"ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს ექიმმა და არა ექთანმა" - რა რისკები არსებობს აცრისას და რა შემთხვევებში აქვს კორონავაქცინას აბსოლუტური უკუჩვენებები - კვირის პალიტრა

"ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს ექიმმა და არა ექთანმა" - რა რისკები არსებობს აცრისას და რა შემთხვევებში აქვს კორონავაქცინას აბსოლუტური უკუჩვენებები

"როგორც აღმოჩნდა, ვაქცინაციის მეორე ეტაპი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საიმედო დაცვისთვის"

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ახალი ინსტრუმენტი - ვაქცინა მოიპოვა, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მოსახლეობის აცრა. საქართველოც ემზადება ვაქცინაციისთვის და საზოგადოებაშიც ბევრი კითხვა დაგროვდა: რომელი ვაქცინა შემოვა და როდის? სანდოა თუ არა? ვისთვის შეიძლება და ვისთვისაა სარისკო? და ა.შ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანია უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს აღწევს ამერიკასა და ევროპაში. კამპანიაში ჩართული არიან როგორც ხელისუფლებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლები, ისე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებამდე, ვაქცინის მოქმედების პრინციპზე, ეფექტიანობასა და უკუჩვენებებზე, "კვირის პალიტრა" სამედიცინო მიმომხილველს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორსა და საერთაშორისო ექსპერტს ალექსანდრე პაპიტაშვილს ესაუბრა:

- ვაქცინაცია არის ერთადერთი საიმედო გზა "კოვიდის" ან გართულებების თავიდან ასაცილებლად. ვაქცინირებული ადამიანი გართულებებისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისაგან პრაქტიკულად დაცული იქნება. ყველა ამჟამინდელი კოვიდვაქცინა ორფაზიანია, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალური დაცვისთვის საჭიროა მეორე დოზის შეყვანა. ეს ტაქტიკა მედიცინაში მრავალი ათწლეულია არსებობს. განმეორებითი დოზის დანერგვა, სახელწოდებით "გამაძლიერებელი" (Booster - რაც ნიშნავს ამაღლებას, გაზრდას, გაძლიერებას), საშუალებას გვაძლევს უფრო მკვეთრად გამოხატული იმუნური პასუხი ჩამოყალიბდეს და ინფექციისგან დაცვა ხანგრძლივად გაგრძელდეს. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში გადაწყვიტეს გადაედოთ მეორე დოზით ვაქცინირება, რათა რაც შეიძლება მეტი მოსახლე ყოფილიყო დაცული ერთი დოზით მაინც.

- როგორ მუშაობს COVID-ვაქცინა? - როდესაც იმუნური სისტემა პირველად "გაეცნობა" ვაქცინას, ეს ორი ტიპის იმუნური უჯრედების: B და T ტიპის (T-ლიმფოციტები) მუშაობის აქტივირებას იწვევს. B უჯრედები აქტიურად წარმოქმნიან M და G ტიპის ანტისხეულებს, მაგრამ ვაქცინის მეორე დოზის გარეშე ამ იმუნოგლობულინების რაოდენობა მკვეთრად იკლებს რამდენიმე კვირის შემდეგ.

T-ლიმფოციტები იმუნური სისტემის მთავარი იარაღია. სწორედ ეს უჯრედები პოულობენ საფრთხეს და ანადგურებენ პათოგენს, მაგრამ T-უჯრედების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდგომ იმუნური სისტემა T-უჯრედების ძალიან მცირე რაოდენობას ქმნის და ორგანიზმი არ არის მზად მთელი ძალით შეხვდეს ვირუსს. ვაქცინის მეორე, გამაძლიერებელი დოზა იწვევს იმუნური რეაქციის მეორე ნაწილს, რის შედეგადაც ორგანიზმი მეტ თ-უჯრედს აწარმოებს და ქმნის ე.წ. გრძელვადიან იმუნურ მეხსიერებას. ეს პროცესი ასევე "ამზადებს" უჯრედებს ვირუსის შეჭრის მიმართ უფრო სწრაფი რეაგირებისთვის, ვირუსის უფრო სწრაფ იდენტიფიკაციასა და უფრო ეფექტური ანტისხეულების გამომუშავებაზე. COVID-ვაქცინების სამედიცინო გამოკვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მეორე დოზა რამდენჯერმე ზრდის დაცვის ხარისხს. ისრაელელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ანტისხეულების დონე 6-12-ჯერ მეტია იმ პაციენტებში, ვინც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. როგორც აღმოჩნდა, ვაქცინაციის მეორე ეტაპი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საიმედო დაცვისთვის.

- რა მოხდება, თუ ვაქცინის მხოლოდ ერთ დოზას მივიღებთ? - დღეისათვის არ არსებობს ფართო ტიპის კვლევები, რომლებიც მოგვცემს ზუსტ ციფრებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ერთი დოზის ეფექტიანობის შესახებ. ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება იმუნიტეტი ვაქცინის ერთი დოზისგან. ეფექტის გამოვლინების მისაღწევად ნებისმიერ ვაქცინას დრო სჭირდება. Pfizer-ის კვლევის თანახმად, პირველი ინიექციით შემთხვევების 52% დაცული იყო ორი კვირის განმავლობაში. ეს მონაცემები არ კმარა ერთი ვაქცინის შემდეგ იმუნიტეტის ჭეშმარიტი შეფასებისთვის. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამდენ ხანს არის ეს დაცვა ეფექტიანი.

- როგორ უნდა მოვიქცეთ კორონავირუსის პირველი ვაქცინაციის შემდეგ?

- ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ზომა, ანუ მოიქცეთ ისე, თითქოს აცრილი არა ხართ. ეს აუცილებელია, რადგან არ არსებობს სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ერთი დოზა საკმარისად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, და მეორეც - სრულ ვაქცინაციასაც კი არ შეუძლია 100%-ით ხელი შეუშალოს ვირუსული ინფექციის გადაცემას სხვა პირებისთვის. ვაქცინების ეფექტიანობა უპირველესად ფასდება დაავადების ძლიერი სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. "კოვიდი" შეიძლება ასიმპტომურიც იყოს და დაავადებული ინფექციის გადამდები და სხვებისთვის საშიში გახდეს. სამწუხაროდ, არც ერთ ვაქცინას არ შეუძლია ინფექციისგან დაცვის 100%-იანი გარანტიის მოცემა, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. ადეკვატურ ვაქცინაციას (დოზებს შორის სწორი ინტერვალის დაცვის შემთხვევაში) შეუძლია ვირუსზე სათანადო რეაგირებისთვის უზრუნველყოს იმუნური სისტემის მომზადება, ამიტომ ინფიცირების შემთხვევაშიც კი დაავადება გაცილებით მსუბუქი ფორმით განვითარდება და, სავარაუდოდ, უსიმპტომოც იქნება. ვაქცინაციის შედეგიანობის გადამოწმება შეგვიძლია ვაქცინაციის შემდგომი სპეციალური ლაბორატორიული კვლევით.

- რას გვეტყვით ვაქცინაციის რისკებსა და უკუჩვენებებზე?

- ნებისმიერი ვაქცინაცია მოითხოვს პოტენციური რისკებისა და სარგებლის "გაზომვას". კოვიდვაქცინა სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ქრონიკული დაავადებების, ენდოკრინული დაავადებების, ეპილეფსიისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს. ნებისმიერი ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. უკუჩვენებების ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ აუტოიმუნური (მაგ. გაფანტული სკლეროზი, იმუნოსუპრესია და სხვ.) და ონკოლოგიური დაავადებები დაემატა. სიმსივნის დროს ვაქცინის გავლენა ორგანიზმზე ამჟამად დადგენილი არ არის, მაგრამ ვინაიდან კიბოთი დაავადებულთა იმუნური სისტემა დასუსტებული და დისბალანსირებულია, ამ დროს ვაქცინის შეჭრამ შეიძლება არასასურველი პროცესები გამოიწვიოს. თუ პაციენტს ონკოლოგიური დაავადება რემისიაში აქვს, მას შეუძლია თავის ონკოლოგთან განიხილოს ვაქცინაციის საკითხი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენებებია: 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია, ვაქცინის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მწვავე ინფექციური დაავადებები. ვაქცინა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ გადატანილი კოვიდდაავადება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში მითითებული პაციენტის სისხლში საჭირო წინასწარი კვლევის ჩატარება IgG და IgM იმუნოგლობულინების არსებობის შესახებ. ეს ერთადერთი გზაა იმის გასარკვევად, იყო თუ არის ადამიანი დაავადებული.

- როგორ უნდა მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის? - ვაქცინაციის მომზადების სავალდებულო ნაბიჯებს შორის არის ტემპერატურის გაზომვა და გამოკვლევის ჩატარება. თუ პირს ბოლო 14 დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან, ან თუ აღენიშნებოდა COVID-19 ან ARS სიმპტომები (ხველა, სიცხე, ზოგადი სისუსტე), საჭიროა ვაქცინაციამდე "კოვიდზე" PCR-ტესტის გაკეთება. პირველი აცრიდან 2 კვირის განმავლობაში კეთდება მეორე დოზა.

- რა სიტუაციაა სხვა ქვეყნებში?

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უმრავლეს პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არსებობს სამთავრობო პროგრამები და სამთავრობო დადგენილებები, რომლებიც ეხება ამ საკითხის ყველა ასპექტს. სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა ასევე საქართველოშიც. საინტერესო იქნება ვიცოდეთ სხვა ქვეყნების თავისებურებანი, განსაკუთრებით იქ, სადაც ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. მაგალითად, ვაქცინაციის დაწყებამდე ექიმები ავრცელებენ "პაციენტის სამახსოვრო ფურცელს", სადაც ჩამოთვლილია ვაქცინაციის ძირითადი უკუჩვენებები. ვაქცინაცია არ უნდა გაკეთდეს მწვავე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების ქრონიკული სომატური პათოლოგიის გამწვავების დროს, ვაქცინის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ანამნეზში მწვავე ალერგიული რეაქციებისას.

ვაქცინაციის დაწყებამდე პაციენტი ავსებს ანკეტას, რომელიც ადასტურებს, რომ არა აქვს სიმსივნე, ტუბერკულოზი ან დიაბეტი. ვაქცინის გაკეთება არ არის რეკომენდებული ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტის, სიფილისის, აივ-ინფექციის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი პათოლოგიის დროს და მწვავე კორონარული სინდრომის, ან ინსულტის დროს, ასევე მაშინ, თუ აპირებთ დაორსულებას მომდევნო სამ თვეში. პაციენტმა უნდა ითხოვოს ვაქცინის ვადის ამოწურვის თარიღის ჩვენება, გადახედოს ტემპერატურას მაცივარში, სადაც ინახება ვაქცინა. ყურადღება უნდა მიექცეს მუშაობს თუ არა ექიმი ხელთათმანებით, იყენებს თუ არა სპეციალურ ერთჯერად შპრიცს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს ექიმმა და არა ექთანმა.

ა.წ. 27 იანვარს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორმა ანჩა ბარანოვამ ახალი კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხუთი მთავარი უკუჩვენება დაასახელა:

1. მწვავე რესპირატორული დაავადებები; 2. COVID-19-ზე დადებითი ტესტი; 3. პოსტკოვიდური მდგომარეობა; 4. IgM ანტისხეულების არსებობა; 5. მძიმე დაავადებები.

ვინაიდან კორონავირუსის ვაქცინა ბევრ ქვეყანაში ეპიდემიური ჩვენებების მიხედვით შეტანილია პროფილაქტიკური ვაქცინაციების ეროვნულ კალენდარში, ზოგიერთი პროფესიის სპეციალისტს ამის გაკეთება უეჭველად უწევს. მათ შორის, მაგალითად, იმათ, ვინც მუშაობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, სისხლთან ან ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებთან.

- ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინა AZD1222-ზე. თუ იცით, რა მოტივით? - ეს არის ვექტორული ვაქცინა, რომელიც ემყარება შიმპანზეს ადენოვირუს ChADOx1-ის პლატფორმას და რომელიც უზრუნველყოფს კორონავირუსის ზედაპირზე მდებარე S-პროტეინის არსებობას. ასაკიან პაციენტებში ამ ვაქცინამ გამოიწვია ტიპური რეაქცია: ტკივილი ინიექციის ადგილზე, თავისა და კუნთების ტკივილი. იმავდროულად, ვაქცინაციის შემდგომი რეაქციები ხანდაზმულ პაციენტებში უფრო იშვიათი და მსუბუქი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების დროს მოხდა ინციდენტი: ერთ-ერთ მონაწილეს ვაქცინაციის შემდეგ გაუჩნდა ზურგის ტვინის ანთება და გარდაიცვალა. კვლევა შეჩერდა, სანამ ექსპერტებმა არ დაადგინეს, რომ ანთება არ იყო დაკავშირებული ვაქცინასთან. ვექტორული ვაქცინების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ეფექტიანად იწვევენ ჰუმორულ და უჯრედულ იმუნიტეტს, ვინაიდან ვექტორი, რომელიც უჯრედში შედის, სხეულის მიერ აღიქმება როგორც აქტიური ვირუსული ინფექცია.

AstraZeneca-ს ვაქცინამ განსხვავებული ეფექტიანობა აჩვენა. იმ შემთხვევაში, როდესაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთდა, ეფექტიანობა იყო 62% (8,895 პაციენტის მონაცემების საფუძველზე). ამასთან, თუ პირველი დოზა იყო ნახევარი, მეორე კი სრული, ეფექტიანობა 90%-ს შეადგენდა (2,741 პაციენტის მონაცემების საფუძველზე). შედეგად, საშუალო ეფექტიანობა განისაზღვრა 70%-ით. ეს საკმარისია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ვაქცინების მინიმალურად დადგენილი 50%-იანი ეფექტიანობის ბარიერის დარწმუნებით დასაძლევად. ორ კვლევას შორის ეფექტიანობის ამ განსხვავების მიზეზი ჯერ გაურკვეველია, მაგრამ სხვა დაშვებული ვაქცინების ეფექტიანობის დონე გაცილებით მაღალია (90%-ზე მეტი).

- კორონასთან ბრძოლისა და დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი კვლავ პირბადეა. როგორც გაცხადდა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორმაგი პირბადის ტარების რეკომენდაციის გაცემას აპირებს. ამბობენ, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, ორმაგი პირბადე ვირუსისგან 92,5%-ით დაცულობას ნიშნავს. ორმაგი ნიღბის ტარება მართლა ზრდის კორონავირუსისგან დაცვას?

- აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორმაგი ნიღბის ტარება მნიშვნელოვნად ზრდის კორონავირუსისგან დაცვას. CDC კვლევამ გაარკვია, რომ ორმაგ ნიღაბს შეუძლია დააკავოს ვირუსის ნაწილაკების 92.5%, რომლებიც გამოიყოფა ხველის იმიტაციის დროს. ექსპერტები ასევე გვირჩევენ ცხვირის მავთულის მქონე ნიღბებს და ყურის მარყუჟების მიბმას იქ, სადაც ისინი ნიღბის კიდეს ემაგრებიან, რათა ის მჭიდროდ მოერგოს სახეს. ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი ეფექტიანი ვარიანტია სპეციალური შემკავებლის ან ნეილონის ნაჭრის გამოყენება ნიღაბზე ზემოდან დამაგრებით.