"აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ...ჩვენ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია" - კვირის პალიტრა

"აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ...ჩვენ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია"

სასულიერო პირების და მრევლის ნაწილმა, რომლებიც დღეს მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში დაუპირისპირდნენ, ეპარქიის ტერიტორია დატოვეს.

ისინი საეკლესიო გაფართოებულ კრებას ითხოვენ, სადაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებული ბრალდებების განხილვა მოხდება.

თავად ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში მომხდარი მოვლენები წინასწარ მომზადებული სცენარია, რომლის განხორციელებაც დღეს უნდოდათ.

მეუფე ამბობს, რომ ისინი "შეთქმულები არიან".

"აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩვენ უბრალოდ ვგალობდით, რომ დაწყნარებულიყო სიტუაცია. დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არაფერი ფიზიკური შეხლა-შემოხლა ჩემი მხრიდან ან ჩემი კურთხევით არ ყოფილა. მე ჩავიწერე ყველა კითხვა, რისთვისაც უნდა გამეცა პასუხი. ამ ხალხმა დაიწყო ყვირილი, მეორე ფლანგი ჰყავდათ კარებთან. დაიწყეს ყვირილი და არ მომცეს შესაძლებლობა წყნარ სიტუაციაში მესაუბრა. ეს ხალხი არის სულ სხვა ხალხი. ეს მრევლი არ არის, წინასწარ მომზადებულია სცენარი, რაც დღეს უნდოდათ განხორციელება და მამები არიან აქ, რომლებიც დაადასტურებენ. ასევე გვაქვს ვიდეო, სადაც ჩანს, ვინ როგორ იქცევა. ჩემს გადაყენებას რატომ ითხოვენ, მაგათ ჰკითხეთ. ესენი შეთქმულები არიან",- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში უკმაყოფილო სასულიერო პირებსა და მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდა, რის საშუალებასაც მათ შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა- შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

"ინტერპრესნიუსი"