"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა"
"უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა"
როდესაც თეკო გურგენიძის გაბზარულ ხმას უსმენ, წამიერად იმაზეც ფიქრობ, რომ ამგვარი ამბავი მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში ხდება, - საყვარელი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მსგავსი ძალების გამონახვა რეალურად, თითქოს, წარმოუდგენელია. თუმცა - არა, თურმე, რეალობაშიც შეიძლება არსებობდეს სიყვარული, რომლის გამოც ყველაფერს გააკეთებ, - შეუძლებელსაც კი. თეკოს გვერდით კი ძალიან მძიმე და გამოუცნობი დაავადებისგან განადგურებული კარგი ბიჭია, - მისი მეუღლე, 24 წლის გიგი გობეჯიშვილი. თეკო და გიგი სულ რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ და
ბედნიერებაც მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. დღეს სრულიად საღსალამათი ბიჭი საწოლს არის მიჯაჭვული, თეკო კი მისი სიცოცხლისთვის იბრძვის.

თეკო გურგენიძე:
- როდესაც გიგიზე ვლაპარაკობ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სულაც არ არის ასეთი კარგი, მე რომ მგონია. მაგრამ ვინც მას იცნობს, ნამდვილად იცის, რომ სწორედ ასეა. გიგისავით მშვიდი
და ყველას გვერდში მდგომი ადამიანი მართლაც იშვიათია და, ალბათ, ამის გამოც შემიყვარდა. მალევე დავქორწინდით - შარშან, ზაფხულში, მერე კი ბათუმში წავედით. გიგი საოცრად ჯანმრთელი იყო, ბავშვობიდან სპორტს მისდევდა და - იმიტომ. მეუბნებოდა, ჯერ სტომატოლოგთანაც კი არ დამჭირვებია მისვლაო. კოორდინაციის დაკარგვა უცებ დაეწყო, ისე, რომ ვერც თავად მიხვდა და ვერც მე, ეს რა იყო. რამდენჯერმე თავბრუ დაეხვა, წაიბორძიკა და ყოველთვის რაღაც ხუმრობა მოაყოლა. მერე კი ბათუმშიც წავედით, ზღვაზე, სადაც თავბრუსხვევა უფრო გაუხშირდა. ამიტომ, როგორც კი შინ, თბილისში დავბრუნდი, მაშინვე ექიმთან წავედით, - ჩემი მეგობრის მამა ნევროლოგია და სექტემბრის დასაწყისში, მაშინვე მას მივაკითხეთ. მან გიგი სწორ ხაზზე გაატარა და როდესაც ნახა, რომ ფეხი აერია, კომპიუტერული ტომოგრაფია მოგვთხოვა: ვფიქრობ, რომ სერიოზული დახმარება გჭირდებათო. ტომოგრაფიამ ისეთი სურათი მოგვცა, საშინლად ვინერვიულეთ. თუმცა, რომ ვფიქრობ, ეს დიაგნოზი, მხოლოდ მონაგონია იმასთან შედარებით, რაც მერე მოხდა. ტომოგრაფიის მიხედვით, ექიმებმა გვითხრეს, რაც გიგის ჰქონდა, მხოლოდ ერთი ოპერაციით გასწორდებოდა და გიგი გამოჯანმრთელდებოდა. თუმცა, დღემდე მოყოლებული გიგის 5 ოპერაცია დასჭირდა და სულ უფრო უარესად ხდება -  საწოლს მიეჯაჭვა.

- ეს ყველაფერი რას ნიშნავს?

- არასამედიცინო ენაზე რომ ვთქვა, არნოლდ ჩიარის მალფორმაცია ნიშნავს იმ სითხის მოძრაობის შეფერხებას, რომელიც თავსა და ხერხემალს შორის მოძრაობს. როდესაც სითხის გამავალი სადინარი თავში როგორღაც ნაწილობრივ ან სრულად იკეტება, სითხე თავში გროვდება. რაც ცხადია, დარღვევებს იწვევს. თუმცა, როგორც ექიმებმა გვითხრეს, დაავადების მსუბუქ ფორმას უამრავი ადამიანი ისე ატარებს, რომ არც კი იცის ამის შესახებ. გიგის შედარებით სერიოზული ფორმა ჰქონდა, რაც ექიმების თქმით, ერთი ოპერაციის შემდეგ უნდა გასწორებულიყო. თუმცა  ერთ ოპერაციას მერე კიდევ ოთხი ოპერაცია მოჰყვა და ვერ გავიგე - რატომ. პირველი ოპერაციის შემდეგ გიგის თავში გრანულობა აღმოაჩნდა, რისი ოპერაციაც ორჯერ დასჭირდა. პირველად რომ ამოკვეთეს, მერე კიდევ გვითხრეს, - გრანულობა ისევ გაიზარდა და ისევ ამოკვეთა სჭირდებაო. მერე კი ტრაქეას გაჭრა და ყელში სტომის ჩადგმა დასჭირდა, რომ ხელოვნურად იკვებოს.

- ეს რატომ მოხდა? ალოგიკურია. თუკი შენს მეუღლეს თავში გრანულობა ჰქონდა, რატომ თავიდანვე არ გამოჩნდა ტომოგრაფიის სურათში? ან სტომის ჩადგმა რატომ გახდა საჭირო?
- არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ამ ეტაპზე ექიმებს ვერაფერში დავადანაშაულებ, რადგან ჩემს უმრავ კითხვას ამასთან დაკავშირებით გულდასმით გამოძიება სჭირდება. ახლა კი ამის დრო არ მაქვს, უნდა ვუშველო გიგის, რომელიც ჩემს თვალწინ განადგურდა. მერე კი აუცილებლად დავარქმევ სახელს ყველაფერს. უკვე თვეები გადის, გიგის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და რა იწვევს ამას, ამის დიაგნოზი არ არსებობს.

- ანუ გიგის დაავადების რეალური დიაგნოზი ვერ დაადგინეს?
- ვერა, ვერ დაადგინეს. ამიტომ მისი უცხოეთში წაყვანა უნდა შევძლო. რაც ცხადია, უძნელესია. არც გიგის მშობლებს და არც არავის აქვს ამის საშუალება. ოჯახში მხოლოდ მე მაქვს სამსახური, რომელიც ცხადია, ამ ხარჯებს ვერ გასწვდება. ამიტომ მხოლოდ ხალხის იმედი მაქვს. თუ, რა თქმა უნდა, ხალხი გიგის დახმარებას მოინდომებს.

- ნუ გეშინია. ბედნიერებაა, რომ ადამიანებს თანადგომის უნარი არ ეკარგებათ. ან ეს როგორ უნდა დავკარგოთ, როდესაც არავინ ვიცით, ხვალ ვისთან მივა განსაცდელი და დასახმარებელი ვინ გახდება…
… გულწრფელად ვუთხარი თეკოს, რომელმაც გიგის დასახმარებელი რეკვიზიტები გადმომცა. ის ისე ცდილობს სიყვარულის გადარჩენას, რომ კიდევ ერთხელ გარწმუნებს -  ამქვეყნად მთავარი სწორედ სიყვარულია.

ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი GE53TB7377345061600014.
მიმღები: თეონა გურგენიძე

საქართველოს ბანკი GE81BG0000000279852500.
მიმღები: ეკატერინე გურგენიძე

ტელეფონი: 591 969 342

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები