"მამა დედასთან დაშორების შემდეგ ძალიან მალე დაქორწინდა. იცით, მისი ცოლი დედაჩემს როგორ ჰგავდა?" - კვირის პალიტრა

"მამა დედასთან დაშორების შემდეგ ძალიან მალე დაქორწინდა. იცით, მისი ცოლი დედაჩემს როგორ ჰგავდა?"

ნელი ოქროპირიძე - ეს სახალხო მხატვარი არა მარტო უფროსებს, ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ. ჩვენ მის შვილს, ქალბატონ თამარ გეგეჭკორს დავუკავშირდით, რომელმაც გულახდილად ისაუბრა დედაზე. ცნობისათვის, ისიც ხელოვანია (სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა, რადგან მსახიობთა და მწერალთა, მხატვართა გარემოცვაში გაიზარდა), მისი ქალიშვილი - მაკა შევარდნაძეც საოცარ მინიატიურულ ნაკეთობებს ამზადებს და როგორც ქალბატონი თამარი ამბობს, შვილიშვილებსაც გამოჰყვათ ხელოვნების ნიჭი...

სახლიდან გაპარული...

- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. იყო უნიკალური, ძალიან აქტიური ბავშვი. 4-5 წლის ასაკში ხშირად იპარებოდა სახლიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ყველაფერი აინტერესებდა, ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყველაფრის დათვალიერება ეჩქარებოდა. ბებომ მიამბო, რომ ერთხელ, მორიგი გაპარვისას, თურმე ძაღლმა მარტო არ გაუშვა და უკან გაჰყვა. მერე მილიციას მიუყვანია სახლში...

დედას მამა - პეტრე ოქროპირიძე ასევე მხატვარი იყო. სამწუხაროდ, მისი ძალიან ცოტა ნახატი შემოგვრჩა... მოკლედ, დედა შემოქმედების ოჯახში დაიბადა და თვითონაც ყველაფერი ეხერხებოდა. ბებია მიყვებოდა: ერთხელ მეზობელთან გადავედი და შინ დაბრუნებულს ოთახი დაჭრილი, დანაკუწებული ქაღალდებით დამხვდა "მორთულიო". თურმე, საბუთები უპოვია და ყველა დაუნაკუწებია (იღიმის).

მოსე თოიძის სახელოსნოს ხშირი სტუმარი

- სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკების ფაკულტეტზე ჩააბარა. ძალიან ცნობილი მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკი ასწავლიდა. ბევრს მუშაობდა დედა საკუთარ თავზე. ის მალევე დაუახლოვდა მოსე თოიძეს და მის სახელოსნოშიც ხშირად დადიოდა. თოიძეს შექმნილი აქვს ძალიან დიდი კომპოზიცია - "დღესასწაული", სადაც დედას პორტრეტი აქვს ჩახატული.

აკადემიაში ქმნიდა დიდ ქანდაკებებს, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ, რადგან არ ჰქონდა სახელოსნო, ამ საქმეს თავი დაანება. თან, იმ პერიოდში გათხოვდა და აკადემიის ბოლოს კურსზე, უკვე ჩემზე იყო ფეხმძიმედ...

რუსეთი...

- თურმე, მამაჩემიც ხატავდა. მისი ნამუშევრებიც თითზე ჩამოსათვლელი მაქვს... წლისა და 3 თვის გახლდით, დედა მამას რომ გაეყარა და მოსკოვში წამიყვანა. ძლიერი პიროვნება იყო დედა. მას ჩემმა პაპიდამ, ანუ დედას მამიდამ, ცნობილმა საოპერო მომღერალმა მისცა ერთი ქალბატონის ტელეფონის ნომერი, - მოსკოვში თუ ჩახვალ, ჩემს მეგობარს მიაკითხეო. პირველი რამდენიმე დღე ამ ქალთან ვცხოვრობდით, რომელმაც თავიდანვე გააფრთხილა: ერთი კვირის მეტს ვერ გაგაჩერებთო... რამდენიმე დღის შემდეგ დედა პირდაპირ ტომსკისთან (მაშინდელ მხატვართა კავშირის თავმჯდომარესთან) შევიდა, რომლის კაბინეტში თურმე, მწერალი და დრამატურგი სერგეი მიხალკოვიც მჯდარა. დედამ უამბო თავისი გასაჭირი, რატომ ჩავიდა რუსეთში, რომ შვილი ჰყავდა და სამსახური სჭირდებოდა... მიხალკოვს უთქვამს: მე მყავს ახლობელი ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს და სიამოვნებით მიგიღებთო. ეს იყო კინოდრამატურგის, ალექსეი კაპლერის და, რომელსაც ქმარ-შვილი არ ჰყავდა. საოცრად განათლებული ადამიანი გახლდათ. ტენამ ფაქტობრივად, გვიშვილა მე და დედა...

მეორე თუ მესამე დღეს ტომსკიმ დედა დაიბარა და უთხრა, სამსახური გამოგიძებნეო. მწერალთა კავშირში რაღაცები დაავალეს. სხვათა შორის, დედას მაშინ (21-22 წლის ასაკში) უკვე დაწერილი ჰქონდა "გაქვავებული ქალაქი", რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში იდგმებოდა და ეს სიუჟეტი ფილმ "ცისკარაშიც" გამოიყენეს. ერთი კვირის მერე დედა უკვე ორ ადგილას მუშაობდა: კერამიკული მინიატიურების ფაბრიკაში, სადაც ნიმუშებს ქმნიდა და მწერალთა კავშირში. მოგეხსენებათ, ის წერდა მოთხრობებს, მოგვიანებით წიგნებიც გამოსცა, სახელმძღვანელოებსაც ამზადებდა. მისი ნამუშევრებია: "როგორ იქმნება ხელოვნება", "ფერთა სამყარო", "თაგუნია წრუწას თავგადასავალი", "ფანტაზია და მარჯვე ხელები", "ექიმი თხუნელა", "იწილო ბიწილო", "სახალისო შრომა" და ა.შ.

მოსკოვში ასევე ქმნიდა მონუმენტურ ქანდაკებებს. მისი სამმეტრიანი ქანდაკება - დედა ბავშვით ხელში, დაიდგა სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. ძალიან ბევრს შრომობდა... 6 წლის შემდეგ გადაწყვიტა, საქართველოში დავბრუნებულიყავით, მაგრამ ზაფხულობით მაინც გვიწევდა რუსეთში წასვლა, მისი სამსახურის გამო.

"ჩხირკედელას სახელოსნო" - აქ დაიწყო ბუნებრივი მასალებისგან მინიატიურების გაკეთება. რამ უბიძგა? - ფანტაზიამ და კიდევ ერთმა რამემ: ერთხელ ლიკანში ვიყავით. ვთამაშობდი და რკოს ორივე მხრიდან წკირი გავუკეთე. დედამ რომ შეხედა, გაოგნდა, რა ლამაზი კაცუნა გააკეთეო და მერე თვითონ დახვეწა ეს ყველაფერი. მისი უამრავი ნამუშევრიდან რამდენიმე გვაქვს შენახული და ვუფრთხილდებით, რადგან ეს უნიკალური მინიატიურებია. იაპონიასა და მოსკოვში ჰქონდა წაღებული, გამოფენაზე. იქიდან რომ მოჰქონდათ, თურმე კონტეინერები გადმოყარეს და უამრავი ნამუშევარი დაიმსხვრა, ერთმანეთში ფაფასავით აიზილა. მისი შესანიშნავი იუმორი იგრძნობა ყველა ნამუშევარში, მთელი სიუჟეტები აქვს შექმნილი. მათ დასამზადებლად იყენებდა: წაბლს, ბაბუაწვერას, ბურბუშელას, ხაშხაშს, რკოს, ფესვებს, ნიჟარას.

მის გამოფენას იაპონიაში დიდი წარმატება ხვდა წილად. იქ აჩუქეს კორპის ნაფხვენებისგან დამზადებული პეიზაჟი და იქიდან დაბრუნებულმა, თვითონაც დაიწყო ამ მასალით ძეგლებზე მუშაობა, ასე შეიქმნა: "მეტეხი", "გრემი", "ანანური", "სვანური კოშკები" და ა.შ. პარალელურად მუშაობდა საბავშვო აპლიკაციებზე.

ამ ყველაფრის პარალელურად, დედა პედაგოგობდა კიდეც და დაწყებითი სკოლების მასწავლებლებს ასწავლიდა, თუ როგორ შეეყვარებინათ ბავშვებისთვის ხელოვნება, ხატვა ან რისგან რისი გაკეთება შეიძლებოდა. რაც მთავარია, მოსკოვიდან რომ ჩამოვედით, ტელევიზიით გამოდიოდა. მის გადაცემას - "ჩხირკედელას სახელოსნო" ყველა უყურებდა.

სახალხო მხატვარი

- მისთვის პირველ ადგილას იყო საქმე, მერე შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ნუ, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ალბათ ჩვენ აგვირჩევდა, მაგრამ ხელი არავის უნდა შეეშალა მისთვის, 24 საათი იჯდა და მუშაობდა. ბოლოს, როცა ინსულტი დაემართა და ძალიან ცუდად იყო, ქაღალდსა და ფანქარს მაინც ითხოვდა. აღარ ჰქონდა ის ხედვა, აზროვნება, მაგრამ ხატვის სურვილი ყოველთვის აწუხებდა. ინსულტი რომ არ დამართოდა, ალბათ კიდევ ბევრ კარგ რამეს გააკეთებდა... დედას სიკვდილის შემდეგ აღმოვაჩინე მისი ძალზე საინტერესო, შემეცნებითი მოთხრობები. ის მულტფილმებზეც მუშაობდა.

- გული ხომ არ სწყდებოდა, თავის დროზე მოსკოვიდან სამშობლოში რომ დაბრუნდა?

- იქ ალბათ მეტს მიაღწევდა, მაგრამ გული მაინც არ სწყდებოდა. უყვარდა სამშობლო და თან, აქ სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს, დააფასეს და გული რატომ უნდა დასწყვეტოდა?! 8-9 პერსონალური გამოფენა ჰქონდა, არა მარტო საქართველოში.

იცით, მოსკოვში სიმპოზიუმებზე ცნობილი ქართველები რომ ჩამოდიოდნენ, მაგალითად: რეზო თაბუკაშვილი, ნოდარ დუმბაძე და ა.შ. დედას ეუბნებოდნენ: აქ რატომ ხარ? ჩამოდი და ქართველი ბავშვებისთვის გააკეთე რამეო. ამანაც უბიძგა წამოსვლისკენ. აქ ბავშვებს ძალიან შეუყვარდათ. ქუჩაში რომ დაინახავდნენ, გარს ეხვეოდნენ და ჩხირკედელა დეიდას ეძახდნენ.

12 წლამდე მქონდა ურთიერთობა ტენაჩკასთან, მერე კი, რუსეთში მორიგი ჩასვლისას გარდაცვლილი დაგვხვდა. ამ ქალმა ბევრი რამ მომცა, დავყავდი თეატრებში, ცირკში... გიჟდებოდა ჩემზე და როცა წამოსვლა გადავწყვიტეთ, ტიროდა. დედას ეუბნებოდა, - ნელიჩკა, ოღონდ არ წახვიდე, ბინასაც თქვენ მოგცემთო...

- მამათქვენს არ ჰქონია ცოლ-შვილის დაბრუნების სურვილი და მცდელობა? - არა, ძალიან მალე დაქორწინდა. იცით, მისი ცოლი დედაჩემს როგორ ჰგავდა? თურმე, ქუჩაში ერთმანეთში ეშლებოდათ და, ქალბატონო ნელიო, - ასე მიმართავდნენ (იცინის). მამას ჰქონია უნიკალური ხელი, საოცრებებს ხატავდაო, ამბობენ, მაგრამ არც აკადემია დაამთავრა, არც გეპეი, სადაც არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა.

როცა გენები თავისას შვრება...

- რასაკვირველია, საკუთარ თავზე მეტად ვუყვარდი, არაფერს მაკლებდა, მაგრამ ძალიან მკაცრად გამზარდა, ჩემი გათამამება არ უყვარდა... სკოლის დამთავრების შემდეგ მეც აკადემიაში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მუშაობის 34-წლიანი სტაჟიდან, 28 წელი ლექციებს ვკითხულობდი უნივერსიტეტში, საბავშვო კოლეჯშიც. ვწერდი სტატიებს მხატვრებზე, ვმუშაობდი გობელენზე... მერე გამიტაცა აპლიკაციების შექმნამ. დღესაც, როცა მუზა მომივა, ვჯდები და ვმუშაობ. მაკო - ჩემი შვილიც უნიკალურ მინიატიურულ ნამუშევრებს ამზადებს, მასაც აკადემია აქვს დამთავრებული. ხელოვნების სიყვარული და ნიჭი ჩემს შვილიშვილებსაც გამოჰყვათ...

- სხვანაირად არც შეიძლებოდა. - ალბათ... იცით, ნელი არაჩვეულებრივი ბებია იყო, საათობით ეჯდა ბავშვებს და ამეცადინებდა, ართობდა. სამაგიდო სათამაშო გაუკეთა, წლების განმავლობაში ისხდნენ და ამით ერთობოდნენ. ვფიქრობ, ჩემთან უფრო მკაცრი იყო, ხომ იცით, შვილიშვილი მაინც სხვაა.

დაბოლოს...

- ერთხელ დედას გამოფენაზე უწმინდესი, ილიას მეორე მოვიდა და ლამის გაგიჟდა, კორპის ნაფხვენებისგან დამზადებული ძეგლები რომ ნახა. აღნიშნა: ძალიან მომწონს, მართლა დასაფასებელია ეს ყველაფერიო. დედა დაჰპირდა, აუცილებლად გამოგიგზავნით ჩემს ნამუშევარსო და მართლაც, პირობა შეასრულა. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ გავიგეთ, პატრიარქს მისი ნამუშევარი ნამდვილად გადასცეს თუ არა. პირდაპირ უწმინდესს ამას ვინ ჰკითხავდა, მაგრამ საპატრიარქოს სამდივნოში ეს ხომ უნდა სცოდნოდათ? იმედია, მიუტანეს და დღეს დედას ნამუშევარი პატრიარქთან ინახება...

ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"