"ცნობილ ამერიკულ ოფისებთან დისკით ხელში ორი საათი ვიდექი, რომ ვინმეს შევემჩნიე" - ვინ არის ბრიტანეთში წარმატებული ქართველი მომღერალი - კვირის პალიტრა

"ცნობილ ამერიკულ ოფისებთან დისკით ხელში ორი საათი ვიდექი, რომ ვინმეს შევემჩნიე" - ვინ არის ბრიტანეთში წარმატებული ქართველი მომღერალი

ქართველი მომღერლის წარმატება "ბითლზის" ქვეყანაში

ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა ეკატერინე გოგლიძემ ახალი აუდიო და ვიდეოსინგლი გამოაქვეყნა, რომელსაც ინგლისელი მსმენელი მოუთმენლად ელოდა. სიმღერას Changes ჰქვია და უკვე რამდენიმე ქვეყნის მთავარ რადიოტალღაზე ჟღერს. ქეთი მელუას შემდეგ ლონდონიდან კიდევ ერთმა ქართველმა გააოცა მსოფლიო. ეკას რჩეული ჟანრი პოპროკია, თავისუფალმა სტილმა და ხავერდოვანმა ხმამ კი ქართველი გოგონა ბრიტანელების ფავორიტად აქცია. პროფესიით ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მუსიკასა და ტექსტს თავად წერს. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული "ბითლზის" მშობლიურ ქვეყანაში აღიარების მოპოვება, თავად ეკატერინე გოგლიძე მოგვითხრობს.

"მეგობრებთან ერთად კოლეჯიდან კონკურსზე გავიპარე"

- კემბრიჯის სკოლაში ვსწავლობდი, როცა ხმის ჩამწერმა სტუდიამ კონკურსი გამოაცხადა - არტისტები უნდა შეერჩიათ. ჩემი მონაცემების გაგზავნის შემდეგ შეხვედრა დამინიშნეს, მაგრამ კემბრიჯის სკოლის ტერიტორიიდან გასვლა გვეკრძალებოდა, ამიტომ მე და ჩემი მეგობრები გავიპარეთ და სტუდიაში მივედით. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემს მეგობრებს მუსიკასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ თანადგომის გამოსახატავად გამომყვნენ. ერთმა უთხრა, მე მენეჯერი ვარო, მეორემ - ფინანსურ საკითხებს ვაგვარებო. ვიმღერე და აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვე. ეს იყო ძალიან ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდია, მათთან "ბითლზი" და დევიდ ბოუი თანამშრომლობდნენ. კონკურსის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამან გამიღვივა ჟინი, მუსიკას დავბრუნებოდი და მხოლოდ სწავლაზე არ მეფიქრა. მერე სხვა სტუდიასთან დავიწყე თანამშრომლობა. სწორედ ამ პერიოდში მოხვდა ჩემი სინგლი ბი-ბი-სის რადიოში. ბი-ბი-სიზე მოხვედრა არაინგლისელისთვის ძალიან რთულია.

მე მაშინ მოქალაქეობაც არ მქონდა. რადიოში რომ გაეშვათ ჩემი სიმღერა, დამირეკეს და მთხოვეს, იქნებ პირდაპირი ეთერი ჩაწეროო. ეს გახდა ჩემთვის ძალიან დიდი პლატფორმა წარმატებისკენ. ამის შემდეგ ყველა ჩემი სინგლი ბი-ბი-სის გარდა საფრანგეთის, ამერიკის, კვიპროსის და შვეიცარიის რადიოებში ტრიალებს. ახლა უკვე მყავს ჩემი მენეჯერი, ახალ სინგლზე კი გრემის მფლობელ პროდიუსერთან, ტომასო კოლივასთან ერთად ვიმუშავე.

"ყველაზე რთულია გზა აღიარებისკენ"

- ინგლისში რომ ჩავედი, ჩემი მიზანი იყო გამეცნო ის ადამიანები, ვინც მუსიკალურ კარიერაში დამეხმარებოდნენ და სწორედ ეს იყო შეცდომა, რადგან ჯერ უნდა შექმნა შენი მუსიკა და მხოლოდ შემდგომ იფიქრო კონტაქტებზე. ჩემი დიდი აქტიურობის შედეგად მოვხვდი ბი-ბი-სის რადიოში. დიჯეი წყვეტს, რომელი სიმღერა გაისმას რადიოში. ის დღეში სულ ცოტა 8 000 ან 9 0000 სიმღერას იღებს სხვადასხვა არტისტისგან. ზოგიერთ მეილს არ ხსნის და მუსიკასაც არ უსმენს, ამიტომ შენი სინგლის რადიოში მოხვედრის შანსი იკარგება.

ბრიტანეთში ძალიან რთულია, შეგამჩნიონ. ბი-ბი-სის დიჯეის დღის განმავლობაში 30 წერილს ვუგზავნიდი, ვურეკავდი, რომ საფოსტო ყუთი შეემოწმებინა... ბოლოს ნახა, მოიწონა და მას შემდეგ ყველა ჩემი სიმღერა რადიოში ტრიალებს.

სანამ გამიცნობდნენ, კინოფილმებისა და ტელეგადაცემის ამერიკული კომპანია Warner Bros-ის ან Sony Music-ის ოფისებთან მივდიოდი და ჩემი დისკით ხელში ორი საათი ვიდექი, რომ ვინმეს შევემჩნიე. ამ მეთოდმა არ გაამართლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს გამცრუებია იმედი. ყველაფერი მაშინ გაადვილდა, როცა მომცეს ვიზა, სახელწოდებით "პასპორტი-ტალანტი. ამ ვიზას ერთ ჯერზე მხოლოდ 11 ადამიანს აძლევენ და იმედი არ მქონდა, რომ მეც მათ რიცხვში მოვხვდებოდი, რადგან ამისთვის ძალიან მკაცრი კრიტერიუმები აქვთ, თუმცა მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენელთა რეკომენდაციები დამეხმარა და ვიზა მომცეს, რის შემდეგაც ჩემი გზა წარმატებისკენ უფრო გაიხსნა.

"შეყვარებული ვარ ლეჩხუმზე"

- საქართველოში როდესაც ჩამოვედი, პანდემიის გამო ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ამიტომ ჩემი ძალისხმევით გადავიღე კლიპი, რომლის პრემიერაც უკვე გაიმართა. თვითონ ვწერ მუსიკასაც და ტექსტსაც.

ინსპირაცია ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს. ტელეფონზე საუბრისას მეგობარმა ერთი ძალიან სევდიანი ფრაზა თქვა. სწორედ ეს ფრაზა გახდა ინსპირაცია და ახლახან ახალი სიმღერა დავწერე. ბრიტანელი მსმენელი ძალიან თავისუფალი და კეთილგანწყობილია. ახალ ტალანტებს ხელს უწყობენ, მაგრამ ძალიან დიდი კონკურენციაა.

რამდენიმე წელიწადში ჩემს თავს როგორ ვხედავ? იდეალური იქნებოდა ძალიან დიდი კონცერტი ინგლისში, კონცერტის შემდეგ კი საქართველოში ჩამოსვლა და ლეჩხუმში, ჩემს ფერმაში დასვენება. პირველად საქართველოს 14 წლისა ვესტუმრე. როგორც კი ფეხი ჩამოვდგი, ლეჩხუმში წამიყვანეს და მას შემდეგ შეყვარებული ვარ ამ მხარეზე.