავამხოთო. თან ასეთი ტექსტი ადრეც ბევრჯერ უთქვამს. ვერ ვითმენ და ვეკითხები:„ბატონო, იქნებ თქვენი სახელი და გვარი მითხრათ-მეთქი. ეგრევე ჩუმდება და მერე უკვე მე მიწყებს ჩხუბს, პროვოკატორს მიწოდებს, მემუქრება, რომ სასამართლოში მიჩივლებს. ჩემთვის უკვე ყოველივე ცხადი ხდება...

ამ ბატონს ეშინია,  რაც სრულიად ბუნებრივია. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის,  რომ ხალხში ამაზრზენი ქვეწარმავალი - შიში შემოცოცებულიყო. უბრალოდ, არ მომწონს, როცა ადამიანები ანონიმურად  გულში მჯიღს იბრახუნებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩირგვებში იმალებიან.

რა ზიანი მოაქვს შიშს?!  დაშინებული კაცი ვერ მოიგებს სასურველი ქალის გულს, მშიშარა მუშაკი  ვერ შეეკამათება უფროსს, იქნებ ასე ჯობს საქმის კეთებაო, მშიშარა ჯარისკაცი ვერ მოიგერიებს რუსს, მშიშარა სპორტსმენი ვერ ასწევს შტანგას, მშიშარა პოეტი ვერ დაწერს ისეთ ლექსს, რომლის წაკითხვისას ტანში გაგაჟრიალებს, მშიშარა ჟურნალისტი გააკეთებს მოდელირებულ ახალ ამბებს და არ იტყვის, რომ დღეს ქალაქის მთავარ მოედანზე ვეტერანები დაარბიეს. შიში ვირუსია, რომელიც არა მხოლოდ ხალხს შეიძლება შეეყაროს. ესაა ვირუსი, რომელიც თანაბრად ერჩის როგორც მსხვერპლს,  ისე - ამ ვირუსის გამავრცელებლებს. ხომ სცემა უიარაღო ხალხი მიშამ 7 ნოემბერს, დააშინა ქართველები...

მაგრამ მერე თავად მიუცოცდა ეგ ვირუსი აგვისტოში და მტვერში აგორავა. შიში გბოჭავს, გთრგუნავს, თავს გაძულებს. კაცებს განსაკუთრებით გვერჩის შიში. ერთხელ, ღრმა ახალგაზრდობაში, ვიღაც ვიგინდარამ უშნოდ მომაძახა რაღაც. მაშინ შემეშინდა, თავი ჩავღუნე და გავიარე... დღესაც განვიცდი ამას, ძალიან განვიცდი... ბევრ რამეს დავთმობ,  დროის მანქანა რომ მქონდეს. უკან დავრბრუნდებოდი  და იმას ერთ სილას გავაწნავდი. მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომ ვატარებ ამ სირცხვილს, მაშინდელი შიშის გულისამრევ განცდას მთელი ცხოვრება. ხშირად, როცა რაიმე ისეთს ვაკეთებ, რასაც სხვამ სითამამე შეიძლება დაარქვას, იმ ჩემი შიშის ხარკს ვიხდი. ბევრი მაქვს ამაზე ნაფიქრი და ყველაზე დიდი მტერი კაცობრიობისა შიში მგონია.

ამასთან, შიშს მხოლოდ ირაციონალური, გონით აუხსნელი საფუძველი აქვს. საკმარისია, პირდაპირ შევხედოთ შიშის ჩამნერგავ სუბიექტებს, რომ ეს მწვანე ნისლი გაიფანტება და  ჩვენი კომპლექსებით აღსავსე მარად ჭაბუკი პრეზიდენტი, ღრმა მენტალური პროვინციიდან ჩამოსული მთავარი პოლიციელი და მზის შუქს რომ ემალება ისეთი იუსტიციის რუხი მინისტრი შეგვრჩება. მათი ძალა ჩვენს შიშშია... სხვა  ძალა მათ არა აქვთ.

ჩვენ ვკვებავთ მათ, ჩვენ ვაძლიერებთ. როცა გამირბიხართ კამერებით მოსულს, როცა ვერ მეუბნებით მიშა სააკაშვილის ნაკლს, როცა კაცები უტყვად დგახართ და მზერას მარიდებთ, მაშინ ჩვენ ამათ უფლებას ვაძლევთ,  ჩვენი ქალები შეურაცხყონ, წაგვართვან სახლი, სამსახური, მართალი სიტყვა და რაც მთავარია - ღირსება. და რა მერე... რა? განა თუ შეგვეშინდება, გადავრჩებით? მე ხომ ვიცი, შეგვეშინდება და გავჩუმდებით, ოღონდ მერე, ჩემი არ იყოს, ყოველდღე გავიხსენებთ ამ სირცხვილს და ყოველდღე ნელ-ნელა მოვკვდებით. არა ღირს... ნამდვილად არა ღირს...