"ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ..." - რას ამბობს ცერცვაძე "მესამე ტალღაზე", კომენდანტის საათსა და კოვიდის ანტივირუსულ წამალზე - კვირის პალიტრა

"ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ..." - რას ამბობს ცერცვაძე "მესამე ტალღაზე", კომენდანტის საათსა და კოვიდის ანტივირუსულ წამალზე

"ველოდებით, რომ მსოფლიოს წლის ბოლომდე ახალი ანტივირუსული მოქმედების წამალი ექნება"

ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილება მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ მარტის ბოლოს ვაქცინის რამდენიმე სახეობა შემოვა და წლის ბოლომდე გეგმა - აიცრას მოსახლეობის 60%-ზე მეტი, შესრულდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა კომპანიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ვაქცინის მოწოდებაზე.

- ამ ეტაპზე "კოვიდ-19"-ის მართვა სტაბილურია. ბოლო ხანებში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 400 კაცს არ ასცდენია. ზოგჯერ 100-დან 200-მდეც არის. გასული ზაფხულის შემდეგ ასეთი მშვიდი ეპიდვითარება არ გვქონია. კლინიკური სექტორი გადატვირთული აღარ არის როგორც ადრე, ნოემბერ-დეკემბერში.

- ახლა, როდესაც ვაქცინა იგვიანებს, რეგულაციები კი შემსუბუქებულია, არსებობს მესამე ტალღის საფრთხე?

- ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ კოვიდეპიდემიის მართვის რომელიმე ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები გვქონდა, ყველაფერს წარმატებით გავართვით თავი პირველივე დღიდან დღემდე. გაზაფხულ-ზაფხულში ჩვენ, ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომელსაც ინფიცირების ლამის ნულოვანი დონე ჰქონდა შენარჩუნებული. შემდეგში გვქონდა მატება, რასაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა მოჰყვა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იგვიანებდნენ და ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია ჭირდა, ჰოსპიტალებში საკმარისი საწოლები არ იყო და ზოგჯერ ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით ხდებოდა, ვგულისხმობ პიკის პერიოდებს, პაციენტთა მართვა ბევრად ეფექტურად ხდებოდა, ვიდრე ამერიკის ან ევროპის ქვეყნებში.

- ეს სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს?

- ამ ვირუსთან ბრძოლისთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ. ევროპის წამყვან ქვეყნებში დღეები ისე გადიოდა, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდებოდა, სასწრაფო სამედიცინო მანქანების რიგი იდგა, პაციენტებს 9 საათს, ზოგჯერ კი მეტხანს უწევდათ ლოდინი, სამედიცინო პერსონალს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კი ინსტრუქცია ჰქონდათ, რომ უიმედო პაციენტები კლინიკებში არ გადაეყვანათ, რადგან ადგილი არ იყო, არ მიეცათ ჟანგბადი იმ ინფიცირებულებისთვის, რომელთა სატურაცია 90-ზე ნაკლები არ იქნებოდა, რაც დაუშვებელია. ეს ხდებოდა ლონდონში, ლოს-ანჯელესსა და სხვა დიდ ქალაქებში. ამერიკასა და ინგლისს პიკის დღეებში პაციენტებისთვის ჟანგბადის მიწოდების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ. ჩვენ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ გვქონია, პიკის პერიოდშიც კი შეფერხებებით, მაგრამ ვითარება მაინც იმართებოდა, სუნთქვის აპარატის გამო არც ერთი პაციენტი არ დაზარალებულა. პანდემიის ყველა ეტაპზე საქართველოში გარდაცვალების ჯამური მაჩვენებელი ძალზე დაბალი იყო.

დღეისთვის ჩვენ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპის 46 ქვეყანაში ყველაზე დაბალი გვაქვს, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკასა და კანადაზე. ბინასა და კოვიდსასტუმროებში გარდაცვლილთა რაოდენობა 41-ს შეადგენს, რაც დასავლეთსა და ამერიკის ქვვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია, ინგლისის ოფიციალური მონაცემებით, ჰოსპიტალს გარეთ 7 000-მდე კაცი გარდაიცვალა...

რადგან საქართველოში ბოლო ხანებში ეპიდვითარება მართვადი გახდა, ამან განაპირობა რეგულაციების შემსუბუქება, დარჩენილია მხოლოდ კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები, რომლებიც იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ეს მაჩვენებელი შემცირდება... ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები, მაგრამ როდესაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ, შევახსენებ, რა ხდება ევროპის ქალაქებში, სადაც ისევ გამკაცრებულია შეზღუდვები. ეს ეხება გერმანიასაც, რომლის ჯანდაცვის სისტემაც "კოვიდთან" ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი იყო. რამდენიმე დღის წინ ანგელა მერკელი ხელისუფლების წევრებსა და პარლამენტის ფრაქციების წევრებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლა ძალიან უჭირს, სტაბილიზაციას ვერ მივაღწიეთ, ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ასობით გარდაცვლილი გვყავსო. გასაგებია, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ რეგულაციების სიმკაცრითაც ნათელია, რომ ვითარება მძიმეა და ამის დასტურია მერკელის განცხადებაც, მესამე ტალღას ველოდებით და ლოკდაუნს ვერ მოვხსნითო.

- ევროპის ქვეყნებში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, ჩვენთან კი ვაქცინის შემოტანა თვის ბოლომდე გადაიდო.

- თუ რატომ შეფერხდა ვაქცინის შემოტანა, ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ და მიზეზებს ვერ გავაანალიზებ, არც საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ თვის ბოლომდე ვაქცინაცია არ დაიწყება. საბედნიეროდ, ამას ეპიდვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. როგორც ვიცი, ვაქცინის შემოსატანად ბიუროკრატიული ბარიერები გადალახულია, როგორც "კოვაქსის" პლატფორმასთან, ასევე მომწოდებელი ქვეყნების ხელისუფლებებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები და ვაქცინის პირველი პარტია მარტის მესამე კვირას ჩამოვა.

- გულისხმობთ "ასტრაზენეკას"? - დიახ. ასევე, როგორც ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს სატელეფონო საუბარი ჰქონდა "ფაიზერის" სათავო ოფისსა და "კოვაქსის" წარმომადგენლებთან. პარალელურად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია "ნოვოვაქსთან", რომელიც ჯერ არ არის ბაზარზე, მაგრამ ივნისში შემოვა და მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინა აქვს შექმნილი. მისი შემოტანა იგეგმება ივნისში, რადგან მაშინ მიიღებს "ნოვოვაქსი"საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე. საქართველო "ნოვოვაქსს" ერთ-ერთი პირველი დაუკავშირდა. ოპონენტები გვსაყვედურობენ, რატომ დიდი ხნით ადრე არ დაიწყეთ კომუნიკაციაო, "ნოვოვაქსთან" სწორედ დიდი ხნით ადრე დავიწყეთ და სავარაუდოდ, მივიღებთ მილიონ დოზას. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტს პირველი წლის იმუნიზაციის გეგმის საკითხს.

- რით არის განსაკუთრებული ეს ვაქცინა, ერთჯერადი აცრა საკმარისია?

- არა, ჯერ ოფიციალურად არ არის ინსტრუქცია, თუმცა არსებული ინფორმაციით, "ნოვოვაქსის" ორჯერ აცრა იქნება საჭირო. წლის ბოლომდე საქართველო სხვადასხვა მწარმოებლისგან 3,5 მილიონ დოზას მიიღებს. ყველა ვაქცინას საერთაშიროსო აღიარება და სერტიფიკატი ექნება. იმედია, მიმდინარე წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასი კაცი აიცრება, რაც მოსახლეობის 60%-ს შეადგენს.

ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური გზაა, თუმცა არა ერთადერთი, პარალელურად უნდა შენარჩუნდეს ყველა რეგულაცია.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია დაიწყება, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. ვიცი, რომ პირბადეების ტარება შემცირდა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოსახლეობის ნაწილი იმეორებს იმ შეცდომას, რაც ზაფხულში დაუშვა - რადგან ვითარება სტაბილურია, პირბადეები მოიხსნეს და დისტანციაც შეამცირეს. არადა, მიღწეული შედეგის შენარჩუნების ერთ-ერთი წინა პირობა პირბადის ტარებაა, ვაქცინაციის კი არა, პანდემიის დასრულებამდე.

ეს უნდა გავაკონტროლოთ, თორემ იმავე წერტილს დავუბრუნდებით. გარდა ამისა, უკვე მიმდინარეობს 4-5 ანტივირუსული მედიკამენტის კლინიკური გამოცდა და ველოდებით, რომ მსოფლიოს წლის ბოლომდე ახალი ანტივირუსული მოქმედების წამალი ექნება. ეს იქნება "კოვიდ-19"-ის დამარცხების გზა, რადგან ცნობილია, რომ ვაქცინას ყველა ვერ გაიკეთებს, ზოგი უარს იტყვის, რაც მოსალოდნელია, მაგრამ ჩვენ სწორი კამპანია უნდა წარვმართოთ, რათა მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინას დაცვის 100%-იანი ეფექტი არა აქვს, შესაძლოა აცრილთა თუნდაც მცირე ნაწილი ისევ დაინფიცირდეს, ოღონდ მსუბუქი ფორმებით.

კიდევ ერთი - არ არის დაზუსტებული, რამდენ ხანს იცავს ვაქცინა ადამიანს ვირუსისგან. ამიტომ არის საჭირო მედიკამენტის შემოტანა, რომლითაც პაციენტი განიკურნება, ვირუსის გადამტანიც არ იქნება, ანუ მას ორმაგი დანიშნულება ექნება.

- ბრიტანული შტამის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ მისი გავრცელების საფრთხეზე? - ის ინგლისიდან სწრაფად გავრცელდა ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და "კოვიდ-19"-ისგან იმით განსხვავდება, რომ სწრაფად ვრცელდება, თუმცა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს და არც მძიმე პაციენტების რაოდენობა გაზრდილა. წინასწარი მონაცემებით, უკვე არსებული ვაქცინები ადამიანს ბრიტანული შტამისგანც იცავს, თუმცა ეს მეცნიერულად დაზუსტებული არ არის. საქართველოში სულ 3 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათთან კონტაქტში მყოფი ადამიანები დაითვალეს და 31 აღმოჩნდა. ასე რომ, ეს შტამი საქართველოში ჯერჯერობით ძალზე ცოტა რაოდენობით არის და იმედია, ასეთ სურათს შევინარჩუნებთ.