"12 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მათხოვებდნენ... ბიჭთან ერთად გავიპარე, მალევე მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მეუბნებოდა" - კვირის პალიტრა

"12 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ მათხოვებდნენ... ბიჭთან ერთად გავიპარე, მალევე მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მეუბნებოდა"

"დაჭრილები, ისინი, ვისაც ბრძოლა აღარ შეეძლო, ქრებოდნენ, ისევე როგორც ქალები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ. მერე გავიგე, რომ ისინი "მოწამებრივი სიკვდილისთვის" მიჰყავდათ"

წარმოშობით ჩრდილოეთ კავკასიელია. 16 წლამდე თავის რაიონს არ გასცილებია - სკოლაში დადიოდა, გოგონების კლასში სწავლობდა და დღე-დღეზე გათხოვებისთვის ემზადებოდა კაცზე, რომელიც ოჯახმა შეურჩია... ერთხელაც მარატა კამალიევამ (ის ახლა ამ გვარ-სახელით ცხოვრობს) თანატოლი გოგო-ბიჭებისგან "უკეთესი სამყაროს პოვნის" შესახებ გაიგო, ყველაფერი მიატოვა და ყალბი პასპორტით ჯერ თურქეთში, იქიდან კი გრძელი, სახიფათო გზით ერაყში ჩავიდა.

სანამ წავიდოდა, მხოლოდ ერთი, ძალიან მოკლე წერილი დაწერა, რომ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა ახალ, უკეთეს სამყაროში.

- 12 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ სხვაუბნელ კაცზე მათხოვებდნენ. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ ფილტვების დაავადება ჰქონდა და როგორც მიხსნიდნენ, მისთვის კარგად უნდა მომევლო.

ბავშვობიდან მეც მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - ბრონქიალური ასთმით ვიტანჯებოდი, მაგრამ ჩემი ოჯახი ამას მალავდა, რადგან მთხოვნელი არ მეყოლებოდა. ამიტომ ამირჩიეს მდიდარი, მაგრამ ჯანმრთელობაშერყეული საქმრო, რომ პრეტენზია არ ჰქონოდა.

როგორც ჩვენში გოგონების უმეტესობას, ოჯახი მეც ყველაფერს მიზღუდავდა, სკოლაში სიარული უდიდეს ბედნიერებად მიმაჩნდა, რადგან სხვა თუ არაფერი, საგარეო ტანსაცმლის ჩაცმა შემეძლო. მამა უფრო ლოიალური იყო, დედა ხშირად მაყვედრიდა, რომ ტყუილად ვცვეთდი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამას ხარჯად თვლიდა, რომელიც ოჯახს აკლდებოდა, რადგან ხვალ-ზეგ მაინც "პატრონს" ჩამაბარებდნენ.

ჩვენთვის, გოგონებისთვის არ არსებობს პირადი სივრცე, მეგობრები, გართობა. არ გვქონდა მობილური ტელეფონის ქონის უფლება, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ ქსელებზე, მაგრამ როგორღაც მაინც ვახერხებდით ვიღაცებთან კონტაქტს და საკონტაქტო პირი ხშირად სახიფათო ადამიანი იყო, რომელიც ჩვენს გამოყენებას ცდილობდა.

სოფლიდან 18 წლის ბიჭთან ერთად გავიპარე, რომელიც მიყვარდა. ის ახალ ქვეყანაში ბედნიერ ცხოვრებას მპირდებოდა. გზაში სხვებიც შემოგვიერთდნენ... რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც მეუბნებოდნენ, მაგრამ უკანდასახევი გზა არ მქონდა, არც მე და არც სხვებს.

- თავის დაღწევის შესაძლებლობა არსებობდა?

- ალბათ, არა... იმ ქვეყანას თუ ჩავბარდებოდით, რომლის გავლაც გვიწევდა, თორემ სად უნდა წავსულიყავით?.. იქიდან ისევ სახლში დაგვაბრუნებდნენ, სადაც ოჯახი, სანათესავო გაგვისწორდებოდნენ "ღირსების" დასაბრუნებლად.

რამდენიმედღიანი უძილობის, შიმშილობისა და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ გადავლახეთ ერაყის საზღვარი და იმ რაიონში ჩავაღწიეთ, სადაც უნდა გვეცხოვრა. სახელები გზაშივე შეგვიცვალეს. ჩემმა შეყვარებულმა, ამჯერად უკვე ქმარმა, მითხრა, რომ ჩემს "დებთან" ვიცხოვრებდი და ხანდახან მნახავდა.

ქალებს მებრძოლებისთვის უნდა მოგვევლო. მთელი დღეები საჭმელს ვამზადებდით, პურს ვაცხობდით, ვრეცხავდით, არაბულ ენას ვსწავლობდით და ბევრს ვლოცულობდით "გასაძლიერებლად..." სახლი, სკოლა, ოჯახი მენატრებოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ქმარი ორჯერ ვნახე. ჩემი თანატოლი ან ჩემზე უმცროსი გოგონები აჩრდილებს ჰგავდნენ. ზოგს ნაიარევი ჰქონდა. გავიგე, რომ "რამდენჯერმე შეუცვალეს" ქმარი, ანუ ერთის სიკვდილის შემდეგ სხვაზე ათხოვებდნენ. ზოგს უკვე ბავშვიც ჰყავდა... კითხვის დასმის უფლება არ მქონდა, უსიტყვო მორჩილებას ხომ ბავშვობიდან ისედაც გვაჩვევდნენ. გვარწმუნებდნენ, რომ "ალაჰის რჩეულები" ვიყავით და ძალიან გაგვიმართლა, რომ ასე ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცა...

რამდენიმე ხანში ჩემი ქმარი ფეხში დაიჭრა, გამიხარდა, მეგონა, შინ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ორი-სამი დღე ჩემთან იყო, მერე ისევ წაიყვანეს "მოწამებრივი სიკვდილისთვის" და მას შემდეგ აღარც მინახავს. შემდეგ გავიგე, რომ დაჭრილები, ისინი, ვინც ვერ იბრძოლებდნენ, დროდადრო ქრებოდნენ, ისევე როგორც ქალები.

- იყვნენ ისეთები, ვინც გაქცევა მოახერხა? - არ ვიცი, ალბათ, იქნებოდნენ. მე არც მიცდია გაქცევა. არც ვიცოდი, სად წავსულიყავი. გავიდა ხანი და სირიელ მამაკაცს გამაყოლეს, რომელსაც სირიაში უნდა წავეყვანე, მაგრამ "მისია", რომელსაც გეგმავდნენ, ჩავარდა. მანქანების კოლონა, რომლითაც მივდიოდით, დაბომბეს. მე მძიმე კონტუზია მქონდა. მაშინ ჩვენს გამოსაყვანად წამოსული სასწრაფოს ექიმები დაიღუპნენ. ეს თვითონ დავინახე. სიკვდილი ბევრჯერ ვნახე, მაგრამ იმ ექიმების დაღუპვა არასდროს დამავიწყდება. სხვა დაჭრილებთან ერთად ადგილობრივ საავადმყოფოში გადამიყვანეს, იქიდან კი ქალთა საპატიმროში, სადაც უამრავი ჩემსავით სახლიდან გამოპარული გოგონა იყო, შეყვარებულს უკეთესი მომავლის საძებნელად რომ გამოჰყვნენ. ზოგიერთს უკვე ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა...

- ფსიქოლოგიურიც? - დიახ. ზოგიერთი მთელი ღამე ტიროდა. ჩვენთან "წითელი ჯვრისა" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ძალიან გამიკვირდა, როდესაც იქ სხვადასხვა ეროვნების ქალი ვნახე, გერმანელები, უკრაინელები, რუსები... მუდმივად დაკითხვაზე დავყავდით, მაგრამ მაინც ადრინდელ ცხოვრებასთან შედარებით ერაყის ციხე სამოთხე იყო.

შემდეგ ლტოლვილთა პროგრამაში ჩაგვსვეს და თურქეთში გადაგვიყვანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო კომპლექსურ ცენტრში გადაგვიყვანა, იქიდან კი კომპაქტურ დასახლებაში გადაგვანაწილეს. აქედან გასვლა ნებისმიერ დროს არ შეიძლება, საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება არა გვაქვს. აქ მკაცრად გვაკონტროლებენ, მით უფრო "კოვიდის" დროს, ტესტებს ვაბარებთ და სხვა სახის სამედიცინო შემოწმებას გავდივართ. როცა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, კარანტინი გამოაცხადეს. აქ ბევრად დაცულად ვგრძნობ თავს. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კომისია ჩვენი პრობლემებით ინტერესდება. ცდილობენ ცხოვრების პირობები გაგვიუმჯობესდეს. გათბობის საშუალებები და სარეცხი მანქანებიც მოგვიტანეს, რამდენიმე ოჯახს ერთი აქვს, მაგრამ საკმარისია.

ახლა თურქულ და ინგლისურ ენებს ვსწავლობ. სპეციალურ განათლებას ვიღებ, რათა პროფესია მქონდეს და ცხოვრება გავაგრძელო.

- ოჯახთან დაკავშირება არ გიცდიათ? - არა. ამისთვის ჯერ მზად არა ვარ.