"ჩემთვის მიუღებელია, რუსულ ვაქცინაზე მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე ვაწარმოოთ, იტყვიან, მოხოხდნენ ქართველები და ისევ ჩვენგან წაიღეს ვაქცინაო" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მიუღებელია, რუსულ ვაქცინაზე მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე ვაწარმოოთ, იტყვიან, მოხოხდნენ ქართველები და ისევ ჩვენგან წაიღეს ვაქცინაო"

უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ვაქცინების ჩამოტანა იგვიანებს და რომ დანაპირები ჯერჯერობით არ სრულდება. ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებენ და საზოგადოების ერთი ნაწილი პასუხებს ითხოვს. სავარაუდოდ, მარტის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს ვაქცინაცია და ამისთვის რამდენად არის მზად ხელისუფლება, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი აკაკი ზოიძე, ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ უფრო აქტიურად დაიწყოს მოსახლეობის ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "კოვიდ-19"-ის ვაქცინაცია.

- ბატონო აკაკი, ქვეყანაში ვაქცინაციის ვადებმა გადაიწია, რის გამოც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. თქვენ რა შეფასებას მისცემთ ამას?

- კარგი იქნებოდა, ვაქცინა უფრო ადრე რომ ყოფილიყო, ვიდრე ახლა ამბობენ. ცნობილია, 2-3 კვირით დაიგვიანებს ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში და მარტის ბოლოსკენ დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია, მაგრამ ჩემთვის ამ დაგვიანებაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება მასობრივ ვაქცინაციას. 600 000- 700 000 ადამიანისთვის რაც არის დარეზერვებული კოვაქსის პლატფორმიდან, ეს გასაგებია, ადრე თუ გვიან შემოვა. გვაქვს უკვე ინფორმაცია, როდის ჩამოვა და მაქსიმუმ ორი კვირით გადაიწიოს, იქით-აქეთ, უკვე თანხაც გადარიცხულია. ლაპარაკია "ასტრაზენეკაზე" და "ფაიზერის" საკმაოდ მცირე დოზებზე. ეს გასაგებია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, მილიონი ადამიანისთვის რას აკეთებს ხელისუფლება. მილიონი ადამიანის სამყოფ დოზაზეა ლაპარაკი, ეს დასაზუსტებელია და უნდა ვიცოდეთ. დამშვიდებულები ვიქნებით მაშინ, როცა 60-70 პროცენტი გაიკეთებს აცრას ანუ მილიონ 600 000 ადამიანი. ახლა ეს არის მთავარი ამოცანა.

- დაგვიანება რამდენად დაგვაზარალებს?

- ეს დააზარალებს იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა გაეკეთებინათ ამ ორი კვირის განმავლობაში ეს ვაქცინა და არ გაუკეთდათ. მათ ნაკლები დაცვა ექნებათ "კოვიდთან" მიმართებაში, მაგრამ თუ გეგმის მიხედვით გააგრძელებს მუშაობას ხელისუფლება და დაასრულებს კიდეც, მაშინ საზოგადოებისთვის არ იქნება ეს დარტყმა. მთავარია, ხელისუფლებამ დრო არ დაკარგოს და ეფექტიანად იმუშაოს, რათა სახელმწიფომ შეძლოს გარკვეული რაოდენობით ადამიანი აცრას და წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდეს. ეს არ არის ადვილი საქმე, ამას სჭირდება ბევრი ლოჯისტიკური თუ სხვა ტიპის გამოწვევების დაძლევა და ეს ხელისუფლებამ უნდა დაძლიოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ დაარეზერვოს ვაქცინის ის საჭირო რაოდენობა, რაც დასჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ გზით ზაფხულსა და შემოდგომაზე დავასრულოთ ვაქცინაცია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას პანდემიური შეზღუდვები გაუქმდეს. მთავარია ეს უზარმაზარი წინსვლა მივიღოთ, თორემ 2 კვირით ადრე იქნება პირველი ვაქცინირებული თუ გვიან, ეს საზოგადოებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს. მთავარია დასრულება სწორად და ეფექტიანად იმ დროში, როგორც დაგეგმილია. ვფიქრობ, შესაბამისი კითხვები, რას და როგორ აკეთებენ, ხელისუფლებასთან  უნდა იყოს. გავიგეთ რომ ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მოსალაპარაკებლად, გავიგეთ ისიც, რომ "კოვაქსთან" გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ სხვა, პერსპექტიული ვაქცინების ავტორებთანაც უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები, ვიდრე ისინი მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ავტორიზაციას, რომ წინასწარ გვქონდეს დარეზერვებული. ამ ყველაფრისთვის საჭიროა მაქსიმალურად ჩატარდეს მოლაპარაკებები, რომ არ მოხდეს ისეთი გაუგებრობა, როგორც ეს "ფაიზერის" შემთხვევაში მოხდა. უნდა გვქონდეს ალტერნატიული ვარიანტი. ამ შემთხვევაში მთავრობამ არასაკმარისი ძალისხმევა გამოიჩინა, სხვადასხვა მწარმოებელებთან მოლაპარაკების კუთხით უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ დიდწილად მივენდეთ "კოვაქსის" პლატფორმას და მან პირობა დაარღვია.

- მნიშვნელოვანია ხარისხი. საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინაციას ისედაც ეჭვით უყურებს, ითქვა, რომ "ფაიზერი" უფრო ხარისხიანია, ვიდრე - "ასტრაზენეკა", რომელსაც უფრო მეტი გვერდითი ეფექტები აქვს. ისიც ცნობილია, რომ ბევრ ქვეყანაში ასაკოვნებს არ უკეთებენ "ანსტრაზენეკას" ვაქცინაციას და "ფაიზერზე" შეაჩერეს არჩევანი, ჩვენთან კი, პირველ რიგში, "ასტრაზენეკა" შემოდის, ასაკოვნებს რით აცრიან? - რას ნიშნავს "ფაიზერი" უკეთესია? "ფაიზერსაც" აქვს პლუსი და მინუსი - დაბალ ტემპერატურაზე ინახება, ეფექტიანობა 94 პროცენტი კი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკეთესი ხარისხია და ცუდია "ასტრაზენეკა". რაც იქნება ავტორიზებული მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ, ყველას შესაბამისი ხარისხი აქვს და ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კუთხითაც შემოწმებულია. ჩვენ დავაყენეთ თავიდანვე მაღალი თამასა, რომლის ჩამოწევაც არ მიმაჩნია სწორად. ეს მაღალი თამასა არის ის, რომ ვიღებთ იმ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან სანდო მარეგულირებლების მიერ. თამასის ქვემოთ ჩამოწევა მარტო იმიტომ, რომ სხვამ გააკეთა ასე, არ შეიძლება. მთავარი არაა ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის და პირველი გაკეთებისთვის, მთავარი არის, რომ გავუკეთოთ მაღალი სტანდარტის ვაქცინა და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ აუცილებელია ვაქცინაცია. ისედაც უზარმაზარი სკეპტიციზმია ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ჩინური ვაქცინა, რომელიც არ იყო იმ დროისთვის ავტორიზირებული, მასზე ხელისუფლებამ უარი თქვა. ეს იყო სწორედ მიზეზი, რის გამოც ჩვენთან არ შემოვიდა ჩინური ვაქცინა. სანამ არ მოხდება ავტორიზაცია, მანამდე არ შემოიტანენ. მოხდება ჩინური ვაქცინის ავტორიზაცია და მერე მასაც შემოვიტანთ. რაც შეეხება იმას, რომ "ასტრაზენეკას" ასაკოვნებს ბევრი ქვეყანა არ უკეთებს, ესეც არ არის სწორი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისცა "ასტრაზენეკას" უფლება, ყველა ასაკობრივ ჯგუფში მოხდეს გამოყენება და არ არის საკმარისი მტკიცებულება იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც უარი თქვეს მასზე.

- ზოგიერთები რუსული ვაქცინის შემოტანაზეც ლაპარაკობენ და ითხოვენ, შემოიტანოს სახელმწიფომ მსურველებისთვის, ამაზე რას იტყვით? - ყველა ადამიანი თავისუფალია და შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად გაიკეთოს რუსული ვაქცინა. შეიძლება არც ჰქონდეს ამას გვერდითი მნიშვნელოვანი ეფექტები და პრობლემა ხარისხთან დაკავშირებით არც იყოს, მაგრამ ის არ არის ავტორიზებული და სახელმწიფოების მოლაპარაკება ამ თემაზე და რუსული ვაქცინის შემოტანაზე მე მიმაჩნია არასწორად. იმიტომ, რომ ეს იქნება გამოყენებული, უბრალოდ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი რუსეთის ოკუპანტი მთავრობის მიერ ჩვენ წინააღმდეგ. იტყვიან, მოხოხდნენ ქართველები და ისევ ჩვენგან წაიღეს ვაქცინაო. საერთოდ, პოლიტიკურად მიუღებელია ჩემთვის, რომ რუსულ ვაქცინაზე მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე ვაწარმოოთ, რაც უნდა ეფექტიანი აღმოჩნდეს ის. მსოფლიოში საკმარისადაა სხვა ვაქცინები, იგივე ჩინეთი ავიღოთ, რომელიც ოკუპანტი ნამდვილად არ არის. რამდენიმე ჩინურ ვაქცინას აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომ მიიღოს ჯანმოს ავტორიზაცია და როცა მიიღებს, ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს, რომ შემოვიდეს ჩვენთან. ჩინური იქნება თუ ინდური, მთავარია, ჰქონდეს ხარისხი ანუ ავტორიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, თორემ წარმოშობას ანუ მანუფაქტურას, სადაა განლაგებული ქარხანა, რომელ ქვეყანაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ახლა მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების 50%-სთვის ვაქცინების დარეზერვება, ამის რეალისტური გზის დასახვა და ამის ჩვენება მოქალაქეებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დარწმუნება, რომლებიც არ არიან დარწმუნებული, რომ გაიკეთებენ ვაქცინას.

ადამიანებს იმედი სწორად უნდა ჩავუსახოთ, საჭირო არააა ცრუ იმედი, რომ პირველი ვაქცინაციის შემდეგ გავთავისუფლდებით "კოვიდისგან". მილიონ 600 000-მა ადამიანმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა და მაშინ გავთავისუფლდებით. ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ამ 1 600 000 ადამიანისთვის ვაქცინის გაკეთება იყოს სანუკვარი მიზანი და ამოცანა ხელისუფლების მთელი ვერტიკალისთვის, საზოგადოებრივი ინსტიტუტებისთვის, მასმედიისთვის და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა. რაც შეეხება კითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, არის კონკრეტული სამიზნე ჯგუფები, რომლებსაც აქვთ აბსოლუტურად ლეგიტიმური, სწორი კითხვები ვაქცინების უსაფრთხოებასთან და ხარისხთან დაკავშირებით და ყველა ამ კითხვაზე არსებობს დამაკმაყოფილებელი და დამარწმუნებელი პასუხები. კლიპიც არის შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, რა და როგორ შეიქმნა და ყველაფერზე პასუხები გაცემულია.

პირველი კლინიკური ცდები ერთი წლის წინ დაიწყო და აჩვენეს, რომ გვერდითი ეფექტები ამას არ ჰქონია. უკვე 200 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა და ჩანს, რომ არანაირი გვერდითი ეფექტები არ ყოფილა. ვიცით ისიც, ვინც გაიკეთა, არც ერთ ადამიანს "კოვიდი" არ დაემართება ან თუ დაემართება, იმდენად მსუბუქად მიდის, რომ სიკვდილს არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს. ეს არის უზარმაზარი არგუმენტი, თუ ვაქცინას არ გაიკეთებ, შანსი რომ გარდაიცვალო, აქვს 100-დან ერთ ადამიანს. ძალიან მარტივი არითმეტიკაა და მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია გეგმა, რაც შედგა, დროულად განხორციელდეს და მიდიოდეს მუშაობა. მარტო იმის თქმა, რომ აცრა კარგია, არ არის საკმარისი. აუცილებელია კონკრეტული გზავნილები კონკრეტული ჯგუფის მისამართით, ეს გაკეთებულია და ახლა მასობრივად არის გასაშვები ეს კამპანია. მარტო ვაქცინის შემოსვლა არაფერს ნიშნავს, თუ ეს არ გაუკეთდა მილიონ 600 000 ადამიანს. მობილიზება გავაკეთოთ თითოეულ ჩვენგანმა, რომ ყველამ შევძლოთ დროულად ვაქცინაცია, რაც საყოველთაო იმუნიტეტს შექმნის და აუცილებელია კორონავირუსის დასამარცხებლად და ეკონომიკის სრულფასოვანი გახსნისთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)