"შეკვეთის წყალობით, ერთი წლის უნახავი ბიძაშვილი მოვინახულე" - ერთი დღე კურიერის ამპლუაში - კვირის პალიტრა

"შეკვეთის წყალობით, ერთი წლის უნახავი ბიძაშვილი მოვინახულე" - ერთი დღე კურიერის ამპლუაში

"პირველი შეკვეთის წარმატებით შესრულებამ თავდაჯერებულობა შემმატა. ამ ფიქრებში გართულს კიდევ ერთი შეტყობინება მომივიდა და მეც მოპედს მოვაჯექი"

დღეს, როცა პანდემიის გამო რესტორნების უმრავლესობა მიტანის სერვისზეა გადასული, გადავწყვიტე პროფესია კიდევ ერთხელ შემეცვალა და ერთი დღით კურიერი" გავმხდარიყავი. ჩემი ერთდღიანი ისტორია 09:30 საათზე დაიწყო. ჩავრთე ჩემი სმარტფონი, ჩავიცვი თბილი ტანსაცმელი, გავიკეთე პირბადე, დავქოქე მოპედი, დავიხურე ჩაფხუტი და მოვიკიდე თერმოჩანთა. დღეს უჩვეულოდ ცივა, ჩემი მუშაობის პირველი დღეა და ვნერვიულობ კიდეც. წინასწარ გამაფრთხილეს, სანამ უბნებს კარგად გავიცნობდი, კარდაკარ და წრეზე სიარული ხშირად მომიწევდა, რადგან ყველა კორპუსს ნომერი არ აწერია და ახალბედებს, როგორც წესი, ალღო უმტყუნებს ხოლმე.

- აი, პირველი შეტყობინებაც შემოვიდა. მოპედის ძრავა გავახურე, ჩანთას ქამარი გადავუჭირე და გზას გავუდექი. ჯერ რესტორანში და შემდეგ მომხმარებელთან უნდა მივსულიყავი. გამიმართლა, გზაზე საცობები არ იყო. ერთი შუქნიშანი გავიარე, შემდეგ მეორე, მეორეს მესამეც მოჰყვა.

შვიდ წუთში რესტორნის კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი. გარეთ გოგონამ გამომხედა, მართალია, სახე არ დამინახავს, მაგრამ ლამაზ ცისფერ თვალებს კი შევეფეთე. თეთრი წინსაფარი და თეთრი ქუდი ძალიან ამშვენებდა. მივესალმე, და შეკვეთის სახელწოდება ვუთხარი. მალე ქათმის ფრთები, პიცა და კოკა-კოლა ჩემს ჩანთაში ეწყო. რესტორნიდან დაახლოებით ნახევარკილომეტრიანი გზა მქონდა გასავლელი. ვიფიქრე, იოლი საქმეა-მეთქი და სწორედ ამ დროს ჩემს ზურგს უკან ძაღლების ყეფა გაისმა. მივიხედე და ჩემკენ მომავალი კაი ზორბა ძაღლი დავინახე.

შეშინებულმა მოპედი სასწრაფოდ დავქოქე და იქაურობას გავეცალე. მცირე მანძილი რომ გავიარეე, მობილურს ჩავხედე, უკვე მითითებულ მისამართს ვუახლოვდებოდი. მომხმარებლის ნომერი სწრაფად მოვძებნე და დავურეკე, ქალის ხმა მომესმა - გისმენთ. "- თქვენი შეკვეთა მოვიტანე, რომელ სადარბაზოში უნდა შემოვიდე და რომელ სართულზე?"მოკლედ, მონეტა ჩავაგდე, ღილაკს დავაჭირე და ჩანთა მოვიხსენი. ლიფტის კარი ჭრიალით გაიღო. ქალბატონს თავაზიანად მივესალმე და შეკვეთა მივაწოდე, წესისამებრ, გემრიელად მირთმევაც ვუსურვე. პირველი შეკვეთის წარმატებით შესრულებამ თავდაჯერებულობა შემმატა. ამ ფიქრებში გართულს კიდევ ერთი შეტყობინება მომივიდა და მეც მოპედს მოვაჯექი.

შუქნიშანთან გავჩერდი, პატრული მოძრაობას არეგულირებდა. მზე უკვე ზენიტშია, მაგრამ ვერ ათბობს, უჩვეულო სუსხია, ისეთი, როგორიც ზამთარს შეეფერება. ჯი-პი-ესს დავხედე, რუკა 300 მეტრში მიჩვენებდა დანიშნულების ადგილს. მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი ჩავრთე, მოსახვევში შევედი და რესტორნის წინ გავჩერდი. შეკვეთა სწრაფად ავიღე და კიდევ ერთი ადამიანის დასაპურებლად გზას გავუდექი.

გზამკვლევი ჯერჯერობით მშველის, რუკას კიდევ ერთხელ დავხედე და აი, სულ რომ აღარ მახსოვდა საცობები, სწორედ იმ წუთას მანქანების რიგში გავიჩხირე. ჩემ წინ ნაცრისფერი ჯიპი დგას, უკანა სავარძლიდან პატარა ბიჭი და გოგო ხელს მიქნევენ, თან მიღიმიან, მეც ვუღიმი. 15-წუთიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, საცობიდან გავაღწიე და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით მივედი. მესამე სართულზე ფეხით მომიწია ასვლამ, რადგან ლიფტი დაზიანებული იყო. გარეთ შუახნის მამაკაცი გამოვიდა, ხელში ჩიბუხი ეჭირა და აბოლებდა. ლიფტის გამო მომიბოდიშა და მკითხა, რა ხდება ქვეყანაზეო. შევატყვე, საუბრის გაბმა სურდა, მისი გულის ტკენა არ მინდოდა და ცალყბად მივუგე, - აბა, რა გითხრა, ძიაკაცო, მთელი დღე მოტოციკლზე ვზივარ და ქუჩაში დავქრივარ, თუ რამე ხდება, ნამდვილად უჩემოდ-მეთქი. გამიღიმა და მხარზე ხელი დამადო. მეც თავაზიანად დავემშვიდობე და კიბეზე ჩავირბინე. უცებ გამახსენდა, რომ მოპედში საწვავი არ ჩამისხამს, ამიტომ უახლოეს ავტოგასამართ სადგურთან გავჩერდი და საწვავის ჩასხმის მოლოდინში კიდევ ერთ შეკვეთას გავეცანი.

"კურიერობის" პირველი დღე იმაზე უფრო დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. დღის ბოლოსკენ მივხვდი, რომ ქანცგაწყვეტილი ვიყავი და შეკვეთების მიღებაც შევწყვიტე. მაგრამ ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, მიუხედავად დამღლელი დღისა, კურიერად მუშაობა საინტერესოც არის, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წუთით ადამიანების ცხოვრების ნაწილი ხდები. და თუ მომსახურებით კმაყოფილები არიან, გიღიმიან და შენც კარგ ხასიათზე დგები.

პ.ს. რას ვიფიქრებდი, თუ მუშაობის პირველსავე დღეს სასიამოვნო სურპრიზი მელოდა... თითქოს არაფერი, მაგრამ შეკვეთის წყალობით, პანდემიის გადამკიდე ერთი წლის უნახავი ბიძაშვილი მოვინახულე. აი, ასეც ხდება!

ზურა სოლომნიშვილი