"გია დაიწვაო! - ღამის პირველ საათზე კარზე გიას ბიძაშვილმა მოგვიკაკუნა" - კვირის პალიტრა

"გია დაიწვაო! - ღამის პირველ საათზე კარზე გიას ბიძაშვილმა მოგვიკაკუნა"

"ჩვენმა გოგონამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი... ამბობდა, მეგონა, მამას მე ვუყვარდი ყველაზე მეტად და თურმე მას საქართველო ჰყვარებიაო... მთლად მაინც ვერ უპატიებია, რომ მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის წინ დაწერილ წერილში გია სწორედ მას სთხოვდა პატიებას..."

30 წლის წინ ჩვენ შორის გაჩენილი უფსკრული ქართველებს ჯერ არ ამოგვივსია. ეს ერისთვის მძიმე ტვირთია, რომელიც ზოგჯერ ისე მძიმდება, ვეღარ ვუძლებთ და გვინდა ჩამოვიღოთ, რომ ოდნავ მაინც შევისვენოთ, თუმცა ამაოდ და, ალბათ, ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ არ გავაცნობიერებთ, რა დავაშავეთ, ვერ მივხვდებით, რომ ახლაც ვაშავებთ და ამ უფსკრულის გაჩენის მიზეზებს არ შევებრძოლებით. ამ 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ და ქვეყნის ინტერესებსაც უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა. მათ შორის იყვნენ უხმაურო, უპრეტენზიო, მხოლოდ ქვეყნის ნათელ მომავალსა და ქართველთა გაერთიანებაზე მეოცნებე ღირსეული ადამიანები, რომელთაც უანგაროდ გაიმეტეს თავი, იმ ქვეყნად კი ნათელი მომავლის იმედი გაიყოლეს. მათ შორის იყო 35 წლის ექიმი გია აბესაძე, რომელმაც თავი ყველას თვალწინ მხოლოდ იმიტომ დაიწვა, რომ არ უნდოდა, ქართველებს ერთმანეთისთვის ესროლათ. ჩვენ დღესაც დაპირისპირების ზღვარზე ვდგავართ და იქნებ სწორედ გია აბესაძის ამ მსხვერპლის გახსენებამ შეგვაჩეროს. ვესაუბრებით გია აბესაძის მეუღლეს, ქალბატონ რუსუდან მშვენიერაძეს.

- უპირველესად ვიტყვი, რომ არავინ უნდა იფიქროს, თითქოს გიას მსხვერპლი ამაო იყო. გიას გარდაცვალების შემდეგ უამრავ საზოგადო მოღვაწეს შევხვდი, რომლებიც მეუბნებოდნენ, ნუ გეწყინებათ, რომ გია დავიწყებულია, გმირად აღიარებას ძალიან დიდი დრო სჭირდებაო.

მე და გიამ 1979 წელს გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მალე შევუღლდით. გია ზესტაფონელი იყო, მე თბილისში გავიზარდე. თავისუფლების მოედანზე ვცხოვრობდით და 80-იანი წლების ბოლოდან ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. გიას გარდაცვალების წელს ჩვენი გოგონა 10 წლის იყო და მასთან ერთად დავდიოდით მიტინგებზე იმ ბედნიერების შესაგრძნობად, რაც საქართველოს გათავისუფლებას ახლდა. თუმცა გია ამბობდა, 50 წელიწადი მაინც დაგვჭირდება, რომ ნამდვილ დამოუკიდებელ ქვეყნად ვიქცეთო. მაშინ მეცინებოდა, რადგან ვერ წარმომედგინა, ასე ერთ მუჭად შეკრულ ქართველებს ქვეყანა უფრო მალე როგორ ვერ უნდა აგვეშენებინა. სამწუხაროდ, ის მართალი აღმოჩნდა...

გიას ცოტა დრო ჰქონდა, რადგან ექიმი იყო და ხშირად მორიგეობდა, მაგრამ მიტინგებზე მაინც დავდიოდით. როდესაც ეროვნულ მოძრაობაში ბზარი გაჩნდა, უფრო მოვუხშირეთ სიარულს. ბარიკადები ყოფილი "ლაღიძის წყლებიდან" თეატრალური ინსტიტუტის მიმართულებით იყო აგებული და ორივე მხარეს უწყვეტად იმართებოდა მიტინგები. ერთხელ, როდესაც რუსთაველზე, ორივე მიტინგზე კიდევ ერთხელ ჩამოვიარეთ, ერთმანეთს მწარედ ვუთხარით, რა გვეშველება, ესენი ერთმანეთს დახოცავენო!

- ერთმანეთი დახოცეს და საქართველოც ზედ მიიყოლეს... - დიახ, ასე მოხდა, თუმცა მაშინ მაინც გვქონდა იმედი, რომ ამას გადავურჩებოდით. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, ვის შეეძლო ამ დაპირისპირების შეჩერება. მახსოვს, გიას ჩეხი სტუდენტი იან პალახიც კი გავახსენე, რომელმაც 1968 წელს ჩეხეთში რუსული ტანკების შესვლისას პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა და დღეს ის ჩეხეთისთვის ლამის წმინდანია.

- თქვენს მეუღლეს ატყობდით, რომ ამას აპირებდა? - არა, არაფერი ეტყობოდა. წინადღეს მორიგე იყო, იმ დღეს კი სტუმრები გვყავდა - გიას ბათუმელი და თბილისელი მეგობრები. მიტინგზე წასვლა მოინდომეს, მაგრამ რაც არასდროს გამიკეთებია, ის გავაკეთე - წინ გადავუდექი და არ გავუშვი. ვუთხარი, ხომ ხედავთ, ძალიან დაძაბული სიტუაციაა, შეიძლება რაღაც ცუდი შეგემთხვეთ-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს წინათგრძნობა იყო. რატომღაც დამიჯერეს, ოთახში დასხდნენ და საუბარი განაგრძეს. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მე კი სამზარეულოში ვსაქმიანობდი. ცოტა ხნის შემდეგ მათთან შევედი, მაგრამ გია იქ არ დამხვდა. ბიჭებმა მითხრეს, ნახევარი საათია, გავიდაო. ეს ძალიან უცნაური იყო - სტუმრები რატომ უნდა მიეტოვებინა და წასულიყო? ბიჭებმა სიცილი ატეხეს, ნახე, მიტინგზე გაგვეპარაო და ჩვენც რუსთაველზე წავედით. გია ვერ ვიპოვეთ, მაგრამ მიტინგზე დავრჩით იმ იმედით, რომ მალე გამოჩნდებოდა. არ გამოჩნდა და შინ დავბრუნდი, მაგრამ არც იქ დამხვდა. გულმა რეჩხი მიყო, თუმცა ისევ თავი დავიმშვიდე, მიტინგზე რომ "სასწრაფო" დგას, იქ ხომ მისი მეგობარი მუშაობს და მასთან იქნება-მეთქი... ღამის პირველ საათზე კარზე გიას ბიძაშვილმა მოგვიკაკუნა, გია დაიწვაო! პირველად ზესტაფონში გაეგოთ ეს უბედურება! მაშინვე დამწვრობის ცენტრში წავედით... ექიმმა გვითხრა, გიას გადარჩენა შეუძლებელია, თავის ქალას შიდა დამწვრობა აქვსო...

- მაშინ მიხვდით, ეს რატომ გააკეთა? - მაშინ, რა თქმა უნდა, ვერა, მაგრამ ძალიან მალე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ყველაფერი ამიხსენეს - მოძღვარი, რომელმაც გია ამ მდგომარეობაში ნახა და "სასწრაფოს" ექიმი, რომელმაც მითხრა, გიას სანამ ლაპარაკი შეეძლო, მეუბნებოდა, მომხდარს ნურავის დააბრალებთ, ყველაფერი საქართველოსთვის გავაკეთე, იქნებ ჩემმა მსხვერპლმა ქართველები შეარიგოსო.

- ეს სად მოხდა? - დაახლოებით თეატრალურ ინსტიტუტთან. როგორც ჩანს, გიას ცარიელი ქილა სახლიდან ჰქონდა წაღებული, საწვავი კი იქვე მდგომი ავტომანქანის მძღოლს გამოართვა. მოგვიანებით ეს კაციც მოვიდა. ძალიან განიცდიდა - თქვენმა მეუღლემ მითხრა, რომ საწვავი ავტომანქანისთვის სჭირდებოდა, მეც მივეცი, ეს რა მომივიდაო... გიას სრულიად შეგნებულად საწვავი თავზე გადაუსხამს, რადგან იცოდა, თავის დამწვრობით ვერ გადარჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა ცეცხლი მაშინვე ჩააქრო, გიამ მაინც მძიმე შიდა დამწვრობა მიიღო. იმ დღესვე შინ გიას დატოვებული გადაშლილი გაზეთი ვნახე, სადაც ნაცნობი ჟურნალისტის სტატია იყო დაბეჭდილი, სტატიაში კი იმ რომაელი მოხუცის მაგალითი იყო მოყვანილი, რომელიც აჯანყებულ გლადიატორებს შუაში ჩაუდგა. ის მოკლეს, მაგრამ მისმა თავგანწირვამ გლადიატორების ომი შეაჩერა.

ჩვენს ისტორიაშიც არაერთი ასეთი მაგალითია, რომელთა მიხედვით იზრდებიან მომავალი თაობები. მე მწამს, რომ ჩემი ქმარი ამაოდ არ დაღუპულა და მომავალში მისი სახელი უფრო დაფასდება.

- თქვენი მეუღლის თავგანწირვა სათანადოდ არასოდეს დაფასებულა? ხომ შეიძლებოდა, რუსთაველზე პატარა მემორიალური დაფა გაგვეკეთებინა, რომლის წარწერა მომავალ თაობას დააფიქრებდა... - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ გამოგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც დიდუბის პანთეონში შემოგვთავაზა გიას დაკრძალვა, თუმცა, მე მაშინ ცუდადა ვიყავი და ის არ მინახავს. ჩემი ქმრის დაკრძალვა ზესტაფონში გადაწყდა. მემორიალური დაფის დადგმას აპირებდნენ, მაგრამ მერე რატომღაც არ გამოვიდა...

ამის შემდეგ ჩემთან არაერთი პარტიის წარმომადგენლები მოსულან, რომ მათ პარტიაში გავერთიანებულიყავი, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. რომ დავთანხმებოდი, უკეთეს პირობებში ვიცხოვრებდი, მაგრამ მე ხომ პატარა გოგონა არ ვარ, ვერ მივმხვდარიყავი, რისთვის ვჭირდებოდი ამ პარტიებს?! მათ გიას სახელი სჭირდებოდათ და არა - მე, მაგრამ ვერ დავუშვებდი, გიას სახელისთვის ჩრდილი მიმეყენებინა. ჩემთვის პარტიული საქმიანობა არ არსებობს ქვეყნის სიყვარულის გარეშე. არაფერი - არც პირადი კეთილდღეობა, არც რომელიმე ლიდერის ყოფნა-არყოფნა არ ღირს იმად, რომ ქვეყანა დაზარალდეს. ამიტომაც ვერ ვიტან ვერანაირ დაპირისპირებას. ეს ისე მკლავს, რომ წლებია, ტელევიზორს აღარ ვუყურებ.

- თქვენმა ერთადერთმა გოგონამ როგორ გადაიტანა მამის წასვლა? - ძალიან მძიმედ. ამბობდა, მეგონა, მამას მე ვუყვარდი ყველაზე მეტად და თურმე მას საქართველო ჰყვარებიაო. მათ საუკეთესო მამაშვილობა ჰქონდათ. ჩემს შვილს გვერდით მამა რომ ჰყოლოდა, მისი ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნებოდა. მთლად მაინც ვერ უპატიებია, რომ მიატოვა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის წინ დაწერილ წერილში გია სწორედ მას სთხოვდა პატიებას.

- ეს წერილი შინ ნახეთ? - წერილი გიამ სწორედ დაპირისპირებულ მხარეებს შორის აღმართულ ბარიკადებზე დატოვა. არ ვიცი, იქვე დაწერა, თუ უკვე დაწერილი ჰქონდა, მაგრამ როდესაც დაიწვა, იქ მდგომები მიხვდნენ, წერილი ვის ეკუთვნოდა და მომიტანეს. გია წერდა: "თუ ქართველთა შერიგებასა და საქართველოს აღორძინებას მსხვერპლი სჭირდება, დაე, ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო მსხვერპლი მე ვიყო. შვილო, მაპატიე. იმედი მაქვს, რომ გამიგებ. ვიცი, რომ გამიგებ".