"სამი წე­ლია და­ვო­ჯახ­დი, მე და ჩემი მე­უღ­ლე შვი­დი წე­ლია ერ­თად ვართ. იმის გამო, რომ დიდი ხანი ვი­ყა­ვით ერ­თად, ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნე­ბად ერ­თად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით" - კვირის პალიტრა

"სამი წე­ლია და­ვო­ჯახ­დი, მე და ჩემი მე­უღ­ლე შვი­დი წე­ლია ერ­თად ვართ. იმის გამო, რომ დიდი ხანი ვი­ყა­ვით ერ­თად, ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნე­ბად ერ­თად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით"

"პოლიტიკა ჩემი ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ უკვე ცხოვრების წესია. ამიტომ, უკვე პროფესიაც ეს არის, ინტერესის სფეროც და მთავარი გამოწვევაც" - გვეუბნება პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე, რომელიც აქტიურადაა ჩართული დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში.

ახალგაზრდა ლიდერს პოლიტიკურ საკითხებზე ხშირად უწევს კომენტარის გაკეთება, თუმცა AMBEBI.GE ამჯერად მისი აპოლიტიკური ამბით დაინტერესდა და გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

- ღმერთმა მარგუნა ბედნიერება, ჰარმონიულ ოჯახში გავზრდილიყავი. ჩემი მშობლები შრომისმოყვარე და პროგრესული ადამიანები არიან, ამას ბავშვობიდან ჩვენც გვასწავლიდნენ... სხვადასხვა დროს უცხოეთშიც ვიცხოვრეთ. დასავლურ სამყაროში, იქაურ საზოგადოებაში კარგი რაც არის - სისტემა და პრიორიტეტები, მშობლებმა ამას ადრეული ასაკიდან შეგვაჩვიეს...

სკოლის ასაკიდან კარგად ვსწავლობდი, სწავლის ფასი ვიცოდი და მქონდა განცდა, რომ გამომადგებოდა. უმთავრესი კი ის არის, რომ მშობლების დამსახურებით, მე და ჩემი ძმა თავისუფალ ადამიანებად გავიზარდეთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ოჯახში დისციპლინა ყოველთვის არსებობდა, გვაძლევდნენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, კრიტიკურად აზროვნების უნარი განგვივითარეს, ეს პროფესიის თავისუფლად არჩევაშიც დამეხმარა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, პოლიტიკაში წავსულიყავი, მათგან მაინც მქონდა და მაქვს მხარდაჭერა...

- მშობლები ვინ არიან პროფესიით?

- მამა - დავით ბუაძე პროფესიით ბირთვული ფიზიკოსია, ძალიან გონიერი ადამიანი, მაგრამ კარიერის ძირითადი ნაწილი საფინანსო სექტორში საქმიანობას დაუთმო. მუშაობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საბანკო დაწესებულებაში, რამდენიმე ბანკის ხელმძღვანელიც იყო, გერმანიაშიც ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ბევრჯერ დაიწყო კარიერა ნულიდან...

აქ გაჭირვება რომ იყო, გერმანიაში მაშინ წავედით, იქიდან დაბრუნებულს ბევრჯერ მოუწია ხელახლა რაღაცების დაწყება... აქვს უნარი, ბევრჯერ დაიწყოს ნულიდან და წარმატებას მიაღწიოს.

დედა - თეა ფხაკაძეც ასეთია. წარმატებული ექიმი-ენდოკრინოლოგია. ფაქტობრივად, მთლიანად მან გაგვზარდა, რადგანც მამა სულ მუშაობდა. ამიტომ ძირითადი წნეხი დედაზე იყო. გონიერი, ჭკვიანი ადამიანია.

- ნიდერლანდებში იურიდიული განათლება მიიღეთ, ნიუ-იორკში იურიდიულ კომპანიაში მუშაობდით... რა მოგცათ დასავლურმა გამოცდილებამ?

- გრონინგენის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის განხრით ვსწავლობდი. შემდეგ ნიუ-იორკში სტაჟირების პერიოდი გავიარე და დავრჩი კიდეც იქ. ძალიან მიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე - შრომის კულტურა, შრომის ეთიკა, რაც აშშ-ს ძალიან მძაფრად აქვს განვითარებული. იქაური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ხიბილი ისაა, რომ შეგიძლია, ნულიდან დაიწყო, იშრომო და დიდ წარმატებას მიაღწიო. შრომა და მიზანდასახულება წარმატებაზეა მიბმული.

იქ მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვე როგორც პროფესიული, ისე საქმიანი და ადამიანური კუთხით. დიდ იურიდიულ კომპანიაში საზღვაო და სანაოსნო სამართლის მიმართულებით ვმუშაობდი. იქაური შრომა ქართული შრომის კულტურისგან, შრომის დისციპლინისგან ძალიან განსხვადება. დგები დილით 7 ნახევარზე და ხანდახან დღეში, სულ მცირე, 12 საათს მუშაობ. ასეთი შრომითი დისციპლინის ჩამოსაყალიბებლად ამერიკაში კარგი ნიადაგი მქონდა.

- ევროპიდან ამერიკაში როგორ მოხვდით?

- აბსოლუტრად შემთხვევით: უნივერსიტეტს ვამთავრებდი და ვეძებდი, სტაჟირება სად შეიძლებოდა გამეგრძელებინა... ერთხელაც, ღამის 2 საათზე მეილი მივიღე, საიდანაც შევიტყე, რომ პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახე და მეორე ეტაპზე გასაუბრება მქონდა გასავლელი...

მოკლედ, წავედი ნიუ-იორკში, რაც ჩემი ცხოვრების ოცნება იყო. სერიალებს რომ ვუყურებდი და იქაურ სამყაროს ვაკვირდებოდი, თუნდაც იურიდიულ კომპანიებს, რომლებიც კადრებში მიმზიდველად და საინტერესოდ ჩანდა, ისე მოხდა, რომ იმ ყველაფერს უკვე რეალურად შევეხე. ეს სიხარული უეცრად დამატყდა თავს.

- გაგვაცანით თქვენი პირადი ოჯახი.

- სამი წელია დავოჯახდი, მე და ჩემი მეუღლე - ნინუცა გუნცაძე შვიდი წელია ერთად ვართ. გვყავს 2 წლის შვილი - სანდრო. იმის გამო, რომ დიდი ხანი ვიყავით ერთად, ზრდასრულ ადამიანებად ერთად ჩამოვყალიბდით. იხილეთ ინტერვიუ სრულად