"ვის სჯერა "ნაციონალების" ტყუილების? რატომ ვართ მუდმივად დაყოფილები ამისტებად და იმისტებად - რატომ ვართ ამ დღეში?" - კვირის პალიტრა

"ვის სჯერა "ნაციონალების" ტყუილების? რატომ ვართ მუდმივად დაყოფილები ამისტებად და იმისტებად - რატომ ვართ ამ დღეში?"

"ყველას ხომ არ შეუძლია ამდენის გაძლება, დედაჩემს წნევა უწევს ხოლმე, მათ რომ უსმენს"

სოციალურ ქსელში აქტიურობა რუსთაველის თეატრის მსახიობს, ნიკა ქაცარიძეს არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში ეხმარება. ხშირად აკრიტიკებს პოლიტიკოსებს და სხვადასხვა ტელეარხის ჟურნალისტებსაც. თავისი პოზიციის დაფიქსირებას საჯაროდ არასდროს ერიდება და ამბობს, რომ წესით, ნორმალურ ქვეყანაში მსახიობს პოლიტიკაში არაფერი უნდა ესაქმებოდეს, მაგრამ უსამართლობის შეგრძნებას ამ ფორმით გამოხატავს.

- ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულების თანახმად, 15 მარტიდან თეატრები მუშაობას განაახლებენ, რამაც ალბათ ძალიან გაგახარათ.

- გულწრფელად გეტყვით, რომ უსაშველო ტრაგედია არ ყოფილა ეს ერთწლიანი პაუზა მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო შემოსავლისა და საყვარელი საქმის გარეშე ცხოვრება. რა თქმა უნდა, მენატრებოდა თეატრი, მაყურებელი, ცხოვრების ჩვეული რიტმი, მაგრამ ნებისმიერი ხელოვანის, მით უფრო რეჟისორების ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში რაკი თეატრზეა საუბარი, საჭიროა ასეთი ტაიმ-აუტები - უნდა გქონდეს დრო ფიქრისთვის, გონებას დასვენება სჭირდება ახალი იდეებისთვის. თანაც რობიკო სტურუა არ გვაძლევდა მოდუნების საშუალებას, მაქსიმალურად ცდილობდა, მსახიობები ფორმაში ვყოფილიყავით, გვქონდა რეპეტიციებიც, რაც თამაშის წყურვილს გვიკლავდა.

მე პირადად, ეს პროცესი უფრო მენატრებოდა - სცენა და თამაში… ახლა უკვე, ყოველდღიურ რეჟიმში დავიწყეთ რეპეტიციები, ვმუშაობთ ახალ სპექტაკლზე "ერთხელ… მხოლოდ". იმედი მაქვს, ამდენხნიანი დასვენების შემდეგ ეს იქნება ნაყოფიერი და წარმატებული დაბრუნება.

- მსახიობები, მომღერლები განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავდნენ და საყვედურობდნენ ხელისუფლებას, რომ საერთოდ დაივიწყეს ისინი, რომ არავის აინტერესებდა, ამ ერთი წლის განმავლობაში როგორ გაჰქონდათ თავი. პროტესტი თქვენ არ გქონდათ? - კარგი, რა, მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას - თეატრი რომ არ არსებობდა, ამით ქვეყანა არ დაქცეულა, რესტორნები რომ დაკეტილი იყო, არც ამით… მომღერლებს მოენატრათ სიმღერა? ოჯახში, რამდენიმე მეგობართან ერთად მიუსხდნენ სუფრას და მათთვის იმღერონ, ისინი დაატკბონ და ჟინი ამით მოიკლან. ასეთ სიტუაციაში, როდესაც აქცენტი სხვა რამეზე, უფრო მნიშვნელოვანზეა, სიცოცხლეს ვგულისხმობ, სხვა გზა არ არის. რაც შეეხება შემოსავალს, რომელიც ბევრმა დავკარგეთ და ასე თუ ისე, ერთნაირ დღეში აღმოვჩნდით, ჩემთვის ეს თვეები მაინც არ იყო გაუსაძლისი - პირველად მქონდა დრო, თითოეული წუთი დამეთმო მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის, შვილებისთვის და ნამდვილად ბედნიერი ვიყავი მათთან ყოფნით. ისინი არ მაძლევდნენ მოწყენისა და დარდის საშუალებას.

ყველაზე დიდი უბედურება, რაც გვჭირს, მგონი, სიზარმაცეცაა ზიზღთან და მტრობასთან ერთად. რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, როდესაც გიყვარს შრომა და შენი საქმე, ერთ ადგილას არ "გაიყინები". როდესაც ნიჭიერი ხარ კაცი, რა გაგაჩერებს? წარმოუდგენელია ეს, შენი ნიჭი არ მოგცემს დასვენების საშუალებას, არ მოგასვენებს არც ერთი წამით. რობიკო სტურუა, 83 წლის კაცი, ყოველდღე მოდის თეატრში და ატარებს რეპეტიციებს, მუდმივად ახლის ძიებაშია, ყოველთვის უნდა, რაღაც აკეთოს, ჩემთვის მართლა საოცარია ამ კაცის შემართება.…

- ნიკა, ფეისბუკ გვერდზე ხშირად დებთ პოსტებს, რომლითაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურებით. უმეტასად ცდილობთ, იუმორით შეხედოთ ამ ყველაფერს. საინტერესოა, ბოლოდროინდელ ამბებზე რა აზრის ხართ? - ყველაფერს სერიოზულად რომ შეხედო, არ ივარგებს, გაგიჟდები კაცი. ზოგჯერ ვხუმრობ და ვცდილობ, სხვაც გავაცინო, დავავიწყო ყოველდღიური მძიმე ემოციები, თორემ თუ "დაიგრუზები", მერე სხვასაც გადასდებ ამ განწყობას.

წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაში გვიწევს ყოფნა - ცალკე პანდემია და რეგულაციები, ცალკე ეს 2 პარტია მუდმივად კინკლაობის რეჟიმშია, ქუჩიდან ისმის ყვირილისა და ჩხუბის ხმა, ტელევიზორს ჩართავ და იქაც მუდმივად მათ უყურებ და უსმენ, თან ათასგვარ სიყალბესა და ტყუილს - ყველას ხომ არ შეუძლია ამდენის გაძლება, დედაჩემს, მაგალითად, წნევა უწევს ხოლმე, მათ რომ უსმენს.

ვიღას სჯერა "ნაციონალების" სიკეთისა და ტყუილების? ბევრს აღარავის, ამიტომაც არის, ეს წლები როგორ არ ცდილობენ, ხალხი როგორმე ქუჩაში გამოიყვანონ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ახლა ამის საბაბად მელიას დაპატიმრებას იყენებენ, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდება. ისინი არიან ქვეყნის მტრები, რომლებიც თავიანთი მიზნებისთვის და ხელისუფლებაში კვლავ დასაბრუნებლად ყველაფერს იკადრებენ, როცა როგორც უნდათ, დღეში რამდენჯერმე შეიცვლიან პოზიციას და აზრს, ოღონდ თავისას მიაღწიონ.

ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე კოლეგები, მეგობრები ჩვენს ქვეყანაზე, თუ რა არის საშველი, რატომ ვართ მუდმივად დაყოფილები ამისტებად და იმისტებად და საერთოდ, რატომ ვართ ამ დღეში? - ყველაზე მეტად, რაც მტკივნეულია, ეს არის სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, ამაზე მეტს მტერი ვერაფერს დააკლებს ქართველებს, რასაც ჩვენ თვითონ ვავნებთ.

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)