"ორი ქრისტიანი ერის შვილი ვარ და ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა... ჩვენი გვარის ხალხი ქართველ ქალებს ირთავდნენ"
"ორი ქრისტიანი ერის შვილი ვარ და ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა... ჩვენი გვარის ხალხი ქართველ ქალებს ირთავდნენ"
"არ ვიცი, სად იბარტყა ამ საშინელებამ, ან საიდან გაჩნდა ამდენი კარიერისტი? აბა, რისთვის იბრძვიან? თანაც, არაფერს დაგიდევენ..."

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას "ხელოვნების ქურუმის" წოდება მიენიჭა. გარდა ამისა, არის ღირსებისა და თბილისის ერთგულების ორდენოსანი და არაერთი პრემიის ლაურეატი. "პირველი ღირსება ადამიანისა მშობლიური ენის ფლობააო", ამბობს და ორი ერის შვილის სტატუსს ღირსეულად და სიამაყით ატარებს. წლების სიმრავლესთან ერთად, მატულობს მისი ქართულად აჟღერებული საიათნოვას, სევაკის, ქუჩაკის, შირაზის, ბელის, პუშკინის, პასტერნაკისა და
სხვათა შესანიშნავი თარგმანები.

ხარფუხში დაბადებულ ძირძველ თბილისელს ძალიან ენატრება ის ძველი თბილისი, რომელიც მისთვის ღია მუზეუმი, ზეიმის განწყობა, სიდარბაისლე, ურთიერთობა და სიყვარული იყო. "ღმერთმა ინებოს, გვიმრავლოს მოსიყვარულე ადამიანები და ეს საშინელება - პანდემიაც მალე დასრულებულიყოს. მერე ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნებაო", იმედიანად
ამბობს 88 წელს მიღწეული მწერალი და მთარგმნელი გივი (გიგუშა) შაჰნაზარი.

"პანდემიას წიგნით ვმკურნალობ"

- ვარ, რა, ვცხოვრობ პანდემიურად... ასეთი ცხოვრება საშინელებაა. კაცობრიობას ისეთი ჭირი შეეყარა, მასში პოზიტივის დანახვა წარმოუდგენელია. ამას პლუს ეს ჩაკეტილობაც...

ოჯახში სამნი ვართ - მეუღლე, მე და ჩემი ქალიშვილი. ოთხმოცდამერვეში გადავდექი, ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსიც კია 1-2 წლით და წელიწადია, არც ერთს გარეთ ცხვირი არ გაგვიყვია.

მართალია, ასაკიანი ვარ, მაგრამ საზოგადოებრივი ბუნების, ურთიერთობების კაცი ვარ. მოგეხსენებათ, მჭიდრო კონტაქტი მაქვს კულტურასთან, მწერლობასთან და მათ გარეშე არ შემიძლია, კულტურა ჩემი ცხოვრების წესია. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი ბუნების კაცი რომ ჩაიკეტები. ყოველმხრივ შეზღუდული ვართ. ეს მდგომარეობა აღარაფერს გიტოვებს ადამიანს ოპტიმიზმისას, რომ რაღაცნაირად მოერიო და გაიმარჯვო. ასეთი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შემოქმედებაზეც აისახება, რადგან არ შემიძლია მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრო. ამ პერიოდში დაიბადა ფიქრი - რა ეშველება კაცობრიობას... ერთადერთი ისაა, წიგნს ვერ გამაგდებინებ ხელიდან, ამით "ვმკურნალობ" პანდემიას. თუმცა ესეც ჩვეულებრივი მდგომარეობის გაგრძელებაა. ამასობაში, ნაკლებად დამიწერია და მითარგმნია, ვინაიდან ჩემზე ძალიან მოქმედებს ეს მდგომარეობა.

"არ ვიცი, სად იბარტყა ამ საშინელებამ"...

- ეს პოლიტიკური ვითარებაც ძალიან მაწუხებს... არ ვართ ჩვენ იმ ბუნების ხალხი, რომ ასე მოგვძალებოდა სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა... არ ვიცი, სად იბარტყა ამ საშინელებამ, ან საიდან გაჩნდა ამდენი კარიერისტი? აბა, რისთვის იბრძვიან? თანაც, არაფერს დაგიდევენ... რაც ჭეშმარიტებაა, იმასაც კი უძებნიან რაღაცას და ცდილობენ ტყუილში დაგარწმუნონ. ერთმანეთს მუდმივად კრიჭაში უდგანან.

ეჰ, ათასი საწუხარია და როგორ უნდა ვიყო კარგად? სულ დანის პირზე გავდივართ, სულ აქციები, დაძაბულობა და კარვების შლა. სახიფათოა, როცა არასრულყოფილების კომპლექსი გაუჩნდა ხალხს. ეს სუსტი ბუნების ადამიანებს ახასიათებთ და არავითარ შემთხვევაში - ძლიერებს. ასეთი ცუდი ყოფა დაგვიდგა, მაინც არ მინდა მთლად პესიმიზმში გადავარდნა, ურწმუნო არასდროს ვყოფილვარ და მარტივი, უბრალო გაგებით უნაღდესი ის არის, რომ ღმერთი მაინც ჩვენთან არის. დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება და ოპოზიცია მორიგდება, ამას სად წაუვლენ...
ასმაგი სიფრთხილე გვმართებს გეოპოლიტიკური საფრთხეების გათვალისწინებითაც, საქართველოს ავის მოსურნეს ხახა აქვს დაფჩენილი, ამიტომ ჩვენს დიდ მონაპოვარს - დამოუკიდებლობას უნდა გავუფრთხილდეთ და აღარ დავკარგოთ.

"ქართული კულტურა - ესეც კიდევ ერთი საწუხარი"

ქართული კულტურა - ესეც კიდევ ერთი საწუხარი... მახსოვს, ადრინდელი არჩევნების პერიოდში ერთ მაღალჩინოსანს (გვარს არ დავასახელებ) ვუთხარი, რომ კავკასიაში დედაქალაქებს შორის კულტურული ურთიერთობები ძალიან წაგვადგებოდა. მას ძალიან გაუხარდა ჩემი ეს ინიციატივა, მაგრამ მოხდა ისე, რომ მერე არაფერი გააკეთა. ამას წელიწადში ერთხელ გადასვლა-გადმოსვლები, კულტურული გაზიარებები ეყოფოდა. ჩვენ მარტო ჭორად ვიცით ხოლმე აქა-იქ რა ხდება, ეს არასწორი ურთიერთობებია. არა მგონია, რომელიმე ქვეყანა უარმყოფელი იყოს საზოგადოდ, კულტურისა. კულტურაა განმსაზღვრელი ერის თვითმყოფადობისა და ამის ასე მიტოვება ცოტა გაუგებარია. მარტო ის რად ღირს, მსოფლიოს 14 ანბანის სიაში რომ ხარ. ეს პატარას არ ნიშნავს და ხუმრობა საქმე არაა. ასეთი ცხოვრებით მოვედით და მთელი სამყაროს წინაშე ჩვენი შესანიშნავი კულტურით ვართ წარმოჩენილი, ამიტომ ყველა ხელისუფლებისთვის კულტურა პრიორიტეტული უნდა იყოს...

"იმას ვერ დავიკვეხნი, რომ გადასარევად ვიცი სომხური ენა, მაგრამ გაქცეულს კი მოვაბრუნებ"

- პირველი ღირსება ადამიანისა მშობლიური ენის ფლობაა. ორი ქრისტიანი ერის შვილი ვარ და ეს ჩემთვის დიდი სიამაყეა. მეამაყება რომელია? ძირძველი თბილისელები ვართ, მამამ ბევრი ენა იცოდა, უმეტესად კავკასიური ენები, თურქული და სპარსულიც იცოდა. ჩვენი გვარის ხალხი ქართველ ქალებს ირთავდნენ, დედა - მარიამი ქართველი იყო, ბებია - მაკაც. მე რაც მეხება, სხვა ენების, მათ შორის სომხური ენის, ცოდნას ვერ ვუწოდებ, სამწუხაროდ. სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი და სპეციალურად არმენოლოგიას დავამთავრებდი, ბარო-მაროს მეტი არაფერი ვიცოდი. სომხური ენა მერე ვისწავლე, სალაპარაკო მიჭირდა და პასიური, წიგნის ენა ვიცოდი, ასე ვთარგმნიდი, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით. ზოგადად, ჩემი შემოქმედება ქართული შემოქმედებაა... მერე გამამწესეს სომხური დრამის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. ძალიან შრომატევადი სამი წელიწადი მქონდა, მთლად არა, მაგრამ მოვწყდი ლიტერატურას, ბოლომდე დავიხარჯე... იმას ვერ დავიკვეხნი, რომ გადასარევად ვიცი სომხური სალაპარაკო ენა, მაგრამ გაქცეულს კი მოვაბრუნებ. ასევე ვიტყოდი რუსულზეც.

"გაგანია კომუნისტების დროს სწავლა ბიბლიით დავიწყეთ"

- სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე, როგორ მოვხვდი გეპეიდან უნივერსიტეტში. სკოლაში ტექნიკური საგნები, ამავე დროს, ლიტერატურა და ისტორია ვიცოდი კარგად. ავდექი და გეპეიში შევიტანე საბუთები. მოგეხსენებათ, ბავშვობიდან, 10 წლიდან არა მაქვს ფეხი და თურმე იმ ფაკულტეტზე ისეთი პრაქტიკული ღონისძიებებიც ტარდებოდა, რასაც მე ფიზიკურად ვერ შევძლებდი. წერილი მომივიდა, იქნებ მობრძანდეთ და შეცვალოთ ფაკულტეტიო (მოგვიანებით უნახავთ ჩემი ჯანმრთელობის ცნობები). გული მომივიდა, მივედი და საბუთები გამოვიტანე. ვერ გამეგო, საით წავსულიყავი... გადავწყვიტე უნივერსიტეტში, აღმოსავლურ ფილოლოგიურზე ჩამებარებინა. მაშინ უკვე ვჯღაბნიდი რაღაცებს...

გამოცდაზე თავისუფალი თემა დავწერე და ხუთიანი მივიღე. ზეპირში 5-იანს არ მიწერდა გამომცდელი და გავაპროტესტე. შეიძლება 4 მყოფნოდა, მაგრამ ცოდნაში დარწმუნებული ვიყავი, თანაც, აღმოსავლეთმცოდნეობაზე დიდი კონკურსი იყო. პაპანაქება აგვისტო იდგა. შევაღე კარი და დამხვდა სათვალიანი კაცი, ისიც სიცხისგან შეწუხებული, მატრიკული მთხოვა, ჩაიხედა და ნახა, რომ განხრა არაბული მეწერა (ვფიქრობდი, არაბულზე ჩამებარებინა და პარალელურად სომხური ენა მესწავლა). კომისიის თავმჯდომარე მომიბრუნდა და სომხურად რაღაც მკითხა. შემატყო, არაფერი ვიცოდი. მერე ბოდიშის მოხდით მკითხა და მეც მოვუყევი ჩვენი ოჯახის და წარმომავლობის შესახებ. მითხრა, ჩვენ ახლა სამყაროსთან არანაირი დიპლომატიური კავშირი არა გვაქვს, წიგნი რომ წიგნია, ერთი-ორი გაქექილი წიგნით ვასწავლითო და მირჩია, მოდი, არაბული წაშალე, არმენოლოგია აირჩიე და თუ ძალიან გსურს, მერე გინდა სპარსული ისწავლე, გინდა არაბულიო. მეც გრაბარი - ძველი სომხური ენის სპეციალობა ავირჩიე. ეს სათნო კაცი ილია აბულაძე აღმოჩნდა, დიდი არმენოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი... ამას რა დამავიწყებს.

კომისიის წევრი ლეო მენაბდე იყო, მკითხა, რომელი მწერალი გიყვარსო, ვაჟა-ფშაველა-მეთქი. ვაჟა ასე რომ გყვარებია, სასკოლო პროგრამის გარდა, რამე თუ წაგიკითხავსო. "ალუდა ქეთელაური" ზეპირად ვიცოდი და კაცი გაგიჟდა, ამხელა პოემა როგორ ისწავლეო.

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ჩავაბარე და გაგანია კომუნისტების დროს სწავლა დავიწყეთ ბიბლიით (მისი ხსენებაც რომ არ შეიძლებოდა), ასევე არა ახალი, ძველი სომხურით - გრაბარით, რომელსაც გურული კაცი მასწავლიდა.

"სამოციანელებმა ეპოქა შექმნეს"

- ამ ზაფხულს 88-ის გავხდები. ტარიელ ჭანტურია და ვახტანგ ჯავახაძე ჩემზე ერთი წლით უფროსები არიან. ჩვენ სამოციანელები ვართ, 1951-ში შევედით უნივერსიტეტში.

აუუ, რა ჩამოთვლის ჩემს სამეგობროს, ცნობილი ადამიანების წრეს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აღარც არის. ჩემი უსაყვარლესი და უახლოესი მეგობრები: თამაზ ჩხენკელი, ზურაბ კიკნაძე და ბაჩანა ბრეგვაძე იყვნენ. სამოციანელები ის თაობა იყო, რომელმაც ეპოქა შექმნა.
საოცრად ნიჭიერი კურსი გვქონდა. აღმოსავლეთმცოდნეობაზე ვსწავლობდი და ფილოლოგებთან საერთო ლექციები გვქონდა ხოლმე. ბევრი მათგანი დღეს მთაწმინდაზე განისვენებს.

ჩემი დიდი ტკივილია ბაჩანა ბრეგვაძე, ჩემი ახლო მეგობარი, უაღრესად ნიჭიერი და მოაზროვნე ფილოსოფოსი და მთარგმნელი, ჩემი ოთარ ჭილაძე, ჯანსუღი, გივი გეგეჭკორი... რა ჩამოთვლის მაგათ, ცოდვას ჩავიდენ, ვინმე გამოვტოვო.

ყველანი თანაკურსელები ვიყავით. 37-იანი წლები, მერე სამამულო ომი... რა აღარ ვნახეთ და გამოვიარეთ, ზოგი ჩემი მეგობარი რეპრესირებულების შვილი იყო.

ცალ ხელზე ჩამოსათვლელიღა დარჩა ჩემი თაობის ხალხი. ზურაბ კიკნაძე ახლა კახეთში, სოფელ ალმატშია გამოკეტილი. ამ ასაკში ვერიდებით კორონას და ტელეფონით ვკონტაქტობთ ხოლმე...

"მენატრება ის თბილისი"

- ძველი თბილისი საშინლად მენატრება... თუ რამე იყო, ადამიანური ურთიერთობების ნოსტალგიაა, რასაც ხანდაზმული ადამიანი მოინატრებს. მაშინ სულ სხვა ურთიერთობები იყო, მეტი სათნოება, მეტი გაგება. თბილისური ურთიერთობები იყო ერთი მთლიანობა, ცხოვრების წესი.
ყველაფერი ამაღლებული იყო - ქეიფიც, დროსტარებაც. მენატრება ის თბილისი. აი, ასაკმა რა იცის... სამართალი ქვეყანაზე ხომ არსებობს, მე თვითონ სიყვარულიანი კაცი ვიყავი და სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები არ დამკლებია. ჩემი ბავშვობის და სტუდენტობის თბილისი იყო იმისთანა თბილისი... მოჭარბებული არავის არაფერი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდათ სხვა ღირებულებები და ღირსებები, ამ ქალაქისთვის თანდაყოლილი საოცარი თვისებები. ჩვენთვის, ბავშვებისთვის, არ არსებობდა პოლიტიკა, ახლა ყველა პოლიტიზებულია. არა მგონია, ჩვენი დღევანდელობა მათ სულიერებას წაადგეს, ისეა ამღვრეული ყველაფერი. ხარფუხში ვარ დაბადებული და ძველი თბილისი ჩემთვის ღია მუზეუმი, ზეიმის განწყობა, სიდარბაისლე და სიყვარული იყო.

ყველაზე რთული კითხვაა, რა გვეშველება, რა გადაგვარჩენს? ყველაზე სუსტი და უჭკუო გეტყვით სხაპასხუპით ამაზე პასუხს. იმედი არის ღვთისა და იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. ღმერთმა ინებოს, გვიმრავლოს მოსიყვარულე ადამიანები და ეს საშინელება - პანდემიაც მალე დასრულებულიყოს. მერე ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგება და ყველაფერი კარგად იქნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები