"მოპოვებული მედლების შემდეგ ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს, გამეცინა ამ ყველაფერზე, ბევრი ულოცავს ჩემს ოჯახს ჩვენს დაოჯახებას" - კვირის პალიტრა

"მოპოვებული მედლების შემდეგ ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს, გამეცინა ამ ყველაფერზე, ბევრი ულოცავს ჩემს ოჯახს ჩვენს დაოჯახებას"

"დედა მეწინააღმდეგებოდა, მეუბნებოდა, ძიუდო რად გინდა, სხეული დაგიუშნოვდებაო, მაგრამ მამა ყველანაირად გვერდით დამიდგა. ბიძაჩემის წვლილი უდიდესია ჩემს წარმატებაში"

ლენტეხში მცხოვრები 8  წლის გოგონას ოცნება, გამხდარიყო ძიუდოსტი, მხოლოდ აკვიატება არ ყოფილა. ეთერ ლიპარტელიანმა, ძალიან ახალგაზრდამ შეძლო პროფესიული მწვერვალების დაპყრობა. სწორედ ის აღმოჩნდა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც 20 წლის ასაკში ევროპის  და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სპორტსმენმა თელ-ავივის გრან სლემზე ოლიმპიური ლიცენზია ბრინჯაოს მედლით მოიპოვა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიუახლოვდება მთავარ მიზანს, გახდეს ოლიპიური ჩემპიონი.

აღსანიშნავია ისიც, რომ თელ-ავივის შეჯიბრზე ლიპარტელიანთან ერთად მისი რჩეული, თემურ ნოზაძეც ასპარეზობდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ გაიჟღერა, რომ ცოლ-ქმარმა ჩვენი ქვეყანა ერთდროულად ასახელა, არადა, თავად წყვილს დაოჯახების შესახებ ოფიციალურად არსად არაფერი უთქვამს.

- შენ და თემური თელ-ავივის გრან სლემზე მოპოვებული მედლების შემდეგ ცოლ-ქმრად გამოგაცხადეს, როგორ აღმოჩნდით ამ გაუგებრობაში? მოგვიყევი, როგორ აეწყო თქვენი ურთიერთობა. - დაოჯახებული ნამდვილად არ ვართ. მეც ვნახე რაღაც მსგავსი, თითქოს დანიშნულები ვართ. გამეცინა ამ ყველაფერზე, აბა, რა უნდა მექნა? სვანეთშიც უკვე ძალიან ბევრი ულოცავს ჩემებს ჩვენს დაოჯახებას და მეცინება. პატარები ვიყავით, როცა შეყვარებულები გავხდით. 2015 წელს ტარდებოდა ბავშვთა ოლიმპიადა და მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით ერთად, ასე  გავიცანი. თავიდან 2 წელი ვმეგობრობდით. როგორც მითხრა, მნახა თუ არა, მოვწონებივარ, მაგრამ ვერ გამიმხილა. ძალიან ბიჭური გოგონა ვიყავი  და იმ ასაკში არც მიფიქრია შეყვარებული მყოლოდა. რაღაც პერიოდის მერე შევიცვალე, ცოტა გავნაზდი (იცინის) და მეც მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მერიდებოდა, მალევე გავუმხილე მშობლებს ჩვენი ამბავი. მათ თან ეწყინათ და თან გაუკვირდათ, რომ შეყვარებული მყავდა, ჯერ ასაკის გამო და მერე იმის გამო, რომ სპორტში ხელს შემიშლიდა. შეჯიბრს რომ წავაგებდი, მას აბრალებდნენ, არადა, ეს ასე არ იყო და ვარწმუნებდი მათ, რომ სულ მოტივაციით მავსებდა თემო. 6 წელია, ერთად მოვდივართ, ჩემებსაც შეეცვალათ აზრი. ერთ სფეროში ვართ და ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. თელ-ავივში ძალიან დაძაბული შეხვედრა მქონდა, რადგან ნახევარფინალში მოქმედ ევროპის ჩემპიონს ვხდებოდი. თითქმის 9 წუთს ვიჭიდავე და სულ მკარნახოდა, რა უნდა გამეკეთებინა. ასე ვარ მეც მის შეჯიბრებებზე, ჩემს ჭიდაობაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ ის რომ ჭიდაობს, ძალიან ვღელავ.

- თუ დაჭიდებიხართ შენ და თემო ერთმანეთს, თუნდაც ხუმრობით?

- როგორ არა. ვარჯიშის დროს ერთად ვჭიდაობთ, ბევრ რამეს ვასწავლით ერთმანეთს. ისე ძლიერად მეჭიდავება, არ მზოგავს (იცინის).

- 21 წლის ასაკში მოახერხე ის, რასაც გამოცდილი სპორტსმენებიც კი ძნელად აღწევენ. როგორია  შენი წარმატების ფორმულა? - მთავარია დისციპლინა. ასევე, მუდამ წარმატებაზე უნდა იყო ორიენტირებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ გიჭერს მხარს. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მე მაინც დაჟინებულად მივიწევდი წინ. თუ გინდა მიაღწიო კარგ შედეგებს,  ბოლომდე პრინციპული უნდა იყო. მოგება ხომ მიხარია და მედლებიც, მაგრამ არაამქვეყნიურად მახარებს, როცა ჩვენი ქვეყნის აფრიალებულ დროშას ვხედავ.

-  თელ-ავივში გამართული შეჯიბრი გადამწყვეტი იყო ლიცენზიის მოსაპოვებლად? - ქულები არ მაკლდებოდა, მაგრამ ამ შეჯიბრზე მოპოვებული მედლით ნაადრევად მოვიპოვე ტოკიოში გასამგზავრებელი ლიცენზია.

- გადაწყვეტილება, გამხდარიყავი ძიუდოისტი, შენი ოჯახისთვის მაინცდამიანც მისაღები არ ყოფილა... - დედა მეწინააღმდეგებოდა, მეუბნებოდა, ძიუდო რად გინდაო, სხეული დაგიუშნოვდებაო, მაგრამ მამა ყველანაირად გვერდით დამიდგა. ბიძაჩემის წვლილი უდიდესია ჩემს წარმატებაში. 10 წლის ვიყავი, სვანეთიდან რომ წამომიყვანეს. რუსთავში ვცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი თბილისში სავარჯიშოდ, ბიძაჩემი კი სულ თან დამყვებოდა, სულ მამხნევებდა და ხელს მიწყობდა. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს წარმატებული ძიუდოისტი ვარ. რომ არა ის, არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი მომავალი. მისი მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, ალბათ, სოფელში დავრჩებოდი და სხვა რაღაცის სწავლა მომიწევდა. მამაც და ბიძაც ბავშვობაში ჭიდაობდნენ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვეღარ გაჰყვნენ ამ სპორტს. ქალბატონებს ის შემიძლია ვურჩიო, რომ არასდროს დანებდნენ დაბრკოლებებს და იბრძოლონ თავიანთი მიზნებისთვის.

- სპორტის გარდა,   სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი ხომ არ გქონია, ძიუდოს გარდა, სხვაგან სად წარმოგედგინა შენი თავი? - ძიუდოს პარალელურად დავდიოდი კლდეზე ცოცვაზეც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მანდაც ძიუდოს გამო ვიარე. მწვრთნელმა მითხრა, თითები გაგივარჯიშდება და გამოგადგება ჭიდაობაშიო. იმდენად მაინტერესებდა და მომწონდა კლდეზე ცოცვაც, მეორე ადგილი მაქვს მოპოვებული საქართველოს ჩემპიონატში.

(სპეციალურად საიტისთვის)