"აპლიას "სულგაყიდული პისტოლეტიანი ხულიგანი" შეარქვეს, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გარანტირებული სტაბილური დაფინანსების გამო ითხოვს"
"აპლიას "სულგაყიდული პისტოლეტიანი ხულიგანი" შეარქვეს, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გარანტირებული სტაბილური დაფინანსების გამო ითხოვს"
აპლია აფხაზეთის ეკლესიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს(!)

აფხაზეთის ეკლესიის ე.წ. წინამძღოლი ბესარიონ აპლია, რომელიც მართლმადიდებელი აფხაზეთის ეკლესიის პრორუსულ განშტოებას განეკუთვნება, რუსეთის პატრიარქს "აფხაზური ეკლესიისთვის სტატუსის განსაზღვრას სთხოვს", რაც სინამდვილეში რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ნიშნავს. სტატუსის განსაზღვრამდე ტაძრებში ღვთისმსახურება შეწყვეტილია, თუმცა მრევლისთვის ღიაა.

ბესარიონ აპლიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ აფხაზეთის ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები რუსეთის პატრიარქ კირილის დახმარებით უნდა მოგვარდეს, ამისთვის კი სტატუსის განსაზღვრაა საჭირო. აპლიას ინიციატივაზე რუსეთის საპატრიარქოსგან პასუხი ჯერჯერობით არ
მიუღიათ. "იმედია, მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის საკითხს გადაწყვეტს, ლაპარაკია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსზე. ჩვენ ვეღარ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, სინამდვილეში არც არასდროს ვყოფილვართ. მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში იძულებით, კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე შეიყვანა და ეს საკითხი ახლა
უნდა მოგვარდეს. მე ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც აქ ვმსახურობდი, ამიტომაც ჩვენს საკათედრო ტაძარს კანონიკური უფლება აქვს" - ამბობს აპლია.

აპლიას იმედი აქვს, რომ აფხაზეთში მოღვაწე რუსი მღვდელმსახურები შეაწევენ სიტყვას პატრიარქ კირილთან.

აფხაზეთის ეკლესიაში 2011 წლიდან განხეთქილებაა - დაპირისპირებული ჯგუფი "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლო", რომლის სათავეშიც დოროთეი დბარი დგას, "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლ ბესარიონ აპლიას უპირისპირდება. დბარი მომხრეებთან ერთად მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს, აპლია კი პატრიარქ კირილის ერთგულია და რუსეთთან თანამშრომლობა სურს. მას აფხაზეთის "ხელისუფლებაც" უჭერს მხარს, მოსახლეობის უმეტესობა კი არ სცემს პატივს და არც ენდობა. აპლიას "სულგაყიდული პისტოლეტიანი ხულიგანი" შეარქვეს, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გარანტირებული სტაბილური დაფინანსების გამო ითხოვს.

თავის მხრივ, ბესარიონ აპლია და მისი გუნდი ირწმუნებიან, რომ რუსული ეკლესიის წიაღში ბევრად უსაფრთხოდ იქნებიან. ამავე აზრზეა ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობაც, რასაც აფხაზები იძულებითი მორჩილებით ხსნიან. არადა, წლების წინ, როდესაც აფხაზეთს ხელმძღვანელობის სათავეში რაულ ხაჯიმბა იდგა, ის დოროთეი­ დბარს უჭერდა მხარს, მაგრამ შემდეგ მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტისას იქაურ სასულიერო პირებს შეხვდა, იქიდან დაბრუნებულმა აპლიას შეასხა ხოტბა და მას შემდეგ თავის გუნდთან ერთად აპლიას მღვდელმსახურებას ესწრებოდა. თუმცა წლების განმავლობაში ძლიერდებოდა დბარის პოზიციები.

აფხაზების თქმით, მისი სურვილი, რომ აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა მიიღოს, ბევრად ღირსეულია. აფხაზების ვარაუდით, აპლიასა და პატრიარქ კირილს შორის გარიგება შედგა.­ ერთი ვერსიით, რუსეთი ეკონომიკური საცეცების გარდა, სხვა მეთოდებითაც უტევს­ რეგიონს, თორემ "სულიერი საზრდოს გარეშე დარჩენილი აფხაზეთის ეკლესია" 30 წლის შემდეგ უსაფუძვლოდ არ გაახსენდებოდათ.

"ის, რომ რუსეთის საპატრიარქოსგან პასუხი არ მოსულა, ნიშნავს, რომ ვაჭრობა დაიწყო. რაც ვერ ათქმევინეს პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს გააკეთებინეს. მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს, მოსახლეობას ახსოვს აპლიას წარსული, თუ როგორ დარბოდა იარაღით, შემდეგ კი საუკეთესო საფარი, ანაფორა იპოვა და კრემლის მხარდაჭერით აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლობაც მიიღო", - წერენ აფხაზები.

კიდევ ერთი ვერსიით, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კარგა ხანია თვალი დაადგა ახალი ათონის მონასტერს, სადაც ბოლო წლებია არქიმანდრიტი დოროთეიაა დაბანაკებული. 2019 წელს იქ პრორუსული ძალები თითქმის ძალით შეიჭრნენ და მონასტრის ერთი ფრთა დაიკავეს.

დბარის მომხრეების პროტესტის მიუხედავად, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსის სხვადასხვა ფრთაში ორივე მხარე ატარებდა ღვთისმსახურებას. წირვისთვის სოხუმი-ბიჭვინთის ეპარქიის მრევლი სოხუმიდან ჩადიოდა. თუმცა ბესარიონ აპლიასთვის ეკლესიაში არსებული "ორხელისუფლებიანობა" მიუღებელი იყო, ღვთისმსახურების დამოუკიდებლად ჩატარება სურდა და ვითარების მოგვარებაში დახმარება მაშინაც რუსეთის პატრიარქს სთხოვა.

ამასთან, პრორუსული ეკლესიის წინამძღოლს აფხაზეთში არა აქვს ერთობლივი საქმიანობის უფლება იმ საეკლესიო პირთან, რომელსაც რუსული ეკლესია არ ცნობს. შესაბამისად, დბარი დაბლოკეს, მაგრამ დროებით. მოსახლეობის უკმაყოფილება იმდენად გამწვავდა, რომ "სახელისუფლებო" წრეებამდეც მიაღწია - ახალ ათონში მიტროპოლ დბარის მხარდასაჭერად პრეზიდენტის ორი უახლოესი თანამებრძოლი, "პარლამენტის დეპუტატები" ასლან კობახია, ახრა ბჟანია, პრეზიდენტის თანაშემწე დამეი კვიწინია და მიგრაციის სამსახურის უფროსი ალექსეი აჯინდალი ჩავიდნენ.

აპლია მიხვდა, თამაშში მარტო რჩებოდა და "გამოსავალი" იპოვა - თავად სთხოვა რუსეთის პატრიარქს დოროთეი დბარისთვის ღვთისმსახურებაზე აკრძალვა მოეხსნა. ამ ნაბიჯს მაშინ აფხაზებმა "მასკარადი" უწოდეს.

ახლა კი, როგორც ჩანს, შესაფერისი დრო იპოვა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თემა ისევ წამოსწია, რაც სხვა ვერსიებთან ერთად, შიდასაეკლესიო განხეთქილების გამწვავებასაც მოასწავებს - აპლიას, გარდა იმისა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ სტაბილური დაფინანსება ექნება, ბოლოს და ბოლოს, დბარს ჩამოიშორებს.

აპლიას ინიციატივამ მოსახლეობის ნაწილის უნდობლობა უფრო გაამძაფრა. მათ არ სჯერათ, რომ აპლია "აფხაზეთის ეკლესიის" გადარჩენის სურვილით იწვის, ფიქრობენ, რომ ეს "ხელისუფლების" მორიგი თავგამოდებაა რუსეთისთვის ერთგულების დასამტკიცებლად.

"30 წელია ამ რეალობაში ცხოვრობს ადგილობრივი ეკლესია და ახლა გახდა მიუღებელი? ამ პატარა აფხაზეთში ათი წელია ეკლესიას ორი წინამძღვარი ჰყავს, ამას იტანდა რუსეთი და ახლა რა მოხდა ასეთი, რა საფრთხე გვემუქრება, თუ მათ წიაღში ვერ ვიქნებით, ვერ გადავრჩებით?! ჩანს, მარწუხების სხვა მხრივ მოჭერის დრო დადგა", - წერს გიორგი ანქვაბი.

"სწორად იქცევა აპლია, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაესვას წერტილი ყველაფერს. სხვა თუ არაფერი, ნგრევის პირას მისულ ეკლესია-მონასტრებს მაინც ეშველება. მართალია, გადაარუსულებენ, როგორც ილორს, მაგრამ ხომ არ დაინგრევა. ჩვენ ვერ ვპატრონობთ და სხვამ მაინც მიხედოს. ახლა გამოჩნდება მსოფლიო საპატრიარქო როგორ მოიქცევა - რუსეთის პირისპირ დაგვტოვებს თუ საქართველოსი. შესაბამისად, ჩვენც გვეცოდინება, ვისი იმედი გვქონდეს, დამოუკიდებელი ავტოკეფალიის თუ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის. ის მაინც გვეცოდინება, საით მივდივართ", - მიაჩნია ვერიკო კიუტს.

"30 წელია ვერ გაერკვიეთ, რა გინდათ... რუსეთის გარეშე ვერ გადავრჩებოდითო, ამბობთ, მაგრამ მასთან არ გინდათ. თავადაც იცით, რომ მარტო ვერ ვიქნებით. რატომ გიკვირთ, რომ ამას აპლია თქვენზე ადრე მიხვდა?" - ეპასუხება თანამოქალაქეებს ლუბოვ შამრაი.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია...

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ოფიციალურ თბილისს ამ ტერიტორიის საეკლესიო კონტროლის შესაძლებლობა აღარ აქვს.

2009 წელს ბესარიონ აპლიას ინიციატივით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აფხაზეთის ეკლესია განუდგა და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია" ჩამოაყალიბა. 2011 წელს რამდენიმე სასულიერო პირი დოროთეი დბართან ერთად აპლიას ეკლესიას გამოეყო, "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია შექმნეს" და კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართეს მფარველობისთვის. მოსკოვის საპატრიარქო ფორმალურად არც ერთ ამ ჯგუფს არ აღიარებს. აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას" დაახლოებით 15 მღვდელი ჰყავს რეგიონის 12-მდე ეკლესიაში. რაც შეეხება "წმინდა მიტროპოლიას", ის ექვს ეკლესიას აკონტროლებს, მათ შორის დასავლეთ აფხაზეთში მდებარე მე-19 საუკუნის ახალი ათონის მონასტერსაც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები