პოლიტიკური ფსიქოზი და დიდი პოლარიზაცია - კვირის პალიტრა

პოლიტიკური ფსიქოზი და დიდი პოლარიზაცია

"არავინ აღიარებს თავის შეცდომას, არავინ იღებს პასუხისმგებლობას, არავინ ცდილობს გამოსწორებას, თუმცა ეს ხალხიც ხომ ჩვენი ნაწილია?! ჩვენ ავირჩიეთ ეს მთავრობაც, წინაც, იმის წინაც. ეს ჩვენი სახეა"

დღეს ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციაა. შეიძლება თუ არა ამას მძიმე შედეგები მოჰყვეს - ადამიანებს აღქმის უნარი დაუქვეითოს ან პოლიტიკური ფსიქოზი გამოიწვიოს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებით ფსიქოლოგ ირინე ტაბუციძეს დავუკავშირდით.

- პოლიტიკური ფსიქოზი ბუნდოვანი განსაზღვრებაა. ასეთი დეფინიცია ფსიქოლოგებს არ გვაქვს. უბრალოდ, 90-იანებიდან მოყოლებული, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ვართ. ამ ხნის განმავლობაში მშვიდი პერიოდი თითქმის არ გვქონია - სამოქალაქო ომი, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა, პანდემია, შიდა დაპირისპირება... მაგრამ ამ ყველაფერს ფსიქოზს ვერ დავარქმევ. მედია არის სარკე, ანარეკლი ჩვენი რეალობის, ამიტომ თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს და ვიცოდეთ, რასთან გაქვს საქმე.

- მაშინ გამოდის, მინიმუმ ორი სარკე გვაქვს და ორივეში სხვადასხვანაირი ვჩანვართ... - ჩვენ, ძირითადად, ვხედავთ ორ სხვადასხვა პოზიციას, თუმცა ვხედავთ მესამესაც, რომლის მიხედვით ამ ქვეყანაში ყველა გასვრილია და არასდროს არაფერი გვარდება...

- ამ სარკეებიდან რომელს უნდა დავუჯეროთ?

- თუ გვინდა, რომ მთლიანობა აღვიქვათ, პერიოდულად სამივეში უნდა ჩავიხედოთ.

- სამ განსხვავებულ სარკეში ჩახედვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს? - პირიქით, ეს არის ერთი და იმავე სიტუაციის სხვადასხვა პოზიციიდან დანახვა. საბოლოოდ ხომ ყველა მაინც ერთსა და იმავეს ვუყურებთ? როგორც უნდა მოვიტყუოთ ან დავითრგუნოთ თავი, სინამდვილე ერთია. ისიც აშკარაა, რომ ამ ვითარებაში კარგად არავინ ვართ. ჩვენი მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი ძალიან დაბალია და ამის დადგენას დიდი კვლევა არ სჭირდება. ბოლოს როდის და სად ნახეთ ლაღი და ბედნიერი ადამიანები? ახალგაზრდებს, ბავშვებს, სტუდენტებს შორის შეიძლება, მაგრამ მასა აღარ იღიმის... ერს ეტყობა, რომ დათრგუნვილია...

- გამოსავალი არის? - გამოსავალი რომ ვიცოდეთ, აქამდე დავდგებოდით ფეხზე. ხალხი ცუდად არის, რადგან ჩიხში ვართ. არავინ აღიარებს თავის შეცდომას, არავინ იღებს პასუხისმგებლობას, არავინ ცდილობს გამოსწორებას, თუმცა ეს ხალხიც ხომ ჩვენი ნაწილია?! ჩვენ ავირჩიეთ ეს მთავრობაც, წინაც, იმის წინაც. ეს ჩვენი სახეა. გამოსავალი არ ვიცი, მაგრამ სიმშვიდე რომ უნდა შევინარჩუნოთ, უდავოა. ეს საჭიროა, რათა გადავრჩეთ. მეტი თანადგომა უნდა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ და ჩვენი საქმე ვაკეთოთ კარგად.

- როგორ დავირწმუნოთ თავი, რომ საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გვეუბნებიან, ან - არც ისე კარგად? - იმის მაგივრად, რომ ვიწუწუნოთ და ველოდოთ, განწყობა როდის შეგვეცვლება და ამ ქვეყანას უკეთესად როდის დავინახავთ, ჯობს რაღაც გავაკეთოთ. მხოლოდ ასე შეიძლება გაგვიჩნდეს განცდა, რომ დღეს გუშინდელზე უკეთ ვართ. შეიძლება უცებ არ გამოგვივიდეს, მაგრამ ჯდომა და წუწუნი რომ არაფერს შეცვლის, ხომ ყველამ ვიცით?!

ფსიქოლოგებს გვაქვს ტერმინი - "ნასწავლი უსუსურობა". არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თუ რამდენჯერმე მარცხს განიცდის, ხელს ჩაიქნევს და ამბობს, ბედი არ მქონია, ხელი არ მომემართა და ეს იმის ბრალია, რომ ასეთ ქვეყანაში დავიბადეო. სწორედ ამის შედეგად ყალიბდება განწყობა, რომელიც "ნასწავლი უსუსურობის" სახელით არის ცნობილი. როცა ადამიანი თავს უსუსურად გრძნობს, არაფერს აკეთებს, რომ უკეთესად იყოს, ამას სულ ვიღაცას აბრალებს. სამწუხაროდ, ნელ-ნელა ყველა აქეთ მივდივართ.

- როგორ განვიკურნოთ? - ცალ-ცალკე დავიწყოთ რაღაცის კეთება, მერე კი, როცა არჩევნის დრო მოვა, გონივრულად მივცეთ ხმა და მტკიცედ დავიცვათ ჩვენი არჩევანი.

მთავრობას ჩვენი ხელფასით ვარჩენთ და თუ რამეს მიკეთებენ, უნდა დამანახონ კიდეც, რაც მომავლის იმედს გამიჩენს. ბოლო წლების მარცხი სწორედ ის არის, რომ თუ რაღაც კეთდებოდა, არ ჩანდა, წინა მთავრობას კი ეს უნარი ჰქონდა - 5-ჯერ იმაზე მეტი გვესმოდა, ვიდრე კეთდებოდა.

მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს, არც მაშინდელი თავის მოტყუება მინდა და არც ახლანდელი პესიმისტური განწყობა. ხომ შეიძლება ყველაფერი დავაბალანსოთ? არ შეიძლება ადამიანებს იმედი არ დაუტოვო. გამოსავალს ვერ ვხედავთო, ეს დამანგრეველი განცდაა.

- მგონი ამაში პანდემიამაც დიდი როლი ითამაშა...

- დიახ, პანდემიამ გაამძაფრა და ამოატივტივა ჩვენი პრობლემები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, მომავლის რწმენა, რომ მის ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, გახლეჩა, დაქსაქსვა არ ემუქრებათ. გახლეჩილია პოლიტიკური სპექტრი და არა - საზოგადოება, რადგან, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ხალხი ბრძენია, ქართველებს კი კრიტიკულ სიტუაციაში გაერთიანება და სწორი დასკვნების გამოტანა გვახასიათებს.

"ადამიანი ჭური არ არის, რომ რასაც მედია ჩასძახებს, მხოლოდ ის გაიმეოროს"

როგორ იქმნება პოლიტიკური ფსიქოზი და როგორ მონაწილეობს ამ პროცესში მედია? - ამ კითხვით მივმართეთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

- ადამიანი ყოველთვის შეიძლება გამოიყვანო მდგომარეობიდან. გინდ პოლიტიკოსი, გინდ მედია, ემოციურ სამყაროზე ზემოქმედებას თუ მოახერხებს, ადამიანი დაკარგავს ადეკვატური მოქმედების უნარს. ემოციებს აყოლილი ადამიანი თუ აფექტამდე მივიდა, შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, მერე კი დაჯდეს და იტიროს, ეს რა ვქენიო, ანუ ვერ გააცნობიეროს, რას აკეთებს.

- მედიის როლი როგორია ამ ყველაფერში? კომუნისტურ ხანაში ეკრანიდან გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი შესანიშნავად არის... ახლაც არის არხები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ზოგიერთი არხის ეთერებიდან საზოგადოება უმძიმეს ინფორმაციებს ისმენს. ხალხმა რომელს დაუჯეროს? - რა თქმა უნდა, საბჭოური მედიარეჟიმი აბსოლუტურად განსხვავებული იყო... მაგრამ ახლა არც არაფერი უნდა იწამონ და არც არაფერს უყურონ. ბევრი ჩემი ახლობელი მართლაც არ უყურებს ტელევიზორს და ახალ ამბებს სააგენტოებისა თუ გაზეთების მეშვეობით იგებს. ეკრანი - კადრები, ხმის ინტონაცია და სპეცეფექტები გადამდებ ემოციას იწვევს, მაგრამ არც გაზეთი და არც სააგენტო არ ცდილობს მკითხველის ემოციების პროვოცირებას...

მედია მთელ მსოფლიოში თავისუფალია, ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს, ადამიანმა კი თვითონ უნდა გადაწყვიტოს, იღუპება მისი ქვეყანა თუ აყვავებულია და თვითონაც კარგად არის. ადამიანი ჭური არ არის, რომ რასაც მედია ჩასძახებს, მხოლოდ ის გაიმეოროს. კრიტიკული გონების გააქტიურება მედიაინფექციისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა. უნდა იფიქრო. მაგალითად, გამოდის პოლიტიკოსი და ამბობს:

"მე მინდა პოლიტიკაში მოსვლა, რადგან თქვენზე ვზრუნავ". ხომ უნდა გაგვიჩნდეს, კითხვა: "რატომ ზრუნავს ჩვენზე?""და თუ ეს კითხვა არ გვიჩნდება, გველის იმედგაცრუება, რაც უკვე ჩვენი ბრალია. რატომ არ ვფიქრობთ, რატომ მიდის კონკრეტული პირი პოლიტიკაში?!. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკა არჩევნების წინ.

- რას გულისხმობთ?

- ფერადკანიანი დამნაშავე რომ შემოაკვდა პოლიციელს, ფერადკანიანთა დასაცავი კამპანია აგორდა. დაანგრიეს ძეგლები - რატომღაც სერვანტესის ძეგლიც ჩამოაგდეს, ფერადკანიანებს უჩოქებდნენ და ფეხზე კოცნიდნენ და ა.შ. იყო დიდი ემოცია, რომელსაც უფრო და უფრო აღვივებდა მედია სწორედ იმისთვის, რომ მოეტანა ის შედეგი, რაც მოიტანა - უნდა გაემარჯვათ დემოკრატებს. და გაიმარჯვეს!

რაც ჩვენთან ხდება, კიდევ არ არის ისეთი მასშტაბის, როგორიც შეიძლება იყოს. აქ პოლიტიკოსები ერთმანეთის ქილიკით უფრო იქცევენ თავს და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს უკვე მოსაბეზრებელია. გამოკვლევებითაც ჩანს, რომ ბევრს არჩევნებზე წასვლაც აღარ უნდა. ამ არაადეკვატური პოლიტიკური ქცევით პოლიტიკური ნიჰილიზმი მკვიდრდება. თქვენი კითხვაც შიშით იყო ნაკარნახევი - ხალხი ხომ არ გაიხლიჩება და პროცესი პოლიტიკურ ფსიქოზში ხომ არ გადაიზრდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს შიში უსაფუძვლოა.

ჩემი აზრით, ხალხს არ ემუქრება პოლიტიკური ფსიქოზი. საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურმა ნიჰილიზმმა შეიძლება შეიპყროს და არა მხოლოდ სიტყვა პოლიტიკის გაგონება, პოლიტიკოსების დანახვაც აღარ უნდოდეს.