გვჭირდება თუ არა პიროგრანიტის კრამიტი - კვირის პალიტრა

გვჭირდება თუ არა პიროგრანიტის კრამიტი

ბუდაპეშტის სახურავები XIX საუკუნის ბოლოდან გამოირჩევა ევროპის ყველა ქალაქის სახურავებისგან. ეს ჟოლნაის ულამაზესი დეკორატიული კრამიტის დამსახურებაა. თითქმის ორი საუკუნეა, ეს კრამიტი წვეთ წყალსაც არ უშვებს, რაც, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა ქართველებისთვის - ჩვენთვის ასე ძვირფასი გელათისა და მისი სახურავის პერიპეტიების გამო.

"ჟოლნაის ფაიფურის მანუფაქტურა" მიკლოშ ჟოლნაიმ უნგრეთის ქალაქ პეჩში 1853 წელს დააფუძნა. 1863 წლიდან მას ვაჟი, ვილმოშ ჟოლნაიც შეუერთდა და 10 წელიწადში ჟოლნაების პროდუქციამ ვენის 1873 წლის მსოფლიო გამოფენაზე გრან-პრი მიიღო, ასევე გაიმარჯვა პარიზშიც, 1878 წელს. განსაკუთრებული პოპულარობა ჟოლნაის ფაბრიკამ 1886 წელს მოიპოვა, როცა გამორჩეული თვისებების მქონე დეკორატიული კერამიკული მასალის - ე.წ. პიროგრანიტის წარმოება დაიწყო. მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შემდეგ პიროგრანიტი განსაკუთრებული ყინვაგამძლეობითა და მჟავების მოქმედებისადმი მაღალი წინააღმდეგობის უნარით გამოირჩევა. ამან უნგრელ არქიტექტორებს საშუალება მისცა ჟოლნაის კერამიკა გამოეყენებინათ კრამიტად, რომელიც, პრაქტიკულად, სამუდამო გამოდგა!

შემდგომი ეტაპი დადგა 1893 წელს, როცა ნივთიერება ეოზინის საიდუმლო ტექნოლოგიის გამოყენებით ჟოლნაიმ განსაკუთრებული დეკორატიული კერამიკული პროდუქციის გამოშვება დაიწყო. მისი განმასხვავებელი ნიშანი ის გახლავთ, რომ ჟოლნაის კრამიტს ეოზინის ჭიქური ლითონისებურ ბზინვარებასა და უცხო ფერადოვნებას ანიჭებს, მისი ძირითადი ფერები - მომწვანო, მოწითალო, მოლურჯო და მოიისფრო კი ხედვის კუთხის მიხედვით იცვლება. ამის შემდეგ ბუდაპეშტსა და მთელ უნგრეთში მოდერნის სტილის მრავალი ულამაზესი შენობა აიგო, ხოლო წარმოება თანდათან იმდენად გაიზარდა, რომ 1914 წელს ჟოლნაის მანუფაქტურა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის უდიდესი საწარმო გახდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჟოლნაის საწარმოები ოკუპაციის ზონაში მოჰყვა. ისინი დაიბომბა მეორე მსოფლიო ომის დროსაც, ხოლო 1948 წელს საბჭოთა უნგრეთში ნაციონალიზაციას დაექვემდებარა. საწარმო სრულად მხოლოდ 1982 წლიდან აღდგა.

ბუდაპეშტში ჟოლნაის კრამიტით არის გადახურული მატიაშისა და კებანიას ეკლესიები, უნგრეთის პარლამენტი, გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, გეოლოგიური ინსტიტუტი, ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტი, ცენტრალური ბაზარი, გელერტის აბანოები... და მიუხედავად იმისა, ბუდაპეშტი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, სადაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროიდან ძალიან ბევრი სასახლე და შესანიშნავი შენობა დგას, ჟოლნაის წარმტაცი დეკორატიული სახურავები ბუდაპეშტის მცხოვრებთა დიდი სიამაყის საგანია. რასაკვირველია, ჟოლნაის ფაიფურის მანუფაქტურის სხვა ნაკეთობები კონკურენციას ვერ უწევს ევროპული კერამიკა-ფაიფურის განთქმულ უძველეს ცენტრებს, რომელთაგან ზოგი XVI საუკუნიდან მუშაობს, სამაგიეროდ, ჟოლნაის კრამიტი მართლაც ექსკლუზიურია გამძლეობითა და ეფექტურობით, რაც ბუდაპეშტს ევროპის ქალაქებს შორისაც კი განუმეორებლობას ანიჭებს.

რამაზ გურგენიძე