თენგიზ ცერცვაძე:"ვაქცინა სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში შემოვა, ეს გადაწყვეტილია და წინ არაფერი უდგას" - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე:"ვაქცინა სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში შემოვა, ეს გადაწყვეტილია და წინ არაფერი უდგას"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე საქართველოში 3.5 მლნ დოზა ვაქცინა შემოვა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინების სხვა დოზების მისაღებად, საქართველოს მთავრობა მუშაობას აგრძელებს როგორც "კოვაქს" პლატფორმასთან, ასევე მწარმოებელ ქვეყნებთან, მათ შორის ინდოეთთან.

"ინტენსიურად წავიდა მოლაპარაკებები როგორც "კოვაქს" პლატფორმასთან, ისე მწარმოებელ ქვეყნებთან და დღეისთვის ასეთი სიტუაციაა, რომ სავარაუდოდ, პირველი პარტია, 40 ათასი დოზის ოდენობის "ასტრაზენეკა", სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში, მესამე კვირაში შემოვა, ეს გადაწყვეტილია და წინ არაფერი უდგას. ამის პარალელურად, ბევრი კარგი ხელშეკრულება ან ხელმოწერილია, ან ახლა კეთდება. ეს არის "კოვაქს" პლატფორმიდან "ფაიზერის" შემოტანა. ასევე, ჩვენი მთავრობა მოლაპარაკებას აწარმოებს ინდოეთში, რომ ასევე "ასტრაზენეკა" იქნას შემოტანილი, თუ არ ვცდები 150 ათასი დოზა. რაც ყველაზე კარგია, მართალია ვაქცინამ 2-3 კვირით დაიგვიანა, მაგრამ ისეთი გარანტირებული მექანიზმებია აწყობილი, რომ პირველი დოზის შემოტანის შემდეგ უწყვეტად შემოვიდეს შემდეგი დოზები, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, მაგრამ სხვადასხვა მწარმოებლიდან წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზის შემოტანა იგეგმება, მათ შორის "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" გარდა, ხელშეკრულება გაფორმდა "ნოვაქსთან", რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე. დაახლოებით მილიონ დოზაზეა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული. ასე რომ, გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს, თუმცა ჩემი აზრით, მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება შემოტანა, შემოტანა მოხდება უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. წლის ბოლომდე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გეგმა, რომ მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი, ანუ 1 მლნ 600-700 ათასი მოქალაქე, ეს გეგმა იქნება შესრულებული",- განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"