"ნიკა მელია პირდაპირ კაბინეტიდან ხომ "მოხსნეს"? - "რა ბედნიერებაა, როდესაც ისიც კი არ ვიცი, ვინ არიან ჩვენი მინისტრები" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია პირდაპირ კაბინეტიდან ხომ "მოხსნეს"? - "რა ბედნიერებაა, როდესაც ისიც კი არ ვიცი, ვინ არიან ჩვენი მინისტრები"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების თანახმად, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებისა და შეზღუდვების მოხსნის საკითხი, მოგეხსენებათ, თეატრებსაც შეეხება და 15 მარტიდან ისინი მუშაობას განაახლებენ. როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას მსახიობები და რას ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ პროცესებზე, ამის შესახებ ისინი kvirispalitra.ge-ს ესაუბრებიან.

ბესო ზანგური:

- არტისტის ცხოვრებაში ერთწლიანი პაუზა ცოტას არ ნიშნავს. გული რომ გაგიჩერდეს და გითხრან, სული ხომ გაქვსო, ხომ მაინც ვერ გააგრძელებ სიცოცხლეს გულის გარეშე? თავდაპირველად მძიმე იყო ეს ყველაფერი, ჩემზე ძალიან იმოქმედა. დიდი ხანი დამჭირდება გონზე მოსასვლელად და ძველ ფორმაში ჩასადგომად, თუმცა რობიკო სტურუამ, შეძლებისდაგვარად, არ მოგვცა მოდუნების საშუალება - იყო სატელევიზიო სპექტაკლიც, ვახერხებდით რეპეტიციებსაც, ოღონდ ძალიან ვფრთხილობდით. დავიწყეთ ახალ სპეტაკლზე მუშაობა და წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს თეატრს, იმედი მაქვს, აღარ დავიკეტებით.

- ბესო, ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში, არ ერიდებით თქვენი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გამჟღავნებას. როგორც რიგითი მოქალაქე, როგორ უყურებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?

- ღარიბაშვილი საჭირო დროს მოვიდა ქვეყნის სათავეში. ნიკა მელია კი არა, ყველა პასუხისმგებელია თავის საქციელზე, ყველამ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულზე. პირდაპირ კაბინეტიდან ხომ "მოხსნეს"? სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა იყო, კანონი უზენაესია და ეს უნდა გაიგოს ყველამ, თუ წინსვლა გვინდა. დასავლელი პარტნიორებისა თუ ამერიკის საელჩოს შეფასებები და განცხადებები ხალხს უფრო აღიზიანებს, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. იმუქრებიან, ბოძებზე გამოვაკრავთ ყველა იმ პოლიციელის სახელსა და გვარს, ვინც მელიას დაკავების ოპერაციაში მიიღო მონაწილეობაო. ჩვენც ვიცით, ვინ იყვნენ ჯალათები და ვინ რისი გამკეთებელი იყო და ჩვენც შეგვიძლია იგივენაირად მოქცევა...

მაკა შალიკაშვილი:

- დღესაც არაჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე გოგო, სოფო შუბლაძე გარდაიცვალა კოვიდით, მანამდე სრულიად მოულოდნელად, ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარი ვახტანგ ფხაკაძე გამოგვაკლდა… ეს მხოლოდ ახლობლებიდან, სხვა რამდენი ადამიანი შეიწირა ამ ვირუსმა, იცით. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. სპექტაკლები არ იყო, მაგრამ მიდიოდა ცხოვრება. როდესაც პირველად დაიკეტა ყველაფერი, ეს იყო შოკი, რადგან არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. შეუძლებელია, როდესაც ამდენი საფიქრალი და საკეთებელი გაქვს კაცს, როდესაც გაკისრია ყველაზე დიდი ფუნქცია, იყო ადამიანი, არ განიცდიდე ამ ყველაფერს - გტკივა, ფიქრობ, ლოცულობ, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, დარდობ ახლობლებზე და ამ სიტუაციაში სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვნად გეჩვენება.

პირადად მე, ტრაგედიად ვეღარ მივიჩნევ იმას, რომ სცენაზე არ ვდგავარ და არ ვთამაშობ, მაპატიოს ყველამ, მაგრამ ასეა. თავიდან ძალიან განვიცდიდი უთეატრობას, მაგრამ ამდენი ახლობელი ადამიანის დაკარგვა უფრო შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. ამიტომაც, ჩემგან ვერ მოისმენთ ტრაგიკულ ტონალობაში მოთხოვნას და წუწუნს, რომ თეატრი დაგვიკეტა ამ ასეთმა და ისეთმა მთავრობამ, რა დღეში ვართ, ღმერთო, რამხელა ტრაგედიაა სცენაზე თამაშის საშუალება რომ არ მაქვს და ა.შ. ტრაგედია მათი გარდაცვალებაა, ვინც შეიძლებოდა დღეს ცოცხალი ყოფილიყო, რომ არა კოვიდი. რა თქმა უნდა, გამიხარდა, რომ თეატრი ძველ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა ამასთან ერთად მინდა ის ძველებური ხალისიც დაუბრუნდეს ხალხს. ნელ-ნელა აუცილებლად ჩადგება ყველაფერი თავის კალაპოტში, აუცილებლად დადგამენ უფრო კარგ და გემოვნებიან სპექტაკლებს, სადაც იქნება მეტი იმედი და სინათლე, ბევრი სიყვარული. თეატრი ხომ სწორედ ისეთ სამყაროს წარმოგვიდგენს, როგორიც გვინდა იყოს და არა ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. სპექტაკლები უნდა შეეხოს პრობლემებს, მაგრამ ამ პრობლემებიდან გამოსავალიც უნდა დაგვანახონ, მე ასეთი სპექტაკლების ნოსტალგია მაქვს. ისე არ გამოვიდეს, თითქოს ეს ამბავი არ მახარებს, რა თქმა უნდა, ასე არ არის…

- ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით გამწვავდა დაპირისპირება საზოგადოებაში, რასაც ხელოვანებმაც ვერ აუარეს გვერდი. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- რაც თავი გვახსოვს, მუდმივად ამ ქაოსში ვართ და სულ იმაზე ვსაუბრობთ, რა გვჭირს. ალბათ თითოეულმა ადამიანმა უნდა ეძებოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, საბოლოოდ მაინც შენზეა არჩევანი - კარგად იქნები თუ ცუდად. ხშირად გვესმის ცნობილი ადამიანებისგან, არ გვაქვს ბინა თბილისში და ვინმემ რომ მოგვცეს, კარგი იქნებაო. მამაჩემმა ალბერტმა ვერ მიყიდა სახლი და სახელმწიფოს ან სხვას, მაგალითად, კალაძეს როგორ უნდა მოვთხოვო? მაგალითად, მე გორის თეატრში ვმუშაობ და იქ რომ მქონდეს პატარა სახლი, ამას რა სჯობს, მაგრამ ასე არ ხდება. კი ბატონო, მოგვცენ, ძალიან გაგვიხარდება, სასწაული ამბავი იქნება, მაგრამ სხვამ - პოეტმა, მხატვარმა, ამდენმა უბინაო ადამიანმა რა დააშავა? ჩემთვის ერთი რამ ყოველთვის ამოუხსნელია - ასეთ პატარა ქვეყანაში რატომ ვართ მუდმივად ასეთი ღატაკები.

რა გახდა, სათავეში მოვიდეს ადამიანი, რომელსაც საკუთარი სამშობლო და ხალხი გულით ეყვარება და ისე მოუვლის, როგორც თავის ოჯახს. შეიძლება, ყველას გვიყვარს ძვალი, მით უფრო, თუ ზედ ხორცია, მაგრამ თვითონაც ჭამონ და სხვასაც აჭამონ, ჩვენც მოგვცენ ცოტა, არ შეიძლება? რა სისულელეა ეს დაყოფა და კინკლაობა, იქნებ, სწორედ ეს უსიყვარულობიდან მოდის ჩვენი ყველა პრობლემა. ჩვენ არ გვიყვარს ერთმანეთი, ტაშს ერთმანეთს არ ვუკრავთ, გვეზიზღება წარმატებული ადამიანი, მაგრამ გვიყვარს წაქცეული, რთულია ასეთ დაძაბულ გარემოში ცხოვრება. შევსწრებივარ 2 სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანის ჩხუბს და, სიმართლე გითხრათ, ძალიან შემშინებია, მტერი ვერაფერს ვერ გვიზამს ისეთს, რასაც ამით ვვნებთ ერთმანეთს. ეს მით უფრო მტკივნეულია, როდესაც საქმე ეხება ხელოვან ადამიანს, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროტესტი - ბედნიერი და გაზულუქებული ხელოვანი რა მოსაწონია, მაგრამ ეს პროტესტი უნდა იყოს სწორი და ჯანმრთელი…

ლელა მებურიშვილი:

- რეპეტიციები მანამდეც გვქონდა, ვცდილობდით, მაქსიმალურად ფრთხილად, რამდენიმე კაცი შევკრებილიყავით ხოლმე. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდით, რომ 15 მარტს გახსნიდნენ თეატრებს. ვხუმრობდით, რამდენიმე წლის შემდეგ, მაყურებელი რომ მოვა თეატრში, ჩვენ უკვე დაბერებულები დავხვდებითო. თუ ვინმეს სიცხე აღმოაჩნდება, რეპეტიციები იშლება. დაინფიცირებულთა რაოდენობა რომ დაიკლებს, მაყურებელიც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. მოწყურებულები და მონატრებულები ვართ ჩვენს საქმეს. ბევრი მწერს, რომ უხარია ეს ამბავი და ვხვდები, სპექტაკლები მოენატრა ხალხს. ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ლევან წულაძე დგამს დოსტოევსკის "დანაშაულსა და სასჯელს".

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საერთოდ აპოლიტიკური ვარ. მეუღლესაც ვეუბნებოდი ამას წინათ, არ იცი, რა ბედნიერებაა, როდესაც ისიც კი არ ვიცი, ვინ არიან ჩვენი მინისტრები-მეთქი. თუ დამიჯერებთ, უკვე წლებია, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. განა არ მაწუხებს, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე არ არის, მაგრამ ალიაქოთისა და არეულობის თავი არ მაქვს. შეიძლება, ეს არასწორიცაა, მაგრამ იმისთვის, რომ მშვიდად გავზარდო ჩემი შვილები, რომლებიც თვალებში შემომციცინებენ და მაქსიმალურად იღებენ ჩემს დადებითსა და უარყოფით განწყობას, ასე სჯობს.

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)