მსოფლიოს უდიდესი ყინულის სასტუმრო შვედეთის ერთ-ერთი საოცრებაა! - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უდიდესი ყინულის სასტუმრო შვედეთის ერთ-ერთი საოცრებაა!

შვედეთსაც ჰქონია შვიდი საოცრება და აქედან ერთ-ერთია მის ჩრდილოეთში, სოფელ იუკასიარვისთან მდებარე "აისჰოტელი" (Icehotel Jukkasjärvi). ეს მსოფლიოში პირველი და უდიდესი ყინულის სასტუმროა და მხოლოდ დეკემბრიდან აპრილამდე არსებობს. ზამთრის თვეებში ულამაზესი ჩრდილოეთის ციალი მისი სავიზიტო ბარათია.

სასტუმროს ისტორია 1989 წელს იაპონელი მხატვრების სტუმრობით დაიწყო, რომელთაც ადგილი მოეწონათ და ყინულის გამოფენა დააარსეს. 1990 წელს ფრანგმა მხატვარმა ჟანო დერიდმა ესკიმოსთა ყინულის ქოხების - იგლუს გამოფენა გამართა. ისე მოხდა, რომ იუკასიარვიში სტუმრებს ღამის გასათევი არ ეყოთ და საგამოფენო ქოხებში ღამის გატარება ითხოვეს. სწორედ ისინი აღმოჩნდნენ "აისჰოტელის" პირველი სტუმრები.

ყინულის სასტუმრო იგება კრისტალურად სუფთა მდინარე ტორნეს ყინულის 2-ტონიანი ბლოკებისგან, გაზაფხულზე კი ყველაფერი დნება და ტორნეს უბრუნდება. 6000 კვმ ფართობის მქონე სასტუმროს აგებას 27 000 ტონა ყინული და თოვლი სჭირდება. "აისჰოტელის" არქიტექტურა ყოველწლიურად იცვლება, ხოლო 50-მდე მხატვარს უნიკალური ნომრების შესაქმნელად ჟიური ირჩევს.

ბარი მდინარე ტორნეს ყინულის ჭიქებით

სასტუმროში არის მთავარი დარბაზი, ეკლესია, ყინულის ბარი, 100 ოთახი სტუმრებისთვის და სხვა სათავსებიც. ყინულისგან არის დამზადებული სქელი კედლები, მზიდი სვეტები, იატაკი, ჭერი, ასევე სავარძლები, სკამები, მაგიდები და საწოლები. პროფესიონალი მხატვრების გაკეთებულია არა მარტო ნომრები და ავეჯი, ყინულისგან არის გამოკვეთილი უამრავი დეკორაცია.

სასტუმროში არ არის ორი ერთნაირი ოთახი და ყოველი მათგანი ხელოვნების ნიმუშია. საწოლებზე ირმის ტყავებია დაფენილი, ხოლო ვინც ღამით რჩება, პოლარულ საძილე ტომრებს აძლევენ - აქ გათბობა არ არის, საძინებელში ტემპერატურა მუდმივად -5 გრადუსია ცელსიუსით.

სასტუმროში სანტექნიკაც არ არის და სტუმრებისთვის სველი წერტილები ახლომახლო თბილ კოტეჯებშია. შექმნის დღიდან სასტუმროში მილიონზე მეტი სტუმარია ნამყოფი, თუმცა სტუმრების დიდ ნაწილს ყინულის ნომრებში ღამე არა აქვს გათეული.

"აისჰოტელის" ბარი კონცეპტუალურია და მისი პარტნიორია შვედური არაყი "აბსოლუტი". სასტუმროს ბარი 1994 წელს გაიხსნა, მას რეკლამას სუპერმოდელები ნაომი კემპბელი და კეიტ მოსი უწევდნენ ჯანი ვერსაჩეს შექმნილი ყინულის აქსესუარების ფონზე. აქ სტუმრებისთვის არაყიც მდინარე ტორნეს ყინულის ჭიქებში მოაქვთ. აღსანიშნავია, რომ "აისჰოტელის" ბარის კონცეფცია შემდგომ წლებში ამოქმედდა ლონდონში, სტოკჰოლმში, კოპენჰაგენში, ტოკიოსა და ოსლოში.

ნომერი გაფორმებულია მხატვარ მაურიც ეშერის მოტივებით

მოქმედია "აისჰოტელის" ეკლესიაც, რომელიც შვედეთის ეკლესიის ნაწილია. ახლად აგებული ეკლესია ყოველწლიურად იკურთხება შობის დღესასწაულზე. ზამთარში აქ 140-მდე წყვილი ქორწინდება. 17 წელიწადში იუკასიარვის მღვდელმა იან-ერიკ კუოკსუმ 1500 წყვილი დააქორწინა და მრავალი ბავშვიც მონათლა.

რამაზ გურგენიძე