"შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა ვარ, ვცდილობ, ჩემს სამ ბიჭს ნორმალური განათლება მივცე და კარგ ადამიანებად აღვზარდო" - კვირის პალიტრა

"შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა ვარ, ვცდილობ, ჩემს სამ ბიჭს ნორმალური განათლება მივცე და კარგ ადამიანებად აღვზარდო"

ჯაბა სამუშია ცნობილი ისტორიკოსი, პროფესორი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორია. როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება ისტორიის შესწავლასა და სწავლებას დაუთმო. "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიისა" და სხვა არაერთი პროექტის ავტორი, ჟურნალ "ისტორიანის" მთავარი რედაქტორი და სამი შვილის მამაა. ბატონი ჯაბა გვიამბობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა, წარსულზე დაკვირვება, ასევე, რას ფიქრობს სახელმძღვანელოებსა თუ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და გვიყვება, როგორია მამის ამპლუაში:

- აუცილებელია, მომავალმა თაობამ საკუთარი სამშობლოს ისტორია იცოდეს. ბუნებრივია, ვგულისხმობ, ნამდვილი ისტორიის, ისტორიული მემკვიდრეობისა

და კულტურული ფასეულობების ცოდნას. რეალურად, ეს ჩვენ გვაკავშირებს იმ სივრცესთან, რომელიც ქართულ სამყაროსთან ასოცირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც რომაელები იტყოდნენ, ისტორია ცხოვრების მასწავლებელია. აუცილებელია წარსულის ცოდნა - უპირველესად იმისთვის, რომ ვიამაყოთ ჩვენი წინაპრის მიერ მიღწეული წარმატებებით და განვავითაროთ ის. მეორეც, მომავალში აღარ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩაგვიდენია. მიმაჩნია, რომ იმის გაანალიზება, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ ეპოქებში ჩვენი ქვეყანა, იქნება გარანტი იმისა, რომ მომავალში ქართველებს გვქონდეს ამბიცია, შევქმნათ მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობები, რომლითაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ. ისტორია თაობათა ჯაჭვია. ერთი რგოლის ამოგდებაც კი ჯაჭვის გაწყვეტას ნიშნავს. სწორედ ეს უწყვეტობაა თაობათა ცვლა. ისტორიის თვალთახედვით ამ ჯაჭვის ერთი ნაწილია ჩვენი წინაპარი, შემდეგ ამ ერთიანობას ვაგრძელებთ ჩვენ და მომავალში ის უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა.

საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა მოზარდს აძლევს მყარ საფუძველსა და სიამაყის განცდას. ჩვენ მარტო ჩვენი სახელი და გვარები არ ვართ. ჩვენში განსხეულდება ჩვენი მშობლები, ჩვენი გვარ-ტომი. ისტორია მიკრო და მაკრო დონეზე რომ დავყოთ, მაკრო დონეზე ჩვენ ჩვენი ქვეყნის შვილები და ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი ვართ. მიკრო დონეზე ჩვენი ოჯახის ისტორიას ვეკუთვნით. ყველა ოჯახს ხომ თავისი პატარა ისტორია აქვს. ამიტომ, ქვეყნის წარსულის ცოდნა არის გარანტი იმისა, რომ მყარ საფუძველზე ვიდგეთ. ისტორიის სწორი სწავლება ძალიან ბევრ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ფორმირებას ემსახურება.

- რამდენად პასუხობს ამოცანას ისტორიის ის სახელმძღვანელოები, რაც სკოლებში გვაქვს? - სახელმძღვანელოთა ნაწილზე ძალიან კრიტიკული პოზიცია მაქვს. ამაზე პროფესიონალთა წრეში საუბარი და განხილვაა აუცილებელი. არ ვარ მომხრე, როდესაც დაწყებით დონეზე ბავშვებს მხოლოდ მხარეთმცოდნეობას ასწავლიან. პირდაპირ გეტყვით, ეს ქართველი ბავშვის ცნობიერების დამახინჯებაა. საქართველო არ არის მხოლოდ კუთხეები. საქართველო ერთიანი სხეულია, რომელიც კუთხეებად იყოფა. ჩვენს მომავალ თაობას ისე არ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რომ ქვეყანა მხოლოდ კუთხეების გაერთიანებაა. ეს დამღუპველია. ჩვენი სამშობლოს ისტორია ერთიანია, საერთო ფასეულობებით. ცალკეული სახელმძღვანელოებით კი პატარა მკითხველს ვეუბნებით, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ კუთხეებია. არსებობს ერთიანი ქართული ფასეულობები, რაც საერთოა კახელისთვისაც, მეგრელისთვისაც, ქართლელისთავის, იმერელისთვის, მესხისთვის, აფხაზისთვის და სხვა კუთხის წარმომადგენლისთვისაც. ეს უნდა წამოვწიოთ წინა პლანზე. ამის შემდეგ უნდა განვიხილოთ ცალკეული განსხვავებები ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხეების მიხედვით.

- რა ხარვეზებს ხედავთ ზოგადად სასკოლო განათლების მიმართულებით და ისტორიის სწავლებაში თუ შეცვლიდით რამეს ?

- ისეთი წამყვანი სახელმწიფოების, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, განათლების სისტემას თუ გადაავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ დღეს ისინიც კი სერიოზული გამოწვევების წინაშე არიან. იქაც არის საუბარი განათლების სისტემის რეფორმირებაზე, განახლებასა და ახალი ელემენტების შემოტანაზე. ზოგადად, ეს არის სისტემა, რომელიც მუდმივად ითხოვს განახლებას. განათლების სისტემა არ შეიძლება გაჩერდეს. ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ უნდა გადახალისდეს, დაწყებული სახელმძღვანელოებით, დამთავრებული მენეჯმენტით. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, განათლების სისტემა ესაა ერთის მხრივ - მასწავლებელი/პროფესორი, მეორეს მხრივ სახელმძღვანელო და მესამე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა - კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და სხვა. ეს სამი ელემენტი ქმნის მთავარ ბირთვს გამათლების სისტემისასა. პედაგოგი სულ ახლის ძიებაში უნდა იყოს, მას აუცილებლად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ახალ სამცნიერო მიღწევებთან, ამის პარალელურად უნდა ახლდებოდეს სახელმძღვანელოები და იხვეწებოდეს ტექნოლოგიური რესურსები. გააგრძელეთ კითხვა