"ჩინური ვაქცინის შემოტანა გამორიცხული არ არის, თუკი ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს" - კვირის პალიტრა

"ჩინური ვაქცინის შემოტანა გამორიცხული არ არის, თუკი ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს"

დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინა შემოსატანად გამზადებული იყო და სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტებისა და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ “ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის შეფასებით, ჩინური ვაქცინა ცუდი არ იქნება, მაგრამ ქვეყანამ ის არ უნდა შემოიტანოს, რადგან აღნიშნულ ვაქცინას საერთაშორისო აღიარება არა აქვს და დაბალი ნდობის პირობებში, ვაქცინის არგაკეთების საბაბი შეიძლება გახდეს. ცერცვაძემ აქვე აღნიშნა, რომ თუკი ჩინური ვაქცინა საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებს, “ასორტიმენტისათვის მისი შემოტანა გამორიცხული არ არის“.

“ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით შექმნილია დელიკატური სიტუაცია. ერთია, ეს ვაქცინა მართლა კარგია თუ ცუდი და მეორე - როგორია მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. დაახლოებით ორი-სამი თვის წინ ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი რეალურად იდგა, შემოსატანად გამზადებული იყო. სწორედ მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების და ტელევიზიების ძალიან აქტიური მცდელობით, სახელმწიფომ ამ ვაქცინაზე უარი თქვა. ოფიციალურ მოტივაციად დასახელდა, რომ ჩინურ ვაქცინას არ ჰქონდა და არც ახლა აქვს საერთაშორისო აღიარება. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით როცა ჩინურ ვაქცინაზე უარი ვთქვით, რადგან არ უნდა დავუშვათ პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოში ისეთი ვაქცინა შემოვიტანოთ, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არა აქვს. ამ დროს მოხდა ის, რომ მსოფლიო ქვეყნების ნახევარმა, მათ შორის უშუალოდ მეზობლებმა ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით დაიწყო და საქართველოსთვის არასასიამოვნო სიტუაცია წარმოიქმნა. მთავრობამ საზოგადოების დაკვეთით და საზოგადოების აზრის გავლენით ჩინური ვაქცინის შემოტანაზე უარი თქვა. ობიექტური მიზეზი იყო, რომ მას საერთაშორისო აღიარება არა აქვს. გამოვიდა ის, რომ სხვა ქვეყნებმა ვაქცინაცია დაიწყეს და საქართველომ არ დაიწყო, რაც ახალი ინსინუაციების წყარო გახდა, რომ საქართველოს მთავრობა უუნაროა. არავინ ამბობს იმას, რომ სხვა ქვეყნებმა სწორედ იმ ვაქცინით დაიწყეს, რომელზეც საქართველომ უარი თქვა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე “დღის ნიუსრუმში“.

რაც შეეხება ზოგადად ვაქცინაციის პროცესს, მისი თქმით, "ვაქცინასთან დაკავშირებით მიღწეულია ძალიან სერიოზული შეთანხმება, რომელიც თუ შესრულდა, წელში გაგვმართავს - ეს არის მილიონ დოზაზე ხელშეკრულება „ნოვოვაქსთან“. ცერცვაძის შეფასებით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინა ხარისხითა და უსაფრთხოებით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისივე ინფორმაციით, “ნოვოვაქსი“ ბაზარზე ივნისში შემოდის და პირველ მიმღებად საქართველოა მოხსენიებული.

"არ არის სწორი, თითქოს საქართველოს მთავრობა მხოლოდ “კოვაქს პლატფორმაზე“ აკეთებდა აქცენტს. რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე მიმართულებით მიდიოდა მუშაობა. მიმდინარეობს მუშაოა მთელ რიგ მწარმოებლებთან და მწარმოებელი ქვეყნების მთავრობებთან. ახლაც რამდენადაც ვიცი, რამდენიმე თანამდებობის პირი ჩასულია მწარმოებელ ქვეყნებში - მაგალითად, ინდოეთში და სხვა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"