"მანამდე საქართველო მარტო რუკაზე მქონდა ნანახი, მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ქვეყანა გახდებოდა"
"მანამდე საქართველო მარტო რუკაზე მქონდა ნანახი, მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ქვეყანა გახდებოდა"
"ძალიან გამიმართლა და ისეთი დედამთილი შემხვდა, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს"

ბარბარა ჯიმელი შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა. 25 წლის იყო, თბილისში პირველად რომ ჩამოვიდა და გულმა უგრძნო, საქართველო მისი მეორე სამშობლო გახდებოდა. ქართულ პოლიტიკაში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ახალი სახე გახდა. ბარბარა თავისი ცხოვრების ისტორიას ლამაზი უცხოური აქცენტითა და ასეთივე ლამაზი ქართულით ჰყვება:

- შვეიცარიაში, ქალაქ ბერნის გარეუბანში დავიბადე, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. მამაჩემის სახელი და გვარი
ბრუნო ჯიმელია, ხოლო დედას რეგულა ჰქვია. ჩემზე 4 წლით უმცროსი და მყავს, რომელსაც მშობლებმა ანა დაარქვეს. ჩვენს ოჯახს იტალიური ფესვები აქვს: დიდი ბაბუა და ბებია იტალიიდან შვეიცარიაში ჩასახლებული ემიგრანტები იყვნენ, მაგრამ ჩვენს ოჯახში ეს არ იგრძნობოდა - იტალიურად არ ვლაპარაკობდით და ჩვეულებრივი შვეიცარიელებივით ვცხოვრობდით. საჯარო
სკოლაში დავდიოდი, სადაც კარგი პედაგოგები მყავდა. სწორედ იმ დროიდან გახდა მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მიმზიდველი და საინტერესო. 7 წლიდან ყველა სეზონზე დავდიოდით ბანაკებში, სადაც მეგობრობასა და ადამიანებთან ურთიერთობას ვსწავლობდი. 15 წლის ვიყავი, უმცროსების ჯგუფი რომ ჩამაბარეს - 6-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებზე ვზრუნავდი. სწორედ ეს იყო ჩემი პირველი პედაგოგიური პრაქტიკა.

მასწავლებელი 21 წლის გავხდი. ვფიქრობდი, ჯერ სკოლისთვის მზად არ ვიყავი. ამიტომ, ერთი წლის განმავლობაში შუა და სამხრეთ ამერიკაში ვმოგზაურობდი, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მოვინახულე. ყოველთვის მიყვარდა უცხო ენები და მათ ათვისებაში მოგზაურობაც დამეხმარა. დღეს უკვე 6 ენა ვიცი: გარდა მშობლიური შვეიცარიულისა, გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, მოგვიანებით ქართულიც ვისწავლე, რუსული სალაპარაკო დონეზე ვიცი. ყველაზე რთული და საინტერესო ჩემთვის ნიკარაგუაში მოგზაურობა აღმოჩნდა: იქ სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ვმუშაობდი და 2-3 თვე გავატარე. შეიძლება ითქვას, ქუჩის ბავშვებს ვასწავლიდი, რომლებიც თუნუქის ქოხებში ცხოვრობდნენ, არც საწოლი ჰქონდათ და არც ავეჯი. მათ ოჯახებში მხოლოდ ერთი პლასტმასის სკამი იდგა. ეს ბავშვები სკოლაში რიგრიგობით დადიოდნენ, რადგან ერთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდათ. ამ ბავშვებთან მუშაობა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ძალიან კარგი პრაქტიკა იყო.

- რითი განსხვავდება შვეიცარიის სკოლა ქართული სკოლისგან?
- შვეიცარიაში პირველი კლასიდანვე განსხვავებული სისტემაა: იქ არის კლასის მასწავლებელი, რომელიც პირველიდან მე-9 კლასამდე ასწავლის მათემატიკას, მშობლიურ ენასა და საბუნებისმეტყველო საგნებს. ამ სტატუსის მისაღებად 5-წლიანი ოფიციალური განათლება მივიღე. ბილის ახლომდებარე სოფლებში ვასწავლიდი. ვფიქრობ, ამგვარ სწავლებას გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან არიან ბავშვები, რომლებიც მათემატიკაში ძლიერები არიან და ჰუმანიტარული საგნები უჭირთ, სამაგიეროდ, არიან ისეთები, რომლებიც მათემატიკას კარგად ვერ სწავლობენ, მაგრამ ნამდვილი მარგალიტები არიან უცხო ენებსა ან მშობლიურ ენაში... ამ დროს მასწავლებელი თავის მოსწავლეებს უფრო სრულყოფილად აღიქვამს. ბედნიერად მივიჩნევ თავს, ამ ტიპის განათლება რომ მივიღე. პედაგოგობის შემდეგ ჟენევაში საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობდი და პოლიტმეცნიერების მაგისტრი გავხდი. 2000 წელს კი, ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის მეშვეობით, პირველად ჩამოვედი კავკასიაში, კერძოდ - აზერბაიჯანში. იქ ჩემს დასთან ერთად ვიყავი და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. მათ შორის ქართველებიც იყვნენ. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა გვითხრეს, საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ხომ არ გინდათ ნახოთო? ეს ჩვენთვის უნიკალური შანსი იყო და 4 დღით ჩამოვედით. მოვინახულეთ თბილისი, ბათუმი. 25 წლის ვიყავი, როცა აქ პირველად ჩამოვედი, მანამდე საქართველო მარტო რუკაზე მქონდა ნანახი, მაგრამ გულმა მიგრძნო, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ქვეყანა გახდებოდა.

- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ საქართველოში პირველი ჩამოსვლისას?
- 2000 წელი იყო. მატარებლით ჩამოვედით ბაქოდან და პირველი შთაბეჭდილება ჩემთვის ნავთლუღის ბაზრობა იყო. ამას დაემატა უშუქობაც, მაგრამ ორი-სამი დღის შემდეგ ვთქვი: ამ ქვეყანაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი-მეთქი. მახსოვს, ჩემი მეგობრების რეაქცია ამ სიტყვებზე, - შენ გიჟი ხომ არა ხარ, იცი, აქ რა სიტუაციააო?!. 90-იანი წლები ახალი დამთავრებული იყო, ხალხს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აქ მაინც კარგად ვგრძნობდი თავს. მერე ჩვენს ორგანიზაციაში ქართველებმა და შვეიცარიელებმა ერთობლივი პროექტები გავაკეთეთ. ამასობაში მაგისტრატურა დავასრულე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განხრით. ჩემი მეუღლეც სწორედ იმ ხანებში გავიცანი. 5 წელი ჟენევაში ვცხოვრობდით, მერე კი ისევ საქართველოში დავბრუნდით. ჯერ ჩვენი ტურისტული კომპანია გვქონდა, მერე კერძო სკოლებში ვასწავლიდი, ერთ-ერთი მათგანის თანადამფუძნებელიც ვიყავი. განათლების სფერო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, ბავშვებთან თავს ყველაზე ლაღად და ბედნიერად ვგრძნობ.

- მოგვიყევით თქვენს ოჯახსა და შვილებზე.
- ჩემი მეუღლე გიგი სულაშვილია - ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის, ყველა წამოწყებაში მხარში მიდგას და მეხმარება. ის მამით ქართლელია, დედით - რაჭველი, მაგრამ თავს უფრო რაჭველად მიიჩნევს.

- საქართველოში რძალ-დედამთილის ურთიერთობა ხშირად რთულია, თქვენ თუ გაგიმართლათ ამ საკითხში?
- ძალიან გამიმართლა და ისეთი დედამთილი შემხვდა, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მაქვს. ისიც მეხმარება და მისი დაც. ბავშვებს სწორედ ჩემი დედამთილის და უვლის - შეიძლება ითქვას, ჩემი მარჯვენა ხელია. 4 შვილი მყავს, უფროსი 11 წლისაა, ხოლო უმცროსი - 4-ის.

- ბავშვები შვეიცარიულად თუ ლაპარაკობენ?
- ოჯახში ორ ენაზე ვლაპარაკობთ და ორივე კარგად იციან. მე შვეიცარიულ ენაზე ველაპარაკები და როცა სამშობლოში ჩავდივართ, ჩვეულებრივად საუბრობენ. პანდემიამდე ორი თვე შვეიცარიაში ვიყავით, მაგრამ მერე უკვე ვეღარ წავედით და იქაურობა ძალიან მენატრება. მიუხედავად ამისა, ჩვენი ცხოვრების ცენტრი აქ არის - საქართველოში. მეუღლე ჯერ სტომატოლოგი იყო, მერე ბიზნესის ადმინისტრირება შეისწავლა და მაგისტრი გახდა. რაც პოლიტიკაში მოვედი, გიგის ეხუმრებიან, - ადრე ბარბარა იყო შენი ცოლი, ახლა კი შენ გახდი ბარბარას ქმარიო... ამაზე მხოლოდ ეღიმება და როგორც უკვე გითხარით, ყველა საქმეში მხარს მიჭერს.

- ცნობილია, რომ შვეიცარია ლამაზი, მოვლილი და მდიდარი ქვეყანაა. როგორ მიაღწიეს ამ პატარა ქვეყნის შვილებმა ამდენს?
- შვეიცარია თავიდან სულაც არ ყოფილა მდიდარი სახელმწიფო. გეთანხმებით, ლამაზია, მაგრამ არც ოქრო აქვს, არც ნავთობი და არც სასარგებლო წიაღისეული. მე-19 საუკუნეში შვეიცარიიდან ხალხი მასობრივად მიდიოდა ემიგრაციაში, რადგან იქ სამუშაო არ იყო. დღევანდელ მდგომარეობას დიდი შრომის, მონდომებისა და საფუძვლიანი განათლების ფასად მიაღწიეს. დიდ როლს ასრულებს ის, რომ იქ დემოკრატიული წყობაა და ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად მუშაობს. თუ სოფელში რაღაც პრობლემა ჩნდება, იქვე, სოფელშივე წყდება, რაც დიდ სტიმულს აძლევს მოსახლეობას. შვეიცარიელები ბევრს შრომობენ და თავიანთი შრომის შედეგს რომ ხედავენ, მათთვის ეს მოტივაციის მთავარი წყაროა. მართალია, სახელმწიფო ყველაზე ზრუნავს, მაგრამ ამავე დროს, თითოეული ადამიანი ზრუნავს სახელმწიფოზე. შვეიცარიაში ბევრი ბიომეურნეობაა - მიხვდნენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ევროპაში ყველაზე კარგად იყიდება და ეს თავიანთ ნიშად აქციეს. ისინი არ ელოდებიან, რომ სიმდიდრე ციდან ჩამოცვივდება, ამიტომ შვეიცარიის სოფლებიც ისევე კეთილმოწყობილი და მოვლილია, როგორიც ქალაქები.

- დავუბრუნდეთ თქვენს საყვარელ საქმეს - ქართული სკოლის მთავარ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ?
- საქართველოში პრობლემა ერთი სკოლა ან ერთი მასწავლებელი კი არ არის, არამედ მთელი განათლების სისტემაა. ბავშვი ყურადღების ცენტრში უნდა იყოს, მაგრამ ვხედავ, რომ სისტემა ყველაფერზე ზრუნავს, ბავშვის გარდა. სკოლაში მასწავლებლის როლი განუზომელია, მაგრამ ასევე ვხედავ უკმაყოფილო, გადაღლილ მასწავლებლებს, რომლებსაც საზოგადოებამ დიდი ტვირთი დააკისრა, თუმცა მასწავლებლის საზოგადოებრივი სტატუსი მაინც დაბალია. ამიტომ დღეს საქართველოში იშვიათია, ვინმე პედაგოგობაზე ოცნებობდეს. ძალიან მინდა, მასწავლებლობა მიმზიდველი და სანატრელი პროფესია გახდეს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღეს ბავშვებიც და მასწავლებლებიც დაუცველები არიან. ამის დადასტურებაა ქობულეთში მომხდარი ტრაგედია: ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის გოგონამ იფიქრა, რომ სულ მარტო იყო და ვერავინ დაეხმარებოდა ვერც სკოლაში, ვერც ოჯახსა და ვერც სასამართლო სისტემაში. თუ ბავშვებს ვასწავლით, რომ მათ ხმის ამოღების უფლება არა აქვთ, ცხადია, ასეთ მძიმე შედეგებს მივიღებთ. არანაკლებ სავალალო ფაქტი მოხდა ადრე სამეგრელოში, სადაც მოსწავლეებს მერიის ტუალეტი ახეხვინეს, - ჩემი აზრით, ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. შეიძლება ვიღაცამ თქვას - მერე რა მოხდაო?!. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბავშვები ჩვენს სკოლებში დაუცველები არიან, რომ არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავს.

- დაბოლოს: საქართველოში ბევრი პარტიაა. "ნაციონალური მოძრაობა" რატომ აირჩიეთ?
- პირველ რიგში, მათი იდეები მომეწონა. მომეწონა ისიც, რომ ეს პარტია ცდილობს განვითარდეს და ერთ წერტილზე არ გაიყინოს. ვფიქრობ, ნიკა მელია და მისი გუნდი ქვეყანას სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს, მით უმეტეს, ახლა ამ გუნდში დიდი შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს და იდეების დუღილია. თანაც, ამ პარტიას ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს. შეიძლება ეს გამოცდილება დადებითი ან უარყოფითი იყოს, მაგრამ გამოცდილება თაროზე კი არა აქვთ შემოდებული, არამედ დაშვებული შეცდომების ანალიზს და გათვალისწინებას ცდილობენ. ამ გუნდის პრიორიტეტი სიახლეები და ცვლილებებია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში ვცხოვრობ და მჯერა, ჩემი შვილები უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ. ამისი რომ არ მჯეროდეს, ოჯახით შვეიცარიაში წასვლას ყოველთვის მოვახერხებდი.

ხათუნა ჩიგოგიძე
ჟურნალი "გზა"

ციურიხი
27 თებერვალი 2021 17:31
შვეიცარიულ ენას ეძახიან გერმანულის დიალექტს - შვეიცარიულ გერმანულს (Swiss Deutsch). სხვაობა თითქმის ისეთია, რაც ქართულსა და მეგრულს შორის.
მათ ძალიან სიამოვნებთ, როცა უცხოელი (ემიგრანტი) შვეიცარიული გერმანულით საუბრობს. პარლამენტში, მთავრობაში, ტელევიზიებში და ა. შ. შვეიცარიული გერმანულით საუბრობენ, მაგრამ ენა არ არის, დიალექტია!
შვეიცარიელთა შრომის კულტურაზე: შვეიცარიელი ცხოვრობს, რომ იშრომოს, ქართველი ცხოვრობს, რომ კარგად იცხოვროს. აქ, შვეიცარიაში ფულს დიდი შრომით გამოიმუშავებენ, საქართველოში კი ამბობენ - ფული უნდა გავაკეთო.
grigori
27 თებერვალი 2021 15:42
ულამაზესი ბავშვები ჰყავთ! ღმერთმა გაგიზარდოთ. ერთი მაკვირვებს, ქართველ ასასინებში რა ჯანდაბა გინდათ !
გიო
27 თებერვალი 2021 14:27
ძალიან სასირცხვილო კომენტარები, ყუბანეიშვილის არ იყოს "აქ რომ სიბნელეა ეს ხომ ნათელია" ჯერ ერთი შვეიცარულ ენას რომანიშსაც უწოდებენ, ლათინური აქვს საფუზძვლად, მეორე რა შემოგზავნილი რის შემოგზავნილი, ვის რად უნდა შვეიცარლის შემოგზავნა ამდენ ბნელ ხალხში, აქ ვერ იპოვნიან საჭირო ხალხს? შვეიცარლების 95% ფრანგების, გერმანელების და იტალიელებისგან შედგება.....წაიკითხეთ ცოტა....მაგარი ქალია, გენაცვალე.

რუბრიკის სხვა სიახლეები