"ხშირად პანსიონატში მშობლის მიყვანის მიზეზი სულ სხვაა, რასაც დედები ყველაზე გვიან, გულდამძიმებულები ამოთქვამენ ხოლმე" - კვირის პალიტრა

"ხშირად პანსიონატში მშობლის მიყვანის მიზეზი სულ სხვაა, რასაც დედები ყველაზე გვიან, გულდამძიმებულები ამოთქვამენ ხოლმე"

"პანსიონატში მყოფი მოხუცი გვერდით მყოფ მეორე მოხუცსაც არასოდეს უმხელს, როგორ ელოდება შვილს, რომელიც ან საერთოდ არ მოდის, ან მაშინ მოდის, როდესაც რამე სჭირდება მშობლისაგან. თუ მაინც ჰკითხავ, შვილების გამართლებას ეცდებიან, იტყვიან, რომ ისინი დაკავებული არიან და ამიტომ ვერ მოდიან"

არავინ იცის, რას გვპირდება სიბერე, რომელიც, შესაძლოა, ყველას დაგვიმძიმდეს. სამწუხაროდ, მოხუცთა თავშესაფარზე მოთხოვნა ყოველდღე იზრდება. იქ ცხოვრება თითქოს არავის სურს, მაგრამ ადგილები მაინც არ არის, ამიტომ იზრდება კერძო თავშესაფრების რიცხვი, სადაც გადასახადი 700-1000 ლარამდეა. ფსიქოლოგების შეფასებით, სტიგმა, რომელიც ჩვენში (ანუ ტრადიციულ საზოგადოებაში) შვილებისაგან მშობლების მიტოვებას უკავშირდება, ურთულესი გადასატანია მოხუცებისთვის. ამ თემაზე ფსიქოლოგ ელენე არღვლიანს ვესაუბრეთ. ის დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა მოხუცთა პანსიონატის მკვიდრ მოხუცებს. საუბრის მიზანი ერთადერთია - დაგვაფიქროს მომავალზე, რომელიც თითქოს უხილავია, არადა, უკვე დღეს გადადგმულ ჩვენს თითოეულ ნაბიჯში იკითხება.

- ქალბატონე ელენე, ცხოვრება ხშირად გვთავაზობს აქამდე მიუღებელ პირობებს. მათ შორის არის უამრავი მოხუცის პანსიონატში გამწესება. თავშესაფარში ადრეც მოჰყავდათ მოხუცები, მაგრამ არა იმდენი, რომ კერძო თავშესაფრები გამხდარიყო საჭირო, სახელმწიფო თავშესაფარშიც კი უსასრულო რიგი დამდგარიყო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ იქ ცხოვრება მოხუცებისთვისაც ადვილი გახდა?

- მოხუცთათვის პანსიონატში ცხოვრება ადვილია იმ ქვეყნებში, სადაც ეს საზოგადოების კულტურის ნაწილია, ჩვენთან კი ასე არ არის, პირიქით, ეს ურთულეს განცდებთან არის დაკავშირებული, თუმცა პირველ დღეებში განსხვავებული სიტუაციაა.

ადამიანები პანსიონატში ისეთი მძიმე გარემოდან მოდიან, რომ თავდაპირველად შვებასაც კი გრძნობენ - აქ ხომ ქუჩაში დარჩენის შიში ქრება, ჭერი აქვთ, საწოლი, საკვები და, რაც მთავარია, ბევრი მათნაირი ხვდებათ, რომლებიც პირველი დღეების პრობლემებს უადვილებენ, მაგრამ ეს დღეები რომ გაივლის და მეტი ფიქრის დრო დგება, ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მათ, ვინც საწოლს არის მიჯაჭვული და მარტოა ფიქრთან.

ამ დროს იწყება მთელი ცხოვრების გადაფასება, რაც ხშირად ადამიანს დეპრესიაში აგდებს და ფსიქოლოგის დახმარება აუცილებელი ხდება.

- რას ჰყვებიან ამ დროს? რაზე ლაპარაკობენ უფრო ხშირად, შვილებზე? - რაც უნდა გასაკვირი იყოს, შვილებზე არ ლაპარაკობენ. საუბარი ეხება ორ თემას: ჰყვებიან თავიანთი ცხოვრების ან ძალიან მძიმე, ანდა ძალიან სასიხარული მომენტებზე, თანაც - ერთსა და იმავეს და ეს ერთი და იგივე, შესაძლოა, ყველა შეხვედრისას გიამბონ ისე უცვლელად, რომ იმასაც კი ხვდები, რომელ სიტყვას რა მოჰყვება.

- რატომ, ნუთუ მათ ცხოვრებაში ერთი მოსაგონებელი ამბის გარდა არაფერია? - როგორ არა, მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს მოხუცები ერთი და იმავე ამბის გახსენებით უფრო ადვილად ახერხებენ ყველაზე მტკივნეულის - შვილებზე საუბრისთვის გვერდის ავლას. ასე გრძელდება პანსიონატში ცხოვრების მანძილზე მანამდე, ვიდრე არ დადგება წუთი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ ეს საუბრები საბოლოოა და დადგა დრო, როცა საკუთარ თავთან მართალი უნდა იყოს. ეს აღსარების წუთებივითაა.

- ანუ შვილებთან განშორების ტკივილი და ამის მიზეზებზე საუბარი ისეთი მტკივნეულია, ურჩევნიათ, გვერდი აუარონ, თუმცა ხშირად მოხუცების თავშესაფრებში მიბარების მიზეზი ხომ რთული ცხოვრება უფროა, ვიდრე - შვილები. როდესაც შვილს არ შეუძლია მშობლის მოვლა, მუშაობს საარსებო სარჩოსთვის, ან ისეთი გაჭირვებულია, რომ მშობლისთვის პურსაც ვერ ყიდულობს, რა ქნას? - ისეთი გაჭირვების შემთხვევა, როცა შვილი მშობლისთვის წამალსა და პურს ვერ ყიდულობდა და ამიტომ გადაწყვიტა, მისი დედისთვის სახელმწიფოს ეშველა, პანსიონატში წლების მანძილზე მხოლოდ ერთხელ ვნახე. ვნახე, როგორ ტიროდა ეს დედა-შვილი ერთმანეთთან გამომშვიდობებისას, მერე კი ორივეს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა. გეთანხმებით, არის ასეთი შემთხვევები, თუმცა - ძალიან იშვიათად.

უფრო ხშირად პანსიონატში მშობლის მიყვანის მიზეზი სულ სხვაა, რასაც დედები ყველაზე გვიან, გულდამძიმებულები ამოთქვამენ ხოლმე. ეს არის აღზრდისას დაშვებული მათი შეცდომები და სწორედ ამიტომ უვლიან შვილების თემას გვერდს. ეს ხომ ის პრობლემაა, რომელიც ვეღარ გამოსწორდება, აღარაფერი შეიცვლება, ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა კი ხშირად მტკივნეული პროცესია.

ეს არის იმის მიზეზიც, რომ პანსიონატში მყოფი მოხუცი გვერდით მყოფ მეორე მოხუცსაც არასოდეს უმხელს, როგორ ელოდება შვილს, რომელიც ან საერთოდ არ მოდის, ან მაშინ მოდის, როდესაც რამე სჭირდება მშობლისაგან. თუ მაინც ჰკითხავ, შვილების გამართლებას ეცდებიან, იტყვიან, რომ ისინი დაკავებული არიან და ამიტომ ვერ მოდიან.

- და რა შეცდომებია ეს? ნუთუ აღზრდისას მათი გათვალისწინება ასეთი ძნელია? - ეს, ძირითადად, ის შეცდომებია, როდესაც დედები სამსახურს, კარიერას, სხვა საკითხებს უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ოჯახს. ასეთი დედები შვილებს უმარტივესი დაბრკოლებების გადალახვასაც არ ასწავლიან, მერე კი თითქოს ყველაფერი უკან უბრუნდებათ.

თუ შვილის ბავშვობაში მის მიმართ უყურადღებო იყავი, ის მოხუცებულობაში თითქოს იმასვე გიბრუნებს და ეს ძალიან ძნელად გასათავისებელია. დღემდე ვერ ვივიწყებ ქალბატონს, რომელმაც თემქის პანსიონატში ეს ტკივილი გამიმხილა. მას მუდამ დიდი თანამდებობა ეჭირა, თემქის მოხუცთა პანსიონატიც, სადაც ბოლოს თვითონ მოხვდა, მისი დაპროექტებული იყო. ამბობდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს დაპროექტებულ თავშესაფარში ვიცხოვრებდი, ესე იგი ჩემთვის ვაკეთებდიო. ტიროდა, ხომ ჯობდა უბრალო სამსახური მქონოდა, შვილთან მეტი დრო გამეტარებინა და დედის სიყვარული, ადამიანებზე ზრუნვა მესწავლებინაო. ასეთი დედები შვილებს მშობლის დეფიციტს თითქოს იმით უვსებენ, რომ არაფერს აკლებენ, არადა, ეს დედას ვერ ცვლის.

ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბდეს მაშინაც, როდესაც მშობელი შვილის უმარტივეს პრობლემებსაც კი თავად აგვარებს, რითაც მას სრულიად უსუსურად აქცევს. არაჯანსაღი აღზრდის გამო ჩვენს საზოგადოებას უხვად ჰყავს 40 წლის "ბავშვები". პანსიონატშიც ცხოვრობდა ქალბატონი, რომელსაც 40 წლის შვილი მხოლოდ პირად პრობლემებზე საწუწუნოდ აკითხავდა ხოლმე.

- შინ ვერ შეძლო დედის გვერდით ყოფნა და პანსიონატში ამისთვის აკითხავდა? - დიახ, რადგან ასე იყო მიჩვეული და დედაც კმაყოფილი იყო იმით, რომ შვილს სჭირდებოდა.

- თუმცა, ზოგჯერ მოხუცის შინიდან წასვლა ოჯახის ახალი წევრების - რძლების ან სიძეების გამოჩენასაც ახლავს, როდესაც შვილი ოჯახსა და დედას შორის არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს. - ეს ყოველთვის ასე არ არის და პასუხისმგებლობა აქაც ხშირად არასწორ აღზრდას ეკისრება. როდესაც მშობელი შვილს სხვებზე ზრუნვასა და დაბრკოლებების გადალახვას ასწავლის, მაშინ შვილი შეძლებს, მშობლისა და მეუღლის ურთიერთობა მოაგვაროს, ჩააწყნაროს კონფლიქტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩნდება, მით უფრო მაშინ, როცა ოჯახს საშუალება არ აქვს, ახალშეუღლებულმა წყვილმა ცალკე იცხოვროს. თუ შვილი იღებს ახალ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობას, მაშინ ყველაფერი მოწესრიგდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამას ხელს ისევ არასწორი აღზრდა უშლის და არამხოლოდ ბავშვობის დროინდელი. ხშირად შვილის დაქორწინებისას მშობელი იმავე შეცდომებს იმეორებს, რაც შვილის ბავშვობისას დაუშვა - თავად იწყებს კონფლიქტის პროვოცირებას, რისი მოწმეც არაერთხელ ვყოფილვარ.

- გისმენთ და ვფიქრობ, რომ ალბათ ასეთი მომავალი "გამოიწერეს" იმ ემიგრანტმა მშობლებმაც, რომლებმაც შვილები აქ დატოვეს და მათი ურთიერთობა ეკრანად იქცა... - თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი შვილების ცხოვრებაში, ბავშვობიდან მოყოლებული, კარგი არაფერი ხდება - გახშირებული სუიციდი, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება...

მესმის, რომ მძიმეა იმ დედის ცხოვრება, რომელსაც შვილისთვის პურის ყიდვაც არ შეუძლია, მაგრამ უფრო ძნელი და ტრაგიკულია, როდესაც დედაშვილობა მთავრდება და მათ შორის მომხმარებლური დამოკიდებულება ჩნდება.

ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს, როცა შვილებს დედები ერთი-ორი წელი ძალიან ენატრებათ, მერე კი უკვე ხელს უშლიან დაბრუნებაში, ეუბნებიან, ჯერ არ ჩამოხვიდეო, რადგან ეშინიათ, რომ თუ დედა ჩამოვა, მისი გამოგზავნილი ფული და გასართობი მოაკლდებათ. ასე რომ, ყველამ თვითონ იფიქროს, რა მოჰყვება მის ამა თუ იმ ნაბიჯს...

- არის შემთხვევები, როდესაც ემიგრაციაში მყოფი შვილები, რომელთაც უცხოეთში წასასვლელი თანხისთვის მშობლებს ბინა გაუყიდეს და ქუჩაში დატოვეს, მშობლების გარდაცვალების დროსაც ვერ მიდიან მოხუცთა თავშესაფარში. ამ დროს რა ხდება? - ზოგი მოხუცი საკუთარი საფლავის მიწის ყიდვისთვის თავშესაფარშივე აგროვებს პენსიას, მერე კი ადმინისტრაციას გადასცემს, რომ გარდაცვალების შემდეგ მის დასაფლავებაზე იზრუნოს. დანარჩენები უპატრონოთა სასაფლაოზე იკრძალებიან, თუმცა, ამაზე ტრაგიკული ის შემთხვევებია, როდესაც მოხუცი მძიმედ ავადდება და თავშესაფრის ადმინისტრაციას დაავადებულის კლინიკაში გადაყვანის გარდა აღარაფერი დარჩენია. ამ დროს მოხუცები ცრემლმორეულნი იხვეწებიან, რომ ადმინისტრაციამ სასწრაფო არ გამოიძახოს და კლინიკაში არ წაიყვანონ, რადგან აღსასრულის მოახლოებას გრძნობენ და უნდათ, წუთისოფელთან განშორების წუთები ისეთი ადამიანების გვერდით გაატარონ, ვისაც უკვე შეჩვეული არიან, მაგრამ თავშესაფარი ხომ ვალდებულია ავადმყოფს უპატრონოს... ხშირად ასეთი მოხუცი სასწრაფო დახმარების მანქანაში აყვანისთანავე გარდაიცვლება ხოლმე, ეს კი მძიმედ გადასატანია მათთვის, ვინც ამ დროს პანსიონატში ცხოვრობს ან მუშაობს. ეს ყველას სამუდამოდ ამახსოვრდება.