"სოციალურად ობოლი ბავშვის" ფსიქოლოგია
"სოციალურად ობოლი ბავშვის" ფსიქოლოგია
"როდესაც დედები საკუთარი ნებით იქცევიან ბანკომატებად, შვილები წყვეტენ მათთან ემოციურ კავშირს"

არეული ქვეყანა, დაპირისპირებული საზოგადოება, ახალგაზრდობის აგრესიული ნაწილი - ვითარება, როცა უკეთეს მომავალზე ვეღარც ოცნებობ! ცოტა ხნის წინ საზოგადოება ვანდალურმა ფაქტებმა აღაშფოთა - ტელევიზიით ვნახეთ, როგორ ანადგურებენ ახალგაზრდები მიწისქვეშა გადასასვლელებსა თუ პარკებს.

ამ აგრესიის მიზეზებზე სასაუბროდ ფსიქოლოგ ნინო ბუაძეს­ დავუკავშირდით.

- ქალბატონო ნინო, ახალგაზრდობის­ აგრესიულობის თემა ახალი არ არის. უცნაურია,­ რომ ხშირად ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ბავშვები მოზარდობისას დაუნდობელ ვანდალებად
იქცევიან. რა არის ამის მიზეზი, აგრესიული გარემო თუ აღზრდის ნაკლოვანებები?­

- ერთიც და მეორეც. ზოგჯერ ბავშვი მართლაც სხვის ქცევას იმეორებს და ეს შეიძლება საშიში არც იყოს. ასეთი ქცევა­ დაკავშირებულია მიკუთვნებულობის მოთხოვნილებასთან, როცა გინდა, სხვისი მსგავსი იყო, თუმცა ხშირად საქმე გვაქვს აღზრდის პრობლემებთან, როცა ბავშვობისას შეკავებული
ენერგია და ემოციები ცნობიერებაში ილექება, მომავალში კი ეს შეიძლება აგრესიულ ქმედებად იქცეს. დავიწყოთ ყველაფრის აკრძალვით. როდესაც ბავშვს გამუდმებით ვეუბნებით, რომ რაღაც არ შეიძლება, ან ვაშინებთ გამოგონილი გმირებით, ამით მის შეჩერებას ვცდილობთ და ხშირად მიზანსაც ვაღწევთ, მაგრამ რამდენ ხანს? სად მიდის ამ დროს შეკავებული მისი ემოცია? არსად, ის მასში რჩება, ქცევაც მხოლოდ დროებით ჩერდება, სანაცვლოდ კი ბავშვს უყალიბდება შიშიც, აგრესიაც და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნებიც. ამას ემატება ბავშვების მორგება ჩვენს წარმოუდგენლად დამღლელ რიტმზე, მათი იძულება, რომ იარონ უამრავ წრეზე, არგუმენტად კი ის მოგვყავს, რომ "ბავშვი არ იღლება". არადა, ზოგჯერ ბავშვს არც სურვილი აქვს იმის სწავლის, რასაც ვაიძულებთ, არც უნარი და დაღლითაც ისე იღლება, რომ ვერც კი გამოხატავს, მოსწონს თუ არა, რასაც ვაიძულებთ.

- ბავშვებისთვის ყველაზე რთული, ალბათ,­ მაინც გაღიზიანებული მშობლების ყურებაა...
- ბავშვებისთვის ყველაზე რთული მშობელთან ემოციური კავშირის გაწყვეტა, ურთიერთობის არქონაა. ეს ბავშვს სასჯელად ექცევა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მშობელი ფიზიკურად არ ჰყავს გვერდით, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობელი გვერდით არის, მაგრამ მის ემოციებს, მის დარდს, მის სიხარულს, მის სევდას არ იზიარებს, ან იზიარებს მხოლოდ ნაწილობრივ, ასე ვთქვათ, ცალი ყურით უსმენს. ჩვენში დიდი ხანია არსებობს ტერმინი "სოციალურად ობოლი ბავშვი". ეს არის ის ბავშვი, რომელსაც მშობლები ჰყავს, მაგრამ ისინი მის გვერდით არ არიან, მაგალითად, ერთ-ერთი - ძირითადად, დედა - ემიგრაციაშია. მე მესმის, რომ ემიგრანტებმა თავიანთი ოჯახებისთვის მსხვერპლის გაღების ფასად ქვეყნის წინაშეც უდიდესი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მეორე მხრივ მივიღეთ სხვა მძიმე შედეგი. წარმოიდგინეთ იმ ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც დედა ჰყავს და თან არც ჰყავს. წარმოიდგინეთ, რას განიცდის იგი, რა ტრიალებს მის გულში.

ერთხელ სოციალურ ქსელში წავაწყდი დედა-შვილის დიალოგს - 18 წლის შვილი ექვსი წლის უნახავ ემიგრანტ დედას ისე ემოციურად უხდიდა მადლობას, რომ ცრემლის გარეშე ვერ წაიკითხავდი. იფიქრებდი, ამ ახალგაზრდას მართლაც აქვს გააზრებული ის მსხვერპლი, რომელიც დედამ მისთვის გაიღოო, მაგრამ როგორ მთავრდებოდა დიალოგი? დედის მოულოდნელი პასუხით: "პირდაპირ მითხარი, რამდენი გინდა". ანუ შვილის ტექსტი დედისთვის მხოლოდ ბანკომატის პინ-კოდი იყო, რომელსაც შვილი მას არგებდა.

როდესაც დედები საკუთარი ნებით იქცევიან ბანკომატებად, შვილები წყვეტენ მათთან ემოციურ კავშირს.

- და შედეგად საზოგადოება იღებს დაგროვილ ემოციებს, რომელთაც მოჰყვა აგრესია ან ავტოაგრესია - სუიციდი, წამალდამოკიდებულება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა.
- ერთია, როდესაც ერთ ოჯახში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული - ისინი ერთმანეთს ავსებენ კიდეც. მაგრამ მეორეა, როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ჩამოკიდებული არიან. ამას ორივე მხარის რეგრესი მოჰყვება, რადგან ასეთ ვითარებაში ვერც ერთი ვეღარ ვითარდება.

- მაგრამ კომუნიკაციების დეფიციტი ჩნდება მაშინაც, როდესაც მშობლები შვილების გვერდით არიან...
- ფიზიკურად შვილის გვერდით ყოფნა და მასთან გამუდმებით მომთხოვნი ტონით ურთიერთობა - "ჩაიცვი", "ჭამე", "დაალაგე", "არ უყურო",""გამორთე", "დაიძინე", "რა ისწავლე", "რა მიიღე" და ა.შ. სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა ჯანსაღია. ჩვენი გარემო ორი ტიპის მშობელს აყალიბებს. პირველი, რომელიც მუშაობს, მაგრამ ცხოვრების ისეთი სწრაფი ტემპი აქვს, ისეთი დაღლილი და გამოფიტულია, რომ შინ მოსულს შვილთან ურთიერთობისთვის, მისი ემოციების გასაზიარებლად აღარც ენერგია ჰყოფნის, აღარც სურვილი აქვს. მეორე ტიპის მშობელი არ მუშაობს, სახლშია, მაგრამ თავს არარეალიზებულად მიიჩნევს და მუდმივად გაღიზიანებულია. ამ დროს ბავშვს ისღა დარჩენია, ეკრანს მიეჯაჭვოს. დღეს ბავშვი ურთიერთობას სწორედ ტელევიზორთან და ტელეფონთან სწავლობს, ეკრანდამოკიდებულება კი აგრესიის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ეს ყველაფერი იწვევს მეტყველების დარღვევას, რაც ლამის უკვე მასობრივია. ბავშვის მეტყველების განვითარების ვადამ უკვე სამ წლამდე გადაიწია. ეკრანთან გატარებული დროის გამო ამ ასაკში ისინი უკვე ინგლისურად ან რუსულად იწყებენ ლაპარაკს.

როგორც ფსიქოლოგს, თვის განმავლობაში 150 ბავშვთან მაინც მაქვს ურთიერთობა და შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი თავისუფალ დროს აუცილებლად მიდის ეკრანთან, სადაც იმას უყურებს, რაც სურს. და რა სურს? ის, რასაც მისი თანატოლები უყურებენ. ბავშვების ურთიერთობაც, ძირითადად, შემოიფარგლება იმაზე საუბრით, თუ რომელ თამაშს ან ფილმს უყურებენ, რომელ თამაშში რომელ ეტაპზე დამარცხდნენ თუ გაიმარჯვეს. ეს ხდება ყველგან და ანაცვლებს იმ მაცოცხლებელ ურთიერთობას, რომელიც მშობლებს შვილებთან უნდა ჰქონდეთ.

მახსენდება დედა-შვილის საუბარი, რომელსაც შემთხვევით შევესწარი - დაახლოებით 5 წლის გოგონა დედას უყვებოდა თანატოლზე, რომელმაც საბავშვო ბაღში დაარტყა და სათამაშო წაართვა, დედამ კი უპასუხა: ,,რამდენჯერ გითხარი, შენი პრობლემები დატოვე ბაღში!"

- სისასტიკეა.
- თუმცა ამის ახსნა შეიძლება... ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პრეტენზია გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დასაქმებაზე, რაც ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ დროს ქვეყანაში შეზღუდულია ტიპური განვითარების ადამიანთა უფლებები და შესაძლებლობები. ისინი ვერ ავლენენ თავს ან იმედგაცრუებული არიან. ამის შედეგია ფრუსტრაცია, ეს კი იქცევა აგრესიად, რომელიც ხშირად სწორედ ბავშვებთან იფრქვევა.

- ანუ ბულინგი, უპირველესად, ოჯახშია...
- დიახ, ოჯახშიც. ჩვენ აქამდე ვამბობდით, რომ ბულინგის კერა სკოლაა და იქ გამოვლენილი ქცევა იწვევს ბავშვთა თუ მოზარდთა აგრესიას, მაგრამ ბავშვები, რომელთაც თითქმის წელიწადია სკოლაში არ უვლიათ, ახლაც არანაკლები აგრესიულებით გამოირჩევიან. შესაძლოა, ეს მავანმა სოციალური ფაქტორების გავლენითაც ახსნას, მაგრამ...

5-6 წლის ბავშვების მაგალითზე გეტყვით - როდესაც მათ პლასტილინს და ფორმებს აძლევ გამოსაძერწად, პატარა პლასტილინის საჭრელ დანას ითხოვს, რათა დაარტყას და ასე დაჭრას. და ურტყამს გამეტებით და აგრესიული გამომეტყველებით! როდესაც ეუბნები: "ნახე, როგორ გიჯერებს, ასე რატომ ურტყამ?" ის გპასუხობს: ,,მეც ესე მირტყამს დედა..."ასე იქცევიან კომპიუტერული თამაშების დროსაც, როდესაც რომელიმე პერსონაჟის "მოკვლას" თავგამოდებით ცდილობენ.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, თვალი ვადევნოთ, რით იკვებებიან ჩვენი შვილები არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად, არამედ ემოციურადაც. დავაკვირდეთ, როგორ მთავრდება მათი თამაში, როგორ აგებენ ამ თამაშებს. როდესაც თამაშის პერსონაჟი კვდება, ამბობს თუ არა ბავშვი: "მოკვდი!" იქნებ მათ აღქმაში სუიციდიც ასე შემოდის - "წავაგე, ესე იგი, უნდა მოვკვდე!" თითქოს პრობლემა სიკვდილმა უნდა გადაჭრას.

ბავშვებმა, რომლებიც ამ თამაშებს თავიანთი დროის 80%-ს უთმობენ, შეიძლება სიკვდილით პრობლემის მოგვარების მოდელი რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანონ. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. სუიციდიც ყურადღების მიქცევის ცდაა. ის ნასაზრდოებია ბავშვის სურვილით, რომ მშობელმა ახლა მაინც მიაქციოს ყურადღება, ახლა მაინც გახდეს მისთვის საინტერესო. ხშირად ისინი წერილებშიც კი ასე წერენ:"ახლა ხომ მაინც გავხდები შენთვის მნიშვნელოვანი!.."

იმავე მოთხოვნილებით არის ნაკვები ბავშვების, ასე ვთქვათ, ,,ფსევდოდეპრესია", რომელიც დღეს აქტუალური გახდა და მშობლების ყურადღების მიქცევის სქემადაც გამოიყენება.

- ასეთი საფუძველი აქვს, ალბათ, ვანდალიზმსაც. რატომ უნდა ანადგურებდეს მოზარდი საზოგადოებრივ ადგილებს?
- აგრესია მხოლოდ მტვრევასთან არ არის დაკავშირებული, ეს შემოქმედებითი საქმიანობისთვისაც არის დამახასიათებელი. არასრულფასოვნების განცდა ყველა ასაკში გვაქვს. ყველას გვინდა აღიარებაც, მიკუთვნებულობაც. ეს ჩვენი მოთხოვნილებებია და როდესაც ინდივიდი საკუთარ მიკუთვნებულობას ან როლს ვერ გრძნობს, ის თავის "უვარგისობას" იჯერებს და ამ როლს თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში ასრულებს. ამით გვეუბნება, თუ აქამდე ვერ დამინახეთ, ახლა გიჩვენებთ, რაც შემიძლიაო. ვანდალიზმი სწორედ ამის დემონსტრირებაა. ინდივიდის ქცევას აქვს მოტივები, რომლებიც განაპირობებს მისი ქცევის ინტენსივობასა და ხარისხს.

- თუმცა უკვე ისეთი ძალადობაა ირგვლივ, ისე ებრძვის ყველა ერთმანეთს, გგონია, რომ მალე ყველაფერი იფეთქებს და რაღაც საშინელებაში, მაგალითად, სამოქალაქო ომში გადაიზრდება...
- რეალობა ის არის, რომ არა მ­ხოლოდ­ ბავშვები, ყველა პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი ვართ როგორც მიკროსამყაროში,­ ასევე - სოციუმში, საგანგაშო კი მსხვერპლის ფსიქოლოგიაა - იგი იშვიათად რეაგირებს აგრესიაზე­. ჩვენი ძალისხმევა ახლა იქით უნდა მივმართოთ, რომ გავაცნობიე­როთ ჩვენი მსხვერპლად ყოფნა და შეცვალოთ ქცევა. გაცნობიერება იწყება ანალიზით, აზროვნებით, განვითარებით და ჯანსაღი ღირებულებების შეცნობით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები