"თუ ვაქცინის შემოტანა ისევ გადავადდა, ჯანდაცვის მენეჯმენტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს" - კვირის პალიტრა

"თუ ვაქცინის შემოტანა ისევ გადავადდა, ჯანდაცვის მენეჯმენტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს"

"პირბადის ტარება, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებები ისევ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა კიდევ ერთხელ არ მივიღოთ "აჭარა"

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვაქცინის შემოტანის კიდევ ერთხელ გადადებას და ვინ არის პასუხისმგებელი, ამის შესახებ ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე გვესაუბრა.

- აქამდე ვაქცინა რომ ვერ მივიღეთ, დაუდევრობისა და არაკომპეტენტური მიდგომის ბრალია. სახელისუფლებო წრეებიდან ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ვაქცინის შემოტანაზე ლაპარაკობდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კი არა, ჯანდაცვის მინისტრი ან პრემიერი უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ამ საქმეზე, რადგან ასეთი რთული ამოცანა საქართველოს არასდროს ჰქონია.

გიორგი გახარიამ რომ დაიხურა ქუდი და წავიდა, ჩემდა გასაკვირად, მის ამ ჟესტს ნახევარი საქართველო, მათ შორის, ხელისუფლება-ოპოზიცია, ლამის ოვაციებით შეხვდა და ზოგიერთმა გმირადაც გამოაცხადა, არადა, ის არ წასულა, გაიქცა, თავი აარიდა ჩაგდებულ ეკონომიკასა და ვაქცინაციის პროცესს. თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავად რეკავდა და არკვევდა დეტალებს, ჩვენს პრემიერს რატომ არ უნდა აეღო მეტი პასუხისმგებლობა?.. ახლა ისრაელი ვაქცინაციის მხრივ ნომერი პირველი ქვეყანაა, ფაქტობრივად, ბოლოში გავიდნენ. თუმცა აცხადებენ, ისრაელში მოიმატა შემთხვევებმაო, მაგრამ იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება. 9 მილიონზე მეტ კაცი უკვე აცრილია... სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებიც კი აცრეს და ჩვენ ახლა დავიწყეთ ხელშეკრულებების დადება.

- ზოგმა ჩინური და რუსული ვაქცინა იყიდა, რომელთა შესახებ მეცნიერულ წრეებში კითხვები არსებობს.

- დიახ, მაგრამ ხელისუფლებებმა დაუსაბუთეს თავიანთ მოქალაქეებს, თუ რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს ვაქცინა და მათაც დაუჯერეს. ამ მხრივ ჩვენ უპირატესობა გვაქვს, რადგან კარგი კანონი გვაქვს და მისი დამსახურებით საქართველოში ყველანაირი ვაქცინა ვერ შემოვა, მხოლოდ ავტორიზებული უნდა იყოს, უნდა აკმაყოფილებდეს კვლევებს, ჯანმოს ნებართვებს, ავტორიზაცია გავლილი ჰქონდეს ამერიკაში, ევროპაში. ვფიქრობ, რისკები არ გვექნება, მაგრამ მთავარია, დროულად შემოვიდეს.

- ვაქცინის მარტის ბოლოს დაგეგმილი შემოტანაც შეიძლება შეფერხდეს?

- იმედია, ხელშეკრულებები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანასთან და კომპანიასთან გააფორმეს, არ ჩაიშლება და "კოვაქსთან" დაშვებულ შეცდომას არ გაიმეორებენ. სულ ორი-სამი თვის წინ მძიმე ეპიდვითარება გვქონდა და როგორ დაუშვეს, რომ მხოლოდ "კოვაქსზე" იყვნენ ორიენტირებული, რომელიც საჭიროების სულ რაღაც 20%-ს ფარავდა. რა მნიშვნელობა აქვს, როდის დავიწყებთ, მთავარია, დროულად დავასრულოთო. ამასობაში მესამე ტალღა რომ დაიწყოს, მაშინ რას ვიზამთ?!

ამიტომ, რაც შეიძლება დროულად უნდა აიცრას სამედიცინო პერსონალი, 65% კი არა, ყველა, მათ შორის, ოჯახის ექიმები და სტომატოლოგებიც, რაც მთლიანობაში 70 000 კაცზე მეტია. ამას ემატება მძიმე, ქრონიკული პაციენტებიც.

გვპირდებიან, რომ 29 მარტამდე დაიწყება პირველი ეტაპი. ექიმების აცრა, ანუ პირველი ეტაპი, უკეთეს შემთხვევაში მაისის შუა რიცხვებში დასრულდება, რადგან ვაქცინის მიღების მეორე ეტაპს, 4, 6 ან 8 კვირა სჭირდება და ღმერთმა ნუ ქნას, შუა გაზაფხულზე მესამე ტალღა დაიწყოს. იმედია, ეს რისკები ჩვენს ჯანდაცვის სისტემას გათვლილი აქვს. თუ ვაქცინის შემოტანა ისევ გადავადდა, სამედიცინო ჯანდაცვის მენეჯმენტი სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.

- ოპოზიციური წრეები რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბრობენ.

- რეგულაციები უნდა გაძლიერდეს, მაგრამ შეზღუდვები შემსუბუქდეს. თუ რომელიმე რესტორანი ან სავაჭრო ცენტრი რეგულაციებს დაარღვევს, უნდა დაჯარიმდეს და დაიხუროს, რათა ზაფხულის შეცდომა არ გავიმეოროთ. მაშინ მიშვებულმა კონტროლმა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ახლა ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ ზამთრის კურორტები გაიხსნა და საბაგიროები ისევ დაკეტილია. რა გაუხდათ ამ გონდოლების გაკონტროლება, 10 კაცის ნაცვლად 5 ჩასვან, დისტანცია რომ დაცული იყოს და მორჩა. ეს არის მენეჯმენტის მართვის პრობლემა. ხელისუფლების წევრების სამეგობროსთვის ხომ შეიძლება გამონაკლისის დაშვება, ქორწილების და დღეობების გადახდა?..

8 მარტიდან იხსნება რესტორნები, ოღონდ კომენდანტის საათი ისევ 9 საათზე დაიწყება და მოქალაქე, რომელიც 7 საათზე ამთავრებს მუშაობას, ნეტავ რომელზე უნდა წავიდეს რესტორანში, რომ შინ დროულად დაბრუნდეს. ეს არასწორი მიდგომაა. მგონი, პარაგვაის დიქტატორი მმართველის ნარატივს იმეორებენ - მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი!.. მით უფრო, რომ ბიზნესსექტორმა ჯერ კიდევ დეკემბერში დაამტკიცა, რომ ძალზე კეთილსინდისიერად მუშაობს, როგორც კი ნიღაბს მოიხსნის მომხმარებელი, მაშინვე შენიშვნას აძლევენ. თუმცა რეგულაციები, პირბადის ტარება, დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებები, ისევ და ისევ მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რათა კიდევ ერთხელ არ მივიღოთ "აჭარა".