"ყველანი ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, მოთმინებაზე, მაგრამ საკმარისია ვინმე შეგვეხოს, ყოველივე ეს გვავიწყდება და მზად ვართ ორჯერ მეტად ვატკინოთ" - კვირის პალიტრა

"ყველანი ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, მოთმინებაზე, მაგრამ საკმარისია ვინმე შეგვეხოს, ყოველივე ეს გვავიწყდება და მზად ვართ ორჯერ მეტად ვატკინოთ"

"სასულიერო პირებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ საბოლოოდ სიმართლის განმსაზღვრელი, მსაჯული არის უფალი და ის მოწყალე რომ არ იყოს, ჩვენი არსებობა აქამდე შეწყდებოდა"

ატენისა და გორის ეპარქიის მეუფე, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) "კვირის პალიტრას" იმ მნიშვნელოვან პროცესებზე ესაუბრა, რომელიც ბოლო დროს ეკლესიაში განვითარდა და გამოძახილი საზოგადოებაშიც პოვა.

- დიდმარხვა დაიწყო და, სამწუხაროდ, სრულიად უჩვეულო რეალობაში, იმედია, ეს განსაცდელი უკეთესის საწინდარი იქნება. ამ იმედს ვეჭიდები. ძნელია ვინმესთვის რამის დაბრალება, მით უფრო ახლა, როდესაც ერი თუ ბერი დაპირისპირებაში ხარჯავს დროს, ძალას და ენერგიას. ზოგჯერ საკუთარ თავსაც ვუმტკიცებთ რაღაცას, სხვებისთვისაც მუდმივად რაღაცის მტკიცებაში ვართ.

გვსურს ჩვენი ინტელექტუალური თუ ზნეობრივი უპირატესობა ვაჩვენოთ სხვებს და ამასობაში ცნობიერებიდან სრულიად განვდევნეთ ისეთი ცნებები, როგორიც არის სულგრძელობა, თავმდაბლობა, მოთმინება, მიმტევებლობა, რაზეც დაფუძნებულია ადამიანობა, რამდენადაც განათლებული უნდა იყოს ის.

ყველანი ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, მოთმინებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიკეთესა და მოწყალებაზე, მაგრამ საკმარისია ვინმე შეგვეხოს, ყოველივე ეს გვავიწყდება და მას, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ გვაწყენინა, მზად ვართ ორჯერ მეტად ვატკინოთ, შეურაცხვყოთ...

ყველიერის კვირა, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, დიდი მარხვის წინა კარია. ამ დროს ოთხშაბათ-პარასკევს მსახურებაში შემოდის ის წიგნი, რომელიც დიდმარხვაში იკითხება. ოთხშაბათის საკითხავში არის იოელ წინასწარმეტყველის სიტყვები მესიის მოსვლაზე. მისი თქმით, დედამიწაზე იმდენად გამრავლდება უკეთურობა, სამყაროს ისე მოიცავს ბოროტება, კაცობრიობის არსებობის გაგრძელება აზრს დაკარგავს და სწორედ ამ დროს მოვა მხსნელი. იმედია, ჯერ არა ვართ ამ ეტაპზე, რადგან ჯერ კიდევ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, სიყვარულსა და პატივისცემაზე. ცუდია, რომ ვერ ვასრულებთ ჩვენს სიტყვებს, მაგრამ ამის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ მაინც და ეს იმედს მაძლევს. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, შემდეგი ეტაპი ის იქნება, რომ ლაპარაკსაც შევწყვეტთ და ერთმანეთს მეტი ტკივილის მიყენებისკენ მოვუწოდებთ... ბოლო დროს მუდმივად ვმსჯელობთ, ვინ არის ამაში დამნაშავე, რა დააშავა, რაც სწორად არ მიმაჩნია. ასე განცალკევება და მთავარი დამნაშავის პოვნა არაფერს მოგვცემს. მიზეზების ახსნა, თუ რატომ არის ის ვიღაც დამნაშავე, რთულიც არის და შეუძლებელიც. ახლა ეს არც არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია, რისი გაკეთება შეგვიძლია ვითარების შესაცვლელად.

- მძიმე პერიოდებში ეკლესია გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა. ახლა სასულიერო პირებშიც უთანხმოებაა, რაც საზოგადოების განწყობაზე მოქმედებს. - დიახ, ამის გამო ძალიან მტკივა გული, რადგან ნაცვლად იმისა, ერისშვილებს თავად მოვუწოდოთ მიმტევებლობის, მოწყალებისა და მოთმინებისკენ, ვითომ სიმართლის ძიებას გამოვეკიდეთ - ყველა ცალ-ცალკე გავიძახით, სიმართლეს ვამბობო... ამასობაში კი ისე აიწეწა ყველაფერი, ასე მგონია, სიმართლე ვერც ვერასდროს მოიძებნება. ან რა ფასი აქვს ამგვარად ნაპოვნ სიმართლეს.

გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს საოცარი სიტყვები - თუ ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, ბოროტებითვე ნუ უპასუხებ, რადგან ასეთ დროს ერთი კი არა, ორი ცუდი ადამიანი იბადება, ბოროტება კი მრავლდებაო. თითქოს სიმართლეს ვიცავთ, მაგრამ როგორც კი თავად გვთხოვენ სიმართლე ვთქვათ, მაშინვე მოვითხოვთ ჩვენ მიმართ შემწყნარებლები და მოწყალეები იყვნენ, გვავიწყდება, რომ თავად არა ვართ ასეთი.

სასულიერო პირებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ საბოლოოდ სიმართლის განმსაზღვრელი, მსაჯული არის უფალი და ის მოწყალე რომ არ იყოს, ჩვენი არსებობა აქამდე შეწყდებოდა. ეკლესიაში სიყვარულის, ღვთის წინაშე სწორად მოქცევის, სიწმინდით ყოფნისა და ურთიერთმიტევების იდეა დღემდე შენარჩუნებულია. ეკლესია ამას ქადაგებს, მაგრამ ადამიანები ვცდებით, ვცოდავთ, ვაშავებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გვასწავლის ღმერთსა და ადამიანთან სიყვარულით ურთიერთობას.

- ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზეც გკითხავთ - რა გვაჩვენა ამ ფაქტმა?

- ვფიქრობ, ეს არ არის იმის მაჩვენებელი, თუ რა ხდება ეკლესიაში. არა მგონია, სწორი იყოს იმაზე საუბარი, რომ ვიღაც დამნაშავეა, რადგან ყოველთვის შეიძლება მეორე მხარეს პასუხი ჰქონდეს.

ვფიქრობ, ჭყონდიდის ეპარქიის ზოგიერთი მესვეური ყურად არ იღებს იმ აზრს, რომ კონფლიქტს დადებითი შედეგი არასდროს მოჰყვება, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში. დაპირისპირება თუ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის უსიამოვნებას შობს. მხოლოდ მშვიდ ვითარებაშია შესაძლებელი ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც რამდენიმე ადამიანს კი არა, ქვეყანას წაადგება.

რატომღაც ვერასდროს გამოგვაქვს გაკვეთილი შეცდომებისგან. უახლოესი 30 წლის ისტორიას გადავხედოთ, რომელმა კონფლიქტმა მოგვიტანა სიკეთე? ღმერთმა დაგვიფაროს იმის გამეორებისგან, მაგრამ მაინც მოვიყვან ცუდ მაგალითს - 90-იანი წლების დაპირისპირების შედეგს დღემდე ვიმკით. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ იმ საშინელი პერიოდის კვალი ჯერაც არ გამქრალა. ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენი რამ დავკარგეთ მაშინ, რამდენი წლით დავიხიეთ უკან. იქნებ დროა, გავიზარდოთ ყველა სფეროში, ყველა წრეში და მშვიდად საუბარი ვისწავლოთ, პოლიტიკა იქნება, რელიგია თუ სხვა სფერო. ზოგიერთი ბეცი დღემდე აყვედრის პატრიარქს მაშინ ნათქვამს - თუ ქართველი ქართველს დაუპირისპირდა, ეს ჩვენთვის სამუდამო სასჯელი იქნებაო. ახლა ვხვდები, რა სწორად უთქვამს. არადა, იმ დროს თავადაც მეხამუშა ეს სიტყვები, ვფიქრობდი, ქართველის გარდა, სხვამ თუ დაუშავა, ამის უფლება აქვს-მეთქი... მერე მივხვდი, ვიღაცის ფიზიკურ მოკვდინებაზე კი არ იყო საუბარი, მან ამ სიტყვებით მოსახლეობა გააფრთხილა, ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შიდა დაპირისპირებას შეუძლიაო და თავის სიტყვებში ქართველსაც გულისხმობდა, აფხაზსაც და ოსსაც. დაიწყო კიდევაც ყველაზე დიდი კონფლიქტი, მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კი არა, სამეგრელოშიც მოხდა დაპირისპირება. საბოლოოდ, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავაგდეთ. ამიტომ ვამბობ, კარგია, რომ მშვიდობის და მოთმინების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს საქმითაც უნდა გამოვხატოთ.

- თუმცა მშვიდობისა და მოთმინების მაგალითს ზოგჯერ სასულიერო პირებიც ვერ იძლევიან...

- საზოგადოება ცდება, რომ ეკლესიაში პოლარიზება და სასულიერო პირებს შორის გაუცხოებაა, სინამდვილეში, აზრთა სხვადასხვაობაა. საბედნიეროდ, ეკლესია აგრძელებს მსახურებასა და ღვთის სიტყვის ქადაგებას. ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, თუ ვინმე ცდილობდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობა შერბილებულიყო, ცალკეულ ადამიანებთან ერთად ეკლესიაც იყო...

პატრიარქს სულ აყვედრიდნენ, რატომ ხვდებით ყველასო, იმიტომ, რომ ცდილობდა ყველასთვის დაენახებინა, ყველანი ეკლესიის შვილები ვართ და შერიგების პერსპექტივა მხოლოდ ეკლესიაშიაო, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ადამიანი შენდობას ითხოვს და იმისთვისაც ლოცულობს, ვინც მის წინაშე სცოდა.

მე მოვერიდები დაკონკრეტებას, მაგრამ ზოგიერთი ბრიყვულად ლაპარაკობს ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტზე, რომლის მომსწრეც თავად არ არიან. მიჭირს იმის თქმა, ამ რთული ვითარებიდან რა არის გამოსავალი, სიტყვებიც გაცვდა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მაგრამ მოვიქცევით ისე, რომ გამოსავლის პოვნა გაგვიადვილდეს?

- რაშია გამოსავალი?.. - გამოსავალი ჩვენს მონდომებაშია, ურთიერთპატივისცემითა და გულისხმიერებით უნდა ვიცხოვროთ და მთავარია, ჩვენს თავში ამის ძალა დროულად ვიპოვოთ. ერთმანეთისკენ თითის გაშვერა არც ერთ ქრისტიანს, მით უფრო სასულიერო პირს, არ აქცევს უკეთეს ადამიანად და ჭეშმარიტ მორწმუნედ. კარგია, რომ ეკლესიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ასეთი დიდია. ამით სურთ ეკლესია მათთვის შუქურა იყოს და არის კიდეც, ოღონდ ადამიანებს კი არა, ეკლესიას, როგორც ქრისტეს სხეულს, ვგულისხმობ, რომელიც ყველაფერს გვაძლევს იმისთვის, რომ სიყვარულით ვიცხოვროთ.

თაობათა შორის კონფლიქტი და უთანხმოება ყოველთვის იყო. ასეთია ცხოვრების კანონი. თუმცა საქმე ის არის, რომ ახალმა თაობამ არ იცის, რა გადაიტანა ეკლესიამ 30 წლის წინ, 80-იანი წლების მიწურულს, როგორი იყო ცხოვრება მონასტრებში, რა მორალური, საზოგადოებრივი, მატერიალური სიძნელეების გადალახვა გვიწევდა, ეკლესია-მონასტრების უმეტესი ნაწილის კედლები დანგრევის პირას იყო, სახურავში წყალი ჩადიოდა და ქარი უბერავდა. ამ სიმძიმის გადატანამ მოუწია ჩვენს თაობას. ახალგაზრდა თაობამ ეს არ იცის და არც აინტერესებს, ამიტომ ბევრ რამეს მარტივად წყვეტენ. მე არ მიკვირს, რადგან მათ ასაკში, ალბათ, ჩვენც ასე ვიქცეოდით, გადმოცემით ვიცოდით იმ ღვთისმსახურების შესახებ, რომელთაც 80-იანი და უფრო ადრეული წლები, კომუნისტების ხანა გადაიტანეს. როდესაც გვიყვებოდნენ, ვუსმენდით როგორც ისტორიას, არადა, ის სიმძიმე ადამიანებმა თავიანთი მხრებით ზიდეს. ამ თაობას ეს არ აინტერესებს და კონფლიქტი ამანაც წარმოშვა. თაობა, რომელიც ეკლესიაში 80-იანი წლების შემდეგ მოვიდა, პატივს სცემდა უფროს თაობას და ამა თუ იმ საკითხს, სწორი იყო თუ არა, შეგნებულად უდგებოდა და რამის ყვედრება არ დაუწყია. ახლა კი ეკლესიაში მოსული ახალგაზრდა პირები თავიანთი ცხოვრების ყვედრებას იწყებენ, რომ მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობები არ არის, ღირსეულ ადამიანებთან ვერ ურთიერთობენ. არადა, ნამდვილად არ არის ასე - მშობლისთვის შვილის წარმატებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ჩვენს სულიერ შვილებს ღირსეული მომავალი ჰქონოდათ. ბევრი მათგანი სწორედ უფროსმა თაობამ მოიყვანა ეკლესიაში, ჩვენი ხელშეწყობით მიეცათ სასულიერო სემინარიაში სწავლის, უცხოეთში განათლების მიღების საშუალება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ შემდეგ ამ ეპარქიაში მოსულ ადამიანს ის საზრუნავი არ ექნება, რაც თავის დროზე მე მქონდა.

ახლა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია, რომ შემდგომში სწორი ნაბიჯი გადავდგათ, ოღონდ ყველამ ერთად. პატრიარქმა მაშინ უმძიმესი ტვირთი აიღო იმ სასულიერო დასთან ერთად, რომელმაც ქართველი საზოგადოება ათეიზმის, უღმერთობის ცნობიერებიდან გამოიყვანა, რაც დაახლოებით იგივეა, მოსემ, ფაქტობრივად წარმართობაში ჩაფლული ებრაელები რომ გამოიყვანა.

დღეს უკვე ჩვენი საზრუნავი ის არის, რომ საზოგადოება ეკლესიური გახდეს. ამისთვის, ჩვენ, სასულიერო პირები უნდა ვიყოთ ღვთისა და კაცის ჭეშმარიტი სიყვარულის კარგი მაგალითი.