იკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისათვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება - კვირის პალიტრა

იკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისათვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება

საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციისათვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება იკრძალება.

გარდა ამისა, ფართოვდება იმ საჯარო მოხელეთა წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

ყველა ეს ცვლილება "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტშია ასახული, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და პარლამენტს ინიცირებისათვის უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში საჯარო მოხელის ნაცვლად, მითითება საჯარო მოსამსახურეზე კეთდება. თავის მხრივ, საჯარო მოსამსახურე მოიცავს როგორც საჯარო მოხელეს, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. აღნიშნულ პირებს კი აეკრძალებათ, სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ასრულებენ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

პროექტით, სამუშაო საათებში ან უშუალოდ სამსახურებრივ უფლებამოსილების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს, აღმზრდელ-პედაგოგებს, მასწავლებლებს და აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულ სხვა პირებს.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებთ, დამატებით იკრძალება: საჯარო მოსამსახურეების, სსიპ-ის თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით.

"ინტერპრესნიუსი"