"ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ თავად არ იქნებ­იან ხელისუფლების სათავეში, ყველაფერი წააგეს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ თავად არ იქნებ­იან ხელისუფლების სათავეში, ყველაფერი წააგეს, მაგრამ..."

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებასა და სიტუაციის განმუხტვის გზებზე რეჟისორი ბუბა ხოტივარი გვესაუბრა:

- ჩვენი უბედურების, წარუმატებლობის, იმედგაცრუების, უღმერთობის, ხელმოცარულობის მიზეზი უსიყვარულობაა. რაც გვაქვს, ისიც არ არის ბოლომდე გულწრფელი, ყალბია, როგორც ბევრი რამ, როგორც მადლიერება, როგორც სინანული, როგორც პატიების თხოვნა. ბოლო წლებმა დაგვანახა, რომ არ შეგვიძლია ერთმანეთი გულწრფელად გვიყვარდეს, მხოლოდ დროები გვიყვარს, ვიღაცის ჯიბრზე, ცოტა ხნით და მერე მასაც ლაფს ვასხამთ. ამ ყველაფრის თავიდათავი შურია. ჩვენ გვშურს, რომ ვიღაც ჩვენზე კეთილი, წარმატებული და ნიჭიერია და ამ შურს ვწირავთ ყველაფერს - ვბოროტდებით, ვბრმავდებით და საკუთარ თავსაც კი არ ვინდობთ, ოღონდ ის არ იყოს წარმატებული.

პავლე მოციქული ამბობს, მოვა დრო და დედამიწაზე სიყვარული აღარ იქნებაო. ახლა ეს დრო მოდის, ჩვენ მოვიყვანეთ. ამიტომ არის ამხელა სიძულვილი, ბოღმა, განსაკუთრებით ტელეეთერებიდან, ოპოზიციის ზოგიერთი წევრისგან, რომლებისთვისაც, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლების სათავეში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა.

ყველაფერი წააგეს, მაგრამ არ ჩერდებიან, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გააფუჭონ. მერე რა, რომ თავადაც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, მთავარია, ვინმე სხვას არ მიეწეროს სიკეთე და ესენი განზე არ დარჩნენ.

ვიღაცები ცდილობენ შექმნან სიძულვილის ბარიკადები, ხალხის პოლარიზება მოახდინონ, ვითომ ორი მხარეა. სინამდვილეში არ არის ასე.

სიკეთეს ბოროტების არ უნდა შეეშინდეს და სიყვარული გაიმარჯვებს. ბოროტება დასაწყისში იგებს, მაგრამ ეს გრძელვადიანი ვერ იქნება. არასდროს ყოფილა სამყაროში ბოროტებას გაემარჯვოს.