"გერმანიაში, მოსახლეობა ენდობა ჯანდაცვის სისტემას და ამიტომაც ვაქცინის გაკეთებაზე დიდხანს არ უყოყმანიათ"
"გერმანიაში, მოსახლეობა ენდობა ჯანდაცვის სისტემას და ამიტომაც ვაქცინის გაკეთებაზე დიდხანს არ უყოყმანიათ"
"კლინიკაში, რომლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ, სამედიცინო პერსონალს აინტერესებდა ავიცრებოდი თუ არა, და როდესაც ნახეს, მეც და ჩემზე ასაკით უფროსმა ექიმებმაც რომ გაიკეთეს ვაქცინაცია, ყველამ მოგვბაძა"

გერმანიაში, ქალაქ უნის ქრისტიანული საავადმყოფოს ნევროლოგიის, გერიატრიისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ქაცარავა, რომელიც 25 წელია ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს, გვიყვება, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია და როგორ ცხოვრობს გერმანელი საზოგადოება მკაცრ რეგულაციებში.

- გერმანიაში მოსახლეობის 5% უკვე აცრილია. პირველად აცრეს ხანდაზმულები და სამედიცინო
პერსონალის ნაწილი. ჩვენს კლინიკაში ვაქცინაცია გერმანული ორგანიზებულობით ჩატარდა - ჯერ მძიმე პაციენტების მიმღები პერსონალი აცრეს, ექიმები, ექთანები. სხვათა შორის, მაღალი შეგნება გამოიჩინა კლინიკის ადმინისტრაციამ და ჯერ არ აცრილა, რათა ვაქცინა სწორად გადაენაწილებინა. ვინაიდან ჩვენ, ნევროლოგებს, კოვიდპაციენტებთან პირდაპირი კონტაქტი არ გვიწევს, შემდეგ ეტაპზე აგვცრეს - მე
"ფაიზერის" ვაქცინა გავიკეთე, მაგრამ ჩემ შემდეგ ნაკადს "ასტრაზენეკამ" მოუწია.


- საქართველოში ითვლება, რომ "ფაიზერი" უფრო სანდოა, გერმანიაში ასე არ არის?
- აქაც ასეა, თუმცა სახელმწიფოს, კონკრეტულად კი ჯანდაცვის სისტემას, მოსახლეობა ენდობა და დიდხანს არ უყოყმანიათ. რამდენიმე თვის წინ მეც ვყოყმანობდი, შემდეგ რეალობა შეიცვალა, სამეცნიერო ლიტერატურას გავეცანი, სპეციალისტებს ვესაუბრე, სხვა ქვეყნების გამოცდილებას გადავხედე. თუნდაც ისრაელში მოსახლეობის თითქმის ნახევარი აცრილია. ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს დანიაში, ინგლისსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. გერმანია, არც რუსეთია და არც ჩინეთი, აქ რომელიმე პრეპარატის გვერდითი მოვლენა არ დაიმალება, სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ასე რომ, რაც დრო გავიდა, უფრო დავრწმუნდი, როდესაც "კოვიდ-19"-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვაქცინაცია ყველაზე საიმედო და უსაფრთხო გამოსავალია.

კლინიკაში, რომლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ, სხვებთან შედარებით, ასაკითაც უფროსი ვარ და ვიცოდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მათთვის მნიშვნელოვანი იყო, აინტერესებდათ, მე როგორ მოვიქცეოდი, ავიცრებოდი თუ არა, და როდესაც ნახეს, მეც და ჩემზე ასაკით უფროსმა ექიმებმაც გაიკეთეს ვაქცინაცია, ყველამ მოგვბაძა. თუმცა ზოგიერთმა უარი განაცხადა და არც არავის დაუძალებია. გერმანიაში დემოკრატიული საზოგადოებაა და ეს ჩვეულებრივად მიიღეს. ვფიქრობ, ასევე მოხდება საქართველოშიც, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაინახავენ, რომ ბევრი აიცრა და საფრთხე არავის შეჰქმნია, თავადაც აიცრება. მთავარია, დროულად დაიწყოს.

- "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" გარდა, კიდევ რომელი ვაქცინის შემოტანა იგეგმება გერმანიაში?
- ჯერ მხოლოდ ეს ორი ვაქცინა დომინირებს. ისე კი "ჯონსონსა და ჯონსონსაც" ახსენებენ, ხანდახან რუსულ "სპუტნიკზეც" გაიხუმრებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მხოლოდ ირონიული ხუმრობაა.

- ითქვა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაციაზე ირიბი ზეწოლაა - ინფიცირების შემთხვევაში სახელმწიფო პაციენტის მკურნალობაზე ვალდებულებას იხსნის.
- გერმანიაში მსგავსი არაფერი ხდება. ამერიკაში ვერც ერთი დანიშნულების აცრა ვერ ჩატარდება იძულებით, მაგრამ გერმანიაში არსებობს სავალდებულო აცრა, მაგალითად, წითელა, რადგან არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ თუ ამ ინფექციაზე აცრილი ხარ, სხვას საფრთხეს არ უქმნი, რადგან მისი გადამტანი არა ხარ. შესაბამისად, სახელმწიფოს მოთხოვნა, სხვას საფრთხე არ შეუქმნა, ლეგიტიმურია.

ამას წინათ, ვაქცინაციის საქმეში ჩართულ ექიმს ვესაუბრე, როგორც მითხრა, ჯერ არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ვაქცინირებული ადამიანი კოვიდგადამტანი არ არის, არც იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ "კოვიდ-19"-ის ვაქცინაცია დაგავალდებულონ.

- "ფაიზერით" აცრის შემდეგ, პოსტვაქცინური რეაქცია გქონდათ?
- მარცხენა მკლავზე გამიკეთეს და თუ არ ჩავთვლით ოდნავ ტკივილს, მეტი არაფერი. თუმცა ზოგმა თქვა, რომ სიცხეც ჰქონდა და ამცივნებდა. "პარაცეტამოლი" დალიეს და მეორე დღეს ჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს. ასეთივე პირველადი სურათი გვაქვს "ასტრაზენეკას" შემთხვევაშიც... ერთი სიტყვით, ინდივიდუალური გამოხატულება აქვს, მცირე ფორმებით. ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ ნორვეგიაში 20-მდე კაცი გარდაიცვალა და ამას ვაქცინას აბრალებდნენ, მაგრამ სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ ყველაფერი გაირკვა.

ორი კვირის შემდეგ ანტისხეულებზე ჩავაბარებ ანალიზს, ვნახავ, ჩამომიყალიბდა იმუნიტეტი თუ არა. ჩემი მეუღლე და შვილები ჯერ არ აცრილან, შესაბამისად, სიფრთხილე მმართებს.

- გერმანია მკაცრი შეზღუდვებით განაგრძობს ცხოვრებას, არა?
- აქაც სურსათის მაღაზიების გარდა, არაფერი მუშაობს... ხალხს კარგად ახსოვს ის მძიმე ფაზა, რომელიც ორი თვის წინ გერმანიამ გამოიარა. პირველი ტალღა ჩვენს რეგიონსა და სამედიცინო დაწესებულებებს არ შეხებია, მაგრამ მეორე ტალღა უკლებლივ ყველას შეეხო. აქ კოვიდ­კლინიკები არ არის, მხოლოდ კოვიდგანყოფილებებია, რომლის პერსონალი და პაციენტებიც იზოლირებული იყვნენ, ამის მიუხედავად, ბევრი ექიმი და ექთანი დაინფიცირდა. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები იშვიათი იყო, ყველა გადარჩა, თუმცა ზოგიერთი დღემდე ჩივის, რომ ვირუსმა ქოშინი დაუტოვა და კვლევებს იტარებენ. ის პერიოდი მძიმედ ახსოვს გერმანელებს და შეცდომის გამეორება არ სურთ. გასული კვირის მონაცემებით, 10 000 ინფიცირებული და 300 გარდაცვლილი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა 40%-ს "ბრიტანული შტამი" აღმოაჩნდა, რაც დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

- ალბათ, ადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა ვაქცინის შემოტანის გადავადებამ.
- შემოდგომაზე კოვიდინფიცირების მძიმე ტალღამ გადაიარა, მაგრამ საქართველოსთანა პატარა ქვეყნის კვალობაზე გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალი არ არის. პირადად მე იმ მძიმე ტალღის დროს ორივე მშობელი დავკარგე - ხანდაზმულები იყვნენ, "კოვიდით" დაინფიცირდნენ. მაშინ საქართველოში ჩამოვედი და ერთი თვე აქ გავატარე.

რაც შეეხება ხანდაზმულებს, გერმანელებს ამ შემთხვევაშიც ყველაფერი წინასწარ აქვთ დაგეგმილი, რაც მათ ხასიათს ნათლად წარმოაჩენს და ამის დასტურია აქ მოქმედი ცივი გონებით მიღებული ერთი კანონი - აქაური მოქალაქეების დიდ ნაწილს წინასწარ აქვს შედგენილი იურიდიულად დამოწმებული დოკუმენტი, იმ შემთხვევაში, თუ მძიმე დაავადება დაუდგინდა და ექიმები მდგომარეობას უიმედოდ ჩათვლიან, მას უფლება აქვს უარი თქვას მკურნალობის გახანგრძლივებაზე, ჟანგბადზე მიერთებაზე, ხელოვნურ კვებაზე. შესაბამისად, ისინი, ვინც ხანდაზმულთა სახლებში ცხოვრობდნენ, კოვიდინფიცირების შემთხვევაში რეანიმაციაში მათივე სურვილით აღარც გადაჰყავდათ. მორალურად ან ეთიკურად რამდენად გამართლებულია ასეთი დამოკიდებულება, ამაზე აღარ ვისაუბრებ. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ სტაციონარში უადგილობის, დაგვიანების ან სულაც დაუდევრობის გამო იმ რეგიონში, სადაც მე ვმუშაობ, პაციენტი რეანიმაციის გარეშე არ დარჩენილა.

გერმანია ძლიერი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანაა, ამიტომ ძალზე დროულად გამართეს მართვითი სუნთქვის საწოლები. პირველივე ტალღის დროს რეგიონულმა მმართველობამ შექმნა კომისია, რომელსაც წინასწარი განაცხადის მქონე პირები უნდა აღერიცხა და ისინი რეანიმაციაში აღარ გადაეყვანათ. ამის გაგება ჩემთვის სტრესული იყო, თუმცა ეს კანონით დაშვებულია. გერმანელებს აქვთ უნარი პრაგმატულად იცხოვრონ, დროის ფასი იციან, მაგრამ ახლა ეტყობათ, რომ დაიღალნენ.

არსებობს კვლევები, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა იმატა. ამ შეზღუდვებმა ძალზე დააზარალა მოზარდი თაობაც. ტყუპი გოგონა მყავს, რომლებიც წელს სკოლას ამთავრებენ და მათ მაგალითზე ვხედავ, თუ რა ხდება მათ თაობაში. უფრო მძიმე დღეში არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები და ამის მეცნიერულად დადასტურებული კვლევებიც არსებობს. თუმცა, სანამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინაცია არ ჩატარდება, ჯერ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

- რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია?
- კი, ლაპარაკია ამაზე, სახელმწიფო უშემოსავლოდ დარჩენილებს ძალიან ეხმარება. მე, როგორც ექიმსა და ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ჭანჭიკს შეზღუდვები მატერიალურად არ შემხებია, მაგრამ ბევრი ანაზღაურების გარეშე დარჩა. მათ სახელმწიფომ შემოსავლის 60% გადაუხადა, მაგრამ საბანკო ვალდებულებები იგივე დარჩათ. ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი დაწყებულია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები