"რეიტინგი" ყველაზე რეიტინგულ წიგნებთან ერთად... - კვირის პალიტრა

"რეიტინგი" ყველაზე რეიტინგულ წიგნებთან ერთად...

დრო არის ცუდიო, - სად არ გაიგონებთ. განვითარებულმა ტექნოლოგიებმა წიგნს მკითხველი წაართვაო, - ამბობენ და მართალიც არის. ოღონდ ერთი რამ არის უცნაური: ძალიან ბევრი წიგნი გამოდის და არც გამოვიდოდა, მყიდველი რომ არ ჰყავდეს - ასეთია  ბიზნესის კანონი.

ჟურნალებთან ერთად გამომავალ წიგნების სერიებს უკვე კარგად იცნობს ჩვენი მკითხველი. იაფი და საინტერესო კრებულებით მართლაც განებივრებულია საზოგადოება. ჟურნალმა "რეიტინგმა" უკვე დაასრულა ერთი სერიის გამოცემა და ახლა ახალ, ძალიან საინტერესო სერიას სთავაზობს მკითხველს.

მანანა ღოღობერიძე: - ჟურნალ "რეიტინგის" რედაქტორი:

- წიგნების პირველი სერია, რომელიც ჟურნალმა "რეიტინგმა" გამოსცა, იყო "მსოფლიო დეტექტივების სეიფი". საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა. მოგეხსენებათ, ამ ჟანრს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და ამ წიგნებით მათი, ვინც მკითხველად ჯერ არ ჩამოყალიბებულა, ინტერესის გაღვივებაც კი ძალიან იოლია,

ეს სერია უკვე დასრულდა. ვფიქრობდით,  კიდევ რა შეგვეთავაზებინა  ჩვენი მკითხველისათვის. "რეიტინგს" ჰყავს სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა გემოვნების მკითხველი. ვცდილობდით, აგვერჩია ყველასათვის საინტერესო მიმართულება. გაბატონებული აზრია, რომ ახალგაზრდები წიგნებთან ვერ მეგობრობენ.

ეს არც არის სიმართლეს მოკლებული. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ახალგაზრდები დაგვეინტერესებინა. გადავწყვიტეთ, გამოგვეშვა მსოფლიოს რჩეული მოთხრობები. ეს ყველა მკითხველში აღვივებს ინტრიგას. ვინც დროის სიმცირეს უჩივის და დიდტანიან წიგნებს არ ეკარება, მისთვის მცირე ზომის მოთხრობები საუკეთესო შეთავაზებაა. ვინც კარგი მკითხველია და ბევრ ავტორს იცნობს, ის ამ მწერლებს სულ სხვა კუთხით აღმოაჩენს... ის ავტორები, რომელთა რომანები ძალიან ბევრს წაუკითხავს, ახლა მცირე ზომის ნაწარმოებებით წარდგებიან თქვენ წინაშე. ისინი გამორჩეულნი არიან: მათ მაღალი დონის დიდტანიანი ნაწარმოების შექმნაც შეუძლიათ და სათქმელის მოკლედ გადმოცემაც... ამ სერიით ბევრი ახალი მოთხრობისა და ახლად თარგმნილი ნაწარმოების გაცნობაც შეეძლება მკითხველს.

- რომელი მწერლები შევიდნენ "მსოფლიოს რჩეულ მოთხრობებში"?

- ამ სერიის გამოცემა დავიწყეთ ჰემინგუეით. მერე იყო შტეფან ცვაიგი, პროსპერ მერიმე, თეოდორ დოსტოევსკი, რომლის მცირე ზომის მოთხრობებმა შეიძლება გააოგნოს ადამიანი... რიუნოსკე აკუტაგავა, ჯეკ ლონდონი, ჰერბერტ უელსი, ჯონ გოლზუორთი, ჯერომ  სელინჯერი, ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი, რომელიც ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ძალიან საინტერესო და ჟანრობრივადაც განსხვავებული, კამილო ხოსე სელა, ო,ჰენრი, უილიამ ფოლკნერი, ალექსანდრ კუპრინი, უილიამ სომერსეტ მოემი... იუკიო მისიმას მოთხრობები ახლა ითარგმნება...

- ძალიან ცნობილ ავტორებს ასახელებთ, თუმცა თქვენ ახსენეთ ჯერ უცნობი მოთხრობებიც...

- დიახ, ამ სერიაში არის ნაცნობიც და უცნობი მოთხრობებიც. ზოგი ძველი ნათარგმნია, ზოგი - ახალი. ზოგიერთ ავტორს ქართულად პირველად გაეცნობა მკითხველი, მაგალითად, სტივენ კინგი აქამდე არც იყო ქართულად გამოცემული. ის საშინელებათა ჟანრის კლასიკოსად ითვლება და მართლაც უაღრესად დიდი ოსტატობით ქმნის მოთხრობებს.

- თქვენ მიერ დასახელებულ ყველა ავტორს მართლაც უნდა იცნობდეს ახალგაზრდა მკითხველი...

- მნიშვნელოვანია, რომ ამ ავტორთა ბიოგრაფიული ცნობებიც გამორჩეულია.

"რეიტინგის" ყველა ნომერში არის იმ მწერლის ბიოგრაფია, რომლის მოთხრობებსაც მომავალ ნომერში მიიღებს მკითხველი. შეუძლებელია, არ დაინტერესდეთ ამ მწერლებით... მაგალითად, იუკიო მისიმამ სახალხოდ ჰარაკირი ჩაიტარა... ო,ჰენრის პიროვნება ისევ საიდუმლოებითაა მოცული... მისი ფსევდონიმის წარმოშობაც კი ვერ ახსნეს. ბანკში მუშაობდა და ფულის მითვისების გამო დააპატიმრეს. რამდენიმე წელი ციხეშიც კი გაატარა. ამბობდნენ, უფანჯრო ოთახში უნდა მჯდარიყო, რომ ეწერაო... საინტერესო ფაქტების მოყვანა ყველა მწერალზე შეიძლება.

- რამდენი წიგნი შევა ამ სერიაში?

- გვინდა იყოს რაც შეიძლება ბევრი წიგნი... ავტორებს არჩევს სარედაქციო კოლეგია. ჩართული ვართ სოციალურ ქსელებშიც, ყველას აზრს ვითვალისწინებთ. ვკითხულობთ კრიტიკულ წერილებსაც და დადებით გამოხმაურებებსაც... ყველას შეუძლია, საყვარელი ავტორის მოთხრობების გამოცემა გვირჩიოს