"მოჰყავთ დანით დაჭრილი და ცხელი წყლით დამდუღრული ცხოველები! ძალიან ბევრი ქუჩაში ტოვებს თავის ძაღლს!" - კვირის პალიტრა

"მოჰყავთ დანით დაჭრილი და ცხელი წყლით დამდუღრული ცხოველები! ძალიან ბევრი ქუჩაში ტოვებს თავის ძაღლს!"

"მოჰყავთ დანით დაჭრილი და ცხელი წყლით დამდუღრული ცხოველებიც!"

"რაც უფრო ახლოს ვიცნობ ადამიანებს, მით უფრო ვაფასებ ჩემს ძაღლს", - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი. შეიძლება ეს სიტყვები გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილიც ფიქრობს, რომ ყველა არ არის ღირსი ოჯახში ცხოველი ჰყავდეს:

- ძალიან ბევრი ქუჩაში ტოვებს თავის ძაღლს, რომელიც მერე კვდება, ან მანქანა ეჯახება, ან იძულებული ხდება "ჯუნგლის კანონს" დაემორჩილოს, რომელიც ქუჩაშია. გული მტკივა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანები ცხოვრობენ - ადამიანები, რომლებმაც არც ერთგულება იციან და არც სიყვარული. დღე არ გავა, ჩვენს თავშესაფარში დასახიჩრებული ძაღლი არ მოიყვანონ, რომელსაც ან თვალი აქვს დაზიანებული, ან ფეხი მოტეხილი, ან სულაც დაჭრილია. ან პოლიციას მოჰყავს, ან კეთილ ადამიანებს. მოჰყავთ ნაცემი, დანით დაჭრილი და ცხელი წყლით დამდუღრული ცხოველებიც! ქუჩის ძაღლი ხშირად მანქანის ან ბოროტი ადამიანის მსხვერპლი ხდება.

- ადამიანიც ხშირად ხდება მათი თავდასხმის ობიექტი. - უმეტესობამ ძაღლთან ურთიერთობა არ იცის: შეიძლება ქვა ესროლოს ან გააღიზიანოს, ამ დროს შეშინებულ ადამიანს ძაღლმა შეიძლება უკბინოს.

თუ ქუჩაში აგრესიული ძაღლი მოგდევთ და გიყეფთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თქვენზე ვერ ან არ ზრუნავს, რატომ? - აგრესიული ძაღლები უნდა წაიყვანონ და დააძინონ, ანუ ევთანაზია გაუკეთონ.

ეს პრობლემა ძველთაძველია. ცხოველთა დამცველებმა 10-12 წლის წინ დავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტდა, მაგრამ დეპუტატებს რა ხანია თაროზე აქვთ შემოდებული. ამ კანონპროექტით ვთავაზობთ ისეთი წესების შემოღებას, როგორიც ევროპის ქვეყნებშია: იქ არც მოქალაქე რჩება დაზარალებული და არც ცხოველი. იმას, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება, ინდოეთში ან აფრიკის ქვეყნებშიც ვერ ნახავთ.

- ამას როგორ მიაღწიეს? - პატრონს ძაღლის ქუჩაში დატოვების უფლება არა აქვს და თუ დატოვებს, უზარმაზარი ჯარიმა დაეკისრება: 5 ათასი ევრო და ზემოთ. როგორ იგებენ, ვის ეკუთვნის ცხოველი? - ჩიპის დახმარებით, რომელიც ყველა ძაღლს აქვს. ჩიპზე პატრონის ვინაობა და სხვა ინფორმაციაა დატანილი.

აბა, ევროპაში გააგდოს პატრონმა ქუჩაში ძაღლი? თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ციხეში გაუშვებენ. ისრაელის მთავრობის წევრმა თავისი ძაღლი რომ მოკლა, 3 საათში დააპატიმრეს და მკაცრად დასაჯეს.

ჩვენთან ბიუჯეტიდან ყოველ წელს ირიცხება რამდენიმე მილიონი ლარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციისთვის, მაგრამ ამ ფულს ვიღაც-ვიღაცები ჯიბეში იდებენ. თბილისში, მაგალითად, ყოველწლიურად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ, ბათუმში, ქუთაისში, სიღნაღსა და სხვა ქალაქებში - უფრო ნაკლებს. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურზე აუგს ვერ ვიტყვი, იქ წესიერი ხალხი მუშაობს, მაგრამ სხვა ქალაქებში რა ხდება, არავინ იცის. ვიდრე ეს კანონი ძალაში არ შევა, ქუჩის ძაღლები ყოველთვის მოუვლელები იქნებიან. ცხოველი ადამიანებისგან აგრესიულ და დაუნდობელ ქცევას რომ გამოცდის, მერე აგრესიას სხვებთან ავლენს. ზოგი მათ ქვას ესვრის, ზოგი ჯოხს, ზოგი კისტის თოფს...

ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა ძაღლი ჩვენი თავშესაფრიდან გაპარულა და პატრონთან დაბრუნებულა. ერთმა ორჯერ ჩააკითხა თავის პატრონს თელეთში და იმ უგულომ ორჯერვე უკან მომიყვანა.

- ხშირია შემთხვევა, როცა ცხოველებს ბავშვები აწამებენ, როგორ უნდა მოიქცეს ასეთი ბავშვის მშობელი?

- თუ ოჯახში ასეთი ბავშვი იზრდება, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, დედ-მამამ ფსიქოლოგთან უნდა მიიყვანონ, რადგან, ჩემი აზრით, ის ძალიან საშიში იქნება საზოგადოებისთვის.

საიდან არის ეს აგრესია მოზარდებში? - დღე არ გავა, ვიღაც არ მოკლან ან არ დაჭრან, ტელევიზორს ჩართავ და - აქეთ ოპოზიცია ბობოქრობს, იქით პოზიცია, არის ერთი გაწევ-გამოწევა, პოლიციასთან ჩხუბი და კამათი... როგორ გინდა ამის შემყურე ბავშვი ნორმალური ფსიქიკის გაიზარდოს? მერე ვისაც მოერევა, იმაზე ანთხევს თავის უარყოფით ემოციებს - უმწეო, საწყალ ცხოველებზე.

- როგორ ცხოველებს იღებთ თქვენს თავშესაფარში? - მხოლოდ ისეთ ძაღლებს ვიღებთ, რომლებსაც პატრონი მოუკვდა და აღარავინ ჰყავს, ან ციხეში გაუშვეს, ან ავად გახდა და თავსაც ვეღარ უვლის. ზოგჯერ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც მომმართავენ, ჩვენს ცხოველს უპატრონეო. ქუჩის ძაღლს, რომელსაც მანქანა დაეჯახება ან ავადაა, ვმკურნალობთ და ისევ ქუჩაში ვაბრუნებთ.

- ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლები რომელ ცნობილ ადამიანებს ჰყავთ? - უმეტესად "მოდურ" ძაღლებს ყიდულობენ. რამდენიმე წლის წინ ლაბრადორისა და როტვეილერის ხანა იყო, შემდეგ მოდაში ჰასკი შემოვიდა, მერე აკიტას ჯიშის ძაღლები, ახლა კი პატარა ძაღლებზე გადავიდნენ, რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს. ასეთი ძაღლებია, მაგალითად, ჩიხუახუა ან ტერიერი. იცით, უბედურება რა არის? - რამდენიმე თვის განმავლობაში ჰყავთ ეს ძაღლები და მერე ქუჩაში აგდებენ.

ისეთი ცნობილი ხალხის ძაღლები მყავს ქუჩიდან წამოყვანილი, რომ გავიგე, გავოცდი. ზოგჯერ, მოჰყავთ და რომ ვერ შევიფარებ, ქუჩაში ტოვებენ ან მძღოლს გამოატანენ და მერე თავშესაფართან ახლოს, ღობეზე მიბმულს ტოვებენ. მეც იძულებული ვხდები, საბრალო ძაღლი შევიფარო და ახალი პატრონი მოვუძებნო. ვინ იცის, რამდენი ასეთი ძაღლი გამიჩუქებია. არ მესმის, როგორ იმეტებს ადამიანი თავის ოთხფეხა მეგობარს ქუჩაში გასაგდებად.

ხათუნა ჩიგოგიძე