იმ ჩვენი ნატვრის ხის მოლოდინში - კვირის პალიტრა

იმ ჩვენი ნატვრის ხის მოლოდინში

მართლაც დღესასწაულია, რომ ქართული პროზის საგანძურის სერიით, ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ნატვრის ხეც" შეემატება თქვენს ბიბლიოთეკას

გიფიქრიათ, როგორ შემოდიოდა გიორგი ლეონიძის პროზა ჩვენს - ქართველი ბავშვების - ცხოვრებაში? როგორ ნელ-ნელა ვაგემოვნებდით და საკუთარი სხეულივით ვითვისებდით მის "მეეტლე იაგორასა" და "ნატვრის ხეს", "თაღრიასა" და "ფუფალას", "ციციკორესა" და "მარიტას"... მერე თითქოს ზღვარი იშლებოდა და ყველაფერს ერთ სახელს ვარქმევდით - "ნატვრის ხეს". არ იფიქროთ, თენგიზ აბულაძის ფილმის, "ნატვრის ხის", გაერთიანებული სიუჟეტი გვიბიძგებდა აქეთ...

უბრალოდ, ყველაფერი, რაც გიორგი ლეონიძემ თავის მოთხრობებში უკვდავყო, დიდი სიყვარულით ნასაზრდოები, კაცთმოყვარის თვალ-გულით დანახული და ნატვრის ხესავით ფერადი იყო. თანაც თავისებური შარავანდიც ადგა თავზე - გიორგი ლეონიძისეული, სიყვარულიან-ტკივილიანი. ტყუილად არ წარუმძღვარა "ნატვრის ხეს" ხალხური ლექსის სტრიქონები: "ხეა ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი".

გიორგი ლეონიძეზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ბევრი ვერც ითქვა და ვერც დაიწერა - დრო იყო ასეთი...

მაღალი კულტურა ოჯახიდან მოსდგამდა, მამა - ნიკო ლეონიძე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა, ზაქარია გულისაშვილი, ხალხოსანი მწერალი, "შაქროს" ფსევდონიმით იბეჭდებოდა.

გიორგი ლეონიძეს მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე. ბევრი სიდუხჭირე და ტკივილი გამოაცდევინა წუთისოფელმა...

ნელ-ნელა ქართული სოფლის მზით გამთბარი მიწითა და გამჭვირვალე ჰაერით, ლურჯი მთებითა და ოქროსფერი პურის ყანებით საზრდოობდა მისი წარმოსახვა, ნელ-ნელა იზრდებოდა ნატვრის ხე, ფესვებს იდგამდა, ძლიერდებოდა. მისი შემოქმედება დღესაც ღონიერი ფესვებივითაა გადგმული საქართველოს მიწაში და თითქოს უცხო მეწყრისაგან იცავს ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას.

მისი ელიოზი განზოგადებულ სახედ იქცა, რომელიც ეძებს და გაძებნინებს ნატვრის ხეს...

"ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაექრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილისაგან.

ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე, ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა!

ახლა გულში ჩაედო ხერავანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა! ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს.  ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ!

ვინ უთხრა, ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში...

- ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ შიშველი ხელებით დადიხარ უღრან ტყეში?

მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა - ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს და მისი კონკებში გამოხვეული სხეულიც ოცნებით გახურებული, ეტყობა, ვერ გრძნობდა მოუთმენელ სიცივეს.

ცოლ-შვილი ვედრებით უშლიდა ელიოზს ტყეში სიარულს, მაგრამ მან თავისი არ დასთმო. ბოლოს შეეჩვივნენ კიდეც და თავი მიანებეს, ტყიდან დაბრუნებული შეშის გუდურას წამოაყოლებდა ხოლმე ხელს და ოჯახში კიდეც უხაროდათ.

- რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე? - შევეკითხებოდი ღიმილით.

- ვერა, მაგრამ ვნახავ!

- ტყეში რომ ცივა, რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ სიცივეში?

- მაშ, როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო?

და აი, ერთ ზამთრის დილას, როცა სიცივეს ჭახჭახი გაუდიოდა, ტყიდან მარხილით ჩამოასვენეს.

ელიოზი ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაყინულიყო.

- მართლაც ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო, - ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.

ასე კი იყო"...