"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე? - კვირის პალიტრა

"მსგავსი რამ არ მომხდარა კომუნისტების დროიდან, ეს ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვაა" - რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე?

ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს,- ასე შეაფასა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები.

მისი განცხადებით, მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიას კომუნისტების პერიოდიდან არ ახსოვს. ჯაღმაიძის თქმით, ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა.

"მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს, არც ერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა და ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ საქართველოს მოქალაქეს, უნდა ეხებოდეს ეს. ეს არის ფეხქვეშ გათელვა ეკლესიისა და სიწმინდის", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მარტვილისა და ჭყონდიდის მეუფე სტეფანეს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას ის 2 დიაკონიც ესწრებოდა, რომელსაც მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აეკრძალა. რეზიდენციის გარეთ მყოფ მრევლს ოთახში შესვლა სურდათ, რის საშუალებასაც შიგნით მყოფი სასულიერო პირები არ აძლევდნენ. შეხლა - შემოხლის დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და 10-მდე ადამიანი მეორე სართულიდან ჩამოვარდა. დაშავდა მედიის რამდენიმე წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, მეუფე სტეფანე რამდენიმე თვეა რაც ჭყონდიდის ეპარქიას ხელმძღვანელობს. 7 მარტს, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკონს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა აუკრძალა.

"ინტერპრესნიუსი"