"ყოველთვის მაკლია და მინდა დღესაც ჩემს ცხოვრებაში იყოს" - რას ჰყვება ბაბუაზე ოთარ რამიშვილის შვილიშვილი - კვირის პალიტრა

"ყოველთვის მაკლია და მინდა დღესაც ჩემს ცხოვრებაში იყოს" - რას ჰყვება ბაბუაზე ოთარ რამიშვილის შვილიშვილი

"პირველად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში რომ წავედი, მართლა გამიჭირდა"

ჩელოსთან პირველი შეხება 7 წლის ასაკში ჰქონდა და მას შემდეგ ხანგრძლივი სწავლა, ხშირი რეპეტიციები, ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა და კონცერტები მისი ცხოვრების ჩვეული რიტმია. 23 წლის ჩელისტი ლიზი რამიშვილი თითქმის ერთი წელია თბილისშია და კორონავირუსის პანდემიის გამო მადრიდში დისტანციურად უწევს სწავლის გაგრძელება. თუმცა, ეს პერიოდი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გატარების გარდა, საკმაოდ აქტიურად გამოიყენა პროფესიული თვალსაზრისითაც.

- ლიზი, გაიხსენე პირველი განცდები და შეხება ჩელოსთან...

- მახსოვს, როგორ ისხდნენ მშობლები შინ და მსჯელობდნენ, თუ რომელ ინსტრუმენტზე უნდა დამეკრა. მე ფორტეპიანო ან ვიოლინოზე დაკვრა მინდოდა. დედა მევიოლინეა და ვფიქრობდი, ბევრ რამეში დამეხმარებოდა, ბოლოს ყველა ერთხმად შეთანხმდა ჩელოზე. ვერ ვიტყვი, რომ ამას ვაპროტესტებდი, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მეზარებოდა მეცადინეობა. თან ჩელო იმხელა ინსტრუმენტია, ვფიქრობდი, ეს როგორ უნდა ვატარო-მეთქი, მაგრამ მერე შევეჩვიე. დღეს ჩელო ჩემი განუყრელი მეგობარია.

- როგორ განვითარდა შენი პროფესიული გზა? გერმანიაში სწავლობდი, როგორც მახსოვს...

- გერმანიაში კრონბერგის აკადემიაში ვსწავლობდი, რის შემდეგაც ცოტა ხანს თბილისში დავბრუნდი, დავამთავრე სკოლა, ნიჭიერთა ათწლედი და ამის შემდეგ შვეიცარიაში, ჟენევის კონსერვატორიაში სასწავლებლად გავემგზავრე. წელიწად-ნახევრის შემდეგ მადრიდში მიმიწვიეს, სადაც დღესაც ვსწავლობ დედოფალ სოფიას სახელობის მუსიკალურ უნივერსიტეტში. კორონავირუსის გავრცელების გამო, მადრიდში უნივერსიტეტში სწავლა შარშან მარტში შეწყდა. იმ დროს გადავწყვიტე თბილისში წამოსვლა და საზღვრების ჩაკეტვამდე გამოვასწარი. შემოვრჩი და შემოვრჩი, აქ ყოფნა "გამიტკბა", მაგრამ სავარაუდოდ გაზაფხულზე მადრიდში ისევ წავალ. ამჯერად ყველაფერს ონლაინ გავდივართ და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მადრიდში ვიქნები თუ თბილისში. სწავლა წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არის საგნები, რომელიც ონლაინ ვერ ბარდება და ადგილზე ყოფნას მოითხოვს. ამიტომ შეიძლება კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი მომიწიოს სწავლამ, ჯერ გაურკვეველია.

- საკმაოდ ადრეულ ასაკში მოგიწია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებამ. რა მოგიტანა იმ პერიოდმა?

- ბავშვობიდან, 12 წლიდან ბევრს მოგზაურობდი. თვეში ოთხჯერ მაინც მქონდა გასვლა და უმეტესად მარტო დავფრინავდი. ამას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ პირველად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში რომ წავედი, მართლა გამიჭირდა. დამოუკიდებლად მიწევდა საბუთებზე ზრუნვა, საჭმლის კეთება, დალაგება და ამას იმდენად მიუჩვეველი ვიყავი, ცოტა არ იყოს დეპრესიამაც შემომიტია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს გადავლახე და ამ გამოცდილებამ ჩემი თავი უკეთ გამაცნო. მხოლოდ საკუთარ თავზე გავხდი დამოკიდებული, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, სამომავლოდ აღარ გამიჭირდება.

- ჩელო საკმაოდ მძიმე ინსტრუმენტი მგონია, დაახლოებით რამდენ კილოს იწონის?

- დიახ, მძიმეა. ჩასადებთან ერთად, 12 კილომდე იწონის. მას ცალკე ბილეთი სჭირდება და ჩემ გვერდით, ფანჯარასთან ყოველთვის თავისი ადგილი აქვს განკუთვნილი. ზოგჯერ ჩელოსთვის საჭმელიც მოაქვთ (იღიმის). ასე რომ, მარტო არ მიწევს ფრენა.

- მარტო არასდროს მგზავრობ...

- ჰო და თან, ახლა ძაღლიც დაგვემატა - მინი ტოი ტერიერი "დივა". მას ჩანთაში ჩავსვამ და ახლა უკვე სამნი დავსეირნობთ წინ და უკან.

- თბილისში შენი ამჟამინდელი ყოფნა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა: გამოჩნდი გადაცემებში "აკუსტიკა", "მელორამა", "დღის კოდი" და ა.შ. და ასევე სხვადასხვა პროექტში მიიღე მონაწილეობა...

- დიახ, ნაყოფიერი იყო არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ასე ვთქვათ, ადამიანური თვალსაზრისითაც, რადგან მონატრებული ვიყავი აქაურობას. ამ ხნის განმავლობაში, კლასიკის გარდა, თავი ვცადე ესტრადაშიც, რაც ძალიან საინტერესოა. ამავდროულად, მე, სოფო ბათილაშვილმა და პაპუნა შარიქაძემ, მარინა ბერიძის დახმარებით, ტრიო გავაკეთეთ. ვერთობით, თან ნაყოფიერად ვმუშაობთ ინოლა გურგულიასა და ბაბუაჩემის სიმღერებზე.

- უნდა აღვნიშნოთ, რომ ოთარ რამიშვილის შვილიშვილი ხარ. საზოგადოება იცნობს მის შემოქმედებას, მაგრამ საინტერესოა მისი გარდაცვალების შემდეგ, ხომ არ აღმოგიჩენიათ რამე ახალი სიმღერები, თუნდაც ფურცელზე ჩანაწერების სახით, რომელსაც როგორც წესი, ბებიაშენი გულნაზი ინახავდა...

- დიახ, ბაბუას ბევრი სიმღერა დაკარგულია, მაგრამ ბებია რომ არა, ალბათ უფრო მეტი დაიკარგებოდა. მას შემდეგ, რაც დაქორწინდნენ, ის ყველაფერს აგროვებდა. ოთარს სამი შვილი ჰყავდა, სამივემ კარგად იცის ბაბუას 500-მდე სიმღერა და 1000-მდე ლექსი. განსაკუთრებით მამაჩემს აქვს ყველაფერი კარგად შენახული, როგორც აუდიოჩანაწერები, ისე ლექსები, თავისი აკორდებით. მეც სწორედ ასე აღმოვაჩინე ბევრი სიმღერა, მათ შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი. კარგია, რომ მისი დღემდე გაუჟღერებელი სიმღერები ნელ-ნელა გაჟღერდება. ვფიქრობ, ბაბუას სიმღერებს შორის, ისინი ერთ-ერთი საუკეთესოა და ხალხს მოეწონება.

- თქვენი ტრიო გააჟღერებს ამ სიმღერებს, თუ რა გეგმები გაქვს?

- შეიძლება მარტომ შევასრულო და ტრიომაც, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ, უმეტესად ამ სიმღერებს ტრიოს მეშვეობით გაიცნობს საზოგადოება და თან იქნება ახალი ვერსიებიც.

- ლიზი, პირველად ინტერვიუ რომ ჩავწერე შენთან, 17 წლის იყავი და მაშინ საუბრის ბოლოს ასეთი ფრაზა თქვი: "მინდა ვიყო არა ცნობილი, არამედ პროფესიონალი მუსიკოსი". დღეს თავს როგორ აფასებ? საშემსრულებლო დონის თვალსაზრისით, იმ ეტაპზე ხარ, რომელზეც გსურდა ყოფნა?

- რა თქმა უნდა, ბავშვობიდან დღემდე განვვითარდი, თუმცა გაცილებით მეტი მინდა. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და დიდი გზაა გასავლელი იქამდე, როგორიც მინდა ვიყო. მუსიკას და ზოგადად კლასიკურ მუსიკას არ აქვს საზღვრები. ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ მეტი შევძლო და აღმოჩენები გავაკეთო როგორც საკუთარ თავში, ისე მუსიკალური თვალსაზრისითაც.

- ბაბუას რეაქცია თუ გახსოვს, როცა შენმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ჩელოზე დაკვრა შეგესწავლა?

- ძალიან გაუხარდა. მას ექვსი შვილიშვილი ჰყვავდა და მათ შორის მუსიკას მხოლოდ მე გავყევი. გადამეკიდა, ჩელოზე რომ დადიხარ, გიტარაზე დაკვრაც ისწავლეო. დავიწყეთ კიდეც მეცადინეობა. იმ პერიოდში განსაკუთრებულად დავმეგობრდით მე და ბაბუა, ძალიან კარგად მახსენდება ის დრო.

- 14 წლის იყავი, როცა ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა და მგონი, შვილიშვილებს შორის, ყველაზე უკეთ გახსოვს... - დიახ, მუსიკალური ურთიერთობაც რომ მოვასწარით, ესეც ძალიან მიხარია. ყოველთვის მაკლია ბაბუა და მინდა დღესაც ჩემს ცხოვრებაში იყოს. ვიცი მასში კიდევ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენდი და ვისწავლიდი.

- ბაბუაშენის სიცოცხლეშივე და შემდეგაც მის სიმღერებს სხვადასხვა შემსრულებელი ასრულებდა, როგორ ფიქრობ, ახალი ვერსიები მოეწონებოდა?

- ზოგადად, ოთარი ძალიან ბავშვური იყო და ახარებდა, როცა მისი სიმღერებით სხვები ინტერესდებოდნენ. ის ყველას აძლევდა უფლებას, რომ ისე ემღერათ, როგორც თავად გრძნობდნენ, ხედავდნენ და აღიქვამდნენ. ამ კუთხით არავის ზღუდავდა და არ იყო პრეტენზიული. ისინიც შესაბამისი პატივისცემით იქცეოდნენ.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს, როცა ყველასთვის ცნობილი სიმღერების ახალ-ახალი ვერსიები სრულდება, ეს იმის გამოა, რომ ახალი და ღირებული ვერაფერი იწერება. ამ თემაზე შენ რას ფიქრობ? - დღეს ბევრი სიმღერა იწერება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. თუ უწინ ბაფთაშებმული გიტარით სამ და ხუთ ხმაში სრულდებოდა სიმღერები და მსმენელისთვის მისი მიწოდებაც და აღქმაც გაცილებით მარტივი იყო, ახლა შეიცვალა ჟანრებიც. "შემოვიდა" ელექტრონული მუსიკა, როკი და ა.შ. ნელ-ნელა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის საზოგადოებისთვის გაცნობა, რომელიც რთულად ხვდება ყველაფერ ახალს, თუნდაც ძველი სიმღერების ახალ ვერსიებს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს სჭირდებათ პრაქტიკა, გამოცდილება, რაც დროს მოაქვს. ისე ვერ მოხდება, რომ ერთი სიმღერით ყველა აღფრთოვანდეს. ასეთი რამ იშვიათია. ამიტომ ვფიქრობ, კარგი ახალი სიმღერები იწერება, უბრალოდ, ჯერ არ ჩანს ან ბევრი მსმენელი არ ჰყავს, დრო უკეთ გამოაჩენს.

- შენი საქმე ბევრ შრომას ითხოვს. მუსიკის გარდა, სხვა რამისთვის თუ გრჩება დრო? - რა თქმა უნდა, მუსიკა ძალიან მიყვარს, დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ დროის ისე გადანაწილება მიყვარს, რომ სხვა ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაცებიც ვაკეთო. მაგალითად, ესაა წიგნების კითხვა, ასევეა უცხო ენების დაუფლება-განვითარება. გერმანიაში გერმანულად ვსწავლობდი, შვეიცარიაში - ფრანგულად, ახლა ესპანურად, ვიცი რუსულიც და ინგლისურიც - ეს ენები რომ არ დამავიწყეს, სისტემატურად უნდა ვიმეორო და ვიმეცადინო. ასევე მიყვარს კულინარია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნელი ვარ და შეიძლება კარტოფილი ორი საათი ვწვა, მაინც ვცდილობ სხვადასხვა კერძი მოვამზადო. მიყვარს სეირნობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, სპორტი და ამ ყველაფრისთვის, როგორც გითხარით, ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო.

- ცნობილია, ბებია კარგი კულინარი გყავს და მისი რეცეპტებით ხომ არ ცდილობ იხელმძღვანელო? - არა, არ მენდობა (იღიმის). ერთხელ ჩვენთან იყო, გადავწყვიტე თავი გამომეჩინა და მჭადი გამომეცხო. ცხელი ზეთდასხმული ტაფა იმდენ ხანს ვატრიალე, სანამ ზედ არ გადავივლე და ხელები არ დავიფუფქე. მას შემდეგ გაზქურას საერთოდ აღარ მაკარებს. რჩევებს და თავის რვეულებში ჩაწერილ რეცეპტებს, ჩემს ბიძაშვილს უზიარებს, რომელიც ჩემზე გამოცდილი და სწრაფია (იღიმის).

ანა კალანდაძე ჟურნალი "გზა"