"ოკეანეში საღამოობით ვტიროდი. ერთხელ ქოხს ზვიგენი მოუახლოვდა, თავდაცვისთვის არაფერი მქონდა, ავიღე ბიბლია და ლოცვა დავიწყე" - კვირის პალიტრა

"ოკეანეში საღამოობით ვტიროდი. ერთხელ ქოხს ზვიგენი მოუახლოვდა, თავდაცვისთვის არაფერი მქონდა, ავიღე ბიბლია და ლოცვა დავიწყე"

ალბათ, ზედმეტად იღბლიანი უნდა იყო ადამიანი, ოკეანეში მარტო დარჩენილმა, გადარჩენა რომ შეძლო, თან ისე, რომ ზვიგენებისა და შტორმის მოლოდინში, იმედს არ კარგავდე. ალდი ნოველ ადილანგი 19 წლის თინეიჯერია, რომელიც წყნარ ოკეანეში დაიკარგა და, როდესაც უკვე ყველას გარდაცვლილი ეგონა, მაშინ GPS რადარზე გამოჩნდა და 49-დღიანი ტანჯვის შესახებ საზოგადოებას მოუყვა.

ინდონეზიელი ბიჭის ამბავი ზღაპარს ჰგავს, რეალურ ცხოვრებაში მილიონში ერთხელ თუ მიეცემა ადამიანს გადარჩენის ასეთი შანსი. ალდი 49 დღე წყნარ ოკეანეში პატარა ქოხით დაცურავდა, თევზაობდა და თავს ამით ირჩენდა. საბედნიეროდ, ერთ დღეს პანამის ქვეყნის საზღვაო ძალებმა ოკეანეში მოცურავე ქოხი შეამჩნიეს და ბიჭი გადაარჩინეს.

19 წლის ალდი ოკეანეში მოხვედრამდე ლამპრების შესანახ ქოხში მუშაობდა, რომელიც ზღვაში, ნაპირიდან 125 კილომეტის მოშორებით არის აშენებული. ლამპრების შესანახი ქოხი ადგილია, სადაც მეთევზეებისთვის წყალში ნათურებს ანთებენ, თევზი კი იმ არეალში იწყებს მოგროვებას. ალდი ლამპრებს 16 წლიდან პატრონობდა და ეს საქმე კარგად იცოდა. ყოველკვირეულად მასთან ქოხის მეპატრონე მიდიოდა, ხაფანგში მოგროვებულ თევზებს გასაყიდად გემზე გადმოცლიდა, ალდის საკვებს, წყალსა და საჭირო ნივთებს მიუტანდა და უკან, ხმელეთზე ბრუნდებოდა. ალდის მსგავსად, ინდონეზიაში ამ პროფესიით ბევრი ახალგაზრდაა დაკავებული. ქოხი წყალში ჯაჭვით არის დამაგრებული და ნებისმიერ მიქცევა-მოქცევასა თუ შტორმს უძლებს.

ივლისი იყო, ალდის ქოხში წყნარად ეძინა, წყლის ქვეშ ლამპარი იყო ანთებული, სადაც თევზები მახეში ებმებოდნენ. იმ დღეს ძლიერი ქარი ამოვარდა, ჯაჭვით ფსკერზე მიმაგრებული სახლი უეცრად მოსწყდა და ოკეანეში შეცურა. დილით, როდესაც ბიჭი ძლიერმა რყევამ გააღვიძა, ფანჯრიდან უშველებელი სივრცე დაინახა და მაშინ მიხვდა, რომ სახლი უკვე სადღაც, ინდონეზიისგან ძალიან შორს იყო.

ალდის თან რამდენიმე დღის სამყოფი საკვები ჰქონდა. მან ტანსაცმელი გაიხადა, წყალი დააგროვა და ოკეანის წყლიდან მარილის გამოყვანა დაიწყო. პარალელურად, იმავე დღეს ალდის მშობლებმა შეამჩნიეს, რომ სახლი ოკეანეში აღარ ტივტივებდა და ბიჭის ძებნა დაიწყეს. ინდონეზიის 10 გემი ოკეანის სხვადასხვა მიმართულებით წავიდა, თუმცა - უშედეგოდ. რამდენიმე კვირა ბიჭის კვალიც კი არ ჩანდა. ალდიმ, გადარჩენის მიზნით, დროშა ააფრიალა და სახლის სახურავზე ჩამოკიდა იმ იმედით, რომ მოძრავ მაისურს მაინც დაინახავდა ვინმე.

"ვფიქრობდი, რომ იქ მოვკვდებოდი, ვფიქრობდი, თავი როგორ მომეკლა, რომ შიმშილით ნელი სივკდილი ამერიდებინა თავიდან, მაგრამ მერე მშობლები გამახსენდა, მამა მეუბნებოდა, როდესაც გიჭირს, ილოცეო, ქოხში ბიბლია მქონდა და მეც გადასარჩენად ვლოცულობდი", - ამბობს ალდი ერთ-ერთ ინტერვიუში.

31 აგვისტოს ოკეანეში ერთად რამდენიმე გემი გავიდა და სრულიად შემთხვევით, GPS-ის დახმარებით, წყალში მოტივტივე ობიექტი დაინახეს, სადაც უკვე შიმშილისგან დასუსტებული ალდი შველას ითხოვდა. ბიჭი გემის დანახვისას ცხარე ცრემლებით ატირდა.

"ოკეანეში საღამოობით ვტიროდი, მეგონა, ოჯახის წევრები ვეღარასდროს მნახავდნენ. ერთხელ ქოხს ზვიგენი მოუახლოვდა, თავდაცვისთვის არაფერი მქონდა, ავიღე ბიბლია და ლოცვა დავიწყე, მაშინ ჩემი ერთადერთი გადამრჩენელი წიგნი იყო", - ამბობს თინეიჯერი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალდის კანის მცირე, ზედაპირული დაზიანება, დამწვრობა და სისუსტე აღმოაჩნდა. რამდენიმე კვირაში ბიჭი მომჯობინდა და სახლში დაბრუნება შეძლო. ალდის გადარჩენის ზღაპრულ ამბავს მსოფლიო გამოეხმაურა და ინდონეზიის მთავრობა ქოხებში GPS სისტემის დაყენებაზე ალაპარაკდა, რადგან ქვეყნის სანაპირო ზოლში ბევრი ასეთი ქოხია, შემდეგში კი შეიძლება ალდის მსგავსად, სხვებს არ გაუმართლოთ, სახელმწიფო კი მოსახლეობის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელია. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)