"ედიშერი რომანტიკული იყო და ალბათ, ჩემშიც ის მოსწონდა, რომ არ მინდოდა, ჩქარა გავთხოვილიყავი, წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?!" - კვირის პალიტრა

"ედიშერი რომანტიკული იყო და ალბათ, ჩემშიც ის მოსწონდა, რომ არ მინდოდა, ჩქარა გავთხოვილიყავი, წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?!"

"ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე რომ მოდიოდა, დედამისს უთქვამს, ცირას ჩვენს მაგივრად აკოცეო და ედიშერს უპასუხია, - ჯერ ჩემ მაგივრად არ მიკოცნია და თქვენ მაგივრად როგორ ვაკოცოო?"

მათი ურთიერთობის ამბავს ახლობლები ლეგენდას უწოდებდნენ. გაცნობიდან 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ხვდებოდნენ, თურმე, ერთმანეთს, სეირნობდნენ, კინოში დადიოდნენ, საუბრობდნენ და დამშვიდობებაც უჩვეულო ჰქონდათ - მამაკაცი ქალს მისთვის დაწერილ მორიგ წერილს გადასცემდა ხოლმე... 4 წელი იარეს შეყვარებულებმა და ერთმანეთი არასდროს მობეზრებიათ. რა საოცარი, მრავალმხრივი, საინტერესო უნდა ყოფილიყო მამაკაცი, რომ მის საუბარს, მასთან ამგვარ, ფაქტობრივად, პლატონურ ურთიერთობას ქალისთვის მისდამი ინტერესი არ დაეკარგა. - მასში მამაკაცს კი არ ვხედავდი და მაინცდამაინც ფიზიკურად ერთად ყოფნაზე კი არ ვფიქრობდი, მე მისი გონება და ინტელექტი მომწონდა. თავად სუსტი ვიყავი და ადვილად ვიღლებოდი, მასთან განშორების შემდეგ, შინ რომ ვბრუნდებოდი, ჯერ მის წერილს ვკითხულობდი და მერე მშვიდად ვიძინებდი ხოლმე. დედა სულ ამბობდა, ასეთი შეყვარებული ჯერ არ მინახავს, მკვდარივით სძინავსო.

დღეს ქალი 91 წლის არის, მამაკაცი კი სამარადისოდ 48 წლის დარჩა.

ძალიან მოკრძალებული კაცი კი ყოფილა, ბევრი ლაპარაკი არ ჰყვარებია და თუ მაინც იტყოდა, მის ნათქვამს წყალი არასდროს გაუვიდოდა. იცით, როგორი კაცი ყოფილა? - თურმე, არც თავის მწუხარებას მოგახვევდა თავს და არც სიხარულს.

ქალი ისტორიკოსი იყო - ცირა შოთაძე, მამაკაცი კი - მწერალი და ჟურნალისტი ედიშერ ყიფიანი. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა წავიდა ამ წუთისოფლიდან. მწერალ არჩილ სულაკაურს უთქვამს, - მაინც რა უცნაური ძალა ჰქონდა ედიშერს, სულ რაღაც რამდენიმე წუთის განმავლობაში შეეძლო თავისი სიკეთის ყლორტი გადაენერგა უცხო ადამიანის სულში. ამქვეყნიდან წასული კაციც კი მუდამ მაკეთილშობილებდა, კვლავ ჩემი სულის აღზრდაზე ფიქრობდაო.

საოცრად ლამაზ და სათნო ქალბატონს, ცირა შოთაძეს წლების წინ რამდენჯერმე შევხვდი, გამომცემლობა "პალიტრა L" ბატონი ედიშერის წიგნს გამოსცემდა. ახლა, წლების შემდეგ, ძალიან მომინდა მასთან გასაუბრება, ბატონი ედიშერის და მათი სიყვარულის გახსენება და ტელეფონით მოვიკითხე, ყოჩაღად ხომ ხართ-მეთქი? - ეეჰ, ძალიან ძნელია ამ ასაკში ყოჩაღად ყოფნაო, - მომიგო, თუმცა მაინც მხნედ დაიწყო…წარსულის, სიყვარულის და ძველი ურთიერთობების გახსენება:

- იმ თაობის ბიჭები, სარგის ცაიშვილი, არჩილ სულაკაური, ოთარ და თამაზ ჭილაძეები... რომელი ერთი დავასახელო - ყველანი გამორჩეულად კარგები იყვნენ... მათი შეკრებები ისეთი საინტერესო იყო, მართლაც გონებამახვილობის ზეიმი ჰქონდათ. როცა რაღაც გაუგებრობა ხდებოდა, ედიშერი ყოველთვის ცდილობდა, ყველა შეერიგებინა, ყველა კარგად ყოფილიყო ერთმანეთთან... არჩილ სულაკაური, გურამ გომართელი, ნოდარ დუმბაძე და ედიშერ ყიფიანი

გაინტერესებს, როგორ დაიწყო ჩვენი სიყვარული? უნივერსიტეტში ვაპირებდი ჩაბარებას და საბუთები რომ შევიტანე, ედიშერიც იქ იყო, მაშინ გავიცანი. თვითონ იმჟამინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰიდრავლიკის სპეციალობით სწავლობდა, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, შეიძლება სწავლა უკვე დამთავრებულიც ჰქონდა. იმ პერიოდში უკვე წერდა რაღაცებს და ბესოს წრის (უნივერსიტეტის ცნობილი ლიტერატურული წრე "93-ე აუდიტორია", რომელსაც იმხანად დოცენტი ბესო ჟღენტი ხელმძღვანელობდა - ი.ხ.) შეკრებებს ესწრებოდა ხოლმე. ასე დაუმეგობრდა მისი თაობის მწერლებს, მაგრამ მათზე ცოტათი უფროსი იყო. ჩემზე უფროსიც იყო, 6 წლით. 3 წლის განმავლობაში თქვენობით ველაპარაკებოდი. გაცნობის შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით. მე ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სტუდენტობისას არ მქონდა ისეთი პირობები, მაშინვე ცოლად რომ გავყოლოდი. რომ გავთხოვილიყავი, ვერ ვისწავლიდი, ბავშვის დამტოვებელიც არავინ მეყოლებოდა. თვითონ ედიშერსაც სიამოვნებდა, მგონი, ეს პროცესი - ჩვენი შეხვედრები, საუბრები... ედიკო ძალიან რომანტიკული იყო და, ალბათ, ჩემშიც ის მოსწონდა, რომ არ მინდოდა, ძალიან ჩქარა გავთხოვილიყავი. ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვხვდებოდით. წლების მერე მითხრა, რატომ მაწვალე ამდენ ხანსო?! ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეზე რომ მოდიოდა, დედამისს უთქვამს, ცირას ჩვენს მაგივრად აკოცეო და ედიშერს უპასუხია, - ჯერ ჩემ მაგივრად არ მიკოცნია და თქვენ მაგივრად როგორ ვაკოცოო? (იცინის)

- მსმენია, რომ ბატონ ედიშერს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ასე იყო?

- დიახ, არ უყვარდა. საერთოდაც, ძალიან მორცხვი იყო და რაღაცებზე წითლდებოდა ხოლმე. ნასვამს უფრო ემატებოდა ხოლმე გაბედულება. ედიშერს ძალიან დაბალი ხმა ჰქონდა. მისგან განსხვავებით, მაგალითად, ნოდარ დუმბაძე როხროხა იყო, მისი ლაპარაკი ყველას ესმოდა. ეჰ... ნოდარი ძალიან მომხიბვლელი იყო... ედიშერიც კარგი ბიჭი იყო, თან, ხომ გითხარით - რომანტიკული. მაგალითად, ძეფირელის ფილმს - "რომეო და ჯულიეტას" რომ ვუყურეთ, რომეოს მეგობრის - მერკუციოს სიკვდილის ეპიზოდის ნახვისას ცრემლებით იტირა. გულჩვილი იყო. მახსოვს, 1960 წლის წყალდიდობისას თბილისის ზოოპარკი ისე დაიტბორა, ყველა ცხოველი დაიღუპა. ედიშერი მიდიოდა და მეც წამიყვანა ზოოპარკში, არავის უშვებდნენ და მისი ჟურნალისტის საშვით შევედით. არ მავიწყდება, იქვე დაგდებული საწყალი პანტერა რომ დავინახეთ, დამხრჩვალი, მაშინაც იტირა. ძალიან ფაქიზი სულიერი სამყარო ჰქონდა. მის "ცაში ასროლილ ქუდებშიც" ჩანს ედიშერის სული, ისეთი ამაღლებული და სუფთა ნაწარმოებია... ცირა შოთაძე

- 4 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად ხვდებოდით, ამდენს დადიოდით, ნუთუ სასაუბრო თემებიც ასე ამოუწურავი გქონდათ?

- ედიშერს ყველა თემაზე შეეძლო ელაპარაკა, ყველაფერი იცოდა, არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ - მსოფლიოს მასშტაბით. რაზეც ხელი მიუწვდებოდა, ყველა ჟურნალს კითხულობდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო და ყველაფერზე მელაპარაკებოდა. ალბათ, მეც მაინტერესებდა ის თემები და ყურადღებით ვუსმენდი, რადგან ფაქტია, არ მომბეზრებია. სხვათა შორის, ედიშერის გარდაცვალების შემდეგ, სამყაროში რაღაც მოვლენები რომ ხდებოდა, მე ვიცოდი, რადგან იმ თემებზე ედიშერს უკვე მოყოლილი ჰქონდა.

- ასეთმა მორცხვმა და სიტყვაძუნწმა ადამიანმა, ამდენი სიარულის შემდეგ, სიყვარული აგიხსნათ?

- გარდა იმ დღეებისა, როცა მე გამოცდები მქონდა და ვმეცადინეობდი, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით, თან სულ წერილებს მწერდა. ამ წერილებთან ერთად, მე და ედიკოს გვქონდა წერილების კიდევ ერთი სერია - ვირტუალურად ვმოგზაურობდით უცხოეთში. კონკრეტულ წერილში ვწერდი, რომ, ვთქვათ, ვიყავი იტალიაში, რომ ავცდით ერთმანეთს, ვერ შევხვდით და ა.შ. ის მწერდა, თვითონ სად იყო, რა გადახდა თავს, რატომ ვერ შემხვდა... "ვმოგზაურობდით" იმ ადგილებში და "ვნახულობდით" იმას, რაც წიგნებიდან ვიცოდით.

- ფაქტობრივად, წერდით რომანს, რომლის პერსონაჟებიც თავად იყავით?

- სხვათა შორის, იმ წერილებში ედიშერს რაღაცები მონიშნული აქვს, თავის ნაწარმოებებში იყენებდა. ამიტომ არ ვიწყენდით ერთად ყოფნით... ალბათ, ერთმანეთისთვის საინტერესოები ვიყავით. ედიშერ ყიფიანი და გალაკტიონ ტაბიძე

- ბოლოსდაბოლოს როგორ გადადგით მომდევნო ნაბიჯი - ქორწინების?

- 1953 წლის ზამთარი იყო, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, გამოცდები ზაფხულში უნდა მქონოდა. ერთ დღეს დავურეკე ედიშერს და ვუთხარი, დღეს ჩვენთან დარჩი-მეთქი - მას პატარა ბინა ჰქონდა, სხვენში ცხოვრობდნენ, ძნელაძის ქუჩაზე, ჩვენთან კი მხოლოდ მე და დედა ვიყავით, ჩემი ძმები თბილისში არ იმყოფებოდნენ, ასე რომ, უფრო მოხერხდებოდა ცხოვრება. დედაც გავაფრთხილე, ედიკო დარჩება-მეთქი, ის მეგობართან წავიდა და მოკლედ, იმ დღიდან დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ე.ი. 1953 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, 1953 წელს გავთხოვდი და 1953 წელს მეყოლა ბიჭი - ლევანი, რომელიც ახლა ინგლისში ცხოვრობს და შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, ისეთი შვილები, რომ... გული მტკივა, ედიშერი რამდენ რამეს ვერ მოესწრო. ლევანის 21 წლის ვაჟმა შოტლანდიაში მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა ლონდონში დაბრუნდა, სხვათა შორის, ძალიან კარგი მთარგმნელიცაა - შესანიშნავად თარგმნა ინგლისურად გალაკტიონის "მე და ღამე", ახლა კი ვაჟა-ფშაველას თარგმნა დაიწყო, 20 წლის გოგონა კი ლონდონის კონსერვატორიის მეორე კურსზე სწავლობს. მთავარი ის არის, რომ ქართული იციან. თვალების გამო კითხვა მიჭირს და ბიჭი რომ მირეკავს, ქართული ლიტერატურიდან კონკრეტული წიგნების წაკითხვას ვთხოვ ხოლმე და იქიდან მიკითხავს. ჩემს ქალიშვილს, ბაოს 3 შვილი ჰყავს - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, რომელიც ახლა ფეხმძიმედ არის... ედიშერი ამდენ ბედნიერებასა და სიხარულს რომ ვერ მოესწრო, სწორედ ეს მენანება.

ბოლო პერიოდში იგი ძალიან გადაღლილი იყო - ბევრს კითხულობდა, ცოტა ეძინა და კიდევ... ერთ ადამიანთან მოუვიდა უსიამოვნება და ძალიან განიცადა. ამ თემაზე ერთხელ ველაპარაკე და მერე აღარც ვახსენებდი, რომ არ ენერვიულა, არადა, სამსახურში, თურმე, მეგობრებთან ერთად ყოველდღე არჩევდნენ ამ ამბავს. ამას კიდევ სხვა ფაქტორებიც დაემთხვა, როგორც ჩანს, გული აწუხებდა, მაგრამ მე არაფერი ვიცოდი. მთელი დღე სამსახურში ვიყავი და საოჯახო საქმეებში ჩემს დამხმარე ქალს შეუნიშნავს, ხშირად ვალერიანის წვეთებს რომ სვამდა. გაგრაში ისვენებდა მეგობრებთან ერთად და იქაურ ექიმს ყველა გაუსინჯავს, ედიშერისთვის უკითხავს, გული არ გაწუხებთო? ანუ საფუძველი არსებობდა და ამას უკვე ის ნერვიულობა დაემთხვა, რამაც თავმოყვარეობა ძალიან შეულახა. მერე ტურისტულ მოგზაურობაში უნდა წასულიყო და ისიც ჩაიშალა. ცუდად აეწყო ყველაფერი. ერთმა ექიმმა მითხრა, კარგი ემოციებით რომ ავსებულიყო, ინფარქტი არ დაემართებოდაო. ედიშერ ყიფიანი პატარა ლევანთან ერთად სხვათა შორის, ედიშერს რაღაც წინათგრძნობაც ჰქონდა. ერთხელ მითხრა, იმდენი გავაკეთე ცხოვრებაში, მე რომ აღარ ვიქნები, თქვენ არაფერი გაგიჭირდებათო. რატომ თქვა ეს? ეტყობა, ცუდად გრძნობდა თავს. მახსოვს, იმ წელს, 1972-ის წინასაახალწლო დღეებში, წამოწოლილი იყო და მკითხა, ახალი წლისთვის რას იყიდიო? - არ ვიცი, ისეთი გრძნობა მაქვს, არაფერი კარგი აღარ მოხდება-მეთქი, - წარმოგიდგენიათ? ასე ვუპასუხე. ალბათ, მეც ცუდს მიგრძნობდა გული. ედიშერი 29 დეკემბერს ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. რომ ვიძინებდი, ღამის 3 საათზე მეღვიძებოდა და გამახსენდებოდა თუ არა, რა მოხდა, წამოვდგებოდი ხოლმე და მისი წერილების კითხვას ვიწყებდი... მერე დედა მყავდა ავად და მას ვუვლიდი, მერე ძმას ვუვლიდი და, ფაქტობრივად, ფიქრისთვის არ მეცალა. ეს კარგიც იყო, მაგრამ პირველი შვილიშვილი - ბაოს გიორგი რომ დაიბადა, ყველაფერი შეიცვალა. სხვათა შორის, გიორგი მხატვარია და ახლახან ორი წიგნი არაჩვეულებრივად გააფორმა, ბაოს მეორე ვაჟი - დათო ჯინჭარაძე არქიტექტორია, ხოლო გოგონა - ნინი ხელოვნებათმცოდნე და დიზაინერი... ცირა შოთაძე

ქალბატონ ცირას ძალიან ვთხოვე, ერთი-ორი წერილი მაინც ეჩვენებინა, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე. - ადრე შემომთავაზეს, წიგნად გამოვცეთ ეს წერილებიო, მაგრამ არ დავთანხმდი. იქ არაფერი წერია ისეთი, სხვა რომ დაინტერესდესო, - მიპასუხა... ლექსებზეც ჩავეკითხე და აღმოჩნდა, რამდენიმე ლექსი მისთვისაც მიუძღვნია, მაგალითად - "ფიფქის სიკვდილი". უცებ მეუღლის მისდამი მიძღვნილი ექსპრომტიც გაახსენდა: "ეტრფოდა შოთა ალბათ თამარსაც,/ უყვარდა შფოთვა მისი სულისა/ იქნებ მათ შორის მორცხვად ნაშობი/ იყო ამბორი სიყვარულისა./ გვაროვნებითაც შოთასძე რომ ხარ,/ იქნებ ძარღვებშიც, ცისფერ კამარით,/ მოგიჩქეფს სისხლი მეფე თამარის". მერე დააყოლა, - ედიშერმა მალევე შეწყვიტა ლექსების წერა და აღარც მიბრუნებია. მითხრა, გალაკტიონზე უკეთესი არავინ არის, ამიტომ არ არის საჭირო, ლექსები დავწეროო. რაც შეეხება პროზას, მას დიდი გეგმები ჰქონდა, მომავალი რომანის მონახაზიც კი გაამზადა, მაგრამ...

პ.ს. ფიფქის სიკვდილი

ღამეა. თოვლი ცვივა და ცვივა,/ ისიც სიკვდილის არის მორჩილი,/ ვხედავ: ქვაფენილს ერთად აცვივა/ თოვლის ფიფქი და ფიფქების ჩრდილი./ მე ეს სურათი ჩემს ბედს მაგონებს,/ ვიცი ასეთი მექნება ბოლო,/ ვმხიარულობ და სულ არ მაღონებს,/ ქვეყნად რომ ერთხელ შევხვდებით მხოლოდ./ ჰე, თოვლის ფიფქო, ვარ შენი ჩრდილი,/ შემხვდები ბოლოს და ვერ ამცდები,/ იქნებ ამიხდეს ნახვის წადილი,/ სანამ ქვაფენილს დავენარცხებით.

ედიშერ ყიფიანი

(სპეციალურად საიტისთვის)