"შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს"
"შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს"
კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის - შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ციკლი დაასრულა და დიდი ხანია მათ აღარაფერი აქვთ შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის.

"ზოგადად საზოგადოების, დასავლეთის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოკავშირეების სურვილია, რომ პროცესი განმუხტოს, რომ ოლიგარქიამ დათმოს დანაშაულებრივი და
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები და ცივილიზებულ, დემოკრატიულ პროცესში გადავიდეს მთელი სიბრტყე საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არა მხოლოდ ხელისუფლებები ზიანდებიან, არამედ ზიანდება საქართველო, ზიანდება საქართველოს მომავალი ყოველგვარი პათეტიკის გარეშე. კონსტიტუცია არის უფლება, რომელსაც რაღაც წურბელასავით აზის. ასოციაციურად მეტეხის ეკლესიასთან
ვართ და აქეთ ვახტანგ გორგასალი, აქეთ ნარიყალა და აქეთ შუშის სასახლეში ზის პატარა ცახესი, რომელიც წოვს, შხამავს კონსტიტუციის ჯანსაღ პროცესს, რომელიც ვერა და ვერ შედგა, როგორც ქმედითი ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქის დაცულობისა. როდესაც ამხელა მეხსიერება აქვს საქართველოს, სირცხვილია და დეგრადაციაა, რომ შუშის სასახლეში მჯდომი ოლიგარქი მართლაც ასე წოვდეს სასიცოცხლო ენერგიას ქართულ საზოგადოებას. ციკლი დაასრულა "ქართულმა ოცნებამ". დიდი ხანია "ქართულ ოცნებას" აღარაფერი აქვს შემოსათავაზებელი ქართული საზოგადოებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაქრეს პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ ფაქტია, დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი არსებობს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამოწურა თავი, არ ასახავს ქართული პარლამენტი ქართულ საზოგადოებას, არ ასახავს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას. აქეთ არის მთელი საქართველო და იქით არის პატარა ცახესი შუშის სასახლეში", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ინფორმაციისთვის, საინიციატივო ჯგუფმა "კონსტიტუცია 100", საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, სადაც "კონსტიტუცია 100 - ძალაუფლება ხალხს" ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ღონისძიებაზე განაცხადეს, აღნიშნული ინიციატივა აერთიანებს საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებისა და განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს და მიზნად ისახავს კონსტიტუციური სისტემის დახვეწის, ძალაუფლების ოპტიმალური დეცენტრალიზაცია-დეკონცენტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით "ქვევიდან-ზევით" დისკუსიების განვითარებას და ფართო კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას.

"ასი წლის წინ, ჩვენს ქვეყანაში მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული რესპუბლიკა შეიქმნა. სახალხო ნებაზე დაფუძნებული რესპუბლიკის დაბადება უმნიშვნელოვანესი მომენტია ქვეყნის ისტორიაში, ხალხის მიერ პროპორციული პრინციპით არჩეული პარლამენტით, პროგრესული კონსტიტუციით, ადამიანის კეთილდღეობისკენ მიმართული პოლიტიკით.

პირველი კონსტიტუციით მსოფლიოს მასშტაბით გაცხადდა ქართველთა სწრაფვა ევროპული ცივილიზაციის თავისუფლებისა და პროგრესისაკენ.

პირველმა რესპუბლიკამ შექმნა ხალხის და განსხვავებული პარტიების თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა. კანონმდებლობა, რომელმაც უზრუნველყო თავისუფლება, თანასწორობა, ადგილობრივი მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიული დემოკრატია, სოციალური უფლებები - იყო პატრიოტ ქართველთა ერთობლივი შრომის შედეგი. ეს თანამშრომლობა აისახა კონსტიტუციაში, რომელიც საზოგადოებრივ კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის სამაგალითო ნიმუშია.

მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობაზე დაფუძნებულმა პოლიტიკამ გააძლიერა რიგითი მოქალაქე და შექმნა სახელმწიფო, რომელიც ემყარებოდა სახალხო ნებას.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ შეიწირა როგორც პირველი ქართული კონსტიტუცია, ასევე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

საბჭოეთში 70 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ჩვენ ვერაფრით ამოვავსეთ ამ ისტორიული წყვეტით გაჩენილი უფსკრული, ვერ შევძელით ღირებულებითი კავშირის აღდგენა პირველ რესპუბლიკასთან. თავი ვერ დავაღწიეთ მანკიერ საბჭოურ გამოცდილებას. ვერ ჩამოვაყალიბეთ ძალაუფლების დაბალანსებული სისტემა და ვერ შევქმენით კონსტიტუციური გარანტიები სახელმწიფოებრივი რისკების დასაზღვევად. ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო. ხალხი განდევნილია კონსტიტუციის შექმნის პროცესიდან და შესაბამისად, გამქრალია სახალხო ინტერესიც.

დღეს საქართველოს კონსტიტუცია სრულიად განყენებული და გაუცხოებული დოკუმენტია ქვეყნის მოსახლეობისთვის. ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა, რომ კონსტიტუაცია მათ უფლებებსა და თავისუფლებას იცავს. კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ჩვენთვის დამსჯელი კონოტაციის მატარებელ სიტყვებად გადაიქცა, რადგან მას, როგორც წესი, ხელისუფლებები საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებენ.

მოქალაქეს იმის რწმენაც კი არ გააჩნია, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შექმნაში მონაწილეობს და რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ ადგილზე თავად შეუძლია იყოს ხელისუფლება.

100 წლის წინანდელი კონსტიტუცია სავსე იყო ამ სულისკვეთებით, ჩვენ კი დამოუკიდებლობის 30-წლიანი პერიოდის შემდეგაც ვერ მივაღწიეთ ამას. პირიქით - ძალაუფლების დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღეთ სრული ცენტრალიზაცია; ხალხისთვის რეალური უფლებების გადაცემის ნაცვლად კი, ძალაუფლების მტკიცე ვერტიკალი შევქმენით.

შესაბამისად, ჩვენს უმთავრეს გამოწვევად მუდმივად რჩება ხელისუფლების მიტაცება-უზურპაციის მცდელობა. ეს უშლის ხელს მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებას და ეს დაუბალანსებლობა გვტოვებს დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლების პოლიგონად.

სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აღვნიშნავთ რა პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს, ერთგულებას ვუცხადებთ ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილ კონსტიტუციურ ღირებულებებს და ამ ტრაგიკული, ისტორიული წყვეტის შემდეგ, ვიწყებთ ფართო საზოგადოებრივ პროცესს სახელწოდებით: კონსტიტუცია 100 - ძალაუფლება ხალხს, ძალაუფლება მოქალაქეს!

ჩართულობისთვის ვიწვევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს:

ერთად შევქმნათ ცოცხალი საკონსტიტუციო პროცესი!

ერთად ჩამოვაყალიბოთ ადგილებზე თვითმმართველობის რეალური მექანიზმები! ერთად გავაცოცხლოთ კონსტიტუცია და ვაქციოთ ეროვნული თანხმობის მთავარ დოკუმენტად!", - ნათქვამია ინიციატივაში.
ალექს
06 მარტი 2021 07:20
აკლია სიას ქვეყნის დამანგრეველი კანონშემოქმედება , რუსეთის სასარგებლო უარყოფითი ეკონომიკური და სტრატეგიული შედეგების მომტანი კანონების მიღება და აღსრულება, სახელმწიფო ქონების სსიპ და ააიპ გადამალვა და იქ ნაცების დასაქმება , ბიუჯეტის ძარცვა , არაეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების გამრავლება და სახელმწიფო სტატისტიკის მასიური გაყალბება, ზღვარგადასული უტიფარი პროპაგანდა და სხვა და სხვა, ეს დამნაშავე ფაშისტური კლანია , არანაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ეს რევოლუციური პოლიტიკური დესტრუქცია და ეკონომიკური საბოტაჟია , კაპიტალის მასიურად გატანა ქვეყნიდან, ქვეყნის ომიჯის საერთაშორისო ასპარეზზე წინასწარგანზრახული შელახვა , სიცრუის და ცილისწამების კასკადი , პოლიტიკური მეძავობა , სამშობლოს ღალატი და ლაჩრობა, დეზერტირობა , ეს დამნაშავე კასტა კლანია ფაშისტური !
henry
06 მარტი 2021 00:24
შენღა გვაკლდი რა
??
05 მარტი 2021 20:48
ლაშა ქართულმა ოცნებამ დაასრულა და ნაციონალურმა არა?

რუბრიკის სხვა სიახლეები