"ამას მოჰყვა ტრაგედია, ტკივილი, ერთმანეთის შეურაცხყოფა… გული ერთ რამეზე მწყდება..."
"ამას მოჰყვა ტრაგედია, ტკივილი, ერთმანეთის შეურაცხყოფა… გული ერთ რამეზე მწყდება..."
"რა უბედურებაა, სულ ომობანას თამაში და ქვების სროლა?!"

მსახიობი ზურა ყიფშიძე თვლის, რომ ჩვენს ქვეყანას თავადვე უნდა მოვუაროთ, რომ დღევანდელი რთული ვითარება ხალხში მხოლოდ პესიმიზს აჩენს და რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ერთმანეთთან კინკლაობა და ქვების სროლაა:

- მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, რა პროფესიის, ყველას ერთნაირად აწუხებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. საერთო პესიმიზს თესავს დღევანდელი მდგომარეობა, რადგან პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია, ხომ ასეა? ჩემს ასაკში ძალიან რთულია,
ამ ყველაფერს აუღელვებლად უყურო. თან ფსიქოლოგიურად დამღლელია მთელი წლის განმავლობაში "მოვიდა კოვიდის" ძახილი, ერთი წივილ-კივილია იმის შესახებ, როდის გვექნება ვაქცინა. ეს ხომ მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე?

- თქვენ არ გეშინოდათ კოვიდის?
- კი, როგორ არა,
დავდიოდი პირბადით, დამქონდა სადეზინფექციო სითხე, არავის ვეხუტებოდი - არც ცოლს, არც შვილს და არც შვილიშვილს… ლენუკას და ნიკუშას, მართალია, იოლ ფორმებში ჰქონდათ, მაგრამ მაინც ფრთხილობდნენ ჩემ გამო და ჩემი მეუღლის გამო. ამიტომ, იმ პერიოდში ბინა იქირავეს და ცალკე გადავიდნენ.

- ხშირად ამბობენ, ეს ვირუსი მსოფლიოს სხვანაირს გახდისო, თქვენ რა დაგანახათ ახალი?
- ასეცაა, ეს მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი და მასშტაბური შენჯღრევა იყო. არ ვიცი, შეიძლება ეს ვიღაცის გათვლილი სვლაცაა, ვერაფერს გეტყვით… დამანახა, რომ ადამიანები პატარა ჭიანჭველებივით ვართ, უსუსურები და ბრძოლა სიცოცხლისთვის - ეს არის საზიზღარი შეგრძნება. გადარჩენისთვის ბრძოლაში არ არის არანაირი რომანტიკა, ამას მოჰყვა ტრაგედია, ტკივილი, ერთმანეთის შეურაცხყოფა… რა უბედურებაა, სულ ომობანას თამაში და ქვების სროლა, დაიტანჯა ყველა. ფეხბურთში გადაიტანონ ეს საბრძოლო შემართება, ჭადრაკში სინჯონ ძალები ან სხვა რამეში… შიმშილით კვდება ხალხი, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერზე მტკივნეული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადამიანები მართლა ცოდოები არიან.

- ხშირად ამბობენ, აპოლიტიკური ვარ და ნაკლებად ვადევნებ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსო. თქვენ ახერხებთ იყოთ პოლიტიკისგან შორს?
- ძალიანაც რომ მოინდომო, აპოლიტიკური მაინც ვერ იქნები. ყოველთვის გექნება შენი შეხედულება და აზრი. მე ვერაფერს ვიტყვი ვერც გამოსავალზე და ვერც იმაზე, სად დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ რაღაც ისე რომ არ არის, როგორც უნდა იყოს, ამას ყველანი კარგად ვხვდებით. ვიღაცამ უნდა მოინდომოს და შეცვალოს უკეთესობისკენ ეს ქვეყანა. დავკარგეთ შეგრძნება ყველაზე დიდი სიამოვნებისა, რასაც გაცემა ჰქვია.

- უსიყვარულობა - იქნებ ეს არის თავი და თავი მიზეზი იმისა, რაც გვჭირს?
- კი, ბატონო, დავარქვათ ასე და ვთქვათ, რომ უსიყვარულობა გვჭირს… სიყვარული მთავარი სიტყვაა და ყველაზე აუცილებელიც გადარჩენისთვის. სიყვარულის გარეშე ამის შანსი საერთოდ არ გვაქვს, რადგან სიყვარულით იწყება ყველაფერი. ზოგ სულელს სექსი რომ ჰგონია, ეგ არ არის სიყვარული - ბებიაშენის ნაქონი ნივთი რომ გიყვარს, ირგვლივ ადამიანებს რომ უფრთხილდები, წინაპარს რომ პატივს მიაგებ, მეგობარი რომ გიყვარს - ამ და კიდევ სხვა ბევრ რამეს მოიცავს სიყვარული. მერე ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთიანდება შენში, არა აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ, მუშა ხარ თუ მსახიობი. გული ერთ რამეზე მწყდება - იმხელა რესურსი და სიმდიდრე გვაქვს, რომლის აზრიანად გამოყენებაც შეიძლება და ჩვენ მაინცდამაინც ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, უნდა მოვკლათ, თავი უნდა მოვჭრათ და ა. შ. ცოტა ხანი ისე რომ ვიყოთ, რომ არც არავინ მოვკლათ და არც არავინ მოგვჭრას თავი, არ შეიძლება?

- ჩვენ მუდმივად გმირების, ბელადების ძიებაში ვართ და ალბათ ვერ გავძლებთ სხვანაირად…
- აი, ხომ ხედავთ, მაინც პოლიტიკურ რელსებზე გადახვედით... მე თუ მკითხავთ, ეს არის ცანცარობა, ქცევიდან, დამოკიდებულებიდან გამომდინარე. არ გადავიხდი და მე ვერავინ ვერაფერს დამაკლებს, რას ნიშნავს? სასაცილო კი არა, სატირალია, რომ გყავს ასეთი "გმირი", რომელიც შეიძლება სულ არ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ისეთ თამაშს თამაშობს, ძალიან დიდი სირცხვილია. შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს კიდეც გმირი, მაგრამ ასე არ არის. სამაჯურს იხსნი და ისვრი, მაშინ რატომ გაიკეთე საერთოდ? ამიტომაც არ მომწონს… იქნებ, უფლებაც არ მაქვს მისი შეფასების, მაგრამ შთაბეჭდილება ასეთი მრჩება. მის ამგვარ "გმირობას" რამხელა დაძაბულობა მოჰყვა ქვეყანაში, დავინახეთ. კიდევ ეს გვაკლია?

- თქვენ დროს ვისზე შეიძლებოდა ეთქვათ, გმირიაო?
- ასე აშკარად არ ასახელებდნენ და არავის უწოდებდნენ გმირებს, არავის მოსწონდა მსგავსი ლენინური გამოსვლები. ის პერიოდი მომწონს, კარგი დრო იყო ნამდვილად.

- ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს საყვედურობენ ამა თუ იმ პარტიის მხარდაჭერისთვის. ეს გაბრაზებთ?
- საზოგადოების ამ დაყოფამ მომკლა - ამისტი, იმისტი, ეს რა უბედურებაა? ეს დაყოფა საიდან მოდის, თქვენ როგორ გახსოვთ, რომელი პერიოდიდან? ვინც რა უნდა ის თქვას, მე ხომ ვიცი, რომ არავის მომხრე არ ვარ. მე ვარ მომხრე იმის, ვინც კარგს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, გინდა მელია იყოს და გინდა კუდიგრძელია, ოღონდაც ვინმემ ქართველებს გვასწავლოს ერთმანეთთან ურთიერთობა და გაგვახსენოს, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი…

ნინო ჯავახიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
M
08 მარტი 2021 15:09
" რადგან პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია, ხომ ასეა? " არა, პირიქითაა - ოპტიმისტი კარგად ინფორმირებული პესიმისტია.
რეზო უბილავა
08 მარტი 2021 12:04
კარგია, რა თქმა უნდა, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ერთმანეთის ქილიკსა და ძაგებას უნდა ვანებოთ თავი, თავიდან უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა!
nino
08 მარტი 2021 02:25
cesieri adamiani

რუბრიკის სხვა სიახლეები