"ჯერ ისეთი ვაქცინა არ შექმნილა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონოდა, მაგრამ კვლევებით მათი უსაფრთხოება დამტკიცებულია" - კვირის პალიტრა

"ჯერ ისეთი ვაქცინა არ შექმნილა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონოდა, მაგრამ კვლევებით მათი უსაფრთხოება დამტკიცებულია"

"ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა აუხსნან თუნდაც ის, რომ ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი, ყოველდღიურად საკვების სახით გაცილებით მეტ ანტიგენსა და მძიმე მეტალებს, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს იღებს, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით"

15 მარტს საქართველოში COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. პირველ ეტაპზე, COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.

15 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ასევე COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს მარინა ეზუგბაიამ, მარინა ენდელაძემ, დავით გადელიამ და პირველმა რეგისტრირებულმა ექიმმა თამარ გიორგაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, "ასტრაზენეკას" პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

არაერთ მედმუშაკს ვაქცინაციის შესახებ კითხვები აქვს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესია "კოვიდი" დაემართოს, ვიდრე აიცრას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის აზრით, მთავარი დაწყება კი არა, დასრულებაა. სახელმწიფომ შედეგის მისაღებად ერთობლივად, პოლიტიკური პლატფორმის განურჩევლად უნდა იმუშაოს.

- მიხარია, რომ "კოვიდ-19"-ის ვაქცინა საქართველოში მარტის ბოლოს კი არა, მთელი ორი კვირით ადრე ჩამოვიდა. ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, იმ პირველი ნაკადისთვის, ვინც მას გაიკეთებს. სამედიცინო პერსონალი ინფიცირებისგან უფრო დაცული იქნება. ეს ბევრს ნიშნავს, თუმცა საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როდის დამთავრდება ვაქცინაცია, ერთი თვით ადრე თუ გვიან, მილიონ მეშვიდასიათასე მოქალაქეს როდის მოუწევს პირველი აცრის გაკეთება, რადგან ეს რეგულაციებისგან გათავისუფლების ტოლფასია.

- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება თუნდაც პირველი ეტაპი?

- საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, როგორც დაგეგმილი იყო, ვაქცინაციის მაის-ივნისიდან დაწყება და დღეში 15 000 მოქალაქის აცრა, რათა ის შედეგი მივიღოთ, რომელსაც გვპირდებოდნენ. მხოლოდ ასეთი ტემპით იქნება შესაძლებელი მოსახლეობის 60-65%-ის ვაქცინაცია, რაც ტექნიკურად ასე წარმომიდგენია - აუცილებელია, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა, წინასწარ რიგში ჩაწერა, პარალელურად მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა ყველა მივიდეს ასაცრელად.

- როგორ წარმოგიდგენიათ დღეში 15 000 ათასი კაცის აცრა?

- სპორტის სასახლეში, სტადიონებზე, დიდუბის გამოფენის ცენტრებსა და ასეთ ადგილებში უნდა მოვაწყოთ, როგორც ისრაელში მოაწყვეს, ვაქცინაციის ცენტრები. რამდენიმე ქვეყანამ შესანიშნავად გაართვა თავი ამ საქმეს და გავიზიაროთ მათი გამოცდილება. გასაგებია, რომ ეს ტიტანურ შრომას მოითხოვს, მაგრამ სხვა არჩევანი არა გვაქვს, რადგან გადამწყვეტი ეტაპი სწორედ ვაქცინაციით იწყება.

- მსოფლიოში "ასტრაზენეკას" შესახებ კითხვები გაჩნდა, ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილიც მას ეჭვით უყურებს.

- "ასტრაზენეკას" თავისი პლუსები და მინუსები აქვს, ისევე როგორც "ფაიზერს". ინფორმაცია, თითქოს "ასტრაზენეკა" ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფს, არ დადასტურდა. რაც შეეხება გართულების შემთხვევებს, მსგავსი ინფორმაცია სულ არის - "ფაიზერის" შესახებაც აგორდა ტალღა, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ აცრილთა გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა. ჯერ ისეთი ვაქცინა არ შექმნილა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ ჰქონოდა, მაგრამ კვლევებით მათი უსაფრთხოება დამტკიცებულია. თუმცა საზოგადოების კითხვები ლეგიტიმურია, შესაბამისად, ვინც ყოყმანობს, უნდა ავუხსნათ ვაქცინაციის მნიშვნელობა. ყველა ვაქცინის შესახებ იყო შეთქმულების თეორიები და მითები, ზოგი 666-იანს უკავშირებდა, სატანურს უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ დამღუპველია. სამი საუკუნეა ყოველ ახალ ვაქცინაზე ასე ხდება. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან, როდესაც პირველი ვაქცინა მოიგონეს, მას ებრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ საღი აზრი იმარჯვებდა, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმთავრესია.

- ანტივაქსერების აქტიურობას თუ გადავხედავთ, ეს ადვილი არ იქნება. აცრის მოწინააღმდეგეებს შორის არის სამედიცინო პერსონალის ნაწილიც. - დიახ, ექიმებიც ადამიანები არიან, ბუნებრივია, კითხვა მათაც აქვთ. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა აუხსნან თუნდაც ის, რომ ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი, ყოველდღიურად საკვების სახით გაცილებით მეტ ანტიგენსა და მძიმე მეტალებს, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს იღებს, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით. ეს მცირედი მაგალითია, რისი მოყვანაც შეიძლება ვაქცინაციის ზიანის გასაბათილებლად. უნდა ვეცადოთ, რომ ანტივაქსერების გავლენაში ბევრი არ მოექცეს. უნდა შეიქმნას ოპერატიული რეაგირების ჯგუფები სოცმედიაში და ანტივაქსერების გააქტიურების, მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთანავე მაშინვე დავუპირისპიროთ დადასტურებული ინფორმაცია. ვინც ვაქცინას გაიკეთებს, პირველივე დღეებიდან არ უნდა ელოდოს, რომ აბსოლუტურად უვნებელია. დიახ, ვაქცინირებულთა ინდივიდუალური რისკი მოიკლებს, მაგრამ გადაცემის რისკი ჯერ არ შემცირდება.

ვაქცინაციის პოპულარიზაციაში უნდა მონაწილეობდნენ მედია, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, ახლა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით მოქმედება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს.

- ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან სოლიდარული დამოკიდებულება ძნელი წარმოსადგენია.

- დიახ, მაგრამ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და პოლიტიკური პლატფორმების გაერთიანება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, ამ უბედურებაში კიდევ ორ წელს ვიქნებით და ქვეყანას ამ დამღუპველი შეზღუდვებისგან კარგა ხანს ვერ გავათავისუფლებთ. მსოფლიომ ორ მილიონზე მეტი კაცი დაკარგა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ ორი წლის განმავლობაში 10 ტრილიონამდე ზარალი ნახა და ეს გრძელდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში რასაც სიღარიბესთან ბრძოლაში მსოფლიომ მიაღწია, ამ პანდემიის გამო, პრაქტიკულად, ნიველირებულია. ჯერ არც გვაქვს გაცნობიერებული, რა შედეგები მოუტანა "კოვიდ-19"-მა მსოფლიოს თუნდაც ჯანდაცვის სფეროში. ამ კოშმარის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. არსებობს კიდევ ერთი, მაგრამ ბევრად სახიფათო გზა - დაველოდოთ ე.წ. ბუნებრივ გადარჩენას, ანუ ყველას დაემართოს, მაგრამ ყველა ხომ ვერ გადაიტანს... ამის მწარე გამოცდილება გვაქვს და ამიტომაც არის ვაქცინაცია გადარჩენის ერთადერთი სწორი გზა.