"ჩემო მთვარევ" - ისტორიული კოსმოსური მისია
"ჩემო მთვარევ" - ისტორიული კოსმოსური მისია
ფოტო:მთვარის კოსმოსური მისია დეარ მოონ - ის ავტორები, მილიარდერები ილონ მასკი და იუსაკუ მაეზავა
"მთვარის მისიის მონაწილეებს წინ სირთულეებით აღსავსე, მაგრამ უნიკალური შემეცნებითი თავგადასავალი ელოდებათ"

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის თანამშრომელ დალი უბილავა-დე გრააფთან. ამჯერად ჩვენი საუბრის თემაა მთვარის ათვისების ამბიციური კოსმოსური პროექტი, სახელწოდებით "ჩემო მთვარევ", რომელიც ილონ მასკის ისტორიული კოსმოსური სიახლე იქნება. იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეზავამ რამდენიმე­ წლის წინ მილიარდ დოლარად მთვარის მისიაზე ადგილები დაჯავშნა და რამდენიმე ხელოვანთან ერთად მთვარეზე პირველ ტურისტად მიიჩნეოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ
გეგმა შეცვალა და 2023 წელს მთვარეზე ტურისტული მისიისთვის რვა წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საბუთების მიღება 14 მარტს დასრულდა, მონაწილეობა კი ნებისმიერ ადამიანს შეეძლო. როგორ წვრთნიან ასტრონავტებს? ყოფილან თუ არა კოსმოსში ტურისტები? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსანტი? - ამ კითხვებზე დალი უბილავა-დე გრააფი­ გვიპასუხებს.


- კონკურსში
მონაწილეობა შეეძლო ყველას. კაცობრიობის ისტორიაში პირველად ქართველებსაც აქვთ კოსმოსში გამგზავრების უნიკალური შანსი.

მთვარის კოსმოსურ მისიაში მსურველთა ძალიან დიდი დაინტერესებიდან და რეგისტრირებულთა რიცხვიდან გამომდინარე კანდიდატების შერჩევის პროცესიც მკაცრი კრიტერიუმებით წარიმართება და შეირჩევა რვა ყველაზე შემოქმედებითი, ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც იაპონელ მილიარდერ იუსაკუ მაეზავასთან ერთად ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით, "სთარშიფით", შეძლებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ, ერთკვირიან ტურისტულ მოგზაურობას მთვარეზე. შერჩეული წევრებისთვის ამ მისიაში მონაწილეობა უფასოა, რადგან მაეზავამ მისია უკვე დააფინანსა. მთავარი მოთხოვნებია შემოქმედებითი ნიჭი და გუნდური თანადგომა, რაც ქართველებს არ გვაკლია.

- მისიის შესახებ გვიამბეთ...
- ამ მისიის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ. 2018 წელს იაპონელმა მილიარდერმა, ხელო­ვნების ქომაგმა და კოლექციონერმა­ იუსაკუ მაეზავამ განაცხადა, რომ ის ილონ მასკის "სფეის X"-თან თანამშრომლობით 2023-ში აპირებდა მთვარეზე გაფრენას რვა მხატვართან ერთად, მაგრამ ახლახან ეს პროექტი უფრო გააფართოვა და უკვე ეძებს­ არა მაინცდამაინც მხატვრებს, არამედ ამბიციურ, ნიჭიერ და მისიისთვის შესაფერის შემოქმედებით ადამიანებს, რომლებიც მასთან ერთად მთვარეზე გაფრინდებიან.

ილონ მასკის კომერციული კომპანია "სფეის X" 2008 წლიდან უპილოტო, 2019 წლიდან კი პილოტირებულ (ასტრონავტების) მისიებს ახორციელებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე."

"სფეის X"-ს დაგეგმილი აქვს კოსმოსური ტურიზმის განვითარების სხვადასხვა კომერციული კოსმოსური მისია და ადამიანების ტურისტებად მოგზაურობა კოსმოსში - 2021 წლის ბოლომდე დედამიწის გარშემო, 2023 წელს - მთვარისკენ და შემდგომში - მარსისკენ.


გარდა "სფეის X"-ისა არიან სხვა კომპანიებიც, რომლებიც ასევე კოსმოსური ტურიზმით არიან დაინტერესებული და წლის ბოლომდე გეგმავენ პირველი ტურისტების კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე გამგზავრებას. ტურისტული მისია მთვარეზე უფრო შორი, რთული და ძვირია და, ბუნებრივია, დღეს ამ ამბიციას მხოლოდ ილონ მასკი თუ შეეჭიდებოდა. ასე რომ, კოსმოსური მისია "ჩემო მთვარევ" არის მართლაც უნიკალური შანსი დღევანდელი ახალგაზრდობისთვის, რომელიც არის ჯანმრთელი, ამბიციური, რომანტიკული, კრეატიული, იცის ენები, აქვს საბაზისო ტექნიკური ცოდნა, იცის გუნდურობის, მეგობრობის ფასი და, რაც მთავარია, აინტერესებს, რა ხდება სამყაროში.

- რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კონკურსანტები?
- მაეზავას თანაგუნდელები უნდა აკმაყოფილებდნენ საბაზისო ტექნიკურ მოთხოვნებს, თუმცა პირველ ეტაპზე ისინი შეირჩევიან ორი უმთავრესი კრიტერიუმით.

პირველი - კანდიდატმა უნდა შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი კრეატიულობა კოსმოსში მოგზაურობის დროს სხვათა (საზოგადოების) შთაგონებისთვის.

მეორე - კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სურვილი და იყვნენ მზად, საჭიროებისას დაეხმარონ/მხარი დაუჭირონ თავიანთ თანაგუნდელებს.
როგორც მაეზავა ამბობს: "ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რვა მგზავრის შერჩევისას". მისიის მონაწილე კანდიდატების შერჩევის პროცესსაც სწორედ ის წარმართავს, 2021 წლის აგვისტოდან კი დაიწყება შერჩეული კანდიდატების ინტენსიური მომზადება 2023 წლის კოსმოსური მისიისთვის.


ყველა­ დარეგისტრირებული კანდიდატი ელფოსტით­ მიიღებს წერილს დეტალური ინფორმაციით შერჩევის პროცესის შემდგომი ეტაპების შესახებ, შემდგომი და უმთავრესი პროცედურების თანამიმდევრობა კი ასეთია:

2021 წლის მარტი - კანდიდატების ე.წ. სქრინინგი;
2021 წლის აპრილი/მაისი - ონლაინ­ინტერვიუების ეტაპი;
2021 წლის მაისის ბოლო - საბოლოო გასაუბრება და სამედიცინო გამოკვლევები;
2021 წლის ივნისის ბოლო - გამარჯვებულების, მისიის მონაწილეების გამოცხადება;
2021 წლის აგვისტოდან დაიგეგმება გამარჯვებული კანდიდატების საწვრთნელი და მოსამზადებელი სამუშაოები ამერიკის, იაპონიის, ევროპის კოსმოსურ სააგენტოებში;
2023 წელს კი იუსაკუ მაეზავა და მისი რვა თანაგუნდელი ამერიკიდან მთვარისკენ აიღებენ გეზს ილონ მასკის კოსმოსური ხომალდით "სთარშიფი", რომელიც ახლა ტესტირების პროცესშია.

მასკი დარწმუნებულია, რომ 2023 წლისთვის კოსმოსური ხომალდი მზად იქნება. მილიარდერი მაეზავა ამბობს, რომ ის სრულად ენდობა ილონ მასკსა და მის კომპანია "სფეის X"-ს და მოუთმენლად ელის ისტორიულ კოსმოსურ მოგზაურობას. "ცოტათი მეშინია კიდეც, მაგრამ ჩემი ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერია და ის იმარჯვებს" - ამბობს მაეზავა."

- აქამდე თუ ყოფილან ტურისტები კოსმოსში?
- ადამიანი, დიდი ხანია, დაფრინავს კოსმოსში - პილოტირებულ მისიებს ვგულისხმობ, რაც ძირითადად ნიშნავს დედამიწის გარშემო 400-კილომეტრიან ორბიტაზე მოგზაურობას, სადაც განთავსებულია საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ხოლო რაც შეეხება მთვარის პილოტირებულ მისიებს, 1969-1972 წლებში მთვარეზე სულ 12 ამერიკელი ასტრონავტი იმყოფებოდა. მას შემდეგ ადამიანი დედამიწის ორბიტას არ გასცდენია, ანუ მთვარეზე არ ყოფილა. კოსმოსის ათვისების ისტორიაში არის კოსმოსში ტურისტების გაგზავნის შემთხვევები. კოსმოსში პირველი ტურისტი იყო ამერიკელი მასწავლებელი კრისტი მაკკოლიფი, რომელიც 1986 წელს სფეის შათლ "ჩელენჯერის" ჯგუფთან ერთად გაფრინდა, მაგრამ მოგეხსენებათ ამ ხომალდის კატასტროფა მისი აფრენისას, რამაც მთელი ეკიპაჟი იმსხვერპლა.

2001 წელს იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი დენის ტიტო გახდა მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი. მან იმოგზაურა კოსმოსურ სადგურზე, რაშიც გადაიხადა 20 მლნ ამერიკული დოლარი. კოსმოსში წასულ ტურისტებს შორის არის სპარსული წარმომავლობის ამერიკელი ინჟინერი, მეცნიერი, პირველი კოსმოსური ტურისტი ქალი ანუშე ანსარიც, რომელიც ასევე სტუმრობდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. კოსმოსური ტურისტი ყოველთვის ითავსებს სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობას. ის ტურისტები, ვინც აქამდე იმოგზაურა კოსმოსში, სამეცნიერო ექსპერიმენტებშიც მონაწილეობდნენ.

ყველა ტურისტი, ვისაც კი აქამდე კოსმოსში უმოგზაურია, იყო ძალიან მდიდარი და თავად იხდიდა მოგზაურობის საფასურს, მაეზავამ კი უკვე გადაიხადა რვა ადამიანის მოგზაურობის ხარჯი. ახლა მთავარია, ეს რვა მონაწილე შეარჩიოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანის კოსმოსში მოგზაურობა­ გულისხმობს უზარმაზარ ბიუჯეტს - 1 ადამიანის კოსმოსურ სადგურამდე აყვანა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი ჯდება. თანხამ ცოტა იკლო მას შემდეგ, რაც 2019 ილონ მასკმაც დაიწყო პილოტირებული მისიების განხორციელება.

დღეს კოსმოსური ტურიზმით უფრო მეტი კერძო კომპანიაა დაინტერესებული. ილონ მასკის "სფეის X"-ის გარდა ამ საქმეში ყველაზე დიდი ფიგურები არიან ჯეფ ბეზოსი და მისი კომპანია "ბლუ ორიჯინი", ასევე რიჩარდ ბრენსონი თავისი კომპანიით "ვირჯინ გალაქტიკი". ისინი ტურისტებს სთავაზობენ მოგზაურობას სხვადასხვა სიმაღლის ორბიტაზე. ორბიტის სიმაღლე და მასთან დაკავშირებული სირთულეები განსაზღვრავს ბილეთის ფასსაც.

"სთარშიფი" მთვარის ორბიტაზე

- რა პროცედურებს გადიან ასტრონავტები?­
- სანამ ასტრონავტები კოსმოსში გაფრინდებიან, მათთვის სავალდებულოა რამდენიმეწლიანი სწავლა, წვრთნა. ეს ურთულესი წვრთნებია როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისით. ასტრონავტებს­ 5-7-წლიანი სწავლის შემდეგ უწევთ­ დაახლოებით 3000 გამოცდის ჩაბარება. მკითხველისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, როგორ გამოცდებზეა ლაპარაკი, ერთ-ერთ მათგანზე მოგიყვებით, რომელიც ყველაზე რთულ გამოცდად ითვლება. ეს არის სტრესის გამოცდა - ასტრონავტები­ რამდენიმე კილომეტრ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავიდან უნდა გადმოხტნენ; როგორც კი გადმოხტებიან, ყურში ჩაესმით გამომცდელის ხმა და სანამ პარაშუტი გაიხსნება, თავისუფალი ვარდნისას, ის მათ უკითხავს საგამოცდო საკითხებს - მათემატიკურ ამოცანებს, რომლებსაც მშვიდად, აუღელვებლად, სწორედ თავისუფალი ვარდნის პროცესში უნდა გასცენ სწორი პასუხი. შეცდომის დაშვების უფლება არა აქვთ, რადგან ერთი შეცდომაც კი დისკვალიფიკაციას ნიშნავს. სტრესის გამოცდა ყველაზე მთავარია. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა - და კოსმოსში რისკი ყოველთვის არსებობს - ადამიანს შეცდომის უფლება არა აქვს. იმ ექსტრემალურ პირობებში მან უნდა იაზროვნოს და მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. გარდა ამისა, ურთულესი გამოცდებია ფიზიკური გამძლეობის შესამოწმებლად და მათ უნდა შეძლონ ძალიან კარგი მონაცემების ჩვენება, ანუ ჯანმრთელობა არის პირველი და უმთავრესი ფაქტორი; შემდეგ მოდის უნარები; აუცილებელია ენების ცოდნა, რადგან ასტრონავტს თავის თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა უნდა შეეძლოს.

- კოსმოსის ტურისტების მოსამზადებელი წვრთნა როგორია?
- ტურისტების მოსამზადებელი პროცედურები და წვრთნა, რა თქმა უნდა, შემსუბუქებულია. ტურისტი ცოტა ხნით სტუმრობს კოსმოსს, თუმცა მისი ორგანიზმიც მზად უნდა იყოს დატვირთვისთვის, ამიტომ მანაც უნდა გაიაროს გარკვეული სახის ტესტები, წვრთნები, სავარჯიშოები. მაგალითად, უნდა შეეძლოს დიდი სიჩქარით მოძრავ სპეციალურ ტრენაჟორებზე (ცენტრიფუგა) ტრიალი; ხელოვნურად შექმნილ ჟანგბადდეფიციტიან ატმოსფეროში, სადაც ადამიანს აზროვნებაც კი უჭირს, გონებრივი სავარჯიშოების შესრულება; სკაფანდრით ვარჯიში უწონობაში, 12 მ სიღრმის აუზის ფსკერზე და სპეციალურ საწვრთნელ თვითმფრინავში, რომელიც მკვეთრი პარაბოლური ტრაექტორიით მოძრაობს და ამ ტრაექტორიის გარკვეულ სეგმენტებზე თავისუფალი ვარდნის 22 წამის განმავლობაში, უწონობაში მათ უნდა შეასრულონ გარკვეული დავალებები. კოსმოსური კაფსულით დაშვება სტეპში, უღრან ტყეში, ზღვაზე და მაშველების მოსვლამდე საკუთარი თავის დახსნა ჰერმეტული კაფსულიდან.

ერთ-ერთი სირთულე კოსმოსის ტურისტებისთვის არის უწონობასთან შეგუება. კოსმოსში ყოფნისას ზოგადად სხეულს მასა არ გააჩნია და კოსმოსში მათი გამოყენება იმ პრინციპებით როგორც დედამიწაზეა - შეუძლებელია. შეუძლებელია, მაგალითად სადმე ჩამოჯდომა­. უწონობის მდგომარეობაში ადამიანის ფიზიოლოგიაშიც ხდება ცვლილებები, მაგალითად, ხერხემლის დისკებს შორის მანძილი ოდნავ იზრდება და ადამიანის სიმაღლე რამდენიმე­ სანტიმეტრით იმატებს. კოსმოსში გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი თუ კუნთოვან-ძვლოვანი სისტემა სრულიად სხვა პრინციპით მუშაობს. კოსმოსურ ტურისტებს მოუწევთ ისეთი ელემენტარული ჩვევების შესწავლა, როგორიც არის თუნდაც კოსმოსური საპირფარეშოს გამოყენება, პირადი ჰიგიენის საკითხები დ ა.შ., ამ ყველაფერთან ერთად კი სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილოებაც.

ეს მოსამზადებელი სამუშაოები რთულდება მთვარისა და მარსის მისიებისთვის, ასე რომ, მთვარის მისიის მონაწილეებს წინ სირთულეებით აღსავსე, მაგრამ უნიკალური შემეცნებითი თავგადასავალი ელოდებათ.

მთვარისკენ მოგზაურობის ტრაექტორია

- რა თანხაა საჭირო კოსმოსში მოგზაურობისთვის?
- კოსმოსის პირობითი საზღვარი ამერიკელი ასტრონავტებისთვის დედამიწის ზედაპირიდან 80 კმ-ზე, რუსი კოსმონავტებისთვის კი 100 კმ სიმაღლეზე იწყება.­ მიიჩნევენ, რომ ადამიანი, რომელიც ამ საზღვარს გადაკვეთს, კოსმოსშია ნამყოფი. კოსმოსში მოგზაურობის ხელშემწყობი კომპანიები სხვადასხვა სიმაღლის ორბიტაზე მოგზაურობას სთავაზობენ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს, შესაბამისად, ბილეთიც სხვადასხვაფასიანია. მაგალითად, კოსმოსური ბილეთი სტრატოსფეროში (დაახლ. 35-40 კმ სიმაღლეზე) 15-წუთიანი მოგზაურობისთვის დაახლოებით 70.000 დოლარი ღირს, სუბორბიტალური (დაახლ. 80-100 კმ სიმაღლეზე) მოგზაურობა - დაახლოებით 250.000 დოლარი, კოსმოსურ სადგურზე (დაახლ. 400 კმ სიმაღლეზე) სტუმრობა - დაახლოებით 60-80 მილიონი დოლარი, მთვარეზე ტურისტული მოგზაურობა (დედამიწიდან დაახლ. 370 000 კმ-ის დაშორებით) კი - დაახლოებით 700 მილიონი დოლარი. ფასს, ძირითადად, ორბიტის სიმაღლე და მასთან დაკავშირებული სირთულეები განსაზღვრავს, თუმცა ილონ მასკის მრავალჯერადი რაკეტების უნიკალურობა ამ ღირებულებას ძალიან აიაფებს და მალე დადგება დრო, როცა კოსმოსში მოგზაურობა მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. წარმატებები ვუსურვოთ მთვარის ტურისტული მისიის პირველ კანდიდატებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები