"ომალოში მთელი ცხრა თვე მარტოც დავრჩენილვარ, 17 წელიწადია, მარტო ვაკეთებ ჩემს საქმეს" - კვირის პალიტრა

"ომალოში მთელი ცხრა თვე მარტოც დავრჩენილვარ, 17 წელიწადია, მარტო ვაკეთებ ჩემს საქმეს"

"17 წელიწადია, მარტო ვარ და მარტო ვაკეთებ ჩემს საქმეს. ოღონდაც იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. ან მარტო რა გამაჩერებდა, მთა რომ არ მიყვარდეს?! ყოფილა შემთხვევა, მთელი ცხრა თვე მარტო დავრჩენილვარ ომალოში"

დათო აბულიძეს რომ ჰკითხო, ბევრს არაფერს აკეთებს - მერე რა, თუ ომალოში მამაპაპეულ სახლს ხელი შევავლე და მთელი ზამთარი სოფელში 1800 მეტრ სიმაღლეზე სრულიად მარტო ვარო; თუ ზაფხულობით წინაპარივით სიპი ქვით ვაშენებ თუშურ სახლებსო; თუ დადუმებულ სოფელში ჩემს სახლში მაინც ბჟუტავს სინათლეო; თუ ორმეტრიან თოვლში გზას მარტო ვიკვალავო... არადა, თუშურ ზამთარში მისი მარტოობა და მისი სახლიდან ამომავალი ცისფერი კვამლი უცნაურ სითბოს გგვრის, ისეთ სითბოს, რომელიც ძალიან შორსაა, მაგრამ რატომღაც მაინც გრძნობ და მერე რა, თუ ეს სოფელი შენი არ არის, მთავარია, ის არსებობს და იქ ცხოვრობს კაცი, რომელსაც შეიძლება დაგროვილ საფიქრალზე ესაუბრო.

- დათო, ბევრი ვერც დაიჯერებს, რომ მთელი ზამთარი შეიძლება მარტო გაძლო ომალოში, 1800 მეტრზე, სადაც ზამთარში კარს მოსაკითხად არავინ შემოგიღებს. რას აკეთებთ მარტო მთელი ზამთარი?

- აბა, ეგ რანაირად მოვყვე... ან ზამთრობით, ან ზაფხულობით საქმეს რა დალევს?! ხან გზას გავთოვლი, ხან პურს გამოვაცხობ, ხან სახლს ხელს შევავლებ, ნიამორების საცქერლად წავალ - იციან ხოლმე ამოსვლა. ღამით წიგნს წავიკითხავ,…კიდევ... რა ვიცი. 17 წელიწადია, მარტო ვარ და მარტო ვაკეთებ ჩემს საქმეს. ოღონდაც იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს. ან მარტო რა გამაჩერებდა, მთა რომ არ მიყვარდეს?! ყოფილა შემთხვევა, მთელი ცხრა თვე მარტო დავრჩენილვარ ომალოში, ზაფხულში კი მეზობლებიც ამოდიან და მერე მათ უამრავი სტუმარიც მოჰყვება. მოსწონთ თუშეთი ტურისტებს. მადლობა ღმერთს, რომ ამით ხალხს შემოსავალი გაუჩნდა.

თუშეთში ახლა ბევრი სახლი შენდება. ძლიერები ვართ თუშები - ადვილი არ არის მთაში შენება, მაგრამ მაინც ვაშენებთ. მეც 150 წლის მამაპაპეული სახლი განვაახლე. ბევრიც არაფერი სჭირდებოდა - სახლი იგივე დავტოვე, აუცილებელი სათავსები მივაშენე და სულ ეგ იყო. აი, ასეთი ძველი "სასტუმრო" მაქვს, სადაც მენეჯერიც, დამლაგებელიც და მზარეულიც მე ვარ, მაგრამ ეგ არ მიშლის ხელს, რომ სტუმრები ჩემს სახლზე გაგიჟდნენ - კომფორტი ყელში გვაქვს ამოსული, თუშეთი ასეთი რომ არის, ამიტომ მოგვწონსო. მართლაც ასეა. ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს და მარტო ფილმებში რომ მინახავს, ისე ცხოვრობენ. მეც ასე დამხვდნენ. სტუმარმასპინძლობა არ მეშლება, მაგრამ იმათ სულ გამაოცეს, ამის მიუხედავად, მაინც თუშეთი მოსწონთ. ვეღარ მოგშორდებითო, მეუბნებიან, მაგრამ პანდემიამ გზები ჩაუკეტა და ჩემს მეგობრებს თუშეთი მოანატრა, მე კი - სტუმარი. შეწუხებულები მწერენ, როდის იქნება, რომ ისევ გესტუმროთო და ვერაფერს ვპასუხობ.

- და სადარდელად ბანკის ვალიც დაგემატათ, არა? - კი, რა თქმა უნდა. ეგ ვალი ამ ჩემი "სასტუმროსთვის" მქონდა აღებული. მაგრამ ვითომ პანდემიის გამო რა შეღავათიც გამიწიეს, იმასაც პროცენტით მთხოვენ დასაბრუნებლად.

- კაცი იმედით ცოცხლობს. ეგებ საზღვრები წელს მაინც გაიხსნას, თუმცა თუშეთში ელექტროენერგიაც არ გაქვთ. რატომ? ეს საკითხი დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა? - როგორ არა! ეგ კი არა, გასულ საუკუნეში იყო თუშეთში დენი, მაგრამ მერე სადენები დაწყდა, ბოძები წაიქცა და აღარ გვიკეთებენ. ვართ ასე, ტრანსფორმატორებსა და ლამპებზე. უფრო - ლამპებზე. მეც ღამღამობით ლამპის შუქზე ვკითხულობ. უამრავი წიგნი მაქვს. ორი წლის წინ ბიბლიოთეკა მოვაწყვე. ბავშვები რომ ამოდიან ზაფხულობით, ისინიც კითხულობენ ამ წიგნებს და ეგ მიხარია.

ხომ ყველამ იცით, რომ თუშეთის გზა სიკვდილისაა და მიხედვა უნდა. XXI საუკუნეში გზის გაკეთება ასე რატომ უნდა ჭირდეს? მაგრამ არაო, ვერ გაგიკეთებთო! სტუმარი თუშეთში ისედაც ხომ მოდისო! არადა, რამდენი ხალხი გვეხოცება! ორი წლის წინ თუშეთის გზაზე ჩემი მეგობარი თუშიც დაიღუპა, ის კაცი, ვინც თუშური სიპი ქვის ხელობა მასწავლა.

- თუშური ქვით შენება იცით? მშრალი წესით, უდუღაბოდ? ეგ ხელობა მე უკვე მივიწყებულ მეგონა. - არ არის მივიწყებული, მაგ ხელობით ახლა უფრო შენდება თუშეთი. ჩვენცა და სტუმრებსაც სწორედ თუშური ქვით ნაშენი სახლები მოგვწონს, ოღონდ ეგ არის, რომ ქვის ოსტატები შემოგველია. დაღესტნელებმა იციან ეგ ხელობა და ეგენი გადმოჰყავთ თუშებს მუშებად. იმიტომაც მომინდა ამ საქმის სწავლა.

- დაღესტნელები? სულ ის მესმის, ქართველები მივდივართ უცხოეთში სამუშაოდო. თურმე ჩვენთანაც მოდის ვიღაც.

- როგორ არა. თუშებს ძალიან ხშირად გადმოჰყავთ დაღესტნელები მუშებად. ისინიც იმიტომ გვეტანებიან, რომ ეგ სამუშაო ძვირადღირებულია, რადგან ბოლო დროს თუშეთი შენდება. ახლა ამ საქმის მოწაფე მეც მეყოლება - ერთმა დუშეთელმა ბიჭმა გაიგო, რომ ხელობა ვიცოდი და მთხოვა, ნუ დაიზარებ, მეც წამიყვანე ომალოში, მეც მინდა სიპი ქვით შენება ვისწავლოო. გამიხარდა. არ არის ადვილად სასწავლი მშრალად შენება, უცემენტოდ და უდუღაბოდ. ისე უნდა აშენო, როგორც ჩვენი კოშკებია ნაგები - საუკუნეები არ უნდა დაინგრეს, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, ისწავლის.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ის დროც უეჭველად მოვა, როდესაც თუშეთში გზას გაიყვანენ, შუქიც იქნება, საზღვარიც გაიხსნება და სტუმარიც დაბრუნდება. თქვენ კი დიდი მადლობა, რომ შორიდან გვაიმედებთ სიცოცხლით. - მეც მადლობელი ვარ. იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.