"ევროპაში ბევრი ისეთი მიდის, რომელმაც სოფელში თავისი მიწა-წყალი მიატოვა და ახლა ჰგონია, უცხო ქვეყანაში აშენდება და თავის ჭკუაზე იპარპაშებს" - კვირის პალიტრა

"ევროპაში ბევრი ისეთი მიდის, რომელმაც სოფელში თავისი მიწა-წყალი მიატოვა და ახლა ჰგონია, უცხო ქვეყანაში აშენდება და თავის ჭკუაზე იპარპაშებს"

15 თებერვალს ყველამ შეიტყო, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ცნობილი გახდა, რომ ეს იქნება სეზონური, 3-თვიანი სამუშაო სოფლის მეურნეობაში. რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და ერთ დღეში ამ პროგრამაში 35 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ერთ კვირაში კი, მათმა რიცხვმა 86 ათასს გადააჭარბა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რა რთულ მდგომარეობაშია ქართველი ხალხი! პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილები უცხოეთში წასვლით შეეცდებიან ოჯახების გადარჩენას... რამდენად გამართლებულია ეს გზა? - ამ შეკითხვაზე ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გვიპასუხებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ნატო გელაშვილი, მუსიკოსი:

"ყველამ ვიცით, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს, ამიტომ, სეზონურ სამუშაოზე თუ დასაქმდებიან და ნორმალური ანაზღაურება ექნებათ, ცუდი არ იქნება. კარგი იქნებოდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთანაც იყოს განვითარებული და ქართველებს ჩვენს მიწაზე ემუშავათ. რატომღაც, აქ მუშაობა ეთაკილებათ, ამას ისიც ემატება, რომ ჩვენთან ანაზღაურება დაბალია და აგრარული სექტორი შემოსავლიანი არ არის. ამიტომ მიდიან იქ, სადაც უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. ხალხი სიდუხჭირეშია..."

გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:

"ტყუილად შფოთავს ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ვინც წავა, ყველა იქ დარჩება: ამ ხალხს ხელშეკრულება ექნება დადებული, რომ უკან უნდა დაბრუნდეს. გერმანია მოწესრიგებული ქვეყანაა და ამ ხელშეკრულების დარღვევაზე ალბათ სოლიდური ჯარიმა იქნება - მე ასე ვფიქრობ. მიუხედავად ამისა, ამდენი ემიგრანტი მაინც ტრაგედიაა პატარა ერისთვის..."

მედეა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

"აბა, რა გითხრათ, როცა საქართველოში უცხოელები უფრო კარგად ცხოვრობენ და მრავლდებიან? ამ დღეებში ვკითხულობდი, ბათუმში თურქების ოჯახმა სუროგატ დედებს 9 შვილი გააჩენინა და კიდევ 105 შვილის გაჩენას აპირებენო... ჩვენ რაღა გვემართება? ევროპაში ბევრი ისეთი მიდის, რომელმაც სოფელში თავისი მიწა-წყალი მიატოვა და ახლა ჰგონია, უცხო ქვეყანაში თუ წავა, აშენდება და თავის ჭკუაზე იპარპაშებს. ის კი არ იცის, რა მძიმე საქმეების შესრულება მოუწევს. ჩემი ნაცნობი ვინც წავიდა, თავ-ბედს იწყევლის, რადგან ყველა კატორღელივით მუშაობს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე