"უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ" - კვირის პალიტრა

"უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვითარება გაუარესდება, იძულებული გავხდებით გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თუ ვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ აღნიშნული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები და რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ამის შესაბამისი კონტროლი შეიძლება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

"ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი - თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე,"- განაცხადა პრემიერმა.

თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრება 5 ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 ათას ლარს შეადგენს.

"თბილისისი მერის ინიციატივით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხი. მოგეხსენებათ, პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა, კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტურისტების ნაკადზე.

დღეს, მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის.

ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5ათასი ლარით, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათს ლარს. მთავრობა მზად არის მხარი დაუჭირს მერიის ამ ინიციატივას",- აცხადებს პრემიერი.