"კორეაში სულ 314 656 ადამიანია აცრილი, დადასტურდა გვერდითი მოვლენების 3689 შემთხვევა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა..." - კვირის პალიტრა

"კორეაში სულ 314 656 ადამიანია აცრილი, დადასტურდა გვერდითი მოვლენების 3689 შემთხვევა, 8 ადამიანი კი გარდაიცვალა..."

"სწავლა პანდემიის პერიოდში დავიწყე, ასე რომ, ტრადიციულ ლექციაზე დასწრების გამოცდილება არ მქონია"

23 წლის თბილისელი თამთა ბიბილეიშვილი სამხრეთ კორეაში, ქალაქ სეულის ჰანიანგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს. ამბობს, რომ ენატრება საქართველო და თავისი ოჯახი, თუმცა მიზნის მისაღწევად და უკეთესი მომავლისთვის ებრძვის მონატრებას და ვფიქრობ, გამოსდის კიდეც.

- ბაბუა, ბებია, დედა და მე ერთად ვცხოვრობთ. ბაბუა სამხედრო პოლკოვნიკია. დედა მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე უფროს ლაბორანტად და კანცელარიის უფროსად, ახლა კი საქართველოს რკინიგზაში საფირმო მატარებლის უფროსია. 3 წლის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა და მის შემდეგ თვალით აღარ მინახავს. ის ბაბუამ შემიცვალა. ბებია ცივ ნიავს არ მაკარებდა. დედამ კი მომცა ყველაფერი, რაც შეეძლო. ბევრი პრობლემის გადატანაც მოგვიხდა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახს დავხმარებოდი, მეტი მესწავლა, მემუშავა. ორეაში სწავლით ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ვცდილობ.

- რატომ მაინცდამაინც კორეა?

- დიდხანს ვორჭოფობდი, ბოლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის შესწავლა გადავწყვიტე. ბაკალავრიატში დიდი ცოდნა შევიძინე. კორეული ენის სწავლა ინტერნეტით დავიწყე. მე-2 კურსზე ვიყავი, როცა თავისუფალ უნივერსიტეტში კორეული ენის კურსებზე ჩავირიცხე და მუშაობაც დავიწყე. ორწლიანი კურსის შემდეგ კორეული ენის სწავლა ენების ცენტრში გავაგრძელე, სადაც მერე კორეული ენის მასწავლებლადაც ვმუშაობდი. მაგისტრატურაში სწავლა უკვე კორეული ენის სწავლებისა და კორეული მეცნიერებების განხრით გავაგრძელე.

მოკლედ, ოცნება ამიხდა და კარეაში აღმოვჩნდი. ბევრი რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო მოლოდინი არ გამიმართლდა, თუმცა იმედია, ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება და მალე მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. სეულში, ჰანიანგის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. ჩემი სტუდენტური ყოველდღიურობა დინამიკურია. ჩემი ყოველდღიურობის ყველაზე დიდი ნაწილიც ლექციებსა და სწავლას ეთმობა.

- ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურულ განსხვავებას აუცილებლად იგრძნობდით... - კორეული ტრადიციები კონფუციანიზმს ეფუძნება, ამიტომ ზოგიერთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება შეიძლება უცხოელისთვის გაუგებარი იყოს.

კორეელი საზოგადოება განსაკუთრებულ პატივს სცემს უფროს თაობას. მაგალითად, თუკი ერთად რამდენიმე თაობა სადილობს, ჭამა უფროსებმა უნდა დაიწყონ. უფროსის გვერდით სასმელს თავის მიტრიალებით სვამენ. ნივთების ორივე ხელით მიცემა-გამორთმევაც პატივისცემად ითვლება.

ქორწილისა და დაკრძალვის წესებიც ძალიან განსხვავდება ქართულისგან, თუმდა ბოლო დროს ბევრი კორეელი წყვილი ქორწილის დასავლურ ცერემონიას ანიჭებს უპირატესობას. ცერემონიამდე პატარძალი ცალკე ოთახშია და სტუმრები მასთან მისალოცად და სურათების გადასაღებად მიდიან. კორეულ ქორწილში საჩუქრად ფულის მიტანა ყველაზე გავრცელებული ფორმაა. კონვერტში ჩადებულ ფულს შემოსასვლელში დებენ. მას აღრიცხავენ და შემდგომ სტუმრები იღებენ რესტორნის კუპონს, რომლის გამოყენებაც ქორწილის ცერემონიის დასრულების შემდეგ შეუძლიათ.

კორეელები მარილს არ იყენებენ. მათი სამზარეულო გამოირჩევა ცხარე კერძებით. ხშირად იყენებენ ზღვის პროდუქტებსა და სხვადასხვა სოუსს. კორეული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია კიმჩი (დამწნილებული მწარე კორეული კომბოსტო), რომელსაც კორეელებისთვის კულტურული ღირებულება აქვს. კორეაში უყვართ სხვადასხვა გემოს შერევა. მაგალითად, კორეული ჰოთდოგის პურს გარედან შაქრის პუდრი აყრია. ჩერის მარილთან ერთად კი არა, შაქართან ან სულაც ცარიელს მიირთმევენ. კორეაში ყველა პური, ტოსტის პურის გარდა, ტკბილია.

- განსხვავებული გარეგნობის გამო, ალბათ, ხშირად იქცევთ ყურადღებას. - კორეა, ძირითადად, ერთეროვანი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში უცხოელების რიცხვმა იმატა, უცხოელები მაინც იქცევენ ყურადღებას. სეულსა და სხვა დიდ ქალაქებში უცხოელთა რიცხვი მეტია და მათი გამოჩენა მაინცდამაინც აღარ უკვირთ, თუმცა უფროსი თაობის თვალებში მაინც შენიშნავთ გაკვირვებასა და ინტერესს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოხუცს გავუჩერებივარ და მომსალმებია. სულ გრძნობ, როგორი გაკვირვებულები გიყურებენ ბებია-ბაბუები.

კორეელებს თავისებური სილამაზის სტანდარტები აქვთ. ამიტომ ხშირად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს. ყველაზე გავრცელებული თვალის ჭრილის, ცხვირის, სახის ფორმის გალამაზებაა, რადგან კორეაში დიდი თვალები, ცხვირის აწეული ფორმა და ლათინური V-სებური სახის ოვალია სილამაზის განმსაზღვრელი. კომპანიები გამორჩეული რეზიუმეს გარდა გარეგნობასაც აქცევენ ყურადღებას, ამიტომ კორეელი კარგ კომპანიაში მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დასაწყებად, გარდა გამოცდილებისა, გარეგნობითაც უნდა გამოირჩეოდეს.

- როგორია კორეული კორონარეალობა. - "კოვიდ 19"-ის აღმოჩენისთანავე კორეაში დაწესდა რეგულაციები, რომლებიც სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მკაცრდებოდა. კომენდანტის საათი არ გამოცხადებულა, თუმცა იზღუდებოდა რესტორნებისა და სავაჭრო ცენტრების მუშობა, ზოგჯერ კი - ტრანსპორტის მიმოსვლაც. მუშაობა ეკრძალებოდა კარაოკე-ბარებსა და კლუბებს. ბოლო დროს კაფეებში პირბადით, სანიტარიული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით საღამოს 9 საათამდე დარჩენა შეიძლება, თუმცა მერე თითქმის ყველაფერი იკეტება, გარდა 24-საათიანი მაღაზიებისა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც და გარეთაც ნიღბის გარეშე ყოფნა არ შეიძლება. მოქალაქე ამ წესის დარღვევისთვის 100 000 ვონით (დაახლოებით 300 ლარი) ჯარიმდება. რესტორნებში, კაფეებში, ბანკებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში აღნიშნულია ადგილები სოციალური დისტანციის გათვალისწინებით, სადაც შეიძლება რიგის დაკავება, დადგომა ან დაჯდომა. ყველგან, სადაც მიდიხართ, უნდა დატოვოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ან გაიაროთ რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციით, რათა საჭიროების შემთხვევაში თქვენთან სწრაფად დაკავშირება მოხერხდეს.

მობილური ტელეფონით ვიღებთ ინფორმაციას ინფიცირებულთა რაოდენობისა და მათი ადგილსამყოფლის შესახებ, რათა უახლოეს მომავალში იმავე ადგილას წასვლას მოვერიდოთ. ჩვენი უნივერსიტეტიც ვირუსის შესაბამისად მუშაობს - ელექტრონული ფოსტით გვიგზავნიან ინფორმაციას ვინმეს დაინფიცირების შესახებ და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.

თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტს ხშირად უტარდება დეზინფექცია. ასეთი ღონისძიებებით ცდილობენ თავიდან აირიდონ დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

კორეაში ტესტირება უფასოა. სეულში ყველა მცხოვრებს მოუწოდებენ, გაიარონ ტესტირება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები.

ახლახან გამოცხადდა, რომ კორეის მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ყველა მსურველს სთავაზობს აცრას. ამასთან, ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც კორეელების, ისევე კორეაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. 7 მარტის მონაცემებით, კორეაში სულ 314 656 ადამიანია აცრილი. დადასტურდა გვერდითი მოვლენების 3689 შემთხვევა, რვა ადამიანი კი გარდაიცვალა და ახლა მიმდინარეობს გამოკვლევა, მათი გარდაცვალების მიზეზი იყო თუ არა ვაქცინა. პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბევრ სექტორსა და დაწესებულებას მოუწია ონლაინრეჟიმზე გადასვლამ. ეს შეეხო სასწავლო პროცესსაც. ლექტორები და მასწავლებლები ცდილობენ შეისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ყველა საშუალება, რასაც მათ ინტერნეტსივრცე და კომპიუტერი სთავაზობს. ვფიქრობ, სანამ პანდემია არ დასრულდება, სახიფათოა აუდიტორიაში დაბრუნება, თუმცა სწავლების ონლაინრეჟიმსაც დახვეწა სჭირდება. სამწუხაროდ, სწავლა მეც პანდემიის პერიოდში დავიწყე, ასე რომ, აუდიტორიაში მისვლის და ტრადიციულ ლექციაზე დასწრების გამოცდილება არ მქონია.

კორეა განათლების სფეროთიც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. დიდია კონკურენცია აბიტურიენტებს შორის. უნივერსიტეტებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, რათა აბიტურიენტები უკეთესი სასწავლო გარემოთი და განათლების დონით მოიზიდონ. თვალში საცემია ის ფაქტი, რომ საუნივერსიტეტო ტერიტორია ცალკეა. ზოგი ისეთი დიდია, რომ უნივერსიტეტამდე მისასვლელად ავტობუსია საჭირო. კორეელები ძალიან შრომისმოყვარე ხალხია, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებას და ბევრს მუშაობენ წარმატებული მომავლის შესაქმნელად.

- სად წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? - ძალიან მინდა საქართველო-კორეის ურთიერთობაში კიდევ ერთი მედიატორი ვიყო, რომლის მეშვეობით ამ ორ ქვეყანას შორის ხიდი გამყარდება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის გზებიც გაიხსნება.