"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. არაფერი მინდოდა..."
"შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. არაფერი მინდოდა..."
პირველად რომ შევხვდი, წლების წინ, 56 წლის იყო. მახსოვს, ინტერვიუზე კარგა ხანს მახვეწნინა, ოღონდ არა იმიტომ, რომ პატივმოყვარე ან ამბიციური იყო, არამედ... გამომიტყდა, - რაც ასაკში შევედი, წონაში მოვიმატე და არ მომწონსო... მაინც დავიყოლიე და დღემდე ტკბილად მახსენდება ის შეხვედრა და კიდევ, შეხვედრამდე - სიმწარე, ქარიან დღეს ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩას ბოლომდე რომ ავუყევი, მერე კი, ვიდრე მის კერძო სახლს მივაგნებდი, კინაღამ ძაღლებმა რომ შემჭამეს, მაგრამ... ღირდა! მხოლოდ ცოტათი იყო წონაში
მომატებული, მაგრამ ვერავითარი მომატება ვერ ლახავდა მის ღვთიურ სილამაზესა და ჯადოსნურ ღიმილს! სწორედ ისეთი იყო, როგორიც "გამომყვა" ბავშვობიდან და როგორიც წარმომედგინა დიდობაში - ძალიან ლამაზი და სათნოღიმილიანი თინა ვარდანაშვილი, დაბეჯითებით რომ მარწმუნებდა (ალბათ კი, თავს ირწმუნებდა), სამოცს რომ გადავაბიჯებ, ახალ ცხოვრებას დავიწყებ და უფრო მივხედავ
თავსო... ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავიხარე, რომ "ნამდვილიც" ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც დიდი ხნის წინ, უფრო სწორად - ყოველთვის, გაზაფხულზე, "ნუშის ყვავილობისას" იყო...

ახლაც გაზაფხულია და ნუშიც მალე აყვავდება, მანამდე კი ხეებს ნუშის ყავილებივით ათოვს და... ძალიან მომინდა თქვენთან ერთად მისი გახსენება... ღვთიური სილამაზის გახსენება...

მახსოვს, მიამბობდა, ბედნიერი ახალგაზრდობა მქონდა, რასაც ვინატრებდი, ყველაფერს მისრულებდნენ, კარგი მეგობრები და ახლობლები მყავდა და საწუწუნოც არაფერი მაქვსო.

ადრე გათხოვილა. - 20 წლის ვიყავი, მხატვარ სერგო ქობულაძის რძალი რომ გავხდი და ჩემი ხელოვნებაც მთლიანად დაიჩრდილაო, -  მეუბნებოდა ღიმილით, თან უდიდესი სითბოთი იხსენებდა თავის ლამაზ ოჯახს: - სერგო საოცარი ადამიანი იყო, თავისებური. პირველი შეხვედრისთანავე პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებდა. სულ სახელოსნოში მუშაობდა. მთელ დღეს ყავასა და ჩაის სმას ჯერდებოდა, მხოლოდ ერთხელ სადილობდა. ბავშვებზე კი გიჟდებოდა. დედამთილი მყავდა ანგელოზი, არაჩვეულებრივი ადამიანიო.

მისი მეუღლე - მერაბ ქობულაძეც, ასევე, მხატვარი იყო, კერამიკოსი. იმ სტუმრობისას ბატონი მერაბიც გავიცანი. მახსოვს, მომიბოდიშა, ხელს არ შეგიშლითო და დაგვტოვა, ქალბატონმა თინამ კი თხრობა განაგრძო: - მალევე ორი შვილი შეგვეძინა. ბედნიერები ვიყავით. მერე... 16 წლის ქალიშვილი - სალომე დამეღუპა ავარიაში. ახლა ერთი ქალიშვილი დამრჩა, ლიზა. კარგი მეუღლე ჰყავს და არაჩვეულებრივი შვილები. შვილის დაღუპვის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში დიდი დეპრესია მქონდა. სულ ვიწექი, არაფერი მინდოდა. ამ პატარებმა - შვილიშვილებმა კი სიცოცხლე დამიბრუნეს, ფეხზე წამომაყენეს და სულ სხვა ადამიანად ვიქეციო.
თინა ვარდანაშვილისა და მერაბ ქობულაძის ქორწილი
ქალბატონ თინას მისი ცხოვრების იმ ამბების მოყოლა ვთხოვე, რომელმაც მთელ საქართველოს (და არა მარტო...) გააცნო, შეაყვარა და დღემდე არ დაავიწყა მისი სახე...

"როცა აყვავდა ნუში"

- 17 წლის ვიყავი, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებას რომ იწყებდნენ. ისეთი ასაკი მქონდა, ყველა რომ ოცნებობს კინოში გადაღებას. ახალგაზრდები სჭირდებოდათ და სკოლებში დაეძებდნენ. მეც დამიბარეს სინჯებზე და მალევე დამამტკიცეს მთავარ როლზე - ხათუნა უნდა გამესახიერებინა. ძალიან გამიხარდა, თუმცა მეშინოდა... კამერა რომ ირთვებოდა, ვიბნეოდი, გული მიფართხალებდა, ვაითუ, რაღაც ვერ გამომივიდეს-მეთქი. საერთოდ, რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, პატარა და გამოუცდელი გოგონასთვის. დღეს კი 17-18 წლის ახალგაზრდებს უფრო ეიოლებად ეს პროფესია, უფრო თამამებიც არიან, მე კი, ალბათ, რაღაც კომპლექსები მაწუხებდა. მერე, ნელ-ნელა მეც მომეხსნა დაძაბულობა.
'როცა აყვავდა ნუში' - თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე
ფილმს საფუძვლად თბილისში რეალურად მომხდარი ორი ამბავი დაედო. პირველი - შეჯიბრების ამბავი იყო, სინამდვილეშიც ასე მოხდა, რომ ვიღაცამ სხვის მაგივრად აიღო პირველი ადგილი, მეც ვიცი, ვინ იყო, მაგრამ შეგნებულად არ დავასახელებ (ჩაწერის მიღმაც არ გამიმჟღავნა - ი.ხ.), მეორე იყო - ავარიის. სხვათა შორის, ამბების რეალური "გმირებისთვის" ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა ამ ფილმის გამოსვლა და დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს. ფილმში სულ ახალგაზრდები ვმონაწილეობდით და შესანიშნავი ჯგუფი შეიკრა. არაჩვეულებრივ მოგონებად დამრჩა ბიჭვინთაში გატარებული 24 დღე. პირველად ვიყავი უფროსების - ოჯახის წევრების გარეშე, რასაც გვინდოდა, იმას ვაკეთებდით. ცუდს კი არაფერს, მაგრამ გადაღების შემდეგ, შინ რომ ვბრუნდებოდით, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში, ცოტას მართლაც ვისვენებდით და მერე ბოლო სართულზე, ბარში ავდიოდით, ვცეკვავდით, "ვიკლავდით" თავს, ღამეებს ვათენებდით და მაგრად ვერთობოდით. მთავარი იყო, მეორე დღეს ფორმაში ვყოფილიყავით, თუ არადა, ალბათ, დაგვსჯიდნენ. მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერს ვუძლებდით. ერთი-ორჯერ იყო, რომ ბიჭებმა დალიეს და ცოტა "აურიეს", რის გამოც შენიშვნა მივიღეთ, თორემ უპრობლემო ბავშვები ვიყავით. გოგონებიც კარგად ვიქცეოდით, პრინციპში, მარტო მე და ეკა მაღალაშვილი ვიყავით იქ, გადაღებაზე და - რა უნდა დაგვეშავებინა? ბიჭები მეტნი იყვნენ: ზურა ყიფშიძე, გოგა ფიფია, დიმა ვანიშვილი, მიშა აბრამიშვილი... მათ გადაღებამდეც ვიცნობდი: გოგა ფიფია ჩემს სკოლაში სწავლობდა; ზურა ჩემი მომღერალი მეგობრების - ნუგზარ კვაშალისა და დათო აბულაძის მეგობარი იყო, ასე რომ, არც ზურა იყო უცხო. ისე, ნუგზარი და დათო ჩვენს ფილმშიც გადაიღეს: გახსოვთ ეპიზოდი, პლაჟზე რომ ვცეკვავთ? - მომღერალ-მუსიკოსები სწორედ ისინი არიან. ფილმში გამოცდილი მსახიობებიც მონაწილეობენ. მაგალითად, დოდო აბაშიძე მხოლოდ ორი დღით ჩამოვიდა ბიჭვინთაში და ძალიან გაგვახალისა. რეზინის ქუდი მქონდა, რომელსაც ზემოდან თმასავით ჰქონდა ამოშვერილი. განსაკუთრებული ქუდი იყო, ჰოდა, დოდომ ჩამოიცვა ეს ქუდი თავზე და გამიხია. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ბუზღუნი არ დამიწყია, ისეთი საყვარელი ადამიანი იყო...

ერთი ამბავიც გამახსენდა: ლანა ღოღობერიძის მეუღლემ, ლადო მესხიშვილმა ბავშვები რესტორანში, სავახშმოდ წაგვიყვანა. იქ აფხაზები რაღაცაზე ახტნენ-დახტნენ, არ მახსოვს, რა უნდოდათ. ჩვენი ბიჭებიც ყოყლოჩინობდნენ, მაგრამ ლადომ განმუხტა სიტუაცია. საერთოდ, ძალიან გვიხაროდა ხოლმე ლადოს ჩამოსვლა, მასთან ურთიერთობა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო... ის დღეები დაუვიწყარია ჩემთვის.

"ჩარი რამა"
'ჩარი რამა' - თინა ვარდანაშვილი და გოგი ქავთარაძე
- "ჩარი რამაში" უკვე გამიზნულად მიმიწვია რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა. აქ, პირველი გადაღებისგან განსხვავებით, სხვა ვითარება დამხვდა: ერთადერთი ახალგაზრდა მე ვიყავი, დანარჩენები კი - სულ ასაკოვნები, "მოხუცები": დუდუხანა წეროძე, კოტე დაუშვილი, გრიშა წიტაიშვილიც კი ჩემზე უფროსი იყო და - "ჩემი შეყვარებული" გოგი ქავთარაძეც. გოგი იმ პერიოდში ბათუმში მუშაობდა. ჩვენ ვცხოვრობდით ქობულეთში, გადაღებები კი ოზურგეთში მიმდინარეობდა. ამიტომ გოგი გადაღებაზე ჩამოდიოდა ხოლმე და იმავე საღამოს ბრუნდებოდა ბათუმში... მოკლედ, მაშინ ცოტათი მოვიწყინე. თან ოთახში დუდუხანა წეროძესთან ერთად ვცხოვრობდი. გადასარევი ქალი იყო, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ - ძალიან მხიარული. რძლად მოვწონდი, ოღონდ არ მახსოვს, შვილისთვის თუ დისშვილისთვის. მოკლედ, ტვინს მიბურღავდა... ყველანი საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაგრამ ურთიერთობის დამყარება მიჭირდა. მერე საცხოვრებლად ლენა ყიფშიძესთან გადავედი. აი, მაშინ კი მოვილხინე... რესტორანშიც დავდიოდით, ცოტა შამპანურსაც ვსვამდით, თავისი მეგობარიც გამაცნო და ძალიან გამახალისა. თქვენ წარმოიდგინეთ, "როცა აყვავდა ნუშის" შემდეგ ჩემს თანატოლებთან არ გამიგრძელებია ისეთი მეგობრობა, მე და ლენა კი დიდი ხნის განმავლობაში ვმეგობრობდით. არაჩვეულებრივი ქალი იყო...
ნიკოლოზ სანიშვილი უთენია წამოგვყრიდა ხოლმე და გაგვაქანებდა ოზურგეთში, გადაღებაზე, წესიერად ჭამას ვერ ვასწრებდით. იღებდნენ ქორწილის ეპიზოდებს, სადაც ნაირ-ნაირი კერძები გამოჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მისი ჭამის უფლება არ გვქონდა, რადგან სხვა დღეებშიც სჭირდებოდათ - ზედმეტს არაფერს ყიდულობდნენ. ერთხელ ნერწყვი გადავყლაპე და ხმამაღლა ვინატრე, როგორ მინდა გოჭი-მეთქი. "მოხუცებს" გაუგიათ და დიდი სუფრა გაშალეს... ისე, ძალიან კი მივლიდნენ, ეგ იყო, რომ ვერ ვერთობოდი... ამის შემდეგ ეპიზოდური როლები მქონდა "რაიკომის მდივანში" და "დონ-კიხოტში" და ამით დავასრულე მსახიობობა.

60 წლის შემდეგ მართლაც ფიქრობდა ახალი ცხოვრების დაწყებას, მაგრამ... არა ისე, როგორც სინამდვილეში მოხდა - 63 წლის იყო, საყვარელი მეუღლე, მერაბ ქობულაძე რომ გარდაეცვალა, 2016 წლის გაზაფხულზე კი 64 წლის გახდა და მალევე მართლაც ახალი ცხოვრება დაიწყო, სულ სხვა - მარადიული რომ ჰქვია...
ულამაზესი ქალბატონი, ჯადოსნური ღიმილით, 6 ივნისს გარდაიცვალა და ახლა უკვე თავის მეუღლესთან და 16 წლის ქალიშვილთან ერთად სამუდამო სასუფეველში არის!

(სპეციალურად საიტისთვის)

13 მარტი 2021 09:39
Ctydentobic bednieri tlebi gavatare am brtkinvale adamiantan natelshi ikoc sheni cyli cakvarelo
izi
10 მარტი 2021 14:51
ეეეეხ, ჩემი ლამაზი და ლაღი ბავშვობა. დრო, როცა მეგონა, რომ ქართველებს ერთმანეთი გვიყვარდა.
ქეთი
10 მარტი 2021 11:50
მარტო ლამაზი არ იყო, განსხვავებული შარმი ჰქონდა. გაანათლოს მისი სული უფალმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები