"ხელოვან ხალხს ძალიან გაუჭირდა, ჩემი ზოგი კოლეგა "გლოვოში" მუშაობს, ზოგი "ვოლტში", ზოგი მშენებლობაზე, ზოგი სად და ზოგი სად" - კვირის პალიტრა

"ხელოვან ხალხს ძალიან გაუჭირდა, ჩემი ზოგი კოლეგა "გლოვოში" მუშაობს, ზოგი "ვოლტში", ზოგი მშენებლობაზე, ზოგი სად და ზოგი სად"

"ხელოვან ხალხს ძალიან გაუჭირდა, ზოგი ჩემი კოლეგა "გლოვოში" მუშაობს, ზოგი "ვოლტში", ზოგი მშენებლობაზე, ზოგი სად და ზოგი სად"

საიდან მოდის ნამდვილი, ხალასი იუმორი, რომლის გარეშე ცხოვრება ძალიან რთული იქნებოდა? - ამ შეკითხვაზე მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს ერთადერთი პასუხი აქვს - ხალხისგან. "საქართველოს ყველა კუთხეს უნიკალური იუმორი აქვს, მაგრამ ბათუმი და აჭარა ამ მხრივ მაინც გამორჩეულია", - გვითხრა მან ინტერვიუს დასაწყისში.

- ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია, იქ გავიზარდე და კარგად ვიცი, რომ ბათუმური იუმორი განსაკუთრებულია, რატომ? - ამ ულამაზეს ქართულ ქალაქში გურულები, აჭარლები და იმერლები ცხოვრობენ, ამიტომ იქაური იუმორი ნაზავი იუმორია. ეს ცოტა უცნაური სინთეზია, მაგრამ კარგი. მოგეხსენებათ, ამ ცხოვრებაში პრობლემები არ ილევა და ჩემი ქალაქი ყველაფერს იუმორით უყურებდა და უყურებს. ბათუმელებს ნაღდი ძარღვიანი იუმორი აქვთ.

ბავშვობიდან დავიწყებ, როცა ბათუმში ყველას სახლის კარი ღია იყო და ნებისმიერ მეზობელს შეეძლო შემობოდიალება, ერთი თავი ხახვი და ტაფა ესესხა და აღარ მოეტანა, სანამ შენ არ შებოდიალდებოდი და არ წამოიღებდი. 45 წლის ვარ, მაგრამ ახლაც თბილად მახსენდება ყოველ საღამოს მეზობლების შეკრება, ლოტოს და კარტის თამაში - ასეთი თავყრილობის დროს ისეთი კვიმატი ხუმრობები და საინტერესო აზრები იბადებოდა, რომელთაც გაფაციცებული ვუსმენდი და ვითვისებდი.

- როგორ ხუმრობდნენ ბათუმელები თქვენს ბავშვობაში? - ძირითადად, ეს ნამდვილი ამბები იყო, რომელიც მერე ხალხში ანეკდოტად ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ისტორია მახსენდება: ბათუმში მანქანამ ორი კაცი გაიტანა, სამწუხაროდ, ერთი დაიღუპა. მეორე კი გადარჩა, მაგრამ ყველაფერი დალეწილი და დამტვრეული ჰქონდა. მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ორივე ერთ მანქანაში ჩასვეს. ზის მიცვალებულთან ახლოს ის, რომელსაც ყველაფერი დამტვრეული აქვს და გამწარებული ყვირის: არიქა, მიშველეთ, ფეხი მტკივა, ყური მტკივა, ცხვირი მძვრებაო... მოუტრიალდა მძღოლი და აჭარული კილოთი "ტკბილად" უთხრა:

- რა გაყვირებს, ძამია, აგერ კაცი სულ მოკვდა და ხმას არ იღებს, შენ რაცხა ყური მოგძვრა და ფეხი მოგტყდა, დიდი ამბავიო.

ყველა ქალაქს ჰყავს ერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველა "გიჟს" ეძახის, მაგრამ მის საქციელს რომ დაუკვირდები, ბევრზე ჭკვიანია. ბათუმშიც გვყავდა ასეთი კაცი, რომელსაც ყველა "ბრინჯოს" ეძახდა. გორბაჩოვმა "პერესტროიკა" რომ წამოიწყო, ბრინჯომ კაბა და ლამაზი კოლჰოტები ჩაიცვა და საქვეყნოდ გამოაცხადა, მეც "პერესტროიკას" ვიწყებო. ასე, ქალივით გამოპრანჭული დადიოდა ბრინჯო მთელ ქალაქში და ხალხს აცინებდა.

კიდევ ერთი ასეთი უცნაური კაცი გვყავდა, მეტსახელად "ნოვოსტი". მოისმენდა წინაღამეს ახალ ამბებს, მეორე დღეს ქუჩებში დადიოდა და ყვიროდა. ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე ადრე უშიშროების თანამშრომლები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. ახლა იქ ბანკია, მაშინ კი ყველას ეშინოდა, მთავრობაზე აუგი არ წამოსცდენოდა. ერთხელაც ჩამოიარა "ნოვოსტიმ" გრიბოედოვის ქუჩაზე და რუსულად გაჰყვირის, ლენინ უმერ, ლენინ უმერო! მოკლედ, უშიშროების თანამშრომლებს ახარა, ლენინი მოკვდაო...

საღამოსპირია, ყველა ფანჯრებშია გადმომდგარი, "ნოვოსტის" უსმენენ და მის ყვირილზე ერთობიან. ამანაც, რომ შეხედა ყველა ყურადღებით უსმენდა, მოულოდნელად მიაყოლა, ძაღლი მიაკვდა სულშიო.

უნდა გენახათ, როგორ ჩაკეტა ყველამ ფანჯარა და სახლში შეიმალა... ვითომ არაფერი გაუგონიათ.

აბა, რა გითხრათ? - ამ ამბებს დღესაც სიყვარულით ვიხსენებ, რადგან ეს ჩემი ბავშვობაა.

- საქართველოს რომელ კუთხეში გაგონილი ხუმრობები მოგწონთ ყველაზე მეტად? - გურული იუმორი განთქმულია, რადგან ისინი წინასწარ კი არ ფიქრობენ, სიტუაციის მიხედვით ამბობენ რაღაცას, კვიმატს და სასაცილოს. ვხუმრობ ხოლმე, გურულებს აბდლური იუმორი აქვთ-მეთქი. გურული უცბად წამოიძახებს, მაგრამ ისე ლამაზად, ისე უხდება სიტუაციას, რომ სასწაული გამოდის. ამის დასტურად ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც 2017 წელს გადამხდა:

ჩემი შვილი ავადმყოფობდა, გამოიკვლია ექიმმა, რეცეპტი გამოუწერა და გვითხრა, აგერ, 700 ლარის წამალი კი გამოგიწერეთ, მაგრამ მაინც ბახმაროში უნდა წაიყვანოთ, იქაური ჰაერი მოუხდებაო. რაღა უნდა გვექნა, წავედით. რაღა ბახმაროში წასულხარ და რაღა შვეიცარიის ალპებში - მარტო ლამაზ ბუნებას კი არა, იქაურ ფასებსაც ვგულისხმობ. იქაურობა მართლა ულამაზესია, მაგრამ პირობები არ არის. ვცხოვრობდით პატარა კოტეჯში, რომელსაც სამკუთხედის ფორმა ჰქონდა. მე სახლის კონუსში მეძინა და რომ გავიღვიძებდი, მეგონა, მოვკვდი და კუბოში ვწევარ-მეთქი. წყალი არა, ტუალეტი - არა, კომფორტზე ლაპარაკიც ზედმეტია. ყველაზე დიდი კურიოზი კი ის იყო, რომ ამ საშინელ პირობებს ჩემი საყვარელი გურულები დოლარებში აქირავებდნენ - 500 დოლარი გადავიხადე 21 დღეში. სახლის პატრონს რომ ვუსაყვედურე, რა არის ეს, არც წყალია, არც საწოლი, არც ნორმალური პირობები-მეთქი, სრულიად მოულოდნელი, მაგრამ გენიალური პასუხი გამცა: რას იზამ, ძამა, ამფერია ბახმარო, მე ხომ ვერ შევცვლიო?!

- რა უპასუხეთ?

- გულიანად გამეცინა, სხვა რა უნდა მექნა... გურულებთან ერთად არ შემიძლია ჩემი ფავორიტი ქუთაისური იუმორიც არ ვახსენო. ამ ქალაქში საოცრად ხუმრობენ. თუნდაც გოგი წულაია რად ღირს - ერთხელ თქვა, დროშა ვერ დაკიდენო და, სერიოზულად ნათქვამი ეს სიტყვები ცოცხალ ანეკდოტად იქცა. კახელების იუმორიც ხომ განთქმულია, მაგრამ რა ვქნა, კახეთის ხსენებაზე მხოლოდ მათი სუფრა მახსენდება და იუმორი სულ მავიწყდება. საოცარი მასპინძლობა იციან, თუმცა ხუმრობაც არანაკლებ ეხერხებათ.

- ბატონო ხვიჩა, ძალიან კვიმატი ხუმრობები გავრცელდა კარანტინის დროს, თქვენც ასე ფიქრობთ?

- დიახ, ეს მძიმე პერიოდი ხალხმა სწორედ იუმორით გადალახა. ეს ერთი წელია, მეც დისტანციურ სწავლებაზე გადავედი. ძნელია გიტარის დაკვრის ინტერნეტით სწავლება. ონლაინგაკვეთილებს სად აღარ ვატარებდი - ამერიკაში, კანადაში, რუსეთში, საბერძნეთში... ჩემი მოსწავლეების უმეტესობა ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ რამდენიმემ ქართული არ იცის და მეც ვცდილობ ინგლისურად ავუხსნა. როგორია, ზის გამოწყობილი მოსწავლე, წელს ზევით ყველაფერი რიგზე აქვს, და ამ დროს ფეხები ტაშტში აქვს ჩაწყობილი, ან ახალი გაღვიძებულია და საწოლიდან გესაუბრება. ზოგჯერ ჩემი მოსწავლეებიც ცუღლუტობენ: გაშეშდებიან ხოლმე და ამბობენ, მასწ, სკაიპმა გაჭედაო. ძნელია, მაგრამ რას ვიზამ, ეს არის ჩემი პური. ხელოვან ხალხს ძალიან გაუჭირდა, ზოგი ჩემი კოლეგა "გლოვოში" მუშაობს, ზოგი "ვოლტში", ზოგი მშენებლობაზე, ზოგი სად და ზოგი სად.

- როგორც ვიცი, ეს ერთი წელი ტყუილად არ დაგიკარგავთ - კულინარიაში დახელოვნდით...

- უცნაურია, მაგრამ კარანტინის დროს აღმოვაჩინე, რომ კულინარობის საოცარი ნიჭი მქონია. "იუთუბზე" ბლოგიც კი შევქმენი - "კაცი ვიცი მე კუხნაში". სხვათა შორის, პოპულარული გახდა, უკვე ბევრი მნახველი ჰყავს. აი, ასე, ჩემს ხალხსა და მოსწავლეებთან ერთად გავუძელი კიდევ ერთ განსაცდელს. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან სიცოცხლე გრძელდება და მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მშვენიერია.

ხათუნა ჩიგოგიძე