"გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა?­ - გააქციეს. ისიც გააქციეს და ივანიშვილიც" - კვირის პალიტრა

"გახარიას სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა?­ - გააქციეს. ისიც გააქციეს და ივანიშვილიც"

"ვისაც არ ეზარება, უცხოეთიდან ყველა ჭკუას გვასწავლის. აბა, იგივე სხვა სახელმწიფოებს გაუბედონ, რა პასუხს მიიღებენ? საკუთარ ქვეყანაში ნაბიჯს ვერ გადადგამ, ხან იქიდან აგიწევენ ყურს და ხან აქედან. რა სახელმწიფოა ეს?"

საქართველოს სახალხო არტისტს იმედა კახიანს ბევრი რამ აქვს ქართველი ხალხისთვის სათქმელი. მსახიობს ქვეყნისთვის მტკივნეულ საკითხებსა და ამ ვითარებიდან გამოსავალზე ვესაუბრეთ:

- მეტისმეტად აფორიაქებული ვარ. რატომ? - ჩემს საყვარელ ხალხს და სამშობლოს ვხედავ აფორიაქებულს. ადრე ის მაინც ვიცოდი, სად ვცხოვრობდი და რისთვის ვარსებობდი, ახლა კი არ ვიცი, ჩვენს ქვეყანას სახელმწიფო თუ ჰქვია საერთოდ, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მოყვარე, საით მივდივართ და რას ვაკეთებთ.

- პოლიტიკოსებს შორის თქვენი რჩეული ვინ არის?

- მიპასუხეთ ერთი, ვინ არის პოლიტიკოსი - შეშლილი სახით ქუჩაში რომ დგას, რაღაცას ყვირის და მეორე დღეს პარლამენტში ჯდომა და თანამდებობა რომ უნდა? ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ სკამი და ძალაუფლება მოიპოვონ. ვინც მექრთამე და მომხვეჭელია, დღედაღამ წესიერებასა და პატიოსნებაზე ლაპარაკობს, ვინც ცრუ და მატყუარაა - სიმართლეზე. ასეთი ხალხი ქვეყანას როგორ ააშენებს?

გახარიას გადადგომაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მე ამ კაცს სულ არ ვიცნობდი, მაგრამ რასაც ვაკვირდებოდი, საქმეს აკეთებდა. რად გინდა? - გააქციეს. ისიც გააქციეს და ბიძინა ივანიშვილიც. ივანიშვილზე ნაკლები ფული კი არა აქვს ხალხს, ერთი სკოლა და საბავშვო ბაღი რომ არ აუშენებია? საქართველოში სოფელი და რაიონი არ არის, იქ მილიონერი არ იყოს დაბადებული, მაგრამ კაპიკი არავისთვის ემეტებათ.

ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი როგორაა? გუშინ რომ დარბოდა, ყვიროდა, ჩხუბობდა და ილანძღებოდა, გაიხედავ და დღეს პარლამენტში ან მთავრობაშია.

- თქვენთვის თუ შემოუთავაზებიათ ოდესმე მაღალი თანამდებობა? - როგორ არა, არაერთხელ. მეც შემეძლო პარლამენტის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ უარი ვთქვი - რატომ უნდა შევაჯავრო ჩემს ხალხს თავი-მეთქი...

იცით, ყველაზე მეტად რა არ მომწონს? - ვისაც არ ეზარება, უცხოეთიდან ყველა ჭკუას რომ გვასწავლის. მე რომ ახლა თურქეთში ან რუსეთში ჩავიდე და იქაურ პოლიტიკოსებს ჭკუის დარიგება დავუწყო, ხომ კინწისკვრით გამომაგდებენ? უცხოელმა რატომ უნდა მისცეს თავს უფლება, ჭკუა დაგვარიგოს - ჩვენზე მეტი ზრდილობა აქვთ თუ უკეთესი წარსული? აბა, იგივე სხვა სახელმწიფოებს გაუბედონ, რა პასუხს მიიღებენ? საკუთარ ქვეყანაში ნაბიჯს ვერ გადადგამ, ხან იქიდან აგიწევენ ყურს და ხან აქედან. რა სახელმწიფოა ეს? ან ეს ძიძგილაობა განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს შორის როდემდე უნდა გაგრძელდეს?

ოპოზიცია აცხადებს, არჩევნები გაყალბებულიაო, მაგრამ ამას დამტკიცება ხომ უნდა? გარდა ხარჯისა, ეს ქვეყნის იმიჯზეც ხომ აისახება? თუ ვერ ამტკიცებენ, რომ ძველი გაყალბდა, ახალ არჩევნებს რა უფლებით მოითხოვენ?

- ბოლო დროს კიდევ ერთი საკითხი გახდა საკამათო: გერმანიაში დასაქმების მსურველთა სიაში ერთ კვირაში 86 ათასზე მეტი კაცი ჩაეწერა. - ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანმა არ იცის, ხვალ რა ელოდება. მესმის, რომ აქ ცხოვრება ჭირს, მაგრამ არც ისე, რომ უცხოეთში ვიღაცას მონად დაუდგე.

რა გახდა, რომ დღეს ქართველმა ყველაფერი მიატოვა და სადღაც მიდის? - ყველას ჰგონია, უცხო ქვეყანაში აშენდება.

ცხადია, მადლობა უნდა ვუთხრათ გერმანიას, რომ ამ უმუშევარ ხალხს სამსახურს სთავაზობს, მაგრამ ნუთუ ჯანმრთელ კაცს იმდენი არ შეუძლია აქ იმუშაოს და ოჯახი გამოკვებოს? გული მტკივა: ყველაზე ახალგაზრდა ხალხი მიდის საქართველოდან და ნახევარზე მეტი უკან აღარ ბრუნდება. რასაც უცხო ქვეყანაში აკეთებენ, იმის ნახევარი აქ რომ იშრომონ, ლუკმაპურს ვერავინ დაამადლის. თუ ასე გავაგრძელებთ, უცხოტომელები მოვლენ და ჩვენს მიწა-წყალს დაეპატრონებიან.

ყველანაირად შემკული და ლამაზი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ მოუვლელი! გული მისკდება იმერეთში, ჩემს სოფელში რომ ჩავდივარ: ნახევარ სოფელს კარი გამოკეტილი აქვს, სახლები ან დანგრეულია, ან ნელ-ნელა ინგრევა. ახალგაზრდობა ან ქალაქშია გახიზნული, ან უცხოეთში. შეხედავ, დგას პატარა, ძველებური ხის სახლი თავისი კარ-მიდამოთი. გაიკითხავ და ამ სახლ-კარს მისი პატრონი 500 დოლარად ყიდისო, გეუბნებიან. მამა-პაპის მიწას 500 დოლარად რომ შეაფასებ, ხომ მოვა უცხოტომელი და იყიდის?

სოფლებში ხალხს ტრაქტორები რომ დაურიგეს, ბევრმა გაყიდა, მანქანა შეიძინა და ახლა ტაქსაობს. მგონი, ამდენი ტაქსი მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ არის. ან ამხელა საცობი გაგონილა? ხშირად ერთი საათი მჭირდება ჭავჭავაძიდან ყიფშიძის ქუჩამდე რომ მივიდე...

თუმცა ყველაზე მეტად ქართველებს შორის დაპირისპირება და კინკლაობა მანერვიულებს და გულს მიკლავს!

- თქვენი აზრით, სად არის გამოსავალი? - მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულმა უნდა გადაგვარჩინოს. მართლა მძიმე პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის: აქეთ პანდემია, იქით ეკონომიკური და სოციალური პრობლმები... მაგრამ ამაზე დიდი განსაცდელიც გამოგვივლია. იყო დრო, როცა გადაშენების პირას ვიყავით, მაგრამ სიყვარულის ძალით ყოველთვის გადავრჩენილვართ. "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო" ჩვენს წინაპრებს ტყუილად როდი უთქვამთ - ეს ყველაზე გამოცდილი და უტყუარი ჭეშმარიტებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე